6 თვიანი დუმილის შემდეგ, ირაკლი ალასანია დღეს, 12 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე, პირველად გაასაჯაროვებს ქართულ-ფარნგული შეთანხმების ხელმოწერის დეტალებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დოკუმენტის ხელმოწერის წინ, პრემიერ-მინისტრის სახელით მას კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა და ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შეჩერება მოითხოვა.
საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მინდია ჯანელიძეს განმარტებების გაკეთება რამდენჯერმე მოუწია. თუმცა, ყველა მისი განმარტება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თავდაპირველად, თავდაცვის მინისტრი ამტკიცებდა, რომ არავითარი სატელეფონო კავშირი არ ჰქონია ალასანიასთან და შესაბამისად, ხელშკრულება, რომელზეც ალასანია საუბრობდა, ბუნებაში არ არსებობდა.
მოგვიანებით, მინისტრმა სატელეფონო კავშირის არსებობა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ალასანიასთან საუბარი განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას შეეხებოდა. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სატელეფონო საუბრისას საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არა გაუქმება, არამედ რამდენიმე დღით გადადება სთხოვა. ჯანელიძე ამბობს, რომ ალასანიას შეახსენა ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც უნდა დაეცვა.
„ვთხოვეთ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ხელმოწერის პროცედურა. არ იყო ისე, როგორც ის აცხადებს, თითქოს უარი ეთქვა ხელმოწერაზე. ჩვენი თხოვნა იყო, დაეცვა პროცედურები. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს წარმატებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რაზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებსა და საიდუმლო თემებზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა-მოთქმა იქნება, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს საკუთარ განცხადებებში დაკარგულ ინდივიდს უწოდებს და წუხს, რომ მას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჰქვია. პეტრიაშვილი ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას და თავდაცვის მინისტრს კარგად მომზადებას ურჩევს.
„ორ ფაქტს მივაქციოთ ყურადღება, „ზარი არ ყოფილა“, „ზარი იყო“. „ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს“, „ხელშეკრულებაში ყველაფერი კარგად არის“. „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით იყო შეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომ ის პარლამენტში დახურულ ფორმატში მოვიდოდა, ოღონდ კარგად იმეცადინოს, კარგად მოემზადოს, რათა თვითონ ჩამოყალიბდეს, დარეკა თუ არ დარეკა, ცხადში დარეკა, თუ სიზმარში დარეკა, იყო ხელშეკრულება თუ არ იყო და კარგად მიდის ყველაფერი, თუ არ მიდის. ძალიან მარტივია, არ მინდა მისგან არავითარი დეტალები, გასცეს პარლამენტარებს და საზოგადოებას პასუხი“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რატომ აკეთებს რადიკალურად განსხვავებულ კომენტარებს, მინისტრს ახსნა-განმარტების მიცემა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას და ანგარიშის წარდგენას გეგმავს.
for.ge-სთან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ამ კრიტიკული შესაძლებლობის განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„რაც შეეხება საფრანგეთის შემთხვევას, ბუნებრივია, კარგი არ არის პოზიციის ცვლა. აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემის და მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ანტიჯავშანსატანკო და ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება მოხდეს. ეს კომპლექსური თემებია და არა რამე კონკრეტულის ყიდვა - ეს არის პერსონალის მომზადება, დოქტრინალური განვითარება, აღჭურვილობა და ა.შ. ამაზე, ბევრად უფრო სერიოზულად უნდა იყოს მსჯელობა და არა, ცალკე ფრაგმენტირებული განცხადებები“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.
საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ნამდვილად იყო ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული და ნადვილად იყო მოკლე დროში განხორციელებადი საკითხი, ვინაიდან, ჩვენ მოკლე დროში გვემუქრება ძალიან სერიოზული საფრთხე.
„ასე მარტივადაც არ არის საქმე - ხელი მოაწერე და აყვავდება ქვეყანა, მაგრამ რაც ადრე დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესია. სამწუხაოდ, საკმაოდ დიდი დრო დაიკარგა. მითუმეტეს, რომ მარტივი არ არის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის აშენება. ჯანელიძის და ალასანიას განცხადებები უკვე პოლიტიკურ სივრცეშია გადასული, გასცდა სამხედრო სფეროს, რაც ძალიან აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.