„გიორგი მარგველაშვილის საქციელში განსაკუთრებულ მზაკვრობას ვერ ვხედავ“

„გიორგი მარგველაშვილის საქციელში განსაკუთრებულ მზაკვრობას ვერ ვხედავ“

„გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს“, - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მარგველაშვილის „შავბნელ“ მხარეებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ „ელჩ“ თემურ იაკობაშვილთან მის პირად მეგობრობას გამოყოფს. რისკენ მიანიშნებს ბიძინა ივანიშვილი და უნდა უკონტროლებდნენ თუ არა ქვეყნის პრეზიდენტს საცხოვრებელ ფართს კვადრატულობით?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

ბიძინა ივანიშვილს თუ დავესესხებით, „მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან“. საინტერესოა, ვის თამაშს თამაშობს მოქმედი პრეზიდენტი და ხომ არ არის ეს იმთავითვე წაგებული თამაში?

 - გიორგი მარგველაშვილი საინტერესო პიროვნებაა ქართულ ავანსცენაზე. მისი ხედვა ასეთია, რომ ის არის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. უპრიანი იქნება, თუ ის პარტიებს ზემოთ დადგება და მიუკერძოებელი პოზიციით მიყვება მოვლენათა განვითარებას. ვფიქრობ, მარგველაშვილი ცდილობს, ეს არჩევანი დაიცვას და მისდიოს ამ არჩევანს, მაგრამ ძალიან უჭირს იმდენად, რამდენადაც ძალიან ძნელია, საქართველოში პოლიტიკაში იყო და რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდებოდე, ან არ თანამშრომლობდე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მარგველაშვილი, გარკვეული თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ ოპონენტს წარმოადგენს და იმ ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც 2016 წლისთვის ჩამოყალიბდება, საკმაოდ მკაფიოდ მოიაზრება ოპოზიციურ სპექტრში. ამ ოპოზიციურმა სპექტრმა „ქართული ოცნების“ საპირწონის როლი უნდა შეასრულოს, რადგან ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს.

თუ აქვს მარგველაშვილს რაიმე შანსი? ვის შემოიკრებს პრეზიდენტი, არასაპარლამენტო ძალებს თუ ნაცმოძრაობისგან გამოყოფილ შედარებით უმწიკვლო ფრთას, ძირითადად, ახალგაზრდებს?

 - თქვენ წაგებული თამაში ახსენეთ და მე ვფიქრობ, წაგება და მოგება შედეგით იცნობა. შედეგის დადგომის შესაბამისად გამოჩნდება, ვინ წააგო და ვინ მოიგო, ვისი არჩევანი იყო უცდომელი. მოცემულ შემთხვევაში, მარგველაშვილს აქვს შანსი, ღირსეულად გამოვიდეს ამ პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელშიც მოხვდა, როგორც „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გაპრეზიდენტებული პირი, რომელმაც მოსვლისთანავე თავის ყოფილ მოკავშირეებს ზურგი შეაქცია და ამის გამო არ განიცადა დისკომფორტი. საბოლოოდ, გაიმარჯვებს თუ არა მარგველაშვილი, ძნელი სათქმელია.

თავად მარგველაშვილი საკმაოდ გაწონასწორებული პიროვნებაა, განსწავლული, გამოცდილი, საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილებით, ის აკეთებს ლოგიკურ განცხადებებს და დგამს ლოგიკურ ნაბიჯებს. ასეთი პრეზიდენტი ურიგო არ იქნება სამომავლოდ, მაგრამ, როდესაც ყველა მისი გამოსვლის, ნაბიჯის, აქცენტის კონტექსტი არის ის, რომ მარგველაშვილს პრეზიდენტის სავარძელი არ მიუღია საკუთარი დამსახურებით და ეს მიიღო, როგორც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა და ხელდასმულმა პირმა, ეს ყოველთვის იმუშავებს. მათ შორის, იმუშავებს მისი პოლიტიკური კარიერის პერსექტივის კონტექსტშიც. თუ დადგება ასეთი მომენტი, რომ მას მოუხდება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან, მისთვის მისაღებ ძალებთან ალიანსში შესვლა, ამ ალიანსში ყოველთვის იდგება საკითხი, რა არის ეს, მარგველაშვილის შეგნებული არჩევანი თუ კონიუნქტურის ელემენტი?! ამ ეტაპზე მას სურს „თავისუფალ დემოკრატებთან“ ალიანსი, რომელსაც გარკვეული ამოცანის შესრულების შემდეგ განუდგება და გამოამჟღავნებს, რომ ის არ იყო მათი თანამოაზრე და ყველაფერ ამას მალავდა. ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეასრულებს დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივის ფუნქციას. განვლილი ცხრა წლის გამო მათი ოპონირება ვერ იქნება შედეგიანი. ჩემი აზრით, მათ არ აქვთ პოლიტიკური მომავალი, თუ რაღაც გლობალური გეოპოლიტიკური კატასტროფა არ მოხდა კავკასიაში, ჩვენს შემოგარენში, ან საერთაშორისო არენაზე. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რადგან სრულფასოვანი ოპოზიცია პოლიტიკური სისტემისა და ქვეყნისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ხელისუფლება.

გარკვეულ ძალებს პრორუსული ბეგრაუნდი შეუშლით ხელს, გარკვეულ ძალებს ფინანსების არარსებობა, ზედაპირულობა და კარიერისტული მომენტების სიჭარბე. იმ რეალობიდან რომ ამოვიდეთ, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ ოპოზიციური ფლანგის დასაშლელად არსებობს პრეზიდენტი მარგველაშვილი, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“ და ლევან ვასაძე. ეს ყველაფერი არა მარტო იდეური თვალსაზრისით, არამედ პერსონალურადაც საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური აჯაფსანდალი გამოდის.

დასავლური ბეგრაუნდი დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში პერსექტივას აძლევს მარეგველაშვილს, რესპუბლიკელებს და „თავისუფალ დემოკრატებს“, მაგრამ „აირაის“, ანუ „აიპიემთან“ ალიანსში შელამაზებით დახატული რეიტინგის მიუხედავად, მათი პოპულარობა დაბალია, თუკი მათ ისეთი რეიტინგული ფიგურა არ მიუერთდა, როგორიც ძალზე წინააღმდეგობრივი და, ამავე დროს, ძალზე საინეტერესო ლევან ვასაძეა. თუ ვიღაცას უნდა, ხელისუფლების რეალური ალტერნატივის ფუნქცია შეასრულოს, არ უნდა მოწყდეს ეროვნულ ფესვებს, არ უნდა გამოეკიდოს ჰაერში, არ უნდა იყოს ფერადოვანი ლიბერალური იდეების ტყვეობაში.

თვითონ ვასაძე ირწმუნება, რომ არ აპირებს პოლიტიკასთან გაკარებას. ეს პოლიტიკური კეკლუცობაა? რამდენად გულწრფელია ამ შემთხვევაში?

 - ზოგადად, ის გულწრფელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამბობს იმას, რაც არ შეეფერება სინამდვილეს. თავისი პოზიციით, ნაბიჯებით, პუბლიკაციებით ის უკვე არის პოლიტიკური ავანსცენის რეალური ფიგურა. მისი დუმილიც კი, გარკვეული თვალსაზრისით, გახლავთ პოლიტიკური ფაქტორი. მას ჰყავს მიმდევრები და პატივისმცემლების საკმაოდ დიდი არმია, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს მომავალი არჩევნების შედეგებზე. თუმცა, არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ პოზიციები უბრძოლველად დათმოს. დღეს რომ არჩევნები იყოს, გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება“. სხვა საქმეა, ამომრჩევლების რამდენი პროცენტი დაუჭერდა მხარს. თუ რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვა, 2016 წლის არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ოცნება“. ამიტომ, ნუ გამორიცხავთ, რომ ლევან ვასაძე გარკვეული საჯილდაო ქვაა ქართულ პოლიტიკაში, ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს არ ითამაშებს და ვერც ითამაშებს. „ქართული ოცნებაც“ შეეცდება, რომ ლევან ვასაძის ყურადღება მიიპყროს და ან მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაიმსახუროს.

