„საფრანგეთის ელჩი რთულ ვითარებაში იმყოფება, რადგან ალბათ, მას გარკვეული პოზიციების დაფიქსირებას სთხოვენ“

„საფრანგეთის ელჩი რთულ ვითარებაში იმყოფება, რადგან ალბათ, მას გარკვეული პოზიციების დაფიქსირებას სთხოვენ“

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ, პარლამენტს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ეწვევა. „თავისუფალ დემოკრატებს“ მინისტრის მიმართ ბევრი კითხვა აქვთ და მისი სამოქმედო გეგმით ინტერესდებიან. ირაკლი ალასანიას გუნდში ფიქრობენ, რომ თავდაცვის მინისტრს საკუთარი პოზიციების გამოხატვა უჭირს, ვინაიდან გარკვეული პოზიციები სხვა უწყებებთან უნდა შეათანხმოს.

თავდაცვის სამინისტროს გარშემო მიმდინარე პროცესებზე for.ge ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს ესაუბრა:

პარლამენტში მინდია ჯანელიძეს დიდი ხანია იბარებთ და როგორც ცნობილია, მინისტრი უწყებაში 8 მარტს წარსდგება. მის წინაშე, რა საკითხებს დააყენებთ?

- თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პირადი პასუხისმგებლობა აიღო, რომ მინისტრი მოვა. ხუთი თვე გავიდა, რაც მინისტრს უწყებაში ვიბარებთ. პარლამენტმა არ იცის, მინდია ჯანელიძეს თავდაცვის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით რა წარმოდგენა აქვს, მაგრამ ვიცით, რომ მინისტრმა საკუთარი ხედვა წარმოადგინა. როგორც ჩანს, მინისტრს გარკვეული ხედვა აქვს, მაგრამ ამ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, რადგან ბევრი საკითხი ბუნდოვანია. კერძოდ, გეგმაში შავით თეთრზე წერია, რომ მინისტრი აპირებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარების სამ კომპონენტს - საჰაერო თავდაცვას, ანტისატანკო, ანტისაჯავშნო და საარტილერიო შესაძლებლობებს გადახედოს. მაინტერესებს, ამ საკითხების გადახედვაში რას გულისხმობენ?!

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, განსაზღვრული იყო, რომ ეს შესაძლებლობები უნდა გაძლიერებულიყო. ეს იმიტომ კი არ დავგეგმეთ, რომ ეს „თავისუფალი დემოკრატების“ ახირება იყო, არამედ პრობლემები 2008 წლის ომმა დაგვანახა. როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრს საკუთარი პოზიციების გამოხატვა უჭირს, ვინაიდან მას აუცილებლობა აქვს, რომ გარკვეული პოზიციები სხვა უწყებებთან შეათანხმოს. ის პარლამენტში მოსვლას სწორედ ამიტომ ერიდებოდა. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მინისტრი აქამდე პარლამენტში იმიტომ ვერ მოვიდა, რომ მივლინებები ჰქონდა. არ მინდა, ვიღაცის კალენდარების ქექვით დავკავდე, მაგრამ ბევრი ისეთი დღის დასახელება შეგვიძლია, როდესაც სესიაშვილი და ჯანელიძეც საქართველოში იმყოფებოდნენ. ყურით მოთრეული მიზეზებია.

მინდია ჯანელიძე ერთადერთი მინისტრია, რომელიც პარლამენტში არ ყოფილა და უწყებისთვის არ უთქვამს, რას და როგორ აპირებს. თავდაცვის სამინისტროში მისი მოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი სკანდალური ფაქტი მოხდა. მათ შორის იყო ქართველი მებრძოლის დაღუპვა უკრაინაში და გმირების დნმ-ის მიწასთან მიბარების ცერემონია. ორივე შემთხვევაში დადასტურდა, რომ ეს საკითხები მინისტრისთვის პრიორიტეტული არ არის. გმირებმა საკუთარი სამშობლოსთვის ყველაზე დიდი - სიცოცხლე გაიღეს, უკრაინაში ბრძოლა საქართველოს ფრონტის ხაზის გაგრძელებაა და სახელისუფლებო რგოლმა გმირები სათანადოდ უნდა დააფასონ.

