უმრავლესობა წულუკიანის წინააღმდეგ

უმრავლესობა წულუკიანის წინააღმდეგ

იუსტიციის მინისტრი, პარლამენტს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. თეა წულუკიანის შენიშნავს, რომ პოლიციელებზე გახშირებული თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი იარაღის ტარების გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონპროექტის გაჭიანურებაა, რასაც არ იზიარებს საპარლამნეტო უმრავლესობა.

„როცა ეს ტრაგედია მოხდა, გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული „იარაღის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერის დავალებით, შსს-თან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ. ალბათ, დროა, იარაღთან დაკავშირებით წესები გამკაცრდეს, რაც ჩვენ პარლამენტს შევთავაზეთ და რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიას უნდა გადავხედოთ, ოღონდ ისე, რომ არ დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, რათა საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანონპროექტი არავითარ კავშირში არ არის პოლიციებზე თავდასხმასთან, რადგან უკანონო იარაღის ტარება ისჯებოდა, ისჯება და დაისჯება მომავალშიც.

„ეს კანონპროექტი ეხება სრულიად სხვა პროცედურებს, ნებართვებს, ვისაც იარაღის კანონიერად ტარების უფლება აქვს და ა.შ. რა თქმა უნდა, კანონპროექტი არავითარ კავშირში არ არის პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმასთან. ამ საკითხზე წამყვანი არის იურიდიული კომიტეტი და ველოდებით როდის იქნება გამოტანილი განსახილველად სესიაზე“, - აცხადებს ეკა ბესელია.

for.ge-სთან საუბრისას იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით დანაშაულის პრევენცია არ ხდება. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის ინიციატორმა არ გაიზიარა შენიშვნები, კანონპროქტის განხილვისას კომიტეტმა რამდენიმე საკითხზე ალტერნატიული წინადადება დააყენა და სწორედ, ამის მერე გამოთქვა მთავრობამ სურვილი, მისულვიყვნენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე.

„ამის შემდეგ დაიწყო მსჯელობა, მაგრამ შემდგომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გამოჩდა და ვერ დასრულდა ეს პროცესი. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საკითხი პლენარულ სხდომამდე არ გასულა. ის, რომ აქ რამე სასწრაფოდ გაკეთებულიყო, ასეთი სისწრაფის აუცილებლობა ჩვენ ვერ დავინახეთ და მინდა გითხრათ, რომ ვერც ინიციატორმა დაგვანახა“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

რაც შეეხება წულუკიანის მიერ ნახსენებ კანონპროექტს, როგორც კანონმდებელი ამბობს, ამ კანონპროექტს პირდაპირი კავშირი ვერ ექნება ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევასთან, რადგან ამ კანონპროექტში საუბარია დამატებითი სანქციების შემოღებაზე.

„მაგალითისთვის გეტყვით, არის ერთ-ერთი შესათანხმებელი საკითხი, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პირი, რომელიც არის ნასამართლევი, მას არ აქვს იარაღის ფლობის უფლება, სანამ არ ექნება მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლეობა.

ახალი კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ ამ ადამიანებს ნასამართლეობის მოხსნის შემდგომაც, კიდევ წლების განამვლობაში არ ჰქონოდათ იარაღის ფლობის უფლება. გამკაცრება ახალ შეზღუდვას ვერ დაუწესებს და შესაბამისად, დამატებითი ვადა არაფერს ცვლის ამ პირებთან მიმართებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა, შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებას, რომლის მიხედვით,კანონპროექტი პოლიციელთა უფლებამოსილებების გაზრდის მიზნით უნდა მომზადდეს. თეა წულუკიანის შეფასებით, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს, მაგრამ ისე, რომ საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის კანონების გამკაცრება საკმარისი არ არის.

„რეალურად, მინისტრი და მინისტრის მოადგილე ორ სხვადსხვა რამეზე საუბრობენ. იზორია საუბრობდა პოლიციელთა დაცვის მექანიზმების სრულყოფაზე, რაც კანონპროექტის სახით არ არსებობს. რასაც იუსტიციის მინისტრი ამბობდა, ეს სულ სხვა რამეა და შეეხება იარაღის ბრუნვას და არა პოლიციელთა დაცვას.

როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს კანონი, შესაძლებელია ფიქციად იქცეს, თუკი კანონის მიმართ არ იქნება პატივიცემა. აქ პრობლემა არ არის კანონის სრულყოფილებაში. წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, ქართული საზოგადოების გამოწვევა იყო და არის კანონის, ადამიანის უფლებათა და თანამედროვე დემოკრატიის პატივისცემა, აი ეს არის გამოსავალი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.