უფლებადამცველები პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ იმ ტიპის საჯარო განცხადებებისგან, რომელიც აღქმული იქნება როგორც გამოძიებაზე, ასევე სამართალდამცავ სტრუქტურაზე ზეწოლად. ეს განცხადება უფლებადამცველებმა შს მინისტრის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთეს, რომელიც ვახტანგ გომელაურმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე თერთმეტი პირია დააკავებული, მათ შორის არიან სპეცრაზმელებიც - იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ე.წ. კორტების ოპერაციის საქემზე დაკავებული სპეცრაზმელები არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ.
„ამ სპეცრაზმელებმა არასწორი ბრძანება მიიღეს და ეს შეასრულეს. კანონით, ეს რა თქმა უნდა, ისჯება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ, იქედან გამომდინარე, რომ ისინი არიან სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, სპეცრაზმელს აქვს თუ არა უფლება, შეაფასოს ბრძანება რამდენად კანონიერია ის, გომელაურმა განმარტა, რომ კანონი ავალებს მათ, რომ უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულონ. ამასთან, გომელაურმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში ის თავადაც სპეცრაზმელი იყო.
„თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ მე 10 წელი ვიმსახურე მანდ. რა თქმა უნდა, რომ მიბრძანოს ხელმძღვანელობამ - მოკალი ეს ბავშვი, დაცხრილე, მე არ უნდა დამეცხრილა. ეს არ უნდა შეასრულო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
დაკავებული სპეცრაზმელების საქმეზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო. მეტიც, როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, დაკავებული სპეცრაზმელთა საქმეზე მუშაობს როგორც პროკურატურა, ისე შსს.
„ვინც არის უკანონო დავალების გამცემი, სწორედ მისი პასუხისმგებლობით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც გასცემდა ამგვარ დავალებებს წინა ხელისუფლების დროს. ესენი იყვნენ პრეზიდენტი და მინისტრი. რაც შეეხება დაკავებულ სპეცრაზმელებს, ამ საკითხზე მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ შს მინისტრის განცხადება არის არასწორი. მისივე თქმით, შეიძლება ეს მისი მოსაზრებაა, მაგრამ მინისტრს, ზოგადად, სუბიექტური მოსაზრების დაფიქსირების ნაკლები შესაძლებლობა აქვს, რადგან ის წარმოადგენს სახელმწიფოს და მისი ყველა ნათქვამი აღიქმება ისე, როგორც სახელმწიფოს პოზიცია.
„ეს ადამიანები უკვე არიან ბრალის ქვეშ და იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. რასაკვირველია, ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანო, ეს არის სასამართლო, რომლესაც შეუძლია გამოიტანოს ობიექტური გადაწაყვეტილება, მაგრამ თუ ჩავთვლით პროკურატურის ჩართულობას, მას შეუძლია სასამართლოსგან დამოუკიდებლად გააფორმოს საპროცესო გარიგება. თუკი ეს იგულისხმა შს მინისტრმა, წესით, არც ეს ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს შს მინისტრს. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო არ გაითვალისწინებს ამ განცხადებას. სასამართლოს ჰყავს პროფესიონალი თავმჯდომარე, რომელიც სულ სხვა ეპოქას შექმნის სასამართლო სისტემაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურის და შს მინისტრის განცხადება, პირადპირი ჩარევაა გამოძიების პროცესში და მითითება პროკურატურაზე, რომ დაკავებულებთან გაფორმდეს საპროცესი გარიგება.
„დღევანდელი ხელისუფლება გამოირჩევა არადექვატური ნაბიჯებით. დაკავებულებს მცირე სასჯელს მიცემენ, თუ საერთოდ გაანთავისუფლებენ პატიმრობიდან, ეს არაა შს მინისტრის და მით უფრო პრემიერ-მინისტრის საქმე. ამას წყვეტს სასამართლო. მათი ეს არადექვატური განცხადება კი, პირდაპირი ჩარევაა გამოძიების პროცესში და მითითება პროკურატურაზე, რომ მათ გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება. არც ერთ დემოკრატულ სახელმწიფოში ასეთი ფაქტები არ ხდება.
პრემიერს და შს მინისტრს არაფერი არ ესაქმება პროკურატურის საქმეებში. თუ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება იმ სპეცრაზმელებთან, რომლებმაც ვანდალური მკვლელობა ჩაიდინეს, ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი და დასტური იმისა, რომ მოხდა პირდაპირი ზეწოლა გამოძიებაზე. სამწუხაროდ, ასეთმა განცხადება მასიური სახე მიიღო. ნორმალურ სახელმწიფოში შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის განცხადება მათი უპირობო გადაყენების საფუძველი გახდებოდა“, - განაცხადა for.ge--სთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილმა.
ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი თვლის, რომ სპეცრაზმელებმა პასუხი არ უნდა აგონ ბრძანების შესრულებაზე, მით უმეტეს თუ ვერ ადგენენ ბრძანება კანონიერია თუ უკანონო.
„თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორია პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ნებისმიერი წევრის მხრიდან იმის გაჟღერება, რომ ჩვენ ვცდილობთ სასჯელი მინიმალური იყოს. ეს ნამდვილად სასამართლოს საქმეა და აღიქმება სასამართლოს საქმეში ჩარევად. არ შეიძლება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გააკეთოს განცხადება იმაზე, თუ რა სასჯელს შეუფარდებს პირს სასამართლო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილმა.