საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი რიგის სამიტზე არ გადაწყდება

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი რიგის სამიტზე არ გადაწყდება

რიგის სამიტამდე ერთი თვით ადრე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. საქართველოში ვიზიტად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარტინ ლიდეგორდის, განცხადებით, რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ.

„რიგის სამიტზე ეს საკითხი არ გადაწყდება. მთელი საკითხები, რომლებიც ჩამოწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში, უნდა იყოს შესრულებული, ეს არის ძალიან ნათელი წესები და საბოლოო ჯამში, ევროპა გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის, ეს თავად საქართველოზეა დამოკიდებული, როგორ გაატარებს რეფორმებს. რიგის სამიტზე ძალიან ადრეა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ველოდეთ“, – აღნიშნა მარტინ ლიდეგორდმა.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ, შვედ და პოლონელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას. მისივე თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გადადგმული და მეორე მხრივ, ეს იქნება ევროკავშირის კარის გახსნა ქართველი ხალხისთვის.

„ეს არის პროცესი, საბოლოო გადაწყვეტილება შემფასებელი მისიის ანგარიშის საფუძველზე უნდა გაკეთდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ანგარიში პოზიტიური და დამაკმაყოფილებელი იქნება საქართველოსთვის. რასაკვირველია, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას, მაგრამ ანგარიში მე ჯერ არ მინახავს“, – განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება საერთო ინტერესებში შედის. როგორც თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარ საკითხს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი წარმოადგენდა.

პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტზე კონკრეტული პროგრესის წარმოჩენის კუთხით.

„რიგის სამიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე ველით, რომ ეს სამიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებაში“, – განმარტა თამარ ბერუჩაშვილმა.

როგორც ცნობილია, რიგის სამიტი მაისში გაიმართება, სადაც საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის შეფასება უნდა მოხდეს. რიგის სამიტმა საქართველოს მკვეთრი გზავნილი უნდა მისცეს იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა მიიღოს, ამ თვალსაზრისით, რიგის სამიტი ერთგვარი წყალგამყოფი იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ზალკალიანი თვლის, რომ თუკი სამიტამდე დარჩენილ პერიოდში ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგა, გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს, რომ რიგის სამიტზე ადეკვატური შეფასება არ მოხდეს. მისივე თქმით, საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ფაზა რამდენად წარმატებულად შეასრულა, საბოლოო შეფასება რიგის სამიტზე უნდა მოხდეს.

„ჩემი მოლოდინია, რომ რიგის სამიტზე საქართველოსთვის თავისუფალი მიმოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქართველოში შემფასებელთა მისია იმყოფებოდა, ხოლო მათ რა დასკვნა დადეს, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ამ სიტუაციაში, რა გამოწვევების წინაშეც ამჟამად ჩვენი ქვეყანა იმყოფება, პოლიტიკურ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს დავით ზალკანიანი.

ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, რომელიც შეთანხმებული არის ევროკავშირთან და მრავალი კომპონენტისგან შედგება.

„ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, რომ დაფიქსირდეს ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა რიგის სამიტამდე ზუსტად ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ ინტეგრაციას, თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, იგივე, ცენტარლური თუ აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ბალტიის ქვეყნები, თავისთავად აღმოვაჩენთ, რომ მინიმუმ 5–10 წელი სჭირდება ამ ქვეყნებს, რომ მიუახლოვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანდიდატების სტატუსს და ამაში მათ ეხმარებათ ზუსტად ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის წარმატებით შესრულება“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მისი თქმით, სწორედ ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული ხელისუფლება.

„ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა პირდაპირ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მისი საქმიანობის 5 წელი არ იქნება ევროკავშირის გაფართოების 5 წელი. იმიტომ, რომ ევროკავშირს გაცილებით მეტი შიდა თემები აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე შემდგომ გაფართოებაზე ფიქრი. ევროკავშირი შიგნით განიცდის ძალიან დიდი პრობლემას და ამ ეტაპზე გაფართოების თემა დღის წესრიგში არ დგას“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ რიგის სამიტზე ვერ მიიღებოდა გადაწყვეტილება, უბრალოდ რიგის სამიტზე შეიძლება გაკეთებულიყო განცხადება, რომელიც მოუწოდებდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება.

„საქართველოს მხარეს უნდოდა, რომ რიგის სამიტზე დეკლარაციაში ეცნოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც უბრალოდ, ჩანაწერია და გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირი ცნობს, რომ ეს ქვეყნები გაწევრიანდებიან ევროკავშირში, მაგრამ როგორ და რანაირად, ამაზე საუბარი არ არის. როგორც ჩანს, ამ ორივე მიმართულებით ჯერჯერობით ვერ მოხერხდა შეთანხმება წევრ ქვეყნებს შორის.

ეს მარტო საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნებს არ შეიძლება დავაბრალოთ, აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ევროკავშირში არაა ის პოლიტიკური კლიმატი, რომ ღიად ისაუბრონ ვიზა რიბელაზიაციაზე, ან ევროკავშირის გადაწყვეტილების პრესპექტივაზე“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის უმთავრესი პრობლემაა უკრაინის ომი, რის გამოც აღმოსავლეთი ევროპა ითვლება არასტაბილურ რეგიონად და სწორედ ამიტომაც ევროკავშირის მოსახლეობაში პოპულარული არაა იდეა იმისა, რომ უკრაინა და საქართველო გაწევრიანდებიან ევროკავშირში.