დემოკრატია მაფიოზური აკომპანიმენტით

დემოკრატია მაფიოზური აკომპანიმენტით

ბოლო დროს გახშირებულ გახმაურებული კრიმინალურ შემთხვევები თუ ტერაქტები უკვე მოვლენათა ჯაჭვად ყალიბდება და რაც მთავარია, პოლიტიკური პროცესები თითქმის მთლიანად გადაფარა - პოლიტიკის ნაწილი გახდა. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, სანტერესოა მიზეზი, თუ რამ გამოიწვია კრიმინოგენული ფონის დამძიმება. ამ კუთხით ბევრი კითხვა ჩნდება - ვისი ბრალეულობის საკითხი შეიძლება ვეძებოთ? ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცველები ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, თუ სულაც, ვიღაცის წინასწარ მომზადებული და ზუსტად გათვლილი გეგმის განხორციელების მოწმენი ვართ? მიმდინარე პროცესებზე ექსპეტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, საბოლოო ანალიზისა და დასკვნის გამოტანა ჯერ, ცოტა ნაადრევია, რადგან საშუალო სტატისტიკურად ითვლება ეს ყველაფერი. ნებისმიერი კრიმინალური ქმედებები ეტაპობრივად ვითარდება, ზოგჯერ კონცენტრაცია მღალია, ზოგჯერ - დაბალი, ამიტომ საბოლოო დასკვნის გაკეთება ნაადრევია.

მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესი მაღალია, დრამატიზება ხდება, მათ შორის, საინფორმაციო შეტევების თვალსაზრისით, ამიტომ თავს შევიკავებდი დასკვნისგან, რომ რაღაც საოცრებასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული კანონზომიერება, განსაკუთრებით ორი-სამი მკვლელობის ხაზს თუ დავაკვირდებით...

პრინციპში, კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან მოყოლებული, თითქოს, რაღაც გარკვეული ტენდენცია იკვეთება...

- შეიძლება, სავარაუდოდ, კიწმარიშვილის თემაც ამ სისტემაში ჩავსვათ, თუმცა კიწმარიშვილის მკვლელობის თუ თვითმკვლელობის ამბავი ჯერჯერობით ბუნდოვანია და ამიტომ არ მინდოდა ამაზე საუბარი. მთლიანობაში, შეშფოთების საფუძველი უკვე არის და გვინდა თუ არა, საბოლოო ჯამში, ეს გადადის პოლიტიკაში.

რამდენიმე განზომილება აქვს ამ ყველაფერს - ერთი განზომილება არის სამართლიანობის აღდგენის სურვილი და ამასთან დაკავშირებული პრობლემები. მეორე განზომილება ეს არის დესტაბილიზაციის, ანუ ქვეყანაში ვითარების დეტონაციის სურვილი გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან; მესამე განზომილებად შეიძლება ჩაითვალოს პირადი კრიმინალური ინტერესები.

ვფიქრობ, სამივე განზომილება გაერთიანდა ამ მკვლელობეში და სამივე ინტერესმა ბოროტი ანტურაჟი შესძინა ამ ჯაჭვს, რაც ვთვლი, რომ ასევე სახიფათოა.

ეს ჯაჭვი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, თუ საქმეები ვერ იქნა გამოძიებული - თუ ხარძიანის მკვლელი უმოკლეს ვადაში არ დააკავეს, ეს დაუსჯელობის სინდრომის განწყობას შექმნის კრიმინალურ თუ ტერორისტულ სამყაროში, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ ძალზე სახიფათო განვითარება ჰპოვოს.

ხარძიანის მკვლელობა განსაკუთრებული და განსხვავებული იყო ვაზაგაშვილის მკვლელობისგან, სადაც თითქოს ფარულად იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ხარძიანის მკვლელობას, აქ თითქოს მოტივიც წინასწარ არის ცნობილი, მხარეც, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა - თითქოს გამოცხადებულ მკვლელობასთან გვაქვს საქმე.

