„თავისუფალი დემოკრატები“ საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმზე პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ, უმრავლესობა კი, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდს საკითხის განხილვას „ნდობის ჯგუფის“ ფორმატში სთავაზობს.
„ნდობის ჯგუფის“ სხდომა ხვალ გაიმართება, მანამდე, თავდაცვის კომიტეტში თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს მოუსმენენ, თუმცა, „თავისუფალი დემოკრატები“ პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და იმედი აქვთ, რომ მათ მხარს უმრავლესობაც დაუჭერს, რადგან მათი შეფასებით, საქმე საპარლამენტო კონტროლს ეხება.
უმრავლესობის ნაწილი დროებითი კომისიის შექმნის სურვილს არ გამოხატავს, მეორე ნაწილი „ნდობის ჯგუფის“ სხდომის შედეგებს ელოდება, ხოლო ნაციონალები საკითხის მხარდაჭერას აპირებენ.
რა შედეგით დასრულდება „ნდობის ჯგუფის“ სხდომა, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ „თავისუფალი დემოკრატები“ სხდომაზე იმის გარკვევას მოითხოვენ, 28 ოქტომბერს, საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მიერ გაფორმებული მემორანდუმი როგორ გაფორმდა, რას ითვალისწინებს, რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო და ამ ეტაპზე, რა ვითარებაა.
for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მათი მიზანია, არა ის, რომ ვიღაცის ბრალეულობა გამოარკვიონ, არამედ მათ აინტერესებთ, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით რა ვითარებაა.
დეპუტატის განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით, თუკი საქმე შეეხება საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემას, პარლამენტი დროებით კომისიას ქმნის, რომელიც საკუთარ დასკვნას დებს.
„ამ კომისიამ პასუხი იმ მითქმა-მოთქმას და გაუგებარ პოზიციებს უნდა გასცეს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი აფიქსირებს. გვაინტერესებს, საფრანგეთში რეალურად რა მოხდა, ეს დოკუმენტი როგორ გაფორმდა, რას ითვალისწინებს, რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო და ამ ეტაპზე რა ვითარებაა“, - აცხადებს ჩიქოვანი.
კანონმდებელის მოსაზრებით, კომისიის შექმნას უმრავლესობა არ უნდა შეეწინააღმდეგოს, რადგან ეს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა.
„ჩემთვის მისასალმებელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომ საპარლამენტო და სამთავრობო ურთიერთობები ახალ დონეზე უნდა გადავიდეს. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს სახლემწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის დადება“, - დასძენს ჩიქოვანი, რომლის იდეასაც მხარს უჭერენ ნაციონალები.
როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ განუცხადა, უმცირესობა კომისიის შექმნის საკითხს ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
დეპუტატის თქმით, პარლამენტმა უნდა გაარკვიოს - ამ თემასთან დაკავშირებით რა ხდება, იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობები მიეღო და თუკი ამის საშუალება იყო და დღეს გაშვებულია, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.
„თავდაცვის მინისტრის მიმართ იმდენი კითხვა დაგროვდა, რომ ამ რეჟიმში მუშაობა ვერ გაგრძელდება, რადგან ეს ადამიანი არამარტო სისულელეებს ამბობს, არამედ მავნებლობას სჩადის“, - აცხადებს ბარამიძე, რომლის თანაგუნდელი სერგო რატიანი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იქნას, მემორანდუმის გაფორმებას ხელი რამ შეუშალა და უნდა გაირკვეს, მთავრობამ რამდენად მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.
„მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ამიტომ კომისიის შექმნა გვჭირდება. ბევრი ჩინოვნიკის დაკითხვა არ მოგვიწევს, რადგან საქმეში მხოლოდ პრემიერი და თავდაცვის მინისტრი იყვნენ ჩართულნი“, - აცხადებს რატიანი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა კომისიის შექმნის მიზეზს ვერ ხედავს და for.ge-სთან საუბარში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საკითხი, რომლის განხილვასაც „თავისუფალი დემოკრატები“ ითხოვენ, საიდუმლო ინფორმაციაა და საკითხის გაჟღერებაც კი დაუშვებელია.
„შეიძლება, ეს დანაშაულის შემცველიც იყოს, რადგან ქვეყნისთვის სერიოზული რისკების მატარებელია. ამ საკითხის განხილვა „ნდობის ჯგუფის“ ფორმატს განეკუთვნება და იქ განვიხილავთ“, - დასძენს სესიაშვილი, რომლის მსგავსად, კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოდის „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე.
როგორც for.ge-ს ფოფხაძემ განუცხადა, ამ ფორმატის მომხრე არც „თავისუფალ დემოკრატებში“ ყოფნის დროს არ იყო.
კანონმდებელის განცხადებით, მას კომისიების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, რადგან თვლის, რომ ამ ფორმატში საკითხის პოლიტიზირება ხდება.
„ამას სულ ვამბობდი, როცა მათი ფრაქციის წევრი ვიყავი. მათ შორის რაფალიანცის თემაზეც. საკომიტეტო ფორმატი არის, რომელსაც ვემხრობი. პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, რომლის ამოცანაც შეიძლება „შპილკაობით“და რაღაცეების წამოწევით „დახურდავდეს“. „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ კორექტული ვარ და ვიქნები, რადგან იქ ჩემი მეგობრები არიან, მათ პატივს ვცემ და თუ ისინი რამეს ამბობენ, ეს ჩემთვის სულერთი არ არის“, - დასძენს ფოფხაძე, რომლისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე, საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.
for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთში გაფორმებულ დოკუმენტზე შეიძლება „ნდობის ჯგუფმა“ იმსჯელოს და დასძენს, რომ საკითხზე „რესპუბლიკური პარტია“ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც „ნდობის ჯგუფის“ შედეგები ცნობილი გახდება.
„თავისუფალი დემოკრატებიც“ არ აპროტესტებენ, რომ ეს საკითხი „ნდობის ჯგუფში“ განიხილონ. შეიძლება, ამ საკითხს თვითონაც სხვანაირად შეხედონ. „ნდობის ჯგუფის“ შედეგებს შევხედავთ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატები“ დროებითი კომისიის შექმნას ოფიციალურად 20 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოითხოვენ.