სპორტის სამინისტროსა და სპორტის კომიტეტს შორის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება, სპორტსმენი დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან და ლევან ყიფიანს მოუწოდებენ „გონს მოეგოს, დამშვიდდეს და სპორტული საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავს“.
სპორტის მინისტრსა და ლერი ხაბელოვის კომიტეტს შორის კონფლიქტის მიზეზი სამინისტროს 2014 წლის ანგარიში გახდა, რომელიც პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე დეპუტატებმა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს და დოკუმენტი პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნეს.
ლევან ყიფიანის საქმიანობასთან დაკავშირებით სანამ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია გახდება ცნობილი, მანამდე მხარეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განცხადება ფედერაციებმა გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები.
სპორტული ფედერაციები ბოლო პერიოდში ქართულ სპორტულ სამყაროში შექმნილ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოვხატავენ და აცხადებენ, რომ ისინი ტელეეთერითა და ბეჭდური მედიის მეშვეობით შეფასებებსა და განცხადებებს ისმენენ, რომელთაც მათი შეფასებით, სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად, - თითიოეული სპორტული ფედერაციის საქმიანობაზე.
„ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ჩვენ შესაბამის ინფორმაციას არავინ გვაწვდის და საშუალება არ მოგვეცა სპორტის კომიტეტის სხდომას დავსწრებოდით. პრაქტიკულად, ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე შეიძლება უსერიოზულესი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ჩვენ აპოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოვადგენთ და პოლიტიკური წიაღსვლებით დაინტერესებული არ ვართ, მაგრამ ლეგიტიმური უფლება გვაქვს, სპორტის სამინისტროსა და სპორტის კომიტეტს მოვთხოვოთ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგვაყენონ და ჩვენი მოსაზრებები მოისმინონ“, - ნათქვამია ფედერაციების განცხადებაში, რომელსაც სპორტსმენი დეპუტატების შეფასებები მოჰყვა.
for.ge-სთან საუბარში კომიტეტის წევრები ირწმუნებიან, რომ ლევან ყიფიანის მიმართ მათ მიერ წამოყენებული პრეტენზიები რეალურ არგუმენტებს ეფუძნება და დეპუტატები რეაგირებას იმ საკითხებზე აკეთებენ, სადაც ისინი ლაფსუსებს ხედავენ.
როგორც for.ge-ს სპორტის კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა განუცხადა, მას ფედერაციების შეშფოთება ესმის - მათი სურვილია საქმის კურსში ჩადგნენ, მაგრამ ის თემები, რაზეც საუბარი მიმდინარეობს, ფედერაციებთან არანაირ კავშირში არ არის. ხაბარელის მტკიცებით, კომიტეტი იმისთვის იბრძვის, რომ ფედერაციებს საქმიანობა გაუადვილდეთ.
„კომიტეტის ფარგლებში 2014 წლის ანგარიში მოვისმინეთ და იქ ფედერაციების საკითხი არ იხილებოდა. ფედერაციებს თუ რაიმე კონკრეტული კითხვა აქვთ, მზად ვართ მათ პასუხი გავცეთ და ამისთვის არსებობს პარლამენტი, რომელიც ფედერაციებისთვის ღიაა. ჩვენი მოვალეობაა, ფედერაციებს არანაირი პრობლემა არ შეექმნათ და მათ საქმიანობაში ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ. ჩვენი მხრიდან ფედერაციების მუშაობაში არანაირი უხეში ჩარევა არ მომხდარა და ამის ერთ ფაქტსაც ვერავინ დაგვისახელებს. ფედერაციების კარგი მომავლისთვის ვიბრძვით და გვინდა, რომ მათ დავეხმაროთ“, - აცხადებს ხაბელოვი.
კანონმდებელის შეფასებით, ლევან ყიფიანი პირად ურთიერთობებზე აპელირებს, თუმცა, დეპუტატებს მინისტრისთვის შეურაცხყოფა არცერთ განცხადებაში არ მიუყენებიათ, განსხვავებით მინისტრისგან, რომელმაც მათ „კომუნისტური წყობის გადმონაშთები“ უწოდა.
„აქ საუბარია სახელმწიფო აზროვნებაზე და მიდგომებზე. იმ საკითხებში, სადაც ლაფსუსებს ვხედავთ, რეაგირებას ვახდენთ. მინისტრის მიმართ 15 საკითხი დავსვით, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და აქ პირადი ურთიერთობები არაფერ შუაშია. მინისტრი ფიქრობს, რომ აქტიურია, 11 დეპუტატმა კი, სხვანაირად იფიქრა და ახლა ეტაპია - რომელი პოზიცია უფრო წონადია?! რეალური არგუმენტები გვაქვს, რომ საქმე ისე არ სრულდება როგორც უნდა შესრულდეს და ამას ყველანაირი მონაცემები გვაჩვენებს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ხაბარელის განცხადებით, დეპუტატებმა სპორტის მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანის დამტკიცებას მხარი ორჯერ დაუჭირეს და მაშინ, ის გახარებული იყო, დღეს შენიშვნების მიღების გამო კი ნაწყენია, პირდაპირ შეტევაზე გადადის და არადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.
„მინისტრისთვის შეურაცხყოფა ჩვენს არცერთ განცხადებაში არ მიგვიყენებია, ის კი, ჩვენ კომუნისტური რეჟიმის გადმონაშთებს გვიწოდებს, რაც ყველაზე ამაზრზენია. ეჭვი არავის ეპარება, რომ სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ. ისიც გავითვალისწინეთ, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო, რათა მინისტრს ასეთი არადეკვატური განცხადებები არ გაეკეთებინა და საზოგადოებას მისი რეალური სახე არ დაენახა. ვცდილობთ, რომ ყიფიანი რამენაირად გონს მოეგოს, დამშვიდდეს და სპორტული საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავს, რომ თითქოს, ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და ჩვენს ინტერესებს ვატარებთ. ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ეჭვი დაიბადება, რომ ეს ადამიანი ქვეყანაზე თუ ფიქრობს და სახელმწიფოებრივად თუ აზროვნებს?!“, - აღნიშნავს ხაბარელი.
კანონმდებელის ინფორმაციით, კომიტეტის მიერ გამოთქმულ შენიშნებსა და არგუმენტებს პრემიერ-მინისტრი უკვე იცნობს და ლევან ყიფიანთან მიმართებაში გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.
დღის წესრიგში ლევან ყიფიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა და მინისტრს პოსტიდან წასვლა მოუწევს თუ არა,ზვიად ზვიადაური ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს, მაგრამ ამავდროულად, კანონმდებელი არც იმას გამორიცხავს, რომ სპორტულ სამყაროში საქმიანობა ყიფიანის გარეშეც გაგრძელდეს.
for.ge-სთან საუბარში ზვიადაური სპორტის კომიტეტის დახურული სხდომის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მან მინისტრის წინაშე კონრეტული საკითხი დასვა - ყიფიანმა ძიუდოს ნაკრების წევრებს უთხრა თუ არა, რომ როდესაც, ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო, ახლა ორი პროცენტია და სპორტსმენებს პრემიები არ გამოეწერებათ.
ზვიადაურის ცნობით, მას ეს ინფორმაცია ჰაერზე არ მოუტანია და მას საკუთარი გულის ტკვილის მიზეზი თავად წამყვანმა ძიუდოისტებმა გაანდეს.
„ფედერაციები კომიტეტს ვერაფერს ვერ მოუწოდებენ. კომიტეტს მინისტრის მიმართ კითხვები ჰქონდა, ის კომიტეტში დავიბარეთ და მისგან პასუხები ვერ მივიღეთ. მან ჩემს მიერ დასმული ფაქტი უარყო, მაგრამ ეს საკითხი ჰაერზე არ მომიტანია. ჩემთან მოჭიდავეები გულის ტკივილით მოდიან და მესაუბრებიან, რომ იქნებ, მათ რამენაირად გვერდზე დავუდგე და მინისტრს რამე შევასმინო. სპორტსმენები ამბობენ, რომ მათ მინისტრისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, ასევე სპორტსმენებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის ნორმალური კომუნიკაცია არ არის, ისევე როგორც სპორტსმენებსა მინისტრს შორის. რაშიც კომპეტენტური ვარ, სხდომაზე ის კითხვები დავსვი და მან სპორტსმენების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება უარყო. ჩემს მიერ დასმული საკითხი შეგიძლიათ როგორც ძიუდოისტებთან, ასევე მწვრთნელებთან გადაამოწმოთ“, - აცხადებს ზვიადაური.
კანონმდებელის მოსაზრებით, თუკი ყიფიანი ერთი-ორი ფედერაციის პრეზიდენტთან მეგობრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფედერაციებში სიტუაცია დალაგებულია.
