„ოცნებამ“ სრული ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტს და შეეცადა, იზოლაციაში მოექცია“

„ოცნებამ“ სრული ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტს და შეეცადა, იზოლაციაში მოექცია“

ვანო მაჭავარიანი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადადგომის ზღვარზე იყო. მიზეზი კი, ის ბოიკოტი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კერძოდ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს გამოუცხადა. მაჭავარიანი ამბობს, რომ „ოცნება“ შეეცადა პრეზიდენტის მაქსიმალურად იზოლაციაში მოქცევას და აიძულებდნენ ეფიქრა, რომ მისი ადგილი ამ პოლიტიკურ განლაგებაში არ არის.

რატომ გადაიფიქრა პრეზიდენტმა გადადგომა, თამაშის რა წესები დაარღვია და ვინ დარჩა მოგებული მარგველაშვილი-ივნიაშვილის კონფლიქტით? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი ადასტურებს, რომ გადადგომის ზღვარზე იყო. რამ მიიყვანა პრეზიდენტი ამ ზღვართან?

- საკითხი ეხება იმ ურთიერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ზუსტად იმ კონფლიქტის შემდეგ, რომელიც წარმოიშვა ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის, როგორც პირადულ, ასევე პრეზიდენტის ფუნქციებსა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. ივანიშვილის ხედვა, რომელიც გაიზიარეს როგორც დავით უსუფაშვილმა, ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა, ცალსახად მიუთითებდა, რომ კონსტიტუციაში განსაზღვრული პრეზიდენტის როლის მიუხედავად, რომელიც შეეხება ქვეყნის თავდაცვას, საგარეო თუ შიდა თემებს, მათ უნდოდათ, პრეზიდენტისთვის მიეჩინათ ადგილი და მთელი ძალაუფლება გადასულიყო ღარიბაშვილის ხელში.

ეს თავისთავად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და იმ შეთანხმებას, რომელიც არსებობდა მარგველაშვილის პრეზიდენტობამდე. ამას მოჰყვა ზუსტად ის, რომ ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ და კერძოდ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სრული ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტს და შეეცადნენ, მაქსიმალურად იზოლაციაში მოექციათ. მას აიძულებდნენ ეფიქრა, რომ მისი ადგილი ამ პოლიტიკურ განლაგებაში არ იყო.

საკმაოდ რთულ რეჟიმში აღმოჩნდა პრეზიდენტი, როდესაც საკუთარი გუნდი ბოიკოტს უცხადებდა.

ამ ვითარებაში პრეზიდენტის თხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად გამეაქტიურებინა მუშაობა საგარეო მიმართულებით, რათა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მაინც ყოფილიყო ჩართული, რომ თავისი უფლებამოსილება შეესრულებინა და არ აღმოჩენილიყო სრულ ბლოკადაში.

შეძელით გადაგეწონათ ის ბოიკოტი, რომელიც მოდიოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან?

- რასაკვირევლია. ჩვენ გადავწონეთ ის გარემეობა, რომელიც მოდიოდა მთავრობის მხრიდან, რომ მარგველაშვილს თავი არ ეგრძნო ზედმეტად და, რომ ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. მიუხედავად  დიდი ზეწოლისა, მაინც შევძელით, რომ პრეზიედნეტს ეს ზეწოლა გადაელახა და საერთაშორისო არენაზე ყოფილიყო წარმოდგენილი.

რა სახის ზეწოლა იყო პრეზიდენტზე და ვინ იყო ამის ინიციატორი?

- პრობლემა დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის ვერ შედგა შეთანხმება კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ფუნქციების აღსრულებაზე. ივანიშვილის პოზიციიდან გამომდინარე, პრეზიდენტს თავი უნდა ეგრძნო, რომ ის ზედმეტია ამ ვითარებაში, რადგან მან დაარღვია ე.წ. არაფორმალური წესები, რომლის შესახებ მხოლოდ ივანიშვილმა იცის. გარკვეულ გაუგებრობაში აღმოჩნდა აღმასრულებელი ხელისუფლებაც, არ იცოდნენ რა უნდა ექნათ. მთავრობა ყველანაირად ერიდებოდა როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ კონტაქტს პრეზიდენტთან. მეტიც, იყო მთელი რიგი მცდელობა, რომ საერთაშორისო დონეზე დაბლოკილი ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტები.

ცალსახად იყო საუბარი, რომ ყველა საერთაშორისო ვიზიტზე, პირველ რიგში, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი. პარალელურად, შეიქმნა პრობლემა პრეზიდენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. კანცელარიის ერთ ოთახში იყო პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც დაგეგმილი იყო ორმხრივი ვიზიტები და პრეზიდენტს არ ეძლეოდა საშუალება, რომ განეხორციელებინა მისი საქმინობა საერთაშორისო მიმართულებით.

როდესაც შენ ხარ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე და არ გეძლევა საქმის სრულფასოვნად შესრულების საშუალება, ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის ის რთული თემა, რომელიც უნდა დაძლიო. ჩვენ შევძელით და საერთაშორისო მიმართულებით ეს სიტუაცია მოვაბრუნეთ.

რამდენად შენარჩუნებულია ეს მდგომარება საერთაშორისო მიმართულებით? ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას არ ესწრებოდა მთავრობა, მაგრამ წარმოდგენილი იყო დიპლომატიური კორპუსი...

- ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ეს თემა გასცდა საქართველოს ფარგლებს. ეს კითხვა დაისვა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის მხრიდანაც. ეს თემა კითხვის დონზე ყოველთვის იყო საერთაშორისო ვიზიტის დროს - რატომ არ არიან მთავრობის წევრები ოფიციალურ დელეგაციებში, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყის შეგნით?