თვითონ, შესრულების მანერაც არ არის კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი, ეს უფრო მაფიის ხელწერას ჰგავს. მაფია კრიმინალური სამყაროსგან განსხვავებით, ყოველთვის მიანიშნებს, რომ მან დასაჯა ვიღაც. ხელისუფლებაშიც მფარველს კი არა, მსახურს ეძებს და ყოველთვის აქვს პრეტენზია ძალაუფლებაზე.

ვფიქრობ, რომ ხარძიანის მკვლელობის მანერა ძალიან ჰგავს ასეთ შესრულებას. როდესაც დღისით, მზისით, მშვიდად კლავენ ადამიანს, შემდეგ მკვლელი ასევე მშვიდად გადაადგილდება ქალაქის A წერტილიდან B წერტილში. ტრანსპორტს ტოვებს და აუჩქარებლად მიდის - ეს არის წმინდა მაფიოზური შემთხვევა.

შეთქმულების თეორია რომ განვავითაროთ, ეს ნიშნავს, რომ მკვლელს გარკვეული გარანტია დაუსჯელობისა ჰქონდა. იცოდა, მთელი ამ პერიპეტიების განმავლობაში ის არ იქნებოდა თუნდაც შემთხვევით დაკავებული.

გადავხედოთ, რა ვითარებაა ქვეყანაში - ძალიან ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა ცოტა ხნის წინ, ასევე, ძალიან ბევრი სპეციალური მომზადების ადამიანია დღეს დარჩენილი თამაშგარეთ, ამ დროს მათ აქვთ ძალიან ბევრი საცეცი და კარგად იციან ხელისუფლების, ასევე ძალოვანი მოქმედებების ტექნოლოგიები. სავსებით შესაძლებელია, ასეთ ადამიანებს ერთად დაეწყოთ ორგანიზებული მოქმედებები თავისი პოლიტიკური და კრიმინალური კომპონენტებით - ამას უკვე ჰქვია მაფია, როდესაც ისეთი ინტერესები ვითარდება, სადაც ძალაუფლების ელემენტიც შედის და კრიმინალური ქმედებებისაც.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ყველაფრის გაგრძელება იყო პოლიციელების მკვლელობა - ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირში შეიძლება არ არის, მაგრამ ერთიან კონტექსტში კიდევ უფრო ავითარებს თქვენს ვერსიას და საკმაოდ საშიში ტენდენციისკენ მიდის...

- გეთანხმებით რომ ეს ასეა, მითუმეტეს, როდესაც პარალელურად, ხელისუფლება ძალიან მკაცრი არ არის და თავისი ძალის დემონსტრირებას არ, ან ვერ ახდენს, ამან შეიძლება, გარკვეულწილად, კრიმინალის აღვირახსნილობა გამოიწვიოს, მაფიას რომ თავი დავანებოთ.

კრიმინალმა თუ დაინახა, რომ პოლიციელის მკვლელი, რომელიც თითქოს იდენტიფიცირებულიც არის და მას ვერ იჭერენ, წარმოიდგინეთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კრიმინალურ სამყაროზე - ანუ, თუ ვერ დაუჭერიათ მკვლელი, რომელსაც ათასობით ადამიანი ეძებს საქართველოში, შეიძლება მასაც გაუმართლოს - ამ ტენდენციამ დაუსჯელობის ილუზია შეიძლება შეუქმნას კრიმინალურ სამყაროს და იმპულსი მისცეს მათ გააქტიურებას, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, რაც ძალზე სახიფათოა.

ასე რომ, ძალიან ბევრი რისკია და სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ შს სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურების და პოლტიკური მიმართულებითაც. თანაც, როდესაც ეს ხდება ხელისუფლების ნაკლებად ეფექტურობის, გარკვეული სისუსტის გამოვლენის ფონზე.

ფაქტობრივად, ეს მოვლენები დაიწყო რაღაც ერთ კონკრეტულ მომენტში - ვთქვათ, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და გაგრძელდა ერთიმეორის მიყოლებით - ჩნდება განცდა, რომ ეს არის გეგმა. როდესაც გეგმაზე ვლაპარაკობთ, უნებლიედ გვახსენდება . უგულავას წერილები და ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა, სადაც საუბარი იყო კრიმინოგენული სიტუაციის არევაზე, ტერაქტების გახშირებაზე და .. მეორე მხრივ, ნაციონალებს ისიც კარგად ესმით, რომ მსგავსი განცდა გაუჩნდება საზოგადოებასაც და საბოლოოდ, ეს მათ წისქვილზე არ დაასხამს წყალს... თუ ამ ტერაქტების პოლიტიკურ სარჩულზე ვისაუბრებთ, თითქოს რაღაც წინააღმდეგობრივ პროცესთან გვაქვს საქმე...

- უფრო ვფიქრობ, რომ ეს გეგმა ამ ქმედებების შედეგი უფროა ვიდრე მიზეზი. მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის დაიგეგმა ეს მკვლელობები, მაგრამ შედეგად უკვე მივიღეთ პოლიტიკური პროცესი და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რა იყო მიზეზი. ფაქტია, რომ შედეგი გვაქვს არასახარბიელო.

ამ ყველაფერს პოლიტიკური შედეგები აქვს და პოლიტიკურ განვითარებაზე ახდენს გავლენას. დაგეგმილი იყო თუ შედეგად მივიღეთ, ეს მეორე საკითხია, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს სინამდვილეზე და ეს ხდება, დააკვირდით, რა ფონზე - ლაპარაკია, რომ წინა პროკურატურა იყო უმოქმედო და გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან არის მცდელობა, რომ წინა პროკურატურას შეახოცონ ხელი.

დავუშვათ ძველმა პროკურატურამ ვერ, ან არ გამოიძია ეს (ხარძიანის) საქმე. წელიწადნახევარია, ახალი ხალხია პროკურატურაში - ვინმემ მითხრას, დღევანდელმა პროკურატურამ გამოიძია? ამ წელიწადნახევარში რატომ არ გამოიძიეს? - ისინი თუ ცუდები იყვნენ, ესენი ხომ კარგები არიან?!

გადახედეთ, სასამართლოში რა ხდება - გამამართლებელი განაჩენები ახალაიაზე, უგულავასთან დაკავშირებით ცხრათვიან ვადაზე დისკუსიები, ზურაბ ჟვანიას გახმაურებულ საქმეზე ექსპერტიზის წამოწევა... გაუგებარია რა პროცესი მიდის, საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე?!

რა შთაბეჭდილება გრჩებათ, რასთან გვაქვს საქმე?

- ძალიან მძიმე და არასასიამოვნო პროცესთან. შეგნებულად ხდება, თუ ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული ხედვა და ძალა, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს, ძლიერი ხელით - ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფრით ფონი ძალიან მძიმდება - არა მხოლოდ მკვლელობებით, არამედ იმ ყველაფრით რაზეც ვისაუბრეთ. სამართლიანობის დროშის აწევა საკმარისი არ არის, დროშას რომ აწევ, იმ ომში უნდა გაიმარჯვო კიდეც, მხოლოდ დროშა საკმარისი არ არის და ბევრი ინსტრუმენტი გჭირდება ბრძოლის მოსაგებად.

როდესაც მოვლენათა ერთობლიობას აანალიზებ, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შესაძლოა, ძალიან მარტივი მიზეზი არსებობდეს - ახალბედა ხელისუფლებას პროცესები ხელიდან გაექცა - შეიძლება ხელისუფლების უსუსურობა იყოს ამ ყველაფრის მიზეზი და არა რაღაც შეთქმულებები?

- სამწუხაროდ, მართლაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ ფლობს არა მხოლოდ პროცესებს ქვეყანაში, არამედ საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებს. ხელისუფლების შიგნითაც რაღაც პროცესები მიდის, არც თუ სახარბიელო. იგივე პოლიციელების გამოვლენა, რომლებიც ვიღაცას ინფორმაციას აწვდიან და ა.შ. - საკუთარ წიაღშიც პრობლემები აქვს ხელისუფლებას, არა თუ მთლიანად ქვეყნის მართვაში.

ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არ მომხდარა სისტემის ლუსტრაცია. კოაბიტაციას მოჰყვა სააკშვილის სისტემის შეზრდა, ადაპტირება ახალ პოლიტიკურ ელიტასთან. ამან საბოლოოდ, შექმნა ძალზე არაჯანსაღი სურათი.

როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, თვითონ, სამართალდამცავი სისტემა ერთგვარ ინტერესთა კონფლიქტში მოვიდა სამართლიანობის აღდგენასთან იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი პროკურორი, ვინც თავის დროზე ქონებას ართმევდა (გვახსოვს ალბათ, რომ ძირითადად პროკურატურის მეშვეობით ხდებოდა ქონების წართმვა - იქ იბარებდნენ ხალხს და იქ ხდებოდა გადაფორმება) დღემდე სისტემაში დარჩა.

ბუნებრივია, საკუთარ თავს არავინ არ იჭერს. არ აქვს მნიშვნელობა იმ კონკრეტულ პროკურორს რომელიც დღეს სისტემაშია, ამა თუ იმ კონკრეტულ საქმესთან აქვს თუ არა შეხება. მას თუ აქვს ინტერესი, შეუძლია სისტემის შიგნით ნებისმიერი საქმე შეაფერხოს - კოლეგიალური ურთიერთობებია და ბევრი სხვა რაღაც ხდება - მეჩვენება რომ დღეს ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენის ბაირაღი გამოფენილია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სისტემა მოწადინებულია, სამართლიანობა რეალურად აღადგინოს. ერთია - რას ვაცხადებთ და მეორე - რას ვაკეთებთ. თუ დავაკვირდებით, საქმით ამ მხრივ ბევრი არაფერი კეთდება - ვინმემ მაჩვენოს რომელიმე დასრულებული საქმე - ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.

ალბათ, სწორედ ამიტომ ითქვა კიდეც, რომ სამართლიანობის აღდგენის მომხრეებზე ნადირობა დაიწყო...

- ბუნებრივია, რომ ასეთი განცდა გაჩნდეს. ავიღოთ ხარძიანის მკვლელობა - როგორც კი ამ ადამიანმა გარკვეული ნაბიჯი გადადგა, ქონების დასაბრუნებლად, როგორ კი სასამართლოს პირველი ინსტანცია გაიარა, ამას მოჰყვა მკვლელობა.

იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მასავით ცდილობენ, ამ კუთხით რაღაც ნაბიჯები გადადგან, დაუცველობის განცდა უჩნდებათ - პირდაპირ ანალოგიას ხედავენ. მითუმეტეს, მკვლელი თუ ვერ დაიჭირეს, ეს უფრო გაართულებს მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, ვის აწყობს ეს ყველაფერი? ეს არის გარკვეული ჯგუფი ხელისუფლებაში? ყოფილი ხელისუფლება ცდილობს ამ გზით შეინარჩუნოს წართმეული?

- სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა როდესაც საზღვრები არის ძალიან ბუნდოვანი და გადღაბნილი. სწორედ ესაა ყველაზე სახიფათო. ძალიან ძნელია დღეს ამ საზღვრების დადგენა - ვინ რა ფერისაა, ვინ რომელ მხარესაა.

უკვე გარკვეული ალიანსები არსებობს ახალი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. თუნდაც ამ საქმესთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით ბევრი საუბარი იყო... საზღვრები წაშლილია და ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, რადგან მტერთან ბრძოლა მაშინ არის ადვილი, როდესაც ფრონტის ხაზს ხედავ. ყველა რომ ერთ ფერადაა გადაღებილი, ძალზე რთულია ასეთ ვითარებში სამართლის ძიება.

