პარლამენტში თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის გამოსვლით უმრავლესობა კმაყოფილია, ოპოზიცია კი, ძალოვანი მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში მინდია ჯანელიძის სტუმრობა ხუთი საათი გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრმა შეცდომა აღაიარა, ნაციონალებმა მისი გაკიცხვა მოასწრეს, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჯანელიძეს საფრანგეთში განხორციელებულ სატელეფონო ზარზე პასუხი მოსთხოვეს.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, თავდაცვის მინისტრი მარცხენა კარიდან უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად შევიდა, თუმცა, ირინე იმერლიშვილი დარბაზის მარჯვენა მხარეს განთავსდა, ხოლო მარცხენა მხარე ჯანელიძემ დაიკავა.
მინისტრმა დეპუტატებს თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა გააცნო, ხოლო ოპოზიცია დაინტერესდა, ის პოსტზე რა დამსახურებისთვის დაინიშნა.
სხდომა, რომელიც ეკა ხერხეულიძისა და გია ვოლსკის დაპირისპირებით დასრულდა, მინისტრის გამოსვლით გაიხსნა. მინისტრის ინფორმაციით, თავდაცვის უწყების მხრიდან სამომავლო გეგმების გადახედვა მოხდება და საჭიროების შემთხვევაში, მასში სათანადო ცვლილებები შევა.
ჯანელიძის ცნობით, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭო ახორციელებს.
გამოსვლისას მინისტრმა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო საფრთხეების გარდა, გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული „რბილი ძალის პოლიტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ კურსზე ზემოქმედებას და ქვეყნის იძულებას, რომ ამ კურსიდან გადაუხვიოს.
„საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს რეგიონში. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეები კვლავ მაღალი რისკის მატარებლად რჩება“, - აღნიშნა ჯანელიძემ, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეს ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, რეგიონში დისლოცირებულია 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე და განთავსებულია სხვადასხვა სახის შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და მსხვილკალიბრიანი სარაკეტო დანადგარები.
„საოკუპაციო ხაზს რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის 2500-მდე მესაზღვრე აკონტროლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქტიურად არიან ჩართულნი სადაზვერვო-ოპერატიულ საქმიანობაში. საოკუპაციო კონტინგენტი, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, დესტაბილიზაციის წყაროა“, - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოებაზე.
ჯანელიძის მტკიცებით, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კონცეფცია შემოშავდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული საჰაერო სისტემების რეაბილიტაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოების კუთხით, რამდენიმე ქვეყანასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. მათ შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია საფრანგეთთან. თავდაცვის სამინისტროს მიერ სათანადო მექანიზმი შემუშავებულია და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების სფეროში ჩართულნი არიან უცხოელი პარტნიორები და ექსპერტები, რომლებიც თავდაცვის სისტემების ტრანსფორმაციაში გვეხმარებიან. ჩვენი მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვითი სისტემები გააჩნდეს, რათა ქვეყნის საჰაერო სივრცე საფრთხეებისგან დაცული იქნეს“, - განაცხადა ჯანელიძემ.
ამას გარდა, გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, ქვეყნის წარმატებული სვლა ნატო-სკენ კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ქვეყნის ინეტერესების დასაცავად, ჩვენს მიზანს წარმოადგენს ხელი შევუწყოთ საქართველოს შეირაღებული ძალების განვითარებას და ჩამოვაყალიბოთ ეფექტიანი მართვისა და სტრუქტურის მქონე პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი შეირაღებული ძალები“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯანელიძის განმარტებით, უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღებული პაკეტის გათვალისწინებით, საქართველოში ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი.
„აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს იმისათვის, რომ საქართველოში ნატო-ს ე.წ. ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელსაც სრული წვდომა და ხედვა ექნება პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ. ყველა პროექტს, რომელიც არსებითი პაკეტით გათვალისწინებულია, თავისი ლიდერი ეყოლება“, - განაცხადა ჯანელიძემ, რომელსაც განმარტებების გაკეთება მოუწია მის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან დაკავშირებით.