ძალიან კარგია, როდესაც ვიცე-პრემიერი და პრემიერი ამბობენ, რომ გმირების დნმ-ის დამარხვის ცერემონიაზე დასწრება მნიშვნელოვანი იყო და ისინი იქ იქნებოდნენ, ეს რომ სცოდნოდათ. მათ ცერემონიის თაობაზე არაფერი რომ არ იცოდნენ, პრობლემა სწორედ ეს არის.

თავისუფალი დემოკრატებიირაკლი ალასანიას მიერ საფრანგეთში გაფორმებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვთ. როგორ ფიქრობთ, უმრავლესობის მხარდაჭერა გექნებათ?

- დროებითი კომისიის შექმნას ვითხოვთ, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტის მიხედვით. თუკი საქმე შეეხება საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემას, პარლამენტი კომისიას ქმნის, რომელიც საკუთარ დასკვნას დებს. ჩვენი მიზანია, არა ის, რომ ვიღაცის ბრალეულობა გამოვარკვიოთ, არამედ გვაინტერესებს, რეალურად რა მოხდა და რა ვითარებაა თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, კერძოდ, საჰაერო უნარიანობის გაზრდის კუთხით. ასევე, ამ კომისიამ იმ მითქმა-მოთქმას და გაუგებარ პოზიციებს პასუხი უნდა გასცეს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი აფიქსირებს და დღის მონაკვეთების მიხედვით, პოზიციებს იცვლის. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, საფრანგეთში რეალურად რა მოხდა, ეს დოკუმენტი როგორ გაფორმდა, მემორანდუმი რას ითვალისწინებს, რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო და ამ ეტაპზე, რა ვითარებაში ვართ?!

კომისიის შექმნას უმრავლესობა არ უნდა შეეწინაღმდეგოს, რადგან ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ერთ-ერთი ფორმა. ჩემთვის მისასალმებელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ საპარლამენტო და სამთავრობო ურთიერთობები ახალ დონეზე უნდა გადავიდეს. ეს იქნება კარგი გამოვლინება, რომ პარლამენტმა სახლემწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის დადება უზრუნველყოს.

თქვენ საუბრობთ, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ კითხვები გაქვთ. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს რატომ არ აყენებთ?

- მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი რა საკითხზე უნდა დავაყენო არ ვიცი, რადგან მას დეპუტატებისთვის პირადად არ უთქვამს, რას აპირებს. მის გამოსვლებს ტელევიზიების საშუალებით ვნახულობთ და ინტერვიუბიდან მის შესახებ რაიმე აზრის გამოტანა გამიჭირდება, რადგან თავდაცვის მინისტრს საუბარი თვითონაც უჭირს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომს კონფლიქტს ეძახის. ფორმულირებებში ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვთქვათ, რომ რაც იყო, ეს საოკუპაციო ომი იყო. ბოლო იცი წელია ომში ვართ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მინისტრს მოვუსმენთ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, მაგრამ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გენისპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროში კვლავ მუშაობს, უწყების ავტომობილით სარგებლობს და სამსახურში ყოველ დილით მიდის. მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ ის უწყებიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ვის დავუჯეროთ, ვიდეო მასალას თუ მინისტრს?

საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, თქვენსა და თავდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება. ჯანელიძე თქვენ სპეკულაციებში გადანაშაულებთ, ასევე საფრანგეთის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. ამ დოკუმენტის დეტალებს უფრო მეტად ხომ არ გაასაჯაროვებთ?

