„კაზინო „აჭარის“ მეპატრონეს მიადგნენ და უთხრეს, რომ ბიზნესი უნდა გადმოგვიფორმოო“

„კაზინო „აჭარის“ მეპატრონეს მიადგნენ და უთხრეს, რომ ბიზნესი უნდა გადმოგვიფორმოო“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მთავრობას აზროვნების ძირითადი ღერძი მოშლილი აქვს და ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, სანაცვლოდ კი, ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ქვეყანას ნაკლებ შეცდომას დააშვებინებს და პროცესს უკან შემოატრიალებს.

ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

IRI- კვლევების მიხედვით, მთავრობის რეიტინგი შემცირებულია, თუმცა, მინისტრებს შორის ყველაზე დიდი რეიტინგი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აქვს. მონაცემებმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

- ამ კვლევების მიხედვით, საზოგადოების 55 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მონაცემებია, რადგან მოსახლეობის დიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე საშინაო-საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში გზის საფარის დაგების პრობლემებიც კი წინ წამოვიდა. ჩვენი მმართველობის პირობებში გამონათქვამი იყო - „ასფალტი ვჭამო?“, ახლა კი, მთავრობიის უუნარობის ფონზე, ეს გამონათქვამი შეტრიალდა და უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. ამ კვლევების შედეგებიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრდა და მთავარ კითხვად რჩება - ვინ იქნება შემდეგი?!

თქვენ აცხადებთ, რომქართული ოცნებადამთავრდა, მაგრამ ამას რის საფუძველზე ამბობთ? „ნაციონალურმა მოძრაობამმთავრობისთვის უნდობილობის გამოცხადება დაანონსეთ, თუმცა, პროცესი შეაჩერეთ. რატომ?

- ეს პროცესი არ გაჩერებულა და ხელმოწერებზე ვმუშაობთ. ამასთანავე, სხვადასხვა ძალებთან კონსულტაციებს ვმართავთ, რომ მათ მთავრობისთვის უნდობოლობის გამოცხადებას ხელი მოაწერონ. ჩვენთვის მთავარია, მამოტივირებელი ფონი შევქმნათ, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც აიძულებს, რომ ამ პროცესს შემოუერთდნენ. ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ მთავრობა აბსოლიტურად უუნარო და უნიათოა. „ქართული ოცნების“ კულუარებშიც კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მართვა ასე არ შეიძლება.

სახელმწიფოს ისეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომელიც მინისტრების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილზეც უნდა გაბრაზდეს, რადგან მას აღარც ღარიბაშვილი მოსწონს. როგორც ჩანს, ივანიშვილის გაღიზიანება დაკავშირებულია ღარიბაშვილის ნათესავების ქმედებებთან. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა ე.წ. კახური კლანის თაობაზე არაფერი იცოდა? - რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ რეაგირება ახლა მოახდინა, რადგან ეს ყველაფერი მას დაარტყამდა და ამის შეეშინდა. არ შეიძლება, ქვეყანაში არაფომალური მმართველობა იყოს, პრემიერს მინისტრები არ ემორჩილებოდნენ, პრეზიდენტს არავინ უსმენდეს. ფაქტია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იშლება. პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუტები არ მუშაობენ, რასაც ინვესტიციების დაკარგვა და გაჭირვება მოჰყვება. ხელისუფლებაში ბევრი ადამიანი ფულის შოვნაზეა გადასული. საქართველოში ინვესტიციები რატომ არ შემოდის? თუკი ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება გინდა, ვიღაცას წილი უნდა მისცე. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესი იკარგება. საქართველოს ინტერესი მაშინ ჰქონდა, როცა ვინმესთვის წილი არ გქონდა მისაცემი.

ხელისუფლებაში ფულის შოვნაზე ვინ არის გადასული?

- ღარიბაშვილის კლანი. ჭიათურაში მნიშვნელოვანი სქემები იკვეთება, რომელსაც მალე გავასაჯაროვებ. მაგალითად, ერთ-ერთია „ჭიათურ მანგანუმის“ თემა, რომლის გარშემო ეჭვები არსებობს, რომ იქ ჩართული არიან სხვადასხვა კლანები.

ანუ, „ჭიათურ მანგანუმსხელისუფლებიდან ლობირებენ?

- რა თქმა უნდა. იქ მოქალაქეების ინტერესები არავის აღელვებს. ჭიათურაში ფულის კეთებაზე არიან გადასულები. თბილისის მერიაში რამდენი კორუფციული ფაქტი უნდა მოხდეს, რომ მართვის ეს მიდგომა შეიცვალოს? ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის და თქვენ შეგიძლიათ, სამი პროექტი დამისახელოთ, რომლის განხორციელებასაც იწყებენ?

მთავრობასა და კომპანიაელბიტსშორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის გათვალისწინებით, საქართველში მაღალტექნოლოგიური საწარმო აშენდება. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ამ კომპანიამ თქვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა დატოვა და წინა მთავრობის ქმედებების გამო, საქართველოს მათთვის 35 მილიონის გადახდა მოუწია...

- ინვესტიციების მოზიდვაზე ბევრი საუბარია, მაგრამ ეს ინვესტიციები სად არის? ასევე გვსმენია, რომ საპარტნიორო ფონდში ხუთი მილიარდი ჩაიდებოდა, მაგრამ სად არის? მთავრობამ „იაფი სესხის“ გაცემა დაიწყო და იმასაც მათი ნათესავები იღებენ. რეალურად, საქართველოში არც ერთი მსხვილი პროექტი არ არის. ფურცელზე დადებულ პროექტებზე კი არ ვსაუბრობ, არამედ მიმდინარე მშენებლობებზე. ლაზიკის პორტზე ხომ საუბრობდნენ და ფურცლომანიაში, რამდენი ხანი უნდა იყვნენ? თუკი მთავრობაში ახლობელი არ გყავს და მასთან არ „გახოდავ“, საქართველოში ინვესტიციას ვერ შემოიტან. ვიღაცეებს უთვლიან, რომ საწარმო გაყიდონ, იაკობაშვილს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს და ა.შ. ქვეყანაში იმიტომ შემოდიოდნენ, რომ მარტივი ბიუროკრატია იყო და თან კორუცფია არ არსებობდა. ინვესტორი არც ვიზაზე ფიქრობდა და არც რაღაც დამატებით დოკუმენტებზე. დღეს კი, მთავრობამ პროცედურები ისე გაართულა, რომ ინვესტორს საკონსულოებში სირბილი მოუწევს. საკონსულოებთან დაპირისპირებას ხუთი წელი მოვანდომე და პირდაპირ გეუბნებით, რომ მათ ფუნქციები წავართვით, რადგან საკონსულოს მუშაობის გაუმჯობესება ვერაფრით ვერ მოხერხდა. მთავრობამ ამ ბიუროკრატულ და ჩამყაყებულ სისტემას ინვესტორებისთვის და დაინტერესებული ადამიანებისთვის ვიზების გაცემა დაავალა, რაც არ იმუშავებს.

თქვენ საუბრობთ, რომ ინვესტორებს პრობლემები ექმნებათ, შეგიძლიათ გვითხრათ, რა სახის? ასევე შეგახსენებთ, რომ ინვესტორები დევნას თქვენი ხელისუფლების პირობებშიც განიცდიდნენ და ამის ერთ-ერთი მაგალიათია ებრაელი ბიზნესმენების საქმე...

- ქვეყანა ბოლო სამი წლის მანძილზე წამგებიან მდგომარეობაშია და ბიზნესს გაცილებთ მეტი პრობლემა აქვს. რაც შეეხება ფუქსს, ის ჩვეულებრივი თაღლითი და შარლატანი იყო, რომელმაც ერთ ფურცელზე ხელის მოწერით შევარდნაძის მთავრობისგან ვალდებულებები წაიღო და ამით ასობით მილიონის გაკეთება უნდოდა. მას ქვეყანაში კაპიკი არ დაუხარჯავს და მილიონებს ითხოვდა. მისი საქმის პროცესი როგორ უნდა წარმართულიყო, ეს სხვა თემაა. ბიზნესზე ზეწოლის მაჩვენებლად შეგვიძლია შევაფასოთ ის, მაშინ ეკონომიკა იზრდებოდა თუ არა და ახლა, რა ხდება? მაშინ, სამუშაო ადგილები იქმნებოდა თუ არა და დღეს რა ხდება? ციფრებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ დღეს გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იყო. დამერწმუნეთ, რომ ბიზნესს დღეს უფრო მეტი პრობლემა აქვს.

ბატონო გიორგი, თქვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესმენები პრობლემებზე ვერ საუბრობდნენ, რადგან ეშინოდათ...

- შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ვიღაცას ეშინოდა და ვერ საუბრობდა, მაგრამ მდგომარეობა კომპლექსურად უნდა შევაფასოთ. არ ვამბობ, რომ მაშინ რაც ხდებოდა, კარგი იყო. ღარიბაშვილს ერთი ამბავი რატომ აუტეხეს და ჯანყარაშვილი რატომ გააგდეს? კაზინო „აჭარის“ მეპატრონეს მიადგნენ და უთხრეს, რომ ბიზნესი უნდა გადმოგვიფორმოო. ამაზე მეტი ზეწოლა რა არსებობს?

.. კლანი ბიძინა ივანიშვილმა გაანეიტრალა?

- ივანიშვილი იძულებული გახდა, რადგან ამ პროცესში ამერიკის საელჩო ჩაერთო და საქმე სკანდალს გამოიწვევდა. რომელიმე პაიკი უნდა შეეწირათ და ჯანყარაშვილი გადააგდეს. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, ეს კლანი საქართველოში რას აკეთებდა! საქართველოში ინვესტიციების ჩადება რატომ არავის აღარ უნდა? ზეწოლაზე კიდევ ბევრი ბიზნესმენი ალაპარაკდება. მთავრობა უნდა გადადგეს, რადგან მათთან საუბარს აზრი არ აქვს.

ვიზების რეგულაციებთან დაკავშირებით ისეთი ცვლილებები მოამზადეს, რაც აჩვენებს, რომ მათ ადეკვატურობაც დაკარგული აქვთ. აზროვნების ძირითადი ღერძი მოშლილი აქვთ და ყველა უცხოელსა და ქართველზე გაბრაზებული არიან. თეა წულუკიანი დაბოღმილი ადამიანის სიმბოლოა. ეს მთავრობა უნდა წავიდეს და ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ქვეყანას ნაკლებ შეცდომას დააშვებინებს და პროცესს შემოატრიალებს. ხომ არ შეიძლება, რომ მთელი ქვეყანა ღარიბაშვილს გადავაყოლოთ? ახალი ხელისუფლება მენტალურად იმის წინააღმდეგია, რაც ქვეყანაში გაკეთდა. თეა წულუკიანი იუსტიციის სახლების გასახსნელად დადის, რომელიც სძულს. ახალ პროდუქტს ვერ ქმნიან და დაბოღმილები არიან. იუსტიციის სახლი საზოგადოებას ახალ-ახალ იდეებს სთავაზობდა, თეა წულუკიანმა ამ ყველაფერს კი მწვადის სახლი უწოდა.

წულუკიანს განსაკუთრებით აკრიტიკებთ და მასზე განაწყენებული ხომ არ ხართ, ის რომ მინისტრია და თქვენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღარ ხართ?