ისევ მარგველაშვილთან დაკავშირებით გკითხავთ. მარგველაშვილის პოლიტიკურ ალღოსთან მიმართებით ორგვარი მოსაზრება გამოითქმის, რომ ის პოლიტიკურად ინფანტილურია და მას ღალატობს პოლიტიკური ალღო, იგი ფილოსოფოსია და შესაძლოა, სხვაგან არის მისი აზრები და მეორე, რომ ის პოლიტიკაში ნელ-ნელა ერკვევა. ხომ არ უნდა ბიძინა ივანიშვილს იმის თქმა, რომ თავდაპირველად, როცა მარგველაშვილით მოიხიბლა, ეს იყო პოლიტიკური თამაში მარგველაშვილის მხრიდან, რომელსაც ახლაღა მიუხვდა? მარგველაშვილი არც მალავს, რომ ტელედებატების შემდეგ, სადაც ის ნაცმოძრაობას ამხელდა, ეს დებატები უკვე გრძელდებოდა სახლში, თავის ნაციონალ მეგობარ თემურ იაკობაშვილთან.

 - მარგველაშვილი არის ახალი ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და საუნივერსიტეტო წრეებისგან მომდინარეობს. მის საქციელში მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ მზაკვრობას. ის თავისუფალი ადამიანი იყო, თავისუფალ ადამიანებს ახასიათებთ გარკვეული ალტერნატივების მოძიება და სარეზერვო ვარიანტების მომზადება ნებისმიერი სიტუაციისთვის. ის, რომ გარკვეული კავშირები ჰქონდა ნაციონალებთან, სულაც არ არის გამორიცხული. მთავარია არა ის, რა წინაპირობები უძღოდა მის მოსვლას ხელისუფლებაში, არამედ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ახალ საკონსტიტუციო რეალობაში. რაც შეეხება მის კავშირებს, დამოკიდებულებას ნაციონალებთან, ამას სარწმუნო საფუძველი არ აქვს. ჩემი აზრით, მარგველაშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ ცდილობს, ინსტიტუტის დაცვის მოტივით უფრო მეტი აიღოს თავის თავზე, ვიდრე რეალობა აძლევს ამის საფუძველს. ამ წინააღმდეგობაშია გახიდული და ვერ ახერხებს გამოსავლის პოვნას.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა უკვე ორჯერ მიანიშნა მარგველაშვილისა და ნაციონალების შესაძლო კავშირებზე და ივანიშვილი ასეთ მინიშნებას ტყუილად არ გააკეთებდა. შემთხვევით იყო ფრაზა, ნიუ-იორკში მარგველაშვილ ასვლას რატომღაც ნაციონალური მოძრაობის ელჩი თემურ იაკობაშვილი წყობდა?

- მიუხედვად ბიძინა ივანიშვილისადმი ჩემი სიმპათიებისა, თემურ იაკობაშვილის დემონიზაციას ვერ დავიწყებ. იაკობაშვილი გონიერი კაცია, მაგრამ მისი რეალური შესაძლებლობები, ივანიშვილის ინტერპრეტაციით, აშკარად გადაჭარბებულია. შესაძლოა, წარსულში რაღაც ურთიერთობები ჰქონდათ მარგველაშვილს და იაკობაშვილს, მაგრამ იმდენი არა, რომ ეს გამოდგეს ნაციონალებთან ალიანსისთვის საბუთად.

როდესაც ჩამოთვლის მარგველაშვილის ნაკლოვანებებს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პროკურატურას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გრიფს არ უხსნიდა, პროკურორები სამჯერ შეხვდნენ მას, სამივეჯერ უარი უთხრა და მხოლოდ მაშინ ახსნა გრიფი, როცა გასაჯაროვდა საქმეები. ყოფილი პრემიერი მარგველაშვილს უხსენებს იმასაც, რომ მიუხედავად დანაქადისა, იგი პრეზიდენტის სასახლეში მაინც შევიდა. „რამდენად აქვს უფლება, 16 ათასი მ/კვ ფართის სასახლეში იყოს, მაშინ, როცა მას მხოლოდ 6 ათასი მ/კვ  სჭირდება“, - ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა მსახიობმა გოგა გველესიანმა უარყოფითად აღიქვა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს კვადრატულობით მეტრს არ უზომავენ. რამდენად მიკერძოებული იყო მარგველაშვილი, როცა ის ცალკეულ საკითხებს ვეტოს ადებდა, გრიფს არ ხსნიდა დაოცნებისთვისწინააღმდეგობრივი ფიგურა იყო?

 - მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა შეცდომად მიმაჩნია არა იმის გამო, რომ თავიდან ის გაემიჯნა ამ სასახლეს, არამედ იმ ფუნქციების მქონე პრეზიდენტს, რომელიც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ნამდვილად არ ეკუთვნის ამხელა სასახლე, რომელიც დღეს უჭირავს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამ შენობის გამო დიდხანს ბჭობდა „ქართული ოცნება“ და ვერანაირი ფუნქცია ვერ მოუძებნა. უფრო მეტიც, ძველ რეზიდენციას, ათონელის ქუჩაზეც ვერ უძებნიან ფუნქციას. ეს „ქართული ოცნების“ სისუსტეზე მეტყველებს და ამასობაში მარგველაშვილმა სასახლეში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მერედა, რა დააშავა ამით? იგი არის სიმბოლური ფიგურა, ხალხის მიერ არჩეული პირველი პირი, რომელსაც რეალური ფუნქციები არ გააჩნია და, თუ ასეთ ფეშენებლურ აპარტამენტში მიიღებს უცხოელ სტუმრებს და საქართველოს მოქალაქეებს, ამით რა დაშავდება? ამ საკითხის გამუქებაც გადაჭარბებულად მიმაჩნია.

პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტს ძირითადად დიპლომატები უსმენდნენ, აქ არ იყო მინისტრთა კაბინეტი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრამ მარნეულში საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედა და ყველას ეგონა, პირველი პირები შერიგდნენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი, რომელიც მარგველაშვილის მიმართ უარყოფით რეაქციას ხშირად ავლენს, ცდილობს, პრეზიდენტისა და პრემიერის ბავშვური დაპირისპირებაც ისევ და ისევ მარგველაშვილის უარყოფით პლანში წარმოჩენით გადაფაროს და ამით თავისი ერთგული ღარიბაშვილი დაიცვას?

- იცით რა, ამ ურთიერთობების მნიშვნელობა დიდია, რამდენადაც ორი მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოღვაწე ვალდებულია, ერთმანეთისადმი პატივისცემა გამოხატოს. მეორე მხრივ, არსებული რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პრეზიდენტის გამოსვლისას მთავრობის დასწრებას, მთავრობამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად ამ შეხვედრაზე დასწრება და ჩავთვალოთ, რომ ეს იყო პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს შეთანხმებული იქნებოდა ბიძინა ივანიშვილთან. აქაც მიუღებელი და უკანონო არაფერია. ესეც რომ არა, მარგველაშვილის სიმაღლე იმით უნდა განისაზღვროს, რამდენად ადეკვატურია ის შექმნილი პოლიტიკური ვითარების მიმართ. მაგალითად, გაცილებით მეტ ავტორიტეტს მოუხვეჭდა მარგველაშვილს, საერთოდ რომ დაეყენებინა საკითხი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგომაზე უარის თქმისთვის და ეს შესწორება შესულიყო კონსტიტუციაში, რადგან დღევანდელი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი სწორი არ არის. თუმცა, რადგან ის ხალხის მიერ არის არჩეული, მისი ასეთი მოხსენების მოსმენა არაფერს დააშავებს. არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თურმე ფიცვერცხლი აქვთ ნაჭამი. ასე არ არის, რეალურად არსებობს პრობლემები და მიდის პოლიტიკური პროცესი. აქედან გამომდინარე, მოცემულ სიტუაციაში მთავრობას საშუალება უნდა მივცეთ, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ხოლო პრემიერმა რეალურად შეასრულოს ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის როლი. ამ ვითარებაში მთავრობის პირველ პირს ხელს უშლის ქვეყანაში არსებული პრემიერის პიროვნების დისკრეტიდაციისთვის მიმდინარე პროცესები. თორემ, რეალურად, ვერცერთი პრემიერი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ერთი ხელის დასმით ვერ შეცვლიდა.