ნაციონალი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ „ნდობის ჯგუფმა“ თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძისგან პირობა მიიღო, რომ საჰაერო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით, ფრანგულ მხარესთან პროცესი არ შეჩერებულა და გრძელდება. თარგამაძის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ საფრანგეთში ხელმოწერილ მემორანდუმზე ზედამხედველობას „ნდობის ჯგუფი“ განახორციელებს.
თუ რა ინფორმაცია მიაწოდა დეპუტატებს ჯანელიძემ, ამის გარკვევას for.ge გივი თარგამაძესთან შეეცადა:
თავდაცვის მინისტრმა უწყების გეგმების თაობაზე საკომიტეტო ფორმატში ანგარიში წარმოადგინა. ჯანელიძის გამოსვლას როგორ აფასებთ?
- მინდია ჯანელიძე სრულიად არადეკვატური იყო, ხოლო მისი გამოსვლა კატასტროფული. მინისტრის მოხსენება ზედაპირული იყო და რეალობას სრულიად მოწყვეტილი. გარდა ამისა, სამწუხაროდ, მის მიერ გაკეთებული აღმაშფოთებელი განცხადებების სიას კიდევ ერთი მიემატა, როდესაც მან თქვა, რომ თურმე, 2008 წელს, ქართულმა ჯარმა მტერს ძალიან ბევრი იარაღი დაუტოვა. როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრი ვერ აცნობიერებს, რომ იგივე ჯარის ხელმძღვანელია და ჯარისკაცებს მშიშრებად და ლაჩრებად აცხადებს, რომლებიც თურმე, ომიდან გამოქცეულან. თუკი ჯანელიძე უკრაინაში დაღუპულ მეომრებს ფულზე გაყიდულს უწოდებს, ხოლო გმირების დნმ-ის დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრება, მაშინ მას თავდაცვის მინისტრად რა უნდა? ჯანელიძის მინისტრობა შეურაცხმყოფელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული ჯარისკაცისთვის.
მინისტრმა მოგიწოდათ, რომ გმირებისა და ჯარისკაცების დაფასებაში მას ნუ შეეჯიბრებით. ჯანელიძის განცხადებით, მისი უწყება აქტიურად მუშაობს, რათა ქართული ჯარი წარმატებული იყოს...
- ჯანელიძესთან შეჯიბრებას არავინ არ აპირებს, მაგრამ ის საკუთარი განცხადებებით ქართული ჯარის დაფასების საწინააღმდეგოს ადასტურებს. როდესაც ადამიანი კითხვაზე - რატომ არ იყავით გმირების დნმ-ის დაკრძალვაზე, პასუხობს, რომ უნდა ვყოფილიყავი, ეს ნონსენსია. მან მუხათგვერდის სასაფლაოზე არმისვლის მიზეზად მინისტერიალი დაასახელა, თუმცა, სტუმრებისთვის ღონისძიებაზე დასწრება რომ შეეთავაზებინა, ისინი ამას სიამოვნებით მიიღებდნენ.
თქვენი მოსაზრებით, რატომ არ დაესწრო მუხათგვერდის სასაფლაზოე გამართულ ღონისძიებას მინისტრი?
როგორც ჩანს, მას ამ ღირებული მოვლენებისადმი ასეთი მიდგომა აქვს.
თავდაცვის მინისტრს „ნდობის ჯგუფის“ დახურულ სხდომაზეც მოუსმინეთ. 28 ოქტომბერს, საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია მიიღეთ ჯანელიძისგან?
- ჯანელიძისგან პირობა მივიღეთ, რომ ფრანგულ მხარესთან პროცესი არ შეჩერებულა და გრძელდება. მინისტრი გვარწმუნებს, რომ შუალედური აქტი შესრულებულია, რომელზეც ლაპარაკი იყო, რომ გაუქმდა. მინისტრმა ამ პროცესზე დაკვირვების გარკვეული პროცესიც შემოგვთავაზა. თუკი ეს პირობა შესრულდება, კარგია.
რა პირობები შემოგთავაზათ?
მინისტრმა ეს პირობები კიდევ უნდა დააკონკრეტოს.
ანუ, „ნდობის ჯგუფი“ პროცესზე ზედამხედველობას განახორციელებს?
