ინტერნეტული დაკაბალება

ინტერნეტული დაკაბალება

ინტერნეტ ტარიფები მომხმარებლისთვის მორიგი თავის ტკივილი გახდა. ადგილობრივი პროვაიდერები ბაზარზე კაბალური ფასით ოპერირებენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის დასკვნით, დღეისათვის საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე რამდენიმე ათეული კომპანიაა, თუმცა ბაზრის 60%-ს კომპანიები „კავკასუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ ფლობენ და თამაშის წესებსაც ისინი ადგენენ.

კონკურენციის არარსებობის პირობებში ბაზარზე კარტელური გარეგების ნიშნებია. კომპანიები შეთანხმებულად ზრდიან ფასს და მომხმარებელს არჩევანის საშუალებას უსპობენ.

ცოტა ხნის წინ „კავკასუს ონლაინი“ ახალ სატარიფო სისტემაზე გადავიდა. ცვლილება შეეხო როგორც ინტერნეტის, ასევე ტელევიზიის მომხმარებლებს. ახალი ტარიფების მიხედვით, მომხმარებელი გადაიხდის შემდეგ საფასურს: ოპტიმალი: 10 მბ/წმ - 27 ლარი (ძველი ფასი: 25 ლარი); ექსპრესი: 30 მბ/წმ - 37 ლარი (ძველი ფასი: 35 ლარი); ექსტრიმი: 50 მბ/წმ - 50 ლარი (ძველი ფასი: 45 ლარი); ინფინიტი: 100 მბ/წმ - 100 ლარი.

„კავკასუს ონლაინში“ ფასის ზრდის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ და საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

მარტის დასაწყისში იგივე ნაბიჯი გადადგა „სილქნეტმა“. კომპანიის სტრატეგიული განვითარების განყოფილების დირექტორის, ილია ენუქაშვილის ინფორმაციით, ტარიფების მატება ინტერნეტის სიჩქარეების ზრდას და საბაზრო ფასებთან გათანაბრების მცდელობას უკავშირდება.

აფბა-ს ვიცე-პეზიდენტი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში კომპანიებმა ფასების ზრდის მიზეზად ინტერნეტის სიჩქარის ზრდასთან დაკავშირებით მომხმარებელთა მოთხოვნა დაასახელეს, რასაც, შესაბამისად, ფასის ზრდაც მოჰყვა. ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება, რათა მათ არჩევნის საშუალება მისცემოდათ - ან დარჩენილიყვნენ არსებულ ტარიფზე და ნაკლები სიჩქარის ინტერნეტით ესარგებლათ ან გაეზარდათ სიჩქარე და შესაბამისად ფასიც.

„კავკასუს ონლაინმა“ ტარიფის მატების მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებული და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა, თუმცა როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ჩანს, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, „კავკასუს ონლაინს“ შესყიდულ ინტერნეტზე ხარჯი 5 მილიონით შეუმცირდა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ფასის ზრდა ყოვლად დაუსაბუთებლად მოხდა“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

აფბა-მ 2013-2014 წლებში „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები წარმოადგინა. „სილქნეტს“ 211 656 მბ-ით მეტი აქვს შეძენილი და შესაბამისად, 2 056 542 ლარით მეტი ხარჯიც ჰქონდა, თუმცა მარეგულირებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მხოლოდ სხვა ქვეყნის ოპერატორებისგან და მხოლოდ 6 თვის მონაცემებით, 2013 წლის მთლიან შემოსავალთან შედარებით, 605 393 ლარით მეტი შემოსავალი მიიღო კომპანიამ და 46000 მბ-ით მეტი გაყიდა. ასევე, ამას ემატება ქართული პროვაიდერებისთვის მიყიდული მოცულობა, შემოსავლები და საკუთარი მომხმარებლების ზრდა და მიღებული შემოსავლები“, - განაცხადა კაპანაძემ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ინტერნეტ ტარიფებით დაინტერესდა. მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართველი ინტერნეტპროვაიდერები ფაქტობრივად, კაბალური ფასებით ოპერირებენ.

კაპანაძე მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აუცილებლად დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და კომპანიებს მოსთხოვოს იურიდიული პირებისთვის დაწესებული ტარიფის ოფიციალურად, მათ საიტზე გამოქვეყნება. მისი თქმით, პროვაიდერებმა მომხმარებლებს მისცენ არჩევნის უფლება - დარჩნენ ძველ პაკეტზე ძველი პირობებით თუ გადავიდნენ ახალ პაკეტზე ახალი პირობებით.

„აუცილებლად კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დეტალურად შეისწავლოს ინტერნეტ პროვაიდერების ბაზარი, დაადგინოს კომპანიების რეალური ხარჯი და შემოსავალი, ბაზრის შესწავლის შემდეგ, თუ დადასტურდება კომპანიების მიერ ფასების ხელოვნური ზრდა და თუ დადასტურდება ზემოგებაზე მუშაობა, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და დაუწესოს კომპანიებს ზედა ზღვრული ტარიფი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია გააგრძელებს აღნიშნული ბაზრის შესწავლას და სხვადასხვა მონაცემს საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს“, - განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოში ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მოსახლეობის მხრიდან მუდმივად კრიტიკის საგანია. რამდენიმე თვის წინათ ამ საკითხზე „ახალგაზრდა ადვოკატებიც“ ალაპარაკდნენ და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიას რეკომენდაციით მიმართეს, რათა კომისიას ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფის ზედა ზღვარი დაედგინა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც დღეს ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიები ინტერნეტის სიჩქარეს და მომსახურების ტარიფს ისე ზრდიან, რომ რიგითი მომხმარებლის სურვილს საერთოდ არ ითვალისწინებენ.