კოტე კუბლაშვილი პრემიერ-მინისტრისგან დაცვას ითხოვს. შესაბამისი თხოვნით, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. წერილში, კუბლაშვილი პირადი დაცვის დატოვების უფლებას ითხოვს. თუმცა, ქვეყნის ყოფილი პირველი მოსამართლე, რატომ ითხოვს სახელმწიფო დაცვას, კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს. for.ge-ს პრემიერის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ კუბლაშვილის თხოვნის წერილი ნამდვილად არსებობს, თუმცა, დააკამაყოფილებს თუ არა პრემიერი, ამ თხოვნას, ეს ჯერჯერობით უცნობია.
თუ გავითვალისწიებთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში 2014 წლის 27 მაისს შეტანილ ცვლილებას, სავარაუდოდ, კუბლაშვილის თხოვნა, თხოვნითვე დარჩება, რადგან ამ ცვლილების თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრი დააკმაყოფილებს კუბლაშვილის თხოვნას, მაშინ თავად პრემიერი გამოდის კანონდამრღვევი.
კანონის თანახმად, სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება აქვთ - საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მისი ოჯახის წევრებს, პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე. ხოლო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უცხოეთში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს - უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
სამართალმცოდნე ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იმ თანამდებობის პირთა ნუსხაში შედის, რომელსაც სიცოხლის ბოლომდე უნდა იცავდეს სახელმწიფო, რადგან, ასეთია წესი, რომელიც არსებობს ევროკავშირის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, რადგან იგულისხმება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და როგორც მოსამართლეს, ძალიან ბევრ გადაწყვეტილებაზე აქვს ხელი მოწერილი.
„ამ თვალსაზრისით, კუბლაშილის შემთხვევა არის განსაკუთრებული, მას არც ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, როგორც მოსამართლეს ხელი მოწერილი არ აქვს. კანონი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დატოვებს თანამდებობას, მას არ ეკუთვნის სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ ის იღწვის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მეტი ხარისხის დამკვიდრებისთვის და ამისათვის კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ უზენაესი სასამართლის თავმჯდომარის თანამდებობის ვადის დასრულების შემდეგ, არ ეკუთვნის დაცვა.
კანონში პირდაპირ ეს არ წერია, მაგრამ მეორე მხრივ არის კონსტიტუცია და არის მართლმსაჯულების მიმართ დამოკიდებულების საკითხი. არ ვიცი, როგორ გადაწყვიტავს პრემიერი ამ საკითხს, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, მისთვის დაცვა დაენიშნათ და ამითი, არ მიეცათ ევროპის საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საფუძველი, რომ გაგვაკრიტიკონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
პოლიტოლოგი ვახტაგ ძაბირაძე თვლის, რომ კუბლაშვილის წერილს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, რომელიც გათვლილია დასავლეთისთვის. ძაბირაძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს რა საფრთხეებს ხედავს და რატომ სჭირდება მას ასეთი დაცვა.
„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ საკითხთან. ზოგადად, სიტუაციას, რომ ვუყურებ არც ერთი არაა გამორიცხული, მაგრამ, აქ უფრო არის საკითხის პოლიტიკური შეფერილობა - მან იცის, რომ კანონით არ ეკუთვნის დაცვა, მაგრამ მაინც ითხოვს.
როგორც ჩანს, ამ წერილის მიზანია კიდევ ერთხელ გახმიანდეს, რომ საქართველოში არის დაუცველობის განცდა, რომ სიტუაცია მიდის არასტაბილურობისაკენ, ანუ ეს უფრო საგარეო მოხმარებისთვის არის მიმართული. თუ ფიქრობს, რომ მას რეალურად ემუქრება საფრხე, ვფიქრობ, რომ კუბლაშვილს არ გაუჭირდება კერძო დაცვის აყვანა. ამ შემთხვევაში მიმართოს არა პრემიერს, არამედ აიყვანოს კერძო დაცვა და იქნება დაცული. ყოველ შემთხვევაში ჩემი რჩევა ასეთი იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კუბლაშვილის წერლის აქვს ერთი დატვირთვა და ეს არის პიარი, შექმნას განცდა, რომ საქართველოში თავს დაუცველად გრძნობს.
„ჩვენ ვიცით, რომ მისთვის საყვარელი პარტიის აქტივისტები იგულისხმებიან აგრესორად, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ვისგანაც მოდის აგრესია, ეს ნაციონალების აქტივისტები არიან. მაგრამ, მისი განცხადება არის სწორედ პიარ სვლა და არა რეალური საფრთხის განცდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ რეალური საფრთხე წამოვიდეს სამომავლოდ იმ ადამიანებიდან, ვინც ამ უსამართლობისგან არიან განადგურებულნი და ამ მხრივ, მას დაცვა ნამდვილად სჭირდება იქანდე, ვიდრე თვითონ გასამართლდება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი, გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ კუბლაშვილის მოღვაწეობა სამართლებრივ რეპრესიებს უკავშირდებოდა, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მას უნდა ჰქონდეს დისკომფორტი საზოგადოების მხრიდან და არა კრიმინალის მხრივ.
„კუბლაშვილი იბრძვის იმისთვის, რომ საზოგადოებისგან დაიცვას თავი. ეს არის მისი პირადი ტრაგედია. არ მგონია, რომ რამე სერიოზული ემუქრებოდეს. უბრალოდ, ის ძალიან მიეჩვია კომფორტს, როდესაც სამართალს მისი შეხედულებისამებრ ჭრიდა და კერავდა, ამიტომაც აქვს იმის დისკომფორტი, რომ ვიღაცამ შეიძლება სიტყვიერი პროტესტი გამოთქვას მის მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს დისკომფორტი უნდა გახდეს მისი სასჯელი, რადგან, ის ბრალდებულია საზოგადოების მხრიდან. მისი ვერდიქტიც ასეთია - საზოგადოებასთან პირისპირ კონტაქტისას მუდმივი შფოთი ჰქონდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.