- საფრანგეთის ელჩი ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება, რადგან მოქმედი ხელისუფლება და თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ალბათ, მას გარკვეული პოზიციების დაფიქსირებას სთხოვენ, მაგრამ საფრანგეთის ელჩმა დიპლომატიური პოზიციიდან და თემის დელიკატურობიდან გამომდინარე სწორი პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ საქართველოს საფრანგეთის წინაშე ვალდებულება აღებული არ აქვს. „თავისუფალ დემოკრატებს“ არასოდეს გვითქვამს, რომ მემორანდუმის შესრულებაზე ქართულ მხარეს ვალდებულება ჰქონდა. უპრიანი იქნება თუკი საფრანგეთის ელჩს ვინმე ჰკითხავს, 28 ოქტომბერს საქართველო-საფრანგეთს შორის იყო თუ არა მემორანდუმი გაფორმებული და ეს დოკუმენტი გულისხმობა თუ არა გარკვეულ ვადას იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო?! ეჭვი მეპარება, რომ ამ კითხვებზე ელჩმა „თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს.

რაც შეეხება მემორანდუმის შინაარს, ჩვენ იმაზე მეტს არ ვიტყვით, რაც ირაკლი ალასანიამ განაცხადა. ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით სხვაობა ძალიან კარგად გვესმის - თუ რა არის საიდუმლო და რა - არა. ქვეყანას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თვალსაზრისით პრობლემა რომ ჰქონდა, ეს ცნობილი აქამდეც იყო და მინისტრ ალასანიას ხედვაშიც სწორედ ამიტომ ეწერა, რომ ის ამ მიმართულების განვითარებას აპირებდა. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ალასანია იმ სახელმწიფოებში იმყოფებოდა, რომელთაც ეს მიმართულება განვითარებული აქვთ. რაც შეეხება ოპერატიულ ინფორმაციას, რომელი ტიპის აპარატურაზეა საუბარი, ქვეყანაში ეს შესაძლებლობები სად განთავსდებოდა და რა რაოდენობის იყო, ეს საიდუმლოა, რომელზეც საუბარს არ ვაპირებთ. საიდუმლო რა არის და რა არა, ამაში უმრავლესობის წევრები თავად გაერკვენ.

საქართველოს ისტორიული შანსი ჰქონდა, თავდაცვითი შეიარაღება გაეძლიერებინა. ეს შესაძლებლობები იყო თავდაცვითი და არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. საქართველომ ერთგვარი ქოლგა დაკარგა, რომელიც ჩვენ დაგვიცავდა.

უმრავლესობის წევრები ახსენეთ და გკითხავთ - რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი თქვენზე განაწყენებულია და ამბობს, რომ თქვენ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებით ჭორაობთ....

- როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმის რწმენა აქვთ, რომ ისინი კოალიციაში არსებული ვითარების შეცვლას შეძლებენ. გულწრფელი არავინ იქნება თუ იმაზე ისაუბრებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კოალციიაში პრობლემებზე არ საუბრობდნენ. ნამდვილად ვსაუბრობდით და ეს მხოლოდ საერთაშორისო ვექტორს არ შეეხებოდა. საფრანგეთში ირაკლი ალასანიას ვიზიტის და მემორანდუმის გაფორმების საკითხი უსაფრთხოების კაბინეტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული იყო. ეს საკითხი ვისაც უნდა სცოდნოდა, ყველამ იცოდა და უცებ, რაღაცა შეიცვალა და თავდაცვის მაღალჩინოსნები დააკავეს. გამოძიება დიდი ხანი მიმდინარეობდა და ირაკლის ამ თემაზე საუბარი პრემიერთან ჰქონდა. ირაკლის ინტერესი იყო, რომ თუ რაიმე არსებობდა, ბოლომდე გარკვეულიყო და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაესაჯათ.

თუმცა, უმრავლესობაში ეჭვებს გამოთქვამენ იმაზე, ალასანიამთავისუფალ დემოკრატებისთავმჯდომარედ დაბრუნება თუ რატომ გადაწყვიტა...

- ალასანია პოლიტიკოსი არის, იყო და იქნება კიდეც. ჩვენ პოლიტიკაში დიპლომატიიდან მოვედით და უსამართლობას დავუპირისპირდით. ალასანია პოლიტიკურ გზას ივანიშვილის გამოჩენამდე მისდევდა და ეს ყველამ იცოდა. ივანიშვილის დამსახურებაა, რომ კოალიცია შედგა, მაგრამ ირაკლი პარტიის თავმჯდომარე იქნებოდა თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?!