„ეს ადამიანი სხდომაზე დავიბარეთ და როგორც ჩანს, მას ჩვენთან რაღაც პრობლემები აქვს. ჩვენდამი მისი დამოკიდებულება იქედანაც გამოჩნდა, როდესაც თქვა, რომ საქმიანობას თქვენთან ერთად გავაგრძელებ, ან თქვენს გარეშეო. ეს რას ნიშნავდა? - მას ვუთხარი, რომ იქნებ, მუშაობა თქვენს გარეშე გავაგრძელოთ-თქო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმიანობა შესაძლოა ჩვენს გარეშე კი არა, მის გარეშე გავაგრძელოთ. ჩვენ დღის წესრიგში მისი პოსტიდან გაშვების საკითხს ვერ დავაყენებთ, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, პრემიერს დოკუმენტი უკვე გადავუგზავნეთ. პრემიერის განწყობა როგორი იქნება, არ ვიცი“, - დასძენს ზვიადაური, რომლის მსგავსად მინისტრს დეპუტატი ლუკა კურტანიძეც აკრიტიკებს და მას კორექტულობისკენ მოუწოდებს.
როგორც for.ge-ს კურტანიძემ განუცხადა, კომიტეტმა სამინისტროს საქმიანობაზე დასკვნა პრემიერს გადაუგზავნა, რომელზეც რეაგირებას თავად ღარიბაშვილი მოახდენს.
დეპუტატს მიაჩნია, რომ სამინისტროსა და კომიტეტს შორის არსებული ვითარება აჟიტირების საფუძველი არ უნდა გახდეს.
„ფედერაციის უფლებამოსილებაში არავინ ერევა და იმისათვის, რომ ფედერაციების საქმიანობა ხელშეწყობილი იყოს, შენიშვნები მინისტრმა მიიღო. ფედერაციებს სათითაოდ მოვუსმენთ და მათ კითხვებს პასუხს გავცემთ. ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. პარლამენტში სპორტის კომიტეტი იმიტომ არსებობს, რომ მინისტრისგან ანგარიში ჩაიბაროს და თუკი რაიმე შენიშვნა ექნება, გამოთქვას. მინისტრი ფედერაციებს ხვდება, მათ გაურკვეველ სიტუაციაში აყენებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის. ფედერაციებთან კომუნიკაცია გვექნება და ისინი დარწმუნდებიან, რომ მათზე ვზრუნავთ. მინისტრს შენიშვნას იმის გამო ვეუბნებით, რომ ის უფრო წარმატებული და კარგი მენეჯერი იყოს. ყველა ფედერაციას უნდა უხაროდეს, რომ მინისტრთან შეხვედრა ორიენტირებული იყო ტექნიკური შენიშვნების გამოთქმაზე“, - აცხადებს დეპუტატი.
კურტანიძის მოსაზრებით, მინისტრი პირად შეურაცხყოფაზე და სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფაზე გადადის.
„ეს იმ ადამიანის ადეკვატური პასუხი არ არის, რომელიც საქმის კეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მინისტრმა ისეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს, რომ თურმე, კომუნისტური გადმონაშთები ვართ. ყველას მოსაზრებას პატივს ვცეთ, მაგრამ მინისტრისგან მეტ პასტივისცემას, სიტყვების კორექტულობასა და სახელმწიფოებრივ მიდგომას ვითხოვთ და არა საკითხის სხვა მიმართულებით გადატანას. ჩვენი ვალდებულებაა, მას სწორი შეფასება მივცეთ და მან თავისი შეცდომები გამოასწოროს. ეს უფრო სახელმწიფოებრივია, ვიდრე ის განცხადებები, რაც გვესმის“, - განაცხადა კურტანიძემ.
აღსანიშნავია, რომ სპორტის მინისტრთან სპორტსმენი დეპუტატების გარდა, პრეტენზიები რიგით კანონმდებლებსაც აქვთ, რომელთაც ინფორმაცია გასულ კვირას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს. წყაროს ცნობით, ლუკა კურტანიძემ მთავრობის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა, რომ სპორტის სასახლის აშენება თბილისში, საბურთალოზე სასაფლაოების მახლობლად იგეგმება, რაც დიდი შეცდომა იქნება, რადგან უცხოელი სპორტსმენები სასაფლაოების გარშემო არსებულ სპორტულ კომპლექსებში გამართულ შეჯიბრებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან. ამას გარდა, კანონმდებლები იმ ფაქტსაც იხსენებენ, როდესაც ყიფიანმა ჰოკეის ფედერაციის რამდენიმე თხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა და იმის ნაცვლად, რომ ის სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა, უყურადღებობა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ სპორტის კომიტეტის დახურულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე for.ge-მ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა და მკითველს ლევან ყიფიანსა და სპორტსმენ დეპუტატებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ამცნო.