- წულუკიანზე განაწყენებული იმიტომ ვარ, რომ სისტემა, რომელიც ნომერ პირველი იყო, მაჩანჩალა გახდა და ეს როგორ არ უნდა მეტკინოს? იუსტიციის სახლის ექსპორტს უკრაინასა და ყირგიზეთში ვახდენთ, რაზეც ეს ადამიანი იბოღმება. ვინც ამ სისტემის ხიბლი იცის, ექპორტს ის მოახდენს. უკრაინას კიდევ უფრო სხვა პროექტებს ვთავაზობთ. მსოფლიოში ერთადერთი ადგილი საქართველოა, სადაც ბიუროკრატია ისეთი მარტივია, რომ შეგიძლია, ავტომობილიდანაც არ გადმოხვიდე და მომსახურება ისე მიიღო. ეს ქვეყანაზე წარმოდგენას ქმნის, მაგრამ წულუკიანი თავისი ბოღმის გამო ამ პროექტს არ ხსნის. იუსტიციის სახლში კაფესაც კი პრობლემა აქვს და შეიძლება დაიხუროს, რადგან ინვესტორს უზარმაზარ პრობლემებს უქმნიან. ხომ ვიცი, იუსტიციის სახლში რაც უნდა იყოს და რას არ აკეთებენ?! ვინც იუსტიციის სახლის ფუნქციები არ იცის, ბევრ რამეზე უარს ეუბნებიან და ეს მავნებლობა არ არის?

ქვეყანაში პროექტების განხორციელებისას ხარისხს კი არ ზრდიან, პირიქით აუარესებენ, რადგან ეს კორუფციული შემადგენელი გახდა. როცა კორუფციაა, ადამიანი ვერაფერზე ვერ ფიქრობს, გარდა იმისა, როგორ იშოვოს მეტი ფული. მათი ტვინი გაფუჭდა.

ელიტარულ კორუფციაში თქვენს ხელისუფლებასაც ადანაშაულებდნენ. საუბარი იყო, რომ თქვენი მინისტრები ბიზნესწილებში ჯდებოდნენ, სააკაშვილის მილიარდები ჰქონდა და ..

- ეს სტერეოტიპები იყო, რომელიც ინგრევა, რადგან საქმე არცერთ კორუფციულ ფაქტზე არ არის აღძრული. თუკი კორუფცია იყო, მომხრე ვარ, რომ ყველა კორუმპირებული ციხეში იჯდეს. როცა პატიოსნად ვმუშაობდი, ამ დროს თუკი ვინმე ფულს აკეთებდა, მსურს, რომ ის კაცი ციხეში იჯდეს და ის ფული უკან დააბრუნოს, რომელიც მოიპარა. საქართველოში იმხელა ეკონომიკა არ არის, რომ ვინმემ მილიარდები მოაგროვოს. როცა ჩვენ ამ ხელისუფლების კორუფციაზე ვსაუბრობთ, ფაქტები მოგვყავს, ისინი კი ზეპირად საუბრობენ. მათი რეიტინგი კატასტროფულად ვარდება და ეს გაგრძელდება. „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს და საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?! ილუზია არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ხვალ დაბრუნდება. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა მოვიპოვოთ.

რებრედინგი დაგეგმილი გქონდათ და რატომ არ განახორციელეთ? პარტიაში ახალი სახეების გამოჩენას ხელს ძველი სახეები უშლიან?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალისხმევა სჭირდება, რომ პლატფორმა გახდეს ახალი სახეების. მედიას ყოველთვის იმ ადამიანის ჩაწერა სურს, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს.

თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს რიგებში ახალი სახეების გამოჩენანაციონალურ მოძრაობასიმის საშუალებას მისცემს, რომ თქვენი ძალა, რომელმაც ბევრი ადამიანის უფლება შელახა, საზოგადოების ნდობას დაიბრუნებს?

- საქართველოში პოლიტიკური შურისძიება უნდა დასრულდეს.

თქვენს ამ დაპირებას ხალხი ირწმუნებს?

- ეს ჩვენს აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული. ეს მარტივი პროცესი არ არის და კარგად მაქვს გააზრებული რამდენად რთულია. ახალი სახეებით ნდობის დაბრუნება ვერ მოხდება. ამას უნდა ახალი შეთავაზებები და ხალხთან მუშაობა. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, ჩვენ ვინ ვართ და რა იქნება ხვალ.