ისლამური სახელმწიფო სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ დასავლური სამყაროსთვის. გასულ კვირას შვეიცარიაში მიღებული შეთანხმების თანახმად, შესაძლოა, ირანს სანქციები მოეხსნას. სანაცვლოდ, ის ითანამშრომლებს აშშ-სთან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. შეთანხმება საბოლოოდ შედგება თუ არა, ზაფხულის დასაწყისში გაირკვევა, თუმცა თავისთავად, ასეთი ამოცანის დაყენება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საფრთხის სერიოზულობას. ისლამური სახელმწიფოს გამოწვევებზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
რამდენად მნიშვნელოვანია რამდენიმე დღის წინ ქალაქ ლოზანაში ირანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ნიშნავს თუ არა დიდ პოლიტიკაში ირანის დაბრუნებას?
- ივნისამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და რამდენად შესრულდება შეთანხმების პირობები, საკითხავია, რადგან ასეთი მიღწევა წარსულში ორჯერ უკვე მოხდა, მაგრამ ირანი პრაქტიკულად ისევ აგრძელებდა თავის პოლიტიკას.
არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს დროის გაყვანის ტაქტიკა - ირანმა მიაღწია უკვე ურანის გამდიდრების 70%-იან პროცესს. ანუ ბევრი აღარ დარჩა იმისათვის, რომ მიაღწიოს იმ რეაქციას, რომელიც საჭიროა ბირთვული ქობინის ანუ ატომური ბომბის შესაქმნელად.
ისიც უნდა გავითვალისწონოთ, რომ ირანი აძლიერებს თავის სამხედრო-ტექნიკური საშუალებების მოდერნიზაციას და მან უკვე მიაღწია იმ დონეს რომ ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის სარაკეტო სისტემები შეიმუშავა, რომელსაც 2-დან 5 ათას კილომეტრამდე დაფარვის ზონა აქვს. არ გამოვრიცხავ რომ ივნისშიც ისევე დასრულდეს ეს შეთანხმება, როგორც წინა ორ შემთხვევაში მოხდა.
თუ შევხედავთ მეორე კუთხით, ანუ განვიხილავთ ოპტიმისტურ სცენარს, ირანს რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემები აქვს. ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც მოხდა ირანის ხელისუფლების მხრიდან დათანხმება, იყო სწორედ საფრთხე ისლამური ხალიფატიდან, რომელიც ამერიკასაც ირანსაც, ფაქტობრივად, აიძულებს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს დათანხმდნენ ვგულისხმობ ირანს ამერიკასა და რუსეთს.
ასეთი გაერთიანება უკვე მოქმედებს ერაყში და ინტენსიურად თანამშრომლობენ საერთო საფრთხის წინააღმდეგ. ანუ ირანს უკვე შიდა პრობლემები გაუჩინა ისლამური ხალიფატმა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ამავე დროს, იემენში არსებულმა სიტუაციამ კიდევ უფრო გაართულა ვითარება. ირანის ინტერესები გადართულია სირიასა და ერაყში; დამიჯერეთ, იქ საკმაოდ სოლიდური ძალებია გადასროლილი. მარტო სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 3-ათასკაციანი კონტიგენტი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში; 4 ათასი კაცია ლიბანსა და პალესტინაში.
ირანი ასევე უშუალოდ აფინანსებს ჰამასს და ჰესბოლას დაჯგუფებებს და შესაბამისად, იემენში სიტუაციის გართულება, საუდის არაბეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაძაბვა ასევე არ ასწყობს ირანს - საუდის არაბეთთან ირანი ვერ შეძლებს ურთიერთობის დაწყობას ამერიკელების ჩარევის გარეშე, რადგან ამერიკა და საუდის არაბეთი არიან მოკავშირეები და ეს მომენტიც არის გასათვალისწინებელი.
თანაც, ირანელებმა მაინცდამაინც ვერ იხეირეს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხითაც. ეს მომენტიც შეიძლებოდა ყოფილიყო გადამწყვეტი.
მართალია, შეიქმნა ღერძი თეირანი-მოსკოვი-დამასკო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ირანელები როგორც ჩანს, ბოლომდე კმაყოფილები არ არიან და ამ მითიური თანამშრომლობის ნაცვლად პრაგმატული შედეგები უფრო აწყობთ.
ირანისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ნავთობის ექსპორტის გაზრდა. ანუ ირანი იყო არჩევანის წინაშე - დღევანდელი კვერცხი აერჩია თუ ხვალინდელი ქათამი. როგორც ჩანს არჩევანი პირველ ვარიანტზე გააკეთა, რადგან პლუსები ნამდვილად არის - ისლმური საფრთხეების მოხსნა, პლუს ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ქვეყანაში და ნავთობის გატანა საერთაშორისო არენაზე.
ირანი მსოფლიოში ნავთობის მწარმოწებელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა,თუმცა მის მიმართ 30 წელია, სანქციები მოქმედებს.
ეკონომიკურ მომენტებს თუ გავითვალისწინებთ, ეს რამდენად ჯდება რუსეთის ინტერესებში?
- რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ირანის იზოლაციაში ყოფნა უფრო მომგებიანია იქნებოდა, რადგან გეოეკონომიკურად და გეოპოლიტიკურადაც ამ კუთხით მისი გამოყენება მისთვის ძალზე სასარგებლო იქნებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რუსთმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ლოზანის ამ შეთანმხების გაფორმებაში, მას ასეთი გადათამაშება აწყობს.
ამ შემთხვევში მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოების საკითხი. რუსეთს მაინც და მაინც არ ეხატება გულზე ირანის ბირთვულ კლუბში გაწევრიანება. ამ შემთხვევაში ამერიკისა და რუსეთის ინტერესები ბირთვული განიარაღების საკითხებში ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რადგან ამერიკა და რუსეთი სუპერბირთვული სახელმწიფოები არიან და მათ ინტერესებში არ შედის ბირთვული კლუბის გაზრდა, რომელშიც ოფიციალურად, უკვე 7 წევრი სახელმწიფო შედის. პოტენციურად კიდევ 15 სახელმწიფოს შეუძლია ამ კლუბის წევრობა.
ამ შემთხვევაში იკარგება რუსეთისა და ამერიკის ჰეგემონობის საკითხი. ამ კონტექსტში რუსეთს ბუნებრივია, არ უნდა აწყობდეს ახალი წევრების მიღება. აქედან გამომდინარე ეს მომენტი - სტრატეგიულ დონეზე დგას და არ შედის რუსეთის ინტერესებში ირანისთვის ბირთვული სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება.
რეგიონალურ და ლოკალურ დონეზე, რა თქმა უნდა, მისთვის წამგებიანია ირანისთვის სანქციების მოხსნის სცენარი.
თუ ოპტიმისტურ ვარიანტს მივემხრობით, ასეთ შემთხვვაში რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეგიონში ირანის ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ შემოსვლამ?
- ირანს უკვე აქვს საკმაოდ დიდი გავლენა რეგიონზე, ის საკმაოდ აქტიურად მუშაობს ისლამური ექსპორტის გასაფართოებლად, განსაკუთრებით შიიტი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში. ამის გარდა, ირანს აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესები, რადგან მისთვის უახლოესი პორტი შავ ზღვაშია და შესაბამისად, საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
თუმცა მაინცდამაინც დიდი მოლოდინები, რომ აი, ირანს მოეხსნება სანქციები და საქართველომ რამით შეიძლება იხეიროს, არ მაქვს. ირანს გაცილებით იოლი გზა აქვს იმისათვის, რომ თავისი ნავთობი მიაწოდოს ბაზარს, ვიდრე ისარგებლოს საქართველოს მიმართულებით.
საუბარია პირველ რიგში თურქეთის მიმართულებაზე. ირან-თურქეთის ნავთობსადენი მწყობრშია და თუ მოიხსნება შეზღუდვები თავის ნავთობს იმ მიმართულებით გაუშვებს, რომელიც უფრო მოკლეა.
გარდა ამისა, ირანს თავისი ალტენატიული ვარიანტიც გააჩნია - ორმუზის სრუტიდან თავისი ტანკერებით გაიტანს ნავთობს. ამიტომ რაღაც ილუზიები ენეგოუსაფრთხოების მიმართულებით არ უნდა გაგვიჩნდეს.
ერთი შესაძლო ვარიანტი იქნება, რომ გაიხსნას საქართველოსთვის ენეგომიწოდების კიდევ ერთი ალტერნატივა და ირანისგანაც ვიყიდოთ ნავთობი. შესაძლოა აზერბაიჯანულმა და ირანულმა ნავთობპროდუქტებმა ბაზარი დააბალანსოს და გარკვეული კონკურენცია გააჩინოს რაც წესით ფასებზე შეიძლება აისახოს, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად მნიშვნელოვნად.
საქართველოც მოიაზრება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უნდა იბრძოდნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ დროს საქართველოდან ლამის რეგულარულად გადიან ადამიანები ისლამურ სახელმწიფოში. ეს მომენტი რამენაირად დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე?
- უკვე 400 ადამიანია გასული. საქართველოში ამ საფრთხის რეალური აღქმა არ გააჩნია არც ხელისუფლებას არც საზოგადოებას და არც პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ მხოლოდ ჩრილოეთიდან მოსალოდნელ საფთხეს ვხედავთ, რაც ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ გაცილებით უარესი საფრთხე მოდის სამხრეთიდან და ამისი აღქმა საქართველოში ჯერ არ არსებობს - ამაზე მხოლოდ ორი ადამიანი ვსაუბრობთ, მე და მამუკა არეშიძე.