2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა იმიტომ, რომ გვინდოდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ქცევა, ჭეშმარიტად დემოკრატიული, არაძალადობრივი სახელმწიფოს მშენებლობა. როგორ მოხდა, რომ ამის ნაცვლად მაფიოზური სახელმწიფოსკენ მიმავალი აქცენტები იკვეთება?

- პროცესი საკმაოდ მძიმეა. თუ თვლი, რომ ქვეყანას სჭირდება მკაცრი ხელი, მკაცრი ხელი ყოველთვის ტოვებს საფრთხეს, დემოკრატიული პრინციპები დაარღვიო - ეს ძალიან ფაქიზად გასავლელი გზაა. დემოკრატია გარკვეულწილად, სისუსტის გამოვლენის საფრთხეს უკავშირდება. ხელისუფლებაში ყოფნა საკმაოდ მძიმეა, არ არის ადვილი ამოცანა. დემოკრატიულ პრინციპებს იცავდე, თან მკაცრი ხელით აკონტროლო კრიმინალი, ეს რთული გასაკეთებელია.

სააკაშვილმა ეს ადვილად მოახერხა - კრიმინალი საკუთარი თავით ჩაანაცვლა - თვითონ გახდა კრიმინალი - ქურდული სამყარო შეიწოვა და ამით განდევნა კრიმინალები - მათი ფუნქციაც გაუერთიანა სახელმწიფოს და ასე მოიშორა ეს პრობლემა. დღევანდელი ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს და ეს კარგია, მაგრამ ამას აქვს თავისი საფრთხეები და რისკები. როდესაც ხელისუფლების სისუსტეზე ვსაუბრობთ, იმას ვგულისხმობ, რომ ამ ამოცანისთვის თავის გართმევა ხელისუფლებას ჯერჯერობით უჭირს.

როდესაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოდიოდა, სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლდათ შს სამინისტრის რეფორმირება და მისგან უშიშროების სამსახურის გამოყოფა. ეს რომ დროულად მომხდარიყო, შეიძლებოდა, დღეს უფრო ეფექტური სამართალდამცავი სისტემა გვქონოდა?

- რა თქმა უნდა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია - ნებისმიერ სახელმწიფო სისტემას ავითარებს ჯანსაღი კონკურენცია. როდესაც ძალაუფლების კონცენტრაციას ახედენ თუნდაც ძალოვან სტრუქტურაში, ეს არ ნიშნავს ხელისუფლების სიძლიერეს. როდესაც ძალოვან სტრუქტურაში არის კონკურენტული სამსახურები, ეს უფრო ეფექტურსა და მოქნილს ხდის ამ სისტემას - თუნდაც თავი დავანებოთ იმას, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხითაც ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ეს იყო ვალდებულება და სამწუხაროდ, არ შეასრულეს. გვპირდებიან რაღაც რეფორმას - ვნახოთ.

პოლიტიკურად რამდენად აზარალებს ეს ყველაფერი ხელისუფლებას?

- ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლებას უკვე აღარ აქვს არანაირი კოზირი საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის. საზოგადოება უკვე დისტანცირებულია ხელისუფლებისგან და იმედგაცრუებული. ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებას შველის, ძალზე მარტივი რამაა - ხალხი თვლის, რომ გვყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ მათი გადამრჩენი არის ერთი რამ - ხალხი ასევე ხედავს, რომ უფრო ცუდი ოპოზიციაა - ანუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან ცუდია - პოზიტიური ენერგიისგან დაცლილია საზოგადოება.

მოკლე პროგნოზი რომ გავაკეთოთ - შეიცვლება რამე 2016 წლამდე?

- გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა ოპტიმისტური განწყობის საფუძველს ვერ ვხედავ, რადგან პოლიტიკური მოზაიკა ქვეყანაში ძალზე არასახარბიელოა - ვერც ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია იმ გამოწვევებს უპასუხოს, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთაა. ამიტომ ოპტიმისტური პროგნოზისგან თავს შევიკავებდი, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაც პოზიტიიური სიურპრიზები მაინც გვექნება.