საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის გამყარების მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. იგი არც სავალუტო რეზერვის გამოიყენებს და არც მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას შეამცირებს. ასეთ დროს სპეციალისტები მთავრობას ხისტი პოლიტიკის გატარებას ურჩევენ.
„რეზერვების შემცირება ანუ ჩვენი სავალუტო მარაგის გამოტანა ბაზარზე და ამითი ჩანაცვლება შემცირებული ექსპორტის, გზავნილებისა და ტურიზმის, არა მარტო არასწორი გადაწყვეტილება, არამედ წარმოუდგენლად მცდარია. მეტიც, სავალუტო რეზერვებით ჩანაცვლება კონტრპროდუქტიულია, რადგან, როგორც კი ეს ბალანსი ხელოვნურად, ინტერვენციების დახმარებით ნარჩუნდება, ნიშნავს, რომ ეს კურსი საბაზრო არ არის. როცა ბაზრის ჩვეულებრივი მონაწილეები ხვდებიან, რომ კურსი არასაბაზროა, ისინიც კი, ვისაც უცხოური ვალუტის შესყიდვა არ სურდათ მაინც ყიდულობენ, რითაც მოკლე ვადაში, იმაზე მეტი მოთხოვნა წარმოიქმნება ბაზარზე, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.
აქ სპეკულაციაზე არაა საუბარი. თქვენ რომ იყოთ მეწარმე და ხედავდეთ, ლარის გაცვლითი კურსი ხელოვნურადაა შენარჩუნებული, რას გააკეთებთ? რა თქმა უნდა, გადაახურდავებთ ლარს დოლარში, რათა მინიმუმ, იგივე პოზიცია დაიტოვოთ და შედმგომში სავალუტო სარგებელი მიიღოთ. მაშინ რატომ ან როდის ვერევით ჩვენ?
იმის გამო, რომ პატარა, ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ, შესაძლოა, მოკლე ვადაში, დიდი თანხების ერთობლიობამ დიდი რყევა გამოიწვიოს.
ეს იყო ჩვენი ჩარევის მიზეზი, როგორც ნოემბერში, ასევე თებერვალში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ამ ჩარევის მიზანი არ არის და ვერ იქნება არასაბაზრო კურსის გრძელვადიანი უზრუნველყოფა. მეტიც, რამდენიც უნდა იყოს მოთხოვნა, რომ რეზერვები დავხარჯოთ, რათა წონასწორობა შევინარჩუნოთ, არ გავაკეთებთ! ვიდრე მე და ჩვენი გუნდი ეროვნულ ბანკში ვართ, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის რეზერვების გაფლანგვა, ასეთი მიდგომა შეცდომა, არასწორი პოლიტიკა, პრობლემის შეფუთვა და ამ პრობლემის გადავადებაა. ხაზგასმით ვამბობ: იმისთვის, რომ არასაბაზრო კურსი დავიჭიროთ, რეზერვებს არ დავახარჯავთ, როგორიც უნდა იყოს თხოვნა, მოთხოვნა და კრიტიკაც კი!“ - განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
საბანკო სფეროს სპეციალისტებს სებ-ის პრეზიდენტის სიჯიუტე არ აკვირვებთ, მით უფრო, როცა მათ გაანალიზებული აქვთ ეროვნული ბანკის დევალვაციური პოლიტიკა, ეკონომიკური პროფილის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ქადაგიძის უწყებამ მიზანმიმართულად შეამცირა დოლარის მასა და, პირიქით, გაზარდა ლარის მასა.
„თუ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს დავაკვირდებით, 2013 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 555 მილიონი დოლარი ამოიღო ეკონომიკიდან, გაყიდა ლარი და იყიდა დოლარი, რითაც ერთი მხრივ 900 მილიონით გაზარდა ლარი მიმოქცევაში, მეორე მხრივ ნახევარ მილიარდზე მეტით შეამცირა დოლარი ეკონომიკაში. ბუნებრივია, ლარი-დოლარის იქამდე არსებული ბალანსი დაარღვია. ნოემბრამდე კურსი სტაბილური იყო, რადგან დოლარზე მოთხოვნა არ იყო მაღალი. დეკემბერში კი, როცა იმპორტი მკვეთრად იზრდება, იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. სწორედ ამ დროს იგრძნო ბაზარმა დოლარის დეფიციტი და ლარმა გაუფასურება დაიწყო.
2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, 100 მილიონი დოლარი დაებრუნებინა ბაზრისათვის, მაგრამ 235 მილიონი ხომ დარჩა 2 წლიანი წმინდა ამოღების სახით. იანვარში დოლარის დეფიციტის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო. ეროვნული ბანკი კარგა ხანი არ ერეოდა პროცესებში. როცა უკვე ლარის კურსმა 2,26 გადააჭარბა ქადაგიძემ ვალუტაზე საბაზრო შიმშილის მოხსნა დოლარის მცირედი პორციების მიწოდებით განიზრახა, მაგრამ 2013 წელს ამოღებული ის 555 მილიონი დოლარი ჯერ კიდევ ბოლომდე დაბრუნებული არ არის“, - აცხადებს დუნდუა.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე კი ყურადღებას ამახვილებს იმ „ჩაკეტილ პოლიტიკაზე“, რომელსაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ატარებს. იგი ფულის „გარეცხვის“ საფრთხეზე საუბრობს და მთავრობას ხისტი პოლიტიკის გატარებას ურჩევს.
„მიდით ნებისმიერ ბანკომატთან და ანგარიშიდან მოხსენით ნებისმიერი თანხა ლარებში. თქვენ, როგორც წესი, ახალ ბანკნოტებს მიიღებთ. ეს კი ნიშნავს, რომ ფულის ბრუნვა არ არის კარგი. ამაზე უნდა იფიქროს ეროვნულმა ბანკმა და არა რეინვესტირების სესხებზე. ოქროს შუალედი უნდა გამოინახოს. ნებისმიერი სხვა ლოზუნგები არაადეკვატურია. ეროვნული ბანკის საქმე არ არის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა - ეს მთავრობის საქმეა. ეროვნულმა ბანკმა ფართო ფულს უნდა მოუაროს. ასე გააკეთა, მაგალითად, ირაკლი მანაგაძემ 1998 წლის სავალუტო კრიზისის დროს.
ირაკლი მანაგაძე აქვეყნებდა ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს და ჩვენ ადვილად შეგვეძლო, გაგვეანალიზებინა ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა „სახელმწიფო საიდუმლოებად“ გადაიქცა და ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია ეროვნული ბანკის ქმედებების შესახებ. ეს კი მეტისმეტად სახიფათოა - მილიონები შეიძლება გაირეცხოს და სხვადასხვა ანგარიშებზე დაგროვდეს, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე. ამიტომ 2016 წელს არ დაველოდებოდი და დღესვე გავატარებდი უხისტეს ზომებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ჩათვლით“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.