სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მასზე ინტერპოლით ძებნა არ გამოცხადდება

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მასზე ინტერპოლით ძებნა არ გამოცხადდება

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მისი ძებნა ინტერპოლით არ გამოცხადდება, რადგან ეს ორგანო პოლიტიკურ საქმეებში არ ერევა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ „112 Украина“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს პოლიტიკური საკითხია. ინტერპოლის წესდება კი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევასა და მონაწილეობას კრძალავს. მე მთელ მსოფლიოში გადავაადგილდები და არანაირი პრობლემა არ მექმნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე დაიქადნა, რომ „სამშობლოში ძალიან მალე დაბრუნდება და მას პუტინის გავლენისგან გაათავისუფლებს“.

ინტერპოლის პასიურობა არ არის გასაკვირი იმ ფონზე, როცა ეს ორგანიზაცია აშკარად განიცდის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. არცთუ შორეული ხნის წინ, მიმდინარე წლის თებერვალში, ინტერპოლს სენატორ მაკკეინის წერილი მიუვიდა- „სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების მოთხოვნას გადახედეთ!“

ეს იმ ფონზე ხდება, როცა ჩვენი პროკურატურა გვარწმუნებს, რომ ცდას არ აკლებს და ყოფილ პრეზიდენტს მუხლს მუხლზე უმატებს. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინის შესაბამის ორგანოს, მისი ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ორი დღის წინ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა, რადგან გააჩნდა ეჭვი, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ნიშნით სდევნიდნენ.

თავის დროზე, როცა ინტერპოლის საქმეში ჩართვა დადგა დღის წესრიგში, იმთავითვე კეთდებოდა დამამშვიდებელი განცხადებები, რომ ინტერპოლის დარწმუნებას დრო დასჭირდებოდა. ეს ორგანიზაცია უნდა მიმხვდარიყო, რომ სააკაშვილის ძებნის გამოცხადება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. თუმცა, თუკი ქართული მხარე ვერ შეძლებდა ინტერპოლის დარწმუნებას, ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის უსუსურობის აღიარება, რომელსაც არ შესწევდა უნარი, განეხორციელებინა მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის დევნა.

რამდენად მყარია სააკაშვილის ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერპოლი მისთვის არ მოიცლის?! ვინ არის ამის გარანტორი და, თუკი ინტერპოლი არ არის მაინცდამაინც კარგი ბერკეტი სააკაშვილის დასაკავებლად, ხელოვნურად ხომ არ ხდებოდა თავიდანვე სააკაშვილის ძებნის თემით აპელირება ჩვენი მოსახლეობის დასაშოშმინებლად? სად გადის ზღვარი სამართლიანობის აღდგენასა და პოლიტიკურ დევნას შორის?

უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აზრი არ აქვს ინტერპოლით ძებნას, რადგან ინტერპოლის ცენტრალური ოფისის ნებელობის მიუხედავადაც კი, ყველა ქვეყანას თავ-თავისი ბიურო აქვს და ის ბიუროები სააკაშვილის დევნას არ აღასრულებენ, რადგან ისინი ეროვნული ხელისუფლებების გავლენის ქვეშ არიან. შესაბამისად, უტოპიურია ინტერპოლის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მასზე ძებნა მხოლოდ ჩვენი მოსახლებისთვის თვალის ასახვევად დაწესდა. უფრო მეტიც, ადვოკატი მიიჩნევს, რომ გამორიცხულია, სააკაშვილი ისეთ ქვეყანაში გადაადგილდეს, რომელიც მის დაკავებას გარისკავს. სააკაშვილი ამ მხრივ წინდახედულია.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკასა და სამართალს შორის ზღვარი გადის, პოლიტიკა სამართალთან არ შეიძლება კავშირში იყოს, მაგრამ ინტერპოლზე გავლენას უთუოდ იქონიებს საერთაშორისო დასკვნები, მათ შორის, ევროსაბჭოს დასკვნები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თუ ევროკავშირის და სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ საქართველოში თურმე ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. მსოფლიოში ორმაგი სტანდარტია მიღებული. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო მაღალი მტკიცებულებები უნდა დადოს და არა-უსაფუძვლო ბრალდებები. თუმცა კვალიფიკაციის მხრივ პროკურატურა მოიკოჭლებს.

