რადგან გუდაური არ მივიდა უგულავასთან, უგულავა მივიდა გუდაურთან

რადგან გუდაური არ მივიდა უგულავასთან, უგულავა მივიდა გუდაურთან

რატომ მაინცდამაინც გუდაური და რატომ მაინცდამაინც თბილისის მერიას? - ეს კითხვა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ოპოზიციურ პარტიას გაუჩნდა, არადა ასეთი უცნაურობა ხშირად ნამდვილად არ ხდება.

საკრებულოს ფრაქცია “ჩვენი თბილისის” წევრმა, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ კურორტ გუდაურის თბილისის მართვაში გადაცემის შესახებ საკრებულოში სპეციალური პრესკონფენცია გამართა. როგორც დოლიძემ განაცხადა, აქამდე ცნობილი იყო, რომ სააქციო საზოგადოება გუდაურის საკონტროლო პაკეტის მფლობელი 2010 წლიდან იყო უკრაინული “პრივატ ჯგუფი”. იგი ფლობდა აქციათა 87%-ს, რისთვისაც მას გადახდილი ჰქონდა 14,5 მილიონი ამერიკული დოლარი. 

დოლიძის თქმით, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, უკრაინულმა “პრივატ ჯგუფმა” ქალაქის მერია თავისი სააქციო საზოგადოების მმართველ კომპანიად დაიქირავა თუ არა, რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს აღნიშნული მენეჯმენტური საქმიანობისათვის მუნიციპალიტეტი და მერია ამ საქმიანობაში რამდენს ხარჯავს და რა წყაროდან. 

ყველაზე მთავარი კითხვა კი, რომელიც ვიქტორ დოლიძეს აწუხებს, არის ის, რომ დედაქალაქის საკრებულომ ამ ინოვაციის შესახებ მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყო. “თავისუფალი დემოკრატები” კატეგორიულად მოითხოვენ, საჯარო გახდეს ყველა ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მერმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. 

არა მარტო საკრებულოს ოპოზიცია, არამედ ყველა გაოცებული დარჩა, როდესაც თბილისის მერიამ მისგან ათეულობით კილომეტრის მოშორებით მდებარე კურორტის მართვის გადაწყვეტილება მიიღო და ეს ყველაფერი მოულოდნელად გაახმაურა. ეს მეტად უცნაური ინფორმაცია მხოლოდ 11 აპრილს გახდა საზოგადეობისთვის ცნობილი და თანაც იმ დროს, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

სამთო-სათხილამურო კურორტის  განვითარების გეგმები თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასტუმრო “გუდაურში” მერიის სხვადასხვა უწყებების წარმომადგებლებს, საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელ ექსპერტებსა და სპორტსმენებს, მათ შორის ლეგენდარულ მოთხილამურე ალბერტო ტომბას, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს გააცნო.

როგორც მერმა აღნიშნა, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდის მიზნით თბილისის მერია გუდაურის განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის მესვეურები იმედოვნებენ, რომ შედეგად გუდაურში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები მოიმატებს.

თბილისის მერია ადგილობრივი ინფრასტუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. კერძოდ - მოეწყობა ახალი სათხილამურო ტრასები და საბაგირო, დაიგება ევროპული სტანდარტების გზები, შეიქმნება დასუფთავების სამსახური, განხორციელდება ელექტროენერგიითა და წყლით უწყვეტი მომარაგება. ამასთან, კურორტს 24 საათის განმავლობაში სასწრაფო, სამაშველო და სახანძრო სამსახური მოემსახურება; გუდაური თანამედროვე თოვლის სატკეპნი მანქანებით აღიჭურვება; მის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გასართობი ცენტრები მოეწყობა. შეუფერხებლად იმუშავებს ინტერნეტ-სისტემაც, რაც გუდაურში საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას შექმნის.

კურორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტერიტორიის რელიეფის ანალიზი, ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება, საბაგირო სქემის მომზადება და საინჟინრო ინფრასტუქტურის დაპროექტება მიმდინარეობს.

არავინ იცის, რა გამოცდილება აქვს თბილისის მერს საერთაშორისო დონის კურორტის მართვაში. გზების დაგებაში კი უგულავამ თავი ნამდვილად “გამოიჩინა” - დედაქალაქში 3-4 წლის წინ დაგებული გზები თითქმის მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.

იგივე შეიძლება ითქვას თბილისის წყლით მომარაგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცალკერძ - მერიამ და ცალკერძ - კერძო ინვესტორმა წყალსადენის სისტმაში ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა, მთელი თბილისის 24-საათიანი წყალმომარაგება მაინც ვერ ხორციელდება. ასეთი გამოცდილებით გუდაურის თავბრუდამხვევ წარმატებებზე ფიქრი ერთობ გადაჭარბებულია.