„მოგიწოდებთ - დავივიწყოთ ქართული მენტალიტეტი და გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ დანაშაულის გახსნაში“, - მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძე მოქალაქეებს, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. შოთაძე ამბობს, რომ ამ საქმეზე მოქალაქეთა მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ძიების პროცესის წარმატებას ძალიან დაეხმარება. შოთაძე ამბობს, რომ დღესდღეობით, ამ თხოვნის შედეგად პროკურატურას მხოლოდ ერთმა მოქალაქემ მიმართა, რომლის კონფიდენციალურობა დაცულია.
„მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ეს დანაშაული მოხდა ქალაქის ცენტრში, დღისით. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტი თბილისელი ფლობს ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ. შესაბამისად, გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ დანაშაულის გახსნაში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით. თუმცა, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებიდან ირკვევა, რომ გამოძიებას ამ ეტაპისთვის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გააჩნია.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე ჩატარებულია ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება, რომელთა შედეგადაც გამოძიებამ ბევრი ინფორმაცია მოიპოვა. შოთაძე არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე გია უდესიანს.
„პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ფლობს დიდ ინფორმაციას. ჩვენ უკვე ვიცით, სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და შესაბამისი მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები დაისაჯონ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
„ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახისთვის მისამძირების შემდეგ განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხარძიანის მკვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია.
„მინდა, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ტერორით უმკლავდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო, საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ. ვარწმუნებ ამ არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რა მოხდა 28 მარტს და ვინ დგას ამ მკვლელობის უკან, ამასზე სრულყოფილი პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. თუმცა, for.ge-სთან საუბრისას შსს-ს ყოფილი ოპერატიული თანამშრომელი აცხადებს, რომ შსს-ში და პროკურატურაში ახლაც მუშაობენ ის თანამშრომლები, რომლებსაც ძალიან დიდი ცოდვა აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ როგორმე ეს რეჟიმი შეიცვალოს და მათთვის მისაღები რეჟიმი დაბრუნდეს.
„იცით, თავის დროზე როგორ იქმნებოდა ზონდერები? შსს-ში და უშიშროებაში ყველამ იცოდა, რომ არსებობდა ჯგუფები, რომლებიც ყველასგან იზოლირებული იყვნენ. ის კასრები, რომლებიც აღმოაჩინეს სამეგრელოში, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მარტო სამეგრელოში იყო? ასეთი კასრები ყველა რაიონის ტყეებშია ჩამალული. როცა დასჭირდებათ მაშინ გამოიყენებენ. აუცილებელია ამ შეიღარებული ჯგუფების გამოვლენა“, - ამბობს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი.
მისივე თქმით, ეს არის ორგანიზებული შეიარარებული ჯგუფი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოძრაობს და რაც მთავარია მათ აქვთ ფული.
„გამოვლენილია რომელიმე ჯგუფი? - არა, სამეგრელოს გარდა კასრები სხვაგან აღმოჩენილია? - არა, ეს კი ნიშნავს, რომ შეიარაღებული ბანდა მუშაობს. გაიხსენეთ როგორ მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი, შემდეგ იური ვაზაგაშვილი და ახლა ბესო ხარძიანი. სწორედ ეს არის ორგანიზებული მკვლელობები. არ არის გამორცხული, რომ ახლაც ხდებოდეს სხვა ადამიანის მკვლელობის ორგანიზება. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან დიდი საშიშრიების წინაშე ვართ. სანამ არ გამოაშკარავდება ის ორგანიზებული სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ქმნიდა მიხეილ სააკაშვილი, მანამდე იქნება დიდი საშიშროება და მართლა გამოიწვევენ დესტაბილიზაციას. ვაცხადებ, მათ ხელშია იარაღი, ის კასრები რომელიც სამეგრელოში აღმოაჩინეს, ასეთი ათეულობით არის ყველა რაიონში. ეს არის ორგანიზებული შეიარარებული ჯგუფი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოძრაობს და რაც მთარავია მათ აქვთ ფული“, - აცხადებს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი.