დეკლარაციის შევსებისას, მოქალაქეებს, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 ლარს ან უფრო ნაკლებს შეადგენს, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარი ეთქვათ. ისინი კი ვინც 1-ლი აპრილიდან მოყოლებული ბაზაში დარეგისტრირდნენ მე-6 დღეა თანხის მიღებას ელიან. ჯერ მინიმუმი უკან არავის დაბრუნებია.
გარკვეულ კატეგორიას დაუბეგრავ მინიმუმზე უარი ეთქვა, ამის მიზეზად კი, შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში შეუსაბამობას ასახელებენ (ე.წ. შავი დეკლარაციები) ამ პრობლემის წინაშე ბევრი ადამიანი აღმოჩნდა.
საინტერესოა, რა უნდა ქნას დამსაქმებელმა და დასაქმებულმა ასეთ შემთხვევაში? როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, დამქირავებლის მიერ გადახდის წყაროსგან დაკავებული გადასახადების დაკლარაციისა და საანგარიშო თვის მიხედვით, მონაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს.
„შეუსაბამობის შემთხვევაში, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით. თუ პირს უარი ეთქვა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით სარგებლობაზე, დამქირავებლის მიერ არასწორად წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში დაქირავებულმა უნდა მიმართოს დამქირავებელს.
თუ დამქირავებელი წარდგენილ დეკლარაციაში ცვლილებას განახორციელებს, პირს საშუალება მიეცემა ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით და წარმოადგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაცია. დამქირავებელს ხელახალი დეკლარაციის წარდგენა შეეძლება არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ეს ინფორმაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად“, - განაცხადა „ბიპიენთან“ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.
6 აპრილის საღამოს მონაცემებით უკვე 305 ათასამდე ადამიანს აქვს შევსებული დეკლარაცია და ითხოვს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას, თუმცა, ჯერჯერობით თანხა არავის მიუღია. დასაქმებულებმა 1 აპრილის დადგომისთანავე დაიწყეს შემოსალების სამსახურის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და ახლა უკვე მე-6 დღეა თანხას ელიან, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ლარი არ გაცემულა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩარიცხვა ამ კვირიდან დაიწყება. არადა, შარშან დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა ძალიან სწრაფად დაიწყო და დასაქმებულთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა თანხა რამენიმე საათში ან 1-2 დღეში მიიღო.
ისევე როგორც 2014 წელს, ახლაც დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრაცია 1-ლი აპრილიდან დაიწყო, მაგრამ ამჯერად ადამიანები გაცილებით მობილიზებულნი აღმოჩნდნენ ამ პროცესისთვის. გათენებისას რეგისტრაცია რამდენიმე ათას დასაქმებულს უკვე გავლილი ჰქონდა. როგორც აღვნიშნეთ, ამჯერად მინიმუმის უკან დაბრუნების მსურველთან რაოდენობამ 300 000-სს უკვე გადააჭარბა.
შარშან კი სახელმწიფოსგან თანხა 461 ათასმა ადამიანმა მიიღო, ამისთვის ბიუჯეტიდან 129 მილიონი ლარი გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ისევ მძიმე სოციალური ფონია და ამ პროგრამის დაწყებას ადამიანები მთელი წელი ელოდებიან, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამა გააუქმა. 2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა აღარ მოხდება. საბიუჯეტო თანხა სხვა სოციალურ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს და სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება.