იუსტიციის ყოფილი მინისტრი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოიღეს. შესაბამისად, ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყდა. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ადეიშვილისგან განსხვავებით, ინტერპოლს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. პროკურატურამ ინტერპოლის გენერალური სამდივნოსგან შესაბამისი წერილი 9 აპრილს მიიღო, სადაც საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზად ადეიშვილისთვის ერთ-ერთი სახელმწიფოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ასახელებს.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე შუამდგომლობით 2013 წელს მიმართა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის 9 აპრილს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი მიიღო, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის, ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი.
„შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათა ზ. ადეიშვილის მიმართ ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის. უახლოეს პერიოდში უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას გეგმავს“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ ადეიშვილის მსგავსად, ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა საფრანგეთმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, მაგრამ ეს არ გამხდარა ოქრუაშვილის ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან მოხსნის საფუძველი. იგივე მოხდა ბიძინა გიორგობიანის შემთხვევაშიც, როდესაც მას გერმანიამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ამის პარალელურად, გიორგობიანი ინტერპოლით იძებნებოდა.
ადეიშვილისგან განსხვავებით, ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში ისევ ფიგურირებს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი ვიცე–პრემიერი, თემურ ბასილია, რომლის განცხადებით, მას აქვს ოფიციალური წერილი ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, სადაც მას ბოდიშს უხდიან იმის გამო, რომ აშშ-ში პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭიების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობის გამო, ძებნილთა სიიდან მისი ამოღება ვერ ხერხდება.
„ასე რომ, ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება, მინიმუმ, საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა. ოფიციალურ წერილში ინტერპოლის ბიურო ბოდიშს მიხდის და მეუბნება, რომ აშშ–მა პოლიტდევნილის სტატუსი მოგანიჭათ, მაგრამ საქართველოს მთავრობა არის წინააღმდეგი, რომ ძებნილთა სიიდან ამოგიღონო. სხვა რაღაცეები შემომთავაზეს, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლიაო. პროკურატურა უტიფრად მეუბნება, რომ მართალია პრემიერმა დაგვავალა თქვენი საქმის გადახედვა, მაგრამ ამას მაინც არ გავაკეთებთ, რადგან სააკაშვილის დროს პროკურატურას კანონი არასოდეს არ დაურღვევიაო“, – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თემურ ბასილია.
პროკურატურისგან განსხვავებით, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატს ინტერპოლიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ძებნის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია. ოთარ კახიძის განცხადებით, ადეიშვილთან მიმართებაში, საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებ, დაცვის მხარის მიერ ინტერპოლს ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდა. მათ შორის, ინტერპოლს გაეგზავნა თხოვნის წერილი, ადეიშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტის შესახებ.
„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის საიტზე, ძებნილთა სიაში აღარ არის. ინტერპოლს რამდენჯერმე მივმართეთ წერილით, მათ შორის ბოლოს – 4 თვის წინ. ამასთან, ვაწვდიდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოწმეებმა ჩვენებები გადათქვეს და ადეიშვილის წინააღმდეგ საქმეებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. მათ შორის, ციხის საქმეზე, მოწმე გაგა მკურნალიძემ თქვა, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და შესაბამისად, პოლიტიკური მოტივაციის ნიშნები არსებობდა“, – განაცხადა ოთარ კახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, გასარკვევია თუ რატომ ამოიღო ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვები დაისვას მთავარი პროკურორის მისამართით. თუმცა, დეპუტატმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამისთვის საკომიტეტო სხდომის მოწვევა და შეხვედრის საჯარო ფორმატში გამართვა აუცილებელი არ არის და შესაძლოა, სათანადო კითხვები სამუშაო ვითარებაში დაისვას.
„პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა საქმე, რომლის გამოც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კიდეც ძებნილი. გარკვევა სჭირდება, თუ რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. თუკი ეს ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება პროკურატურის სისუსტეზე ვისაუბროთ. ასეთი პიროვნება უნდა იძებნებოდეს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
პარლამენტის ვიცე–სპიკერი, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მან არ იცის ამოიღეს თუ არა ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან.
„მე ეს სია არც მაშინ მინახავს და არც ახლა. ეს არის პროკურატურის კომპეტენცია. მე ვიცი, რომ ამ ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულებებში ედება ბრალი და ის თუ ჩამოვა საქართველოს ტერიტორაზე, აუცილებლად დააკავებენ. ამ შემთხვევაში რა ხდება ჩვენს საზღვრებს მიღმა, არის თუ არა ძებნაში და ამოიღეს თუ არა სიიდან, მე კონკრეტულად პასუხს ვერ გაგცემთ“, – აცხადებს მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს – ციხეში პატიმრის წამების საქმე, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედში“ უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.