ნაციონალებმა ღირსიაშვილი რუსეთის მიმართ კეთილგანწყობაში ამხილეს და მინისტრს პასუხი მოსთხოვეს, ასეთი მოადგილე რატომ ჰყავს. მინისტრმა უმცირესობას მოუწოდა საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავთ, რადგან ღირსიაშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა.
ღირსიაშვილის საკითხის გარდა, ჯანელიძეს თავის მართლება 28 ოქტომბერს, საფრანგეთში განხორიციელებულ სატელეფონო ზარზეც მოუწია. მინისტრი ადასტურებს, რომ მან თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ალასანიას დაურეკა, თუმცა, მოტივი ის იყო, რომ „რაღაც პროცედურები“ გარკვეულიყო.
„დავურეკე თუ არა თავდაცვის მინისტრს? - კი ბატონო დავურეკე! არსად არ მითქვამს, რომ მისთვის არ დამირეკავს. მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, ხელშეკრულების გაფორმებას არანაირად არ ითვალისწინებდა. ყველა ის მიმართულება, რომელიც საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებობდა, აქტიურ რეჟიმში გრძელდება“, - აცხადებს ჯანელიძე, რომელიც ირწმუნება, რომ თავდაცვითი საშუალებების შეძენა არ ჩაშლილა, ყველაფერი ნორმალურად მიდის.
„არაფერი ჩამიშლია! ყველაფერი ნორმალურად, გეგმის ფარგლებში მიდის და ამ საკითხზე ბევრი საუბარი ჩვენს თავდაცვით ინტერესებს დააზიანებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პასუხის გაცემა მოსთხოვეს კითხვაზე - „ირაკლი ალასანიამ მემორანდუმზე საუბრისას, დაარღვია თუ არა საიდუმლო ინფორმაციის შესახებ კანონი?“.
თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა, მისმა წინამორბედმა დაარღვია თუ არა კანონი და აღნიშნა, რომ ის მინისტრია და არა გამომძიებელი.
„შესაბამის შეფასებებს არ ვაკეთებ. ყველა ქვეყანას თავისი კანონმდებლობა აქვს და მის ფარგლებში აკეთებს განცხადებას. არ მითქვამს, რომ ვინმემ კანონი დაარღვია, ან დანაშაული ჩაიდინა. შეიძლება, კანონი არ დაარღვიო, მაგრამ ქვეყანას ზიანი ირიბად მიაყენო“, - განაცხადა ჯანელიძემ, რომელსაც ასევე პასუხის გაცემა მოუწია იმაზე, იყო თუ არა შუამავალი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის, როდესაც მან საფრანგეთში თავდაცვის მაშინდელ მინისტრს დაურეკა.
ჯანელიძის განცადებით, ის ვინმეს ემისარი, ან საკონტაქტო პირი არ ყოფილა.
ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, მინისტრს თავის მართლება იმ საკითხზეც მოუწია, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირების ნეშტების დაკრძალვის ცერემონიას რატომ არ დაესწრო.
ჯანელიძემ აღიარა, რომ ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირების ნეშტების დაკრძალვაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა, ღონისძებას მინისტერიალი დაემთხვა. მინისტრის ინფორმაციით, ცერემონიის ფორმატი გმირების
მშობლების, სასულიერო პირებისა და სამხედროების მონაწილეობით იყო შეთანხმებული და პანაშვიდის გადახდას გულისხმობდა.
ოპოზიცია პარლამენტში მინისტრის მისვლას რამდენიმე თვის მანძილზე ითხოვდა, თუმცა, მისი გამოსვლის პათოსით უკმაყოფილოები დარჩნენ.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, მინისტრის მოხსენება კატასტროფული იყო. წიკლაურის შეფასებით, თავდაცვის მინისტრს საქართველოს საფრთხეებთან დაკავშირებით ხედვა არ აქვს და მის გამოსვლაში რუსეთი როგორც აგრესორი და მოწინააღმდეგე, საერთოდ არ ფიგურირებდა.
„რაც შეეხება იმას, მინისტრი დაღუპულ გმირებს როგორ მოიხსენიებს, ეს ცალკე მორალური საკითხია. მას გადადგომისკენ არ მოვუწოდებ და ვთხოვ, დაფიქრდეს, რამდენად შეიძლება ასეთი ადამიანი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდეს?! მგონი, თავდაცვის უწყებაში არც ერთი ჯარისკაცი არ არის, რომელსაც ამ ადამიანის მიმართ მცირე პატივისცემა ექნება. ამ ადამიანის რიტორიკა მიმართულია, ჯარისკაცების შეურაცხყოფისკენ და არა მათი მებრძოლი სულის დაფასებისკენ“, - განაცხადა წიკლაურმა, რომლის მსგავსად, მინისტრს აკრიტიკებს დავით დარჩიაშვილი.
for.ge-სთან საუბარში დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ჯანელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან და დამოკიდებულებებთან დაკავშირებით პრობლემური ბევრი საკითხია, რაც მთავრობისა და მისი უნდობლობის საკითხს სვამს.
დეპუტატის თქმით, რა პროგრამები განვითარდება და უწყება საით მიდის, კონკრეტიკა არ იყო.
„მინისტრი ამბობს, რომ ოკუპანტის მხრიდან საფრთხე არისო, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში ამას არ წერს. ასევე პრობლემაა ღირსიაშვილი, რომელიც გაცხადებულად ამბობს, რომ ნატო პრიორიტეტი არ არის“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
უმცირესობის მსგავსად, თავდაცვის მინისტრის გამოსვლით კმაყოფილი არ დარჩნენ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“. for.ge-სთან საუბარში ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს - გაარკვია, რომ ჯანელიძემ ალასანიას ნამდვილად დაურეკა და ისიც გაიგო, რომ მცდელობა იყო საფრანგეთში მემორანდუმის ხელმოწერის პროცესი შეფერხებულიყო, თუმცა, ეს ალასანიამ არ დაუშვა და სერიოზულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ისიც გავიგე, რომ ჯანელიძემ ალასანიასთან სხვისი დავალებით დარეკა, რადგან ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს. რაც ქვეყანაში თავდაცვის კუთხით ხდება, საფრთხის შემცველია და თან არადამაიმედებელი. გაირკვა, რომ ე.წ. კაბელების თემაზე საიდუმლოება თუ ვინმემ გასცა, ეს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო და არა ალასანია“, - დასძინა დოლიძემ.
პარლამენტში თავდაცვის მინისტრის გამოსვლას უშიშრიების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დადებითად აფასებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პარლამენტის ისტორიაში პრეცედენტია, როდესაც უწყებაში ძალოვანი მინისტრი მიდის.
იმერლიშვილის მოსაზრებით, მინისტრი შეეცადა, ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა.
„მან თქვა, რომ არასწორად მოიქცა, როდესაც ცხედრების მიბარებას არ დაესწრო“, - დასძინა იმერლიშვილმა.
შეხვედრა, რომელიც დაახლოებით ხუთი საათი გაგრძელდა, ეკა ხერხეულიძისა და გია ვოლსკის დაპირისპირებით დასრულდა. კერძოდ, ხერხეულიძემ ვოლსკის გამოსვლის პათოსი გააპროტესტა, რომელმაც აღნიშნა, რომ მინდია ჯანელიძის განცხადებას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ნეშტების დაკრძალავასთან დაკავშირებით, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.
ხერხეულიძის შეფასებით, უმრავლესობაში სანამ ივანიშვილის მონები იქნებიან, მანამდე ვერ მიხვდებიან, გმირი ვინ არის.
„თქვენი გამოსვლა უთავმოყვარეობაა“, - მიმართა ვოლსკის ხერხეულიძემ, რომელმაც ოპოზოციონერის საქციელი დანაშაულად და უზნეობად შეაფასა.