როცა გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენის ვადა გადის და მას ახალ ბრალდებას უყენებენ, ეს კითხვებს ბადებს. ამიტომ, თუ ბრალდება წარსადგენი ჰქონდათ, მანამდე უნდა წარედგინათ და არა ისე, რომ ამოწურონ ბოლო ცხრა თვე და მერე ახალი ბრალდება წარუდგინონ. დღევანდელ პროკურატურას არ აქვს არანაირი რესურსი, ამ პროკურატურის 80-90% მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი პროკურორები არიან. ახალი დეპარტამენტის შექმნაც მორიგ ტყუილად, ხალხისთვის დაცინვად მიმაჩნია, რადგან მას რეალური ნაბიჯი არ გადაუდგამს.

რვა საქმესთან დაკავშირებით მივმართე და დღემდე ვერ გარკვეულან, რა კუთხით უნდა ჩამოყალიბდნენ. პროკურორი მეუბნება, განცხადებას გამოგიგზავნი, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოო. ჯერ ერთი, რა მტკიცებულებები უნდათ, როცა სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც მე მივმართე, არქივშია და მათი ვალდებულებაა, ეს საქმეები გამოითხოვონ და შეისწავლონ“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე და მიიჩნევს, რომ ახალი დეპარტამენტი იმ ახალ 20 ათასამდე საჩივარსაც გაწელავს, საქმეს არჩევნებამდე მიიყვანს, ფუჭ დაპირებას მისცემს საზოგადოებას და რეალურად არაფერი შეიცვლება.

იურისტი ლევან ალაფიშვილი სააკაშვილის ოპტიმიზმს, რომ მასზე ინტერპოლით ძებნა არ გამოცხადდება, არაეთიკურს, მოუზომელს და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი უპატივცემულოს უწოდებს. მისი აზრით, ამქვეყნად გარანტირებულად ვერავინ იტყვის, რომ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ინტერპოლია, ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ვინმეს ხათრით მიიღებს. ამიტომ გაურკვეველია, სააკაშვილი წინასწარ რატომ აძლევს თავს ასეთი განცხადების გაკეთების უფლებას. საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის იმიჯის შელახვა ხომ სააკაშვილზეც არ იმოქმედებს კარგად.

„რა გარანტიები უნდა ჰქონდეს სააკაშვილს ინტერპოლის ხელმძღვანელობისგან? ეს გამორიცხულია. ამის გარანტიას ვერავინ მისცემს. ერთადერთი, ინტერპოლზე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა მდგომარეობა, საქმის მასალები და ამა თუ იმ პირის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა, ვის გამოც ძებნა ცხადდება. არაერთმა უცხო ქვეყანამ, მისმა სასამართლოებმა (და არა პოლიტიკურმა ხელისუფლებებმა) პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო უარი თქვეს ექსტრადირებაზე. მხედველობაში მაქვს საბერძნეთისა და საფრანგეთის შემთხვევა. ანალოგიურ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციების საჯაროდ გამოხატული წუხილი და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლო პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, გიგი უგულავას საქმის ირგვლივაც ამერიკის ელჩის განცხადება პოლიტიკური დევნისა და შეშფოთების ჭრილში იყო გადმოცემული. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის „დამსახურებაა“. კერძოდ, ვგულისხმობ ჩვენი მთავრობის ნაკლებ აქტივობას, ან პირიქით, შეიძლება, არანაირი აქტივობა რომ არ აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს მათ საწინააღმდეგო შედეგებს განაპირობებს. მთავრობის აქტივობა საგარეო ფლანგზე მიტოვებულია. ამ ფლანგს ან ეს „გავლენები“ ავსებს, ან სხვადასხვა პოლიტიკური და ინტერესჯგუფები საკუთარი ინტერესების წარმოსაჩენად იყენებენ. ასე რომ, აქ მთავრობამაც უნდა ეძებოს შიდა მიზეზები, ადეკვატური დასკვნები გააკეთოს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩენიათ ვადის თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ერთი წელიღა დარჩათ. 2016 წელს პარლამენტთან ერთად მთავრობის უფლებამოსილების ვადაც იწურება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი და განმარტავს, რომ პროკურატურის სისუსტე დავას არ იწვევს. ეს ის საქმეებია, რომლებზეც მტკიცებულებების შეგროვება შესაძლებელი იყო, რომ არ ეჩქარა პროკურატურას. თუმცა სიჩქარის გამო საქმეები მტკიცებულებების გარეშე წარადგინეს. მეტიც, დაკავების მომენტისთვის შესაძლოა, პოლიტიკური სულსწრაფობა გამოიჩინა ვიღაცამ - დააკავეთ და მტკიცებულებები მერე შეკრიბეთო. ასევე იქცეოდა წინა ხელისუფლებაც და ამან გამამართლებელი განაჩენები გამოიწვია.