„რაღაცა ახსნა უნდა იყოს იმისა, რატომ ჩაიშალა ეს ხელშეკრულება“

„რაღაცა ახსნა უნდა იყოს იმისა, რატომ ჩაიშალა ეს ხელშეკრულება“

პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის გაძლიერებაზე უარის თქმა ასე მარტივად არ მოხდებოდა ვარაუდობს, რომ ადგილი აქვს უფრო დიდ პროცესს, რომელშიც პრინციპული განსხვავება ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პრემიერ მინისტრს.

for.ge კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი მინისტრის ბრალდებაზე კომენტარს მაშინ გააკეთებს, როცა მოიცლის, თუმცა, აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება არის უპასუხისმგებლო. ეთანხმებით პრემიერის განცხადების პათოსს?

- არ ვიცი, რატომ არ ისურვა ღარიბაშვილმა პასუხის გაცემა. ალბათ, უნდა, რომ კონსულტაცია გაიაროს თავდაცვის მინისტრთან და სხვა თანამდებობის პირებთან. თქვა, რომ მერე გასცემს პასუხს, დაველოდოთ და ვნახოთ, რა პასუხი იქნება. ფაქტია, რომ უმწვავესი საკითხია წამოწეული და ამაზე საჭიროა პასუხი, რასაც საზოგადოება ელოდება.

რა პასუხს ელოდებით ხელისუფლებისგან? თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არანაირი ფრანგულქართული ხელშეკრულება არ არსეობს...

– აუცილებლად, რაღაცა ახსნა უნდა იყოს იმისა, რატომ ჩაიშალა ეს ხელშეკრულება. იქნებ საჭირო არ იყო, ან იყო ძვირი და ა.შ. თუ ეს ყველაფერი არგუმენტებით არ იქნება მოყვანილი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მართლა იყო რუსეთის მხრიდან ძლიერი ზეწოლა, რისი გახმაურებაც მთავრობას არ უნდა. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი.

თუკი ხელისუფლება იტყვის, რომ რუსეთის ზეწოლის მიზეზით ვთქვით უარი ამ ხელშეკრულებაზე, ეს ხელისუფლების სისუსტე არ იქნება?

– მარტო ზეწოლაზე არაა საუბარი, შეიძლება იყო მუქარაც, რომლის გამჟღავნება არ უნდათ. გასაგებია, რომ საქართველოს ამ მომენტში თავდაცვის საშუალება არ აქვს. რუსეთი კი მიზეზს ეძებს, რომ საქართველოსთან ომი გააჩაღოს. რა თქმა უნდა, ეს მომენტიც არის, რაც შეიძლება ამართლებდეს მთავრობის ასეთ ქმედებას, მაგრამ ეს უნდა აუხსნან მოსახლეობას. თუ რამე სხვა მიზეზია, მაშინ, ეს მიზეზიც უნდა იყოს ახსნილი. ფაქტია, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები და შეიარაღება.

როცა თავდაცვით უსაფრთხოებაზე უარს ამბობს ქვეყანა, ეს რამდენად რთულ ვითარებაში აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას?

– შევთანხმდეთ, რომ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემა ძალიან სჭირდება. ჩათვალეთ, რომ ამის გარეშე ჩვენ აბსოლუტურად დაუცველები ვართ. რუსეთს თავისუფლად შეუძლია ჩვენი პოლიტიკის მანიპულირება. რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია საქართველოს მიაყენოს ძალიან ძლიერი ზიანი. 40 კილომეტრში დგას რუსული ავიაცია და რაკეტები. ცხინვალის რეგიონში ისეთი რუსული რაკეტებია განლაგებული, რომელსაც შეუძლია დაბომბოს თბილისი.

როდესაც არსებობს ეფექტური იარაღი, რომელსაც ცხინვალიდან შესაძლო სარაკეტო შეტევის შემთხვევაში შეუძლია თბილისი დაიცვას, ეს შესაძლებლობა უნდა გქონდეს. თუ არ გაქვს ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მუდმივად დამოკიდებული ხარ რუსეთის დიქტატზე, მის ნებაზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ მომენტს შეუძლია დაგიბომბოს დედაქალაქი. ამ საფრთხის განეიტრალება არის აუცილებელი.

მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, იქნებ რუსეთი ამის საშუალებას არ აძლევდა ქვეყანას და ემუქრებოდა, რომ შენ თუ დაიწყებ ამის შესყიდვას და განთავსებას, ხვალვე დაგარტყამ...

 – შესაძლოა, ეს იყო მიზეზი. მაგრამ, სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ არ ვიცით რა იყო რელური მიზეზი იმისა, თუ რატომ თქვა უარი მთავრობამ თავდაცვითი იარაღის შესყიდვაზე. მთავრობამ აუცილებლად უნდა თქვას სიმართლე. ყველა შემთხვევაში, როგორც ამას საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, საგარეო ურთიერთობაში ყველა ის სიმართლე არ მჟღავნდება, რომელსაც მთავრობა ასეთ მოლაპარაკებებში იღებს. საგარეო ურთიერთობებში ყველაფერი ტრანსფარენტული არ შეიძლება იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკურ ბრძოლას და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში გაიმარჯვებს ის, ვინც შეძლებს თავისი სიმართლის დამტკიცებას. ამიტომ, მთავრობას უნდა ჰქონდეს ისეთი არგუმენტი, რომელიც მისაღები იქნება მოსახლეობისთვის, რომ მთავრობის პოზიცია გაიზიაროს, ეს არის მნიშვნელოვანი. ცხადია, თუ საზოგადეობაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მთავრობა აკეთებს იმას, რაც უნდა და არაფერს ეკითხება მოსახლეობას, ეს ძალიან დააზიანებს მმართველ კოალიციას და მომავალ არჩევნებზე არაფერს კარგს არ მოუტანს.

თუკი ხელისუფლება არგუმენტირებულად არ იტყვის, რატომ თქვა უარი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფაზე, წინააღმდეგ შემთხევაში რამდენად აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მართოს ის ქვეყანა, რომლის საჰაერო დაცვის შესაძლებლობის შეძენაზე ამბობს უარს?

– როგორც წესი, პროლემატური საკითხების გარშემო ხდება პოლიტიკური ბძოლის გამწვავება. თუ მთავრობას არ ექნება სწორი არგუმენტი, ფაქტია, რომ მომავალში ეს ხელს შეუშლის ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას. ყოველ შემთხვევაში, მომავალში ეს საკითხი იქნება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება იმისა, რომ შეინარჩუნონ ლეგიტიმურობა.

ჩემი აზრით, ასე მარტივად არ მოხდებოდა თავდაცვის გაძლიერებაზე უარის თქმა. აქ ადგილი აქვს უფრო დიდ პროცესს, რომელშიც ალბათ, პრინციპული განსხვავება ჰქონდათ ალასანიას და ღარიბაშვილს. როგორც ჩანს, პირველ რიგში, ეს გახდა ალასანიას განთავისუფლების მიზეზი.

თუმცა, ალასანია ამბობს, რომ ეს საკითხი არაერთგზის იყოს შეთანხმებული მთავრობის ხელმძღვანელთან და უსაფრთხოების კაბინეტის ყველა მოქმედ წევრთან...

– გამორიცხული არ არის, რომ პრემიერი დღესაც მხარს უჭერდეს, მაგრამ რაღაცა მიზეზები მას არ აძლევდეს საშუალებას, რომ ეს მხარადაჭერა გამოავლინოს. მთავარია, რამდენად დაიჯერებენ მოქალაქეები ხელისუფლების პოზიციას, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, შეეძლო თუ არა მთავრობას ამის განხორციელების საშუალება, შეგნებულად თქვა უარი, არაკომპეტენტურობაა თუ რასთან გვაქვს საქმე. შემდგომი ნაბიჯები გვიჩვენებს რამდენად მოახერხებს ხელისუფლება თავისი პოზიციების დაცვას. თუ ვერ შეძლებს არგუმენტირებულად თავისი პოზიცების დაცვას, ეს იქნება უდიდესი პრობლემა ხელისუფლებისთვის.