ლარის კურსმა ფერმერები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო

ლარის კურსმა ფერმერები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო

ლარის დევალვაციამ ფერმერებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. რამდენადაც აგროსესხების ნაწილი დოლარშია გაცემული, გლეხური მეურნეობები სერიოზულად ზარალობენ. საფრთხის წინაშეა 610 ფერმერი, რომლებიც სასწრაფოდ დახმარებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მთავრობა და ფერმერთა ასოციაცია ცდილობენ ბანკებთან საერთო ენა გამონახონ და მეურნეობები გადაარჩინონ.

ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პროექტების მართვის სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე ფერმერების დასახმარებლად ბანკებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისათვის, რომ სესხები, რომელიც ფერმერებს დოლარში ჰქონდათ აღებული, ლარში გადავიდეს.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძ ამბობს, რომ ამ ეტაპზე მექანიზმის დამუშავება ხდება, თუ როგორ და რა ვადებში მოხდება საქმის წინ წაწევა. ზამბახიძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროც და პროექტების მართვის სააგენტოც შეწუხებულია და აქტიურად მუშაობენ საკითხის მოსაგვარებლად.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი ადასტურებს, რომ მთავრობა ამუშავებს კომპლექსურ ღონისძიებებს. ამ ეტაპზე აქ საუბარია ბანკებთან მოლაპარაკებაზე, ვინაიდან ლარის კურსის ცვლილებამ სხვადასხვა მიმართულებით გამოიწვია ცვლილებები, როგორც სახელმწიფოს ისე კერძო ბიზნესში. მოისწრაფიშვილი იმასაც ხაზს უსვამს, რომ შექმნილ სიტუაციაში ფერმერებთან ერთად სახელმწიფოც ზარალობს.

„დოლარში გაცემული სესხების წლიური თანადაფინანსების თანხა სახელმწიფოსაც გაეზარდა. სახელმწიფო პროცენტის დიდი ნაწილს აფინანსებს, ესაა წლიურად 11%. ჩვენ თადარიგს ვიჭერთ, რომ სიტუაციის კონტროლი ხელიდან არ გავუშვათ. სწორედ ამან განაპირობა ბანკებთან მოლაპარაკება. წინასწარ გვქონდა შეფასებული რისკები და ერთ-ერთ მექანიზმად მიგვაჩნია რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა, რომელიც მოკლევადიან ეფექტურ გამოსავალს სთავაზობს ფერმერებს“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას მოისწრაფიშვილმა.

ლარის დევალვაციის შემდეგ ფერმერული მეურნეობების ერთი ნაწილი ჩივის, რომ კურსთაშორის სხვაობის გამო მთლიანი სახელფასო ფონდის გადახდა კრედიტის დასაფარად უწევთ. არსებული ინფორმაციით საფრთხის წინაშეა 610 ფერმერი, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 30 და 600 ათასამდე სესხი დოლარი აქვთ აღებული.

აგროსესხების მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე საუბრობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბანკებთან ერთად, კონკრეტული რესტრუქტურიზაციის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. სესხის რესტრუქტურიზაცია, შესაძლოა, ლარში მოხდეს ან შეღავათიანი სესხები მთლიანად ლარში გაიცეს.

„ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, განიხილება როგორც ლარში რესტრუქტურიზება, ასევე განიხილება ახალი სესხების ლარში გაცემის შესაძლებლობა უფრო გრძელვადიან პერსპექტივებში და სხვა კონფიგურაციები, რომელბზეც ერთად ვმუშაობთ საბანკო სექტორების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მან იმ პროექტებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა. მინისტრის თქმით, 0%-იანი კრედიტი დაახლოებით 1000 ბენეფიციარზეა გაცემული.