- დიახ. ჩვენ საშუალება გვექნება შევამოწმოთ, ეს პროცესი რამდენად მიმდინარეობს. თუ ეს პირობა შესრულდება, ე.ი პროცესს მართლა დავაკვირდებით და დასკვნას გამოვიტანთ - რა ხდება?! რადგან, მან ეს პირობა მოგვცა, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ პროცესი არ შეჩერებულა.
თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ მან ალასანიას საფრანგეთში დაურეკა. თუმცა, აღნიშნა, რომ მისი ზარი მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ მემორანდუმის დებულებები კიდევ ერთხელ განეხილათ. ჯანელიძისეული ეს ვერსია თქვენთვის სარწმუნოა?
- მისი ვერსია ასეთია, მაგრამ ამ საკითხის თაობაზე წერტილს დროებითი საგამოძიებო კომისია დასვამდა. თუ მართალი ხარ, კომისიის შექმნას რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე? გამორიცხულია, რომ ჯანელიძეს ეს ზარი დამოუკიდებლად განეხორციელებინა. მის უკან ღარიბაშვილი, ან ივანიშვილი იყო.
წლების მანძილზე, საგამოძიებო კომისიებს თქვენც იმიტომ არ ქმნიდით, რომ მართლები არ იყავით?
- აქ განსახილველი სხვა სახის საკითხია. ჩვენს დროს საუბარი იყო კრიმინალურ შემთხვევებზე.
თქვენ ჯანელიძის არადეკვატურობაზე ისაუბრეთ და თქვით, რომ მისი მინისტრობა სირცხვილია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჯარისთვის. თუკი ასე ფიქრობთ, მაშინ მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რატომ არ სვამთ?
- ჩვენ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ, მათ შორის ჯანელიძის.
რაც შეეხება ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებს, პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი აცხადებენ, რომ ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქრებას ცდილობენ. მათ პოზიციას იზიარებთ?
- გომელაურმა საერთოდ რომ არ ილაპარაკოს, უმჯობესი იქნება, რადგან ის უფრო მძიმე შემთხვევაა, ვიდრე ჭიკაიძე, რომელსაც ოპერატიული გამოცდილება მაინც ჰქონდა. გომელაურის თითოეული კომენტარი არის ბოდვა. მან თქვა, რომ პატარა ბავშვს არ ვესროდი, ჩემთვის დავალება რომ მოეცათო. კორტებზე პატარა ბავშვი არავინ იყო და პატარა ბავშვად არც არავინ გამოიყურებოდა. სპეცრაზმელების მიმართ სასჯელის შერბილებაზე საუბარი არის ფარისევლობა და შედეგს არ მოიტანს. გომელაურისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრმა სწორად ჩამოაყალიბა, რომ არ შეიძლება, რიგითი სპეცრაზმელის მიმართ სამართლებრივი დევნა განხორციელდეს იმის გამო, რომ მან უკანონო ბრძანება შეასრულა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკანონო ბრძანების გამცემი უნდა დაისაჯოს. პრემიერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სპეცრაზმმა ბორჯომში გასვლაზე უარი თქვა.
სპეცრაზმელებმა ბორჯომში გასვლაზე უარი როდის თქვეს?
- თებერვალში, ბორჯომში აბულაძის ადგილმდებარეობა განსაზღვრული იყო, სპეცოპერაცია დაგეგმილი, სპეცრაზმელებმა კი გასვლაზე უარი განაცხადეს. დაკავებისას აბულაძე სპეცრაზმელებს ესროდა, მათ საპასუხო სროლა მოუწევდათ და ამ მოქმედების გამო კი, რიგითი სპეცრაზმელები ციხეში სხედან. მათ ამ მოტივით ბორჯომში გასვლაზე უარი თქვეს. შემდეგ, თალაკვაძეს სპეცრაზმელების ბათუმში წაყვანა, სუფრების გაშლა და სპეცრაზმელებზე მოფერება მოუწია. სპეცრაზმელებზე მოფერება არაფერს შეცვლის, სანამ დაკავებულ ბიჭებს უპირობოდ არ გამოუშვებენ და ბოდიშს არ მოუხდიან.
ანუ, ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ?
- ზეწოლა არ უნდა შევაჩეროთ, რადგან ეს ადამიანები მართლები არიან და ციხიდან უნდა გამოუშვან.