არსებობს კონკრეტული კვლევები და მასალები ამ საფრთხის შესახებ, მაგრამ ვიდრე ურემი არ გადაბრუნდა, გზა არ გამოჩნდა. ეს გზა კი მინდა გითხრათ, რომ უკვე საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. პრევენციული ზომებიც კი აღარ უშველის არაფერს, უკვე იმ დონემდე ვართ მისული; ვფიქრობ, აუცილებელია სასწრაფოდ გადავიდეთ ოპერატიულ ღონისძიებებზე.
რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობებს, ბუნებრივია, ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერა სახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდება, ამდენად, ამ მიმართულებით გართულება არ არის მოსალოდნელი. თუმცა თავად საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეიძლება შუქმნას ძალიან დიდი საფრთხე, იმდენად ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ჩვენს სახელმწიფოებრიობას როგორ უნდა შეუქმნას პრობლემა?
- ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოთხი მუსლიმანური ანკლავი სადაც ისლამური ხალიფატის ჯგუფების შესვლამ შეიძლება, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობრივი ელემენტები გააჩინოს.
საუბარია იგივე, ახალი ისლამისტური ჯგუფების შექმნაზე; მათმა სახელმწიფოსთან კონფრონტაციაზე წასვლამ რა შეიძლება გამოიწვიოს, წარმოგიდგენიათ?! ჩვენი სახელმწიფო ამისთვის რამდენად არის მზად, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.
ჩვენ კი არა, რუსები არ არიან ამისათვის მზად და უკვე ატეხეს განგაში. რუსეთის თავდაცვის მინისტრი პირადად ჩავიდა ჩრდილო კავკასიაში და ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობის მიერ სამხრეთში დაგეგმილ 58-ე და 59-ე არმიების სამხედრო წვრთნებს უშუალოდ ჩაუდგა სათავეში. ეს წვრთნები მიმართული იყო სწორედ ისლამური ხალიფატიდან წამოსული საფრთხეების ნეიტრალიზაციისაკენ. რუსები ამ საკითხს ამ დონეზე აყენებენ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე გაჩნდა მსგავსი საფრთხები.
ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, გარკვეული წყაროების ცნობით, აზრბაიჯანში ეს საკითხი უმწვავესად დგას. არაოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანშიც გამოიკვეთა საკმაოდ დიდი ბირთვი ისლამისტური სახელმწიფოს იდეების მიმდევრებისა.
ხალიფატის პრეს-სპიკერიმა და საინფორმაციო პროპაგანდის სამინისტროს ხელმძღვანელმა, შეიხ მუჰამედ ალ-ადნანმა თავის განცხადებაში მთლიანი კავკასია უკვე დააფიქსირა ისლამური ხალიფატის სასიციცხლო გავლენის ზონად.
ეს ნიშნავს, რომ ისლამური ხალიფატი უკვე დაიწყებს სერიოზული ძალების გადმოსროლას, მათ შორის, იმ მოქალაქეების ჯგუფებისას, რომლებიც საქართველოდან არიან წასული ისლამურ სახელმწიფოში.
ანუ აქედან საკმაოდ ლატენტურად რომ გადიოდნენ ჯგუფები, იქ სამხედრო მომზადებას გადიოდნენ და ახლა ბრუნდებიან უკან. მათ შეუძლიათ თავიანთი დაჯგუფებების შექმნა და ნახეთ, რა ფონზე - ამ ათეისტურად განწყობილ ისლამურ ანკლავებში ადგილობრივ მქადაგებლებს ფაქტობრივად , ისიც კი არ ესმით რომელი მიმდევრობის არიან, შიიტები თუ სუნიტები. ასეთ გარემოში ახალი იდეოლოგიის შემოტანა საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს ჰპოვებს.
ისლამური სახელმწიფოს მიმდევრები აპირებენ, აღადგინონ ის სახელმწიფო წყობა რაც არსებობდა არაბული ხალიფატის პერიოდში, სადაც კავკასია იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.
ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში „ყურები უნდა გამოიბერტყოს“ და საფრთხის მთელი სერიოზულობა აღიქვას; გარდა ამისა, დასავლეთთან სულ უფრო მეტი თანამშრომლობაა საჭირო ამ მიმართულებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. ერთობლივად უნდა დავგეგმოთ გარკვეული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა.
დასავლეთში კიდევ უფრო სერიოზულად დგას ეს პრობლემა - პარიზში უკვე მოაწყვეს აფეთქება და შემდგომი მოქმედებებიც დააანონსეს ეიფელის კოშკს, ბიგ-ბენსა და თეთრ სახლს დავარტყამთო - ამ დონეზეა საუბარი.
ამდენად, უკვე დიდი ხანია დადგა დრო, ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და მოძებნოს ის ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით პროდუქტიულად მუშაობას შეძლებს. მე თუ მკითხავთ, მაგალითად, მამუკა არეშიძეს საამისო რესურსები ნამდვილად გააჩნია.