ირაკლი ალასანიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უმძიმესი ბრალდება წაუყენა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმ კავშირზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით საფრანგეთში გაფორმებულ მემორანდუმსა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის არსებობს. ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 28 ოქტომბერს, დილით, როდესაც ხელმოწერა იგეგმებოდა, მასთან დარეკა მინდია ჯანელიძემ და პრემიერ-მინისტრის სახელით გადასცა, რომ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. როგორც ალასანია ამბობს, ყველა დეტალი არაერთგზის შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრთან და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან.
„თავისუფალი დემოკრატები“ უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება. ალასანიამ დეტალურად ისაუბრა, რა შესაძლებლობები გაუჩნდებოდა ქვეყანას, 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმის შემდეგ.
„როგორც გათვალისწინებული იყო, ამას მოჰყვებოდა თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმების გაფორმება. ბუნებრივია, ვერანაირ დეტალს ვერ გავამხელ თუ რა ტაქტიკური, ოპერატიული საშუალებები იქნებოდა განლაგებული საქართველოში ამ შეთანხმებით, მაგრამ გეტყვით, თუ რისგან შეგვეძლებოდა საქართველოს დაცვა, თუკი ეს განთავდებოდა. პირველი - ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენ საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე და სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე.
გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა საშუალება გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორც არის „ისკანდერი“ და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოყენებულა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება საფრანგეთში განხორციელებულ ზარს, ალასანია ამბობს, რომ 27 ოქტომბერს საფრანგეთში შეხვედრა გამართა მის ფრანგ კოლეგასთან, მეორე დღეს, 28-ში, დილით შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა იგეგმებოდა, რა დროსაც მასთან დარეკა მინდია ჯანელიძემ.
„დამირეკა მინდია ჯანელიძემ და გადმომცა პრემიერ-მინისტრის სახელით, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი არ მომეწერა, არადა ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან, არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს პოლიტიკური შანსი, რომელიც მიეცა მრავალწლიანი ემბარგოს მერე, ხელიდან იქნებოდა გაშვებული.
ამიტომ, წინასწარ როგორც ვიყავით შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ამ მემორანდუმს ხელი და 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. იმ მომენტში, როდესაც უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ, უკანონო მითითებას დავმორჩილებოდი, მეორე დილით, როდესაც ხელმოსაწერად მივდიოდი, დაკავებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი. მე ვთქვი და გავიმეორებ - ისინი კარგად არ მიცნობენ. სწორედ ამიტომ მემორანდუმს ხელი მოვაწერე“, - აღნიშნა ალასანიამ.
ალასანიას თქმით, როდესაც თბილისში ჩამოვიდა და დაკავების მიზეზი იკითხა, პასუხი ვერ მიიღო, ხოლო პროკურატურამ „თავხედურად გააგრძელა პოლიტიკური ნიშნით შეტევა „თავისუფალ დემოკრატებზე“ და მის ლიდერზე“. ალასანიას თქმით, ამ ისტორიას დეტალურად აქამდე არ ყვებოდა, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ მარტის ბოლომდე, სანამ მემორანდუმი მოქმედებდა, ამ საკითხს არ დაივიწყებდნენ, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს შანსი ხელიდან გაშვებულია, ვინაიდან მემორანდუმს კონკრეტული ვადები ჰქონდა.
„ამ დროისთვის საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მოქმედების და მისი გაგრძელების ვადა ამოწურულია, რის გამოც საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა“, - აცხადებს ყოფილი მინსიტრი და კითხვაზე, რამდენად არის შესაძლძებელი საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე რუსეთის კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდეს, ალასანიამ განაცხადა: „ძალიან ლოგიკურია, რომ აქ მიზანშედეგობრივი კავშირი დავინახოთ“, მაგრამ მისივე განმარტებით, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი იმ დროებითმა კომისიამ უნდა გასცეს, რომლის შექმნასაც პარლამენტში მოითხოვენ.
მისივე თქმით,თუკი გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალაა, იყო მზად ომისთვის, შენი მშვიდობის დასაცავად. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეირაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, საჭიროა შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა.
„სწორედ ასეთი, ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა, რადგან მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან, ჩვენი ქვეყნის ჯართან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ყოფილი მინისტრის ბრალდებას საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ ეკა ბესელია გამოეხმაურა, რომელიც მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გრიფით საიდუმლო დოკუმენტის შესახებ ხმამაღლა მსჯელობას და იმას, რომ ეს დოკუმენტი საჯარო გახადოს.
„გაუმართლებელად და საზიანოდ მიმაჩნია ასეთ თემებზე საუბარი. გაოცებული ვარ იმით, როგორ მოახერხა ირაკლი ალასანიამ ის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი გადაწონა მისთვის პარტიულმა ინტერესმა და ოპოზიციიდან საუბრის სურვილმა. უნდობლობა მთავრობამ გამოუცხადა ირაკლი ალასანიას, როდესაც ის გადააყენეს თანამდებობიდან“, - აცხადებს ეკა ბესელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ალასანიას განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროცესებს ქვეყანაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მართავს. უმცირესობის წევრის განცხადებით, სჯობდა ალასანიას ამ თემებზე უფრო ადრე ესაუბრა.
„ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, ამ არაფორმალური მმართველობის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ აძლევს მითითებებს აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს, რა უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, სანამ ის კრიტიკულ ზღვარზე არ მიიყვანეს, მანამდე სამწუხაროდ, საჯარო განცხადებები ვერ გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რეალურად, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უმძიმეს ბრალდება წაუყენა ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია არგუმენტირებულად უპასუხოს ბრალდებას თუ რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფაზე.
„ყოველთვის ასე ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ საჰაერო თავდაცვის ელემენტების გარეშე, ვერასდროს ვერ ვიგრძნობთ თავს სახელმწიფოდ, მოსახლეობა ვერასდროს ვერ იქნება დაცული. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მოწყვლადი გარეშე მტრებისგან და არა მარტო რუსეთისგან, არამედ, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსგან, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს საქართველოზე აგრესიის მიტანა. ამიტომ, აუცილებელია, რომ საქართველომ შეისყიდოს საჰაერო თავდაცვისთვის აუცილებელი შეიარაღება.
რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტები, რომელიც გაჟღერდა ალასანიას მხრიდან. ძნელია იმის თქმა, რა მოტივით არ შესრულდა ეს ხელშეკრულება. არ გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან სერიოზულ მუქარას, ისეთივე მუქარას, როგორიც პუტინმა გააჟღერა უკრაინის შეიარაღებასთან და ნატოს ძალების განთავსებასთან დაკავშირებით ბალტიისპირეთში. შესაძლოა, ანალოგიური მუქარა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მიმართაც გამოთქმული“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, ერთადერთი გასამართლებელი მიზეზი რაც შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს, ეს არის აგრესიის სერიოზული საფრთხე, თუკი ამის წინაშე იდგა ქვეყანა ამ ხელშეკრულების გამო. სხვა შემთხვევაში, არავითარი გამართლება არ აქვს იმას, რომ საქართველო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.
„თავისთავად მთავრობა ძალიან წამგებიან პოზიციაში დგას. მას გაუჭირდება თავის სრულად გამართლება. თუ ამის მიზეზი იყო რუსეთის პირდაპირი მუქარა, მაშინ მას გაუჭირდება ამ მუქარის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად, იგივე იქნება, რომ შენ შეგეშინდა. ამით მათ თავის გამართლება, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. არა მგონია, რომ მთავრობას თავის გასამართლებელი არგუმენტები გააჩნდეს. ამიტომ, ძალიან რთულ ვითარებაშია, არ ვიცი როგორ მოახერხებს სიტუაციიდან გამოსვლას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
დღის ბოლოს, საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა გააკეთა განცხადება. ელჩის განცხადებით, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა.
„გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე „განხილვები“, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა – არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია, არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება“, -აღნიშნა ელჩმა.
რენო სალენსმა აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.