მაგალითისთვის გეტყვით, ძალიან სერიოზული უხერხულობა შეიქმნა საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. გაფართოებულ შეხვედრას, რომელიც გაიმართა, არც საგარეო საქმეთა მინისტრი და არც მათი სხვა კოლეგები არ დაესწრნენ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებსაც. ამ ვითარებაში პრეზიდენტი იქნება თუ სხვა, ფიქრობს, თუ რა არის გამოსავალი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.  პრეზიდენტს, ჩვენ, მისი გუნდი დავუდექით გვერდით და ვუთხარით: იმისთვის ხარ პოლიტიკური ლიდერი, რომ გადადგა გაბედული ნაბიჯები, იგრძნო, რომ სახელმწიფო ვალდებულება გაქვს, რომელიც შენ უნდა შეასრულო. ზუსტად, ეს იყო ის გარემოება, რომელშიც პრეზიდენტს გვერდით დავუდექით, რომ მას სწორი გადაწყვეტილება მიეღო და არ ეფიქრა სხვა სცენარებზე, გარდა იმისა, რომ გაეგრძელებინა მისი საქმიანობა.

იმ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტური დაკნინებულია, ხოლო იზრდება მისი, როგორც პრეზიდენტის რეიტინგი, გავლენა მოახდინა მთავრობის ბოიკოტმა? არც პარლამენტში გამოცხადდა მთავრობა...

- ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ის დაძაბულობა და კონფრონტაცია ამოწურული არ არის. ეს არ წყდება მინისტრების თუ პრემიერის დონეზე - ჩვენ გვახსოვს როგორ მიესალმნენ ერთმანეთს პრემიერი და პრეზიდენტი მარნეულში. ცხადია, ასეთი დამოკიდებულება, პირველ რიგში, აზარალებს „ქართულ ოცნებას“. საზოგადოებას კარგად ახსოვს იმ გზავნილის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ლიდერებმა პრეზიდენტს შესთავაზეს, რომ მათი ერთიანობა ხელს შეუწყობდა პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არ ხდება.

პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ საქმის კურსში იყო პარლამენტის თავმჯდომარე?

- რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო დავით უსუფაშვილი და ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. პარლამენტის თავმჯდომარე, ფაქტობრივად შუამავალი იყო ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და მარგველაშვილს შორის.

დავით უსუფაშვილი ცდილობდა ვითარების განმუხტვას?

- ცდილობდა თუ - არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია მივიდა იმ ვითარებამდე, როდესაც პოლიტიკურმა გუნდა პრეზიდენტი ძალიან რთულ ვითარებაში მოაქცია - რამდენად შეძლებდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ამაზე ღიად მიდიოდა საუბარი ადმინისტრაციაში და ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან თუ სხვასთან.

შარშანდელისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში არ შეეგება და საკუთარი ადგილიდან მიესალმა პარლამენტში მისულ პრეზიდენტს. დავით უსუფაშვილის ეს ჟესტი რისი მანიშნებელი იყო?

- მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ივანიშვილის ფავორიტი იყო მარგველაშვილი და ზუსტად ამან განაპირობა, რომ ის გახდა პრეზიდენტი. დღეს, მარგველაშვილი არ არის ივანიშვილის ფავორიტი, ეს ადგილი შეავსო უსუფაშვილმა. ყველაზე მეტად ამ კონფლიქტისგან ისარგებლეს სწორედ უსუფაშვილმა და ხიდაშელმა. ფაქტია, რომ საკანონმდებლო მიმართულებითაც ვლინდებოდა სირთულეები, ვეტო იქნებოდა თუ პრეზიდენტის გამოსვლა. ამ ყველაფერში უსუფაშვილი შეიძლება ღიად არა, მაგრამ აქტიურად იყო ჩართული.

ის განცხადებები და ქმედებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ - უსუფაშვილის არდახვედრა, ხიდაშელის შემდგომი შენიშვნა პრეზიდენტის მიმართ, რომ მან უნდა დაალაგოს ურთიერთობა პრემიერ-მინისტრთან... ოღონდ, ხიდაშელმა არ მიუთითა რომელ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა... მან ძალიან კარგად იცის, რომ აქ პრობლემა არაა ღარიბაშვილი, აქ პრობლემაა მარგველაშვილი-ივანიშილის ურთიერთობა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ცოლ-ქმარმა დაიკავა ფავორიტის ადგილი.

ახლა, ისინი ივანიშვილთან სიახლოვეს მაქსიმალურად გამოყენებენ თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების გასახანგრძლივებლად, რადგან იციან, რომ რეალურად, თავიანთი პოლიტიკურ პარტიის რეიტინგის პირობებში, ვერ შეძლებენ არჩევნებში გამარჯვებას. მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბარლოდ, ფაქტი სახეზეა, ყველაზე მეტი სარგებელი აქედან დავით უსუფაშვილმა მიიღო.

მარგველაშვილი რითი უშლიდა უსუფაშვილს ხელს, რომ ივანიშვილთან დაელაგებინა ურთიერთობები, მითუმეტეს, რამდენადაც ცნობილია, ივანიშვილი ყოველთვის ანგარიშს უწევდა უსუფაშვილს, როგორც  ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკოსს?

- აქ საუბარია ბიძინასთან პიროვნულ ურთიერთობაზე. გიორგი ბიძინასთვის იყო ფავორიტი. იყო მთელი რიგი პოლიტიკური თემები, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, მათ შორის იყოს სასაუბრო თემა. იმის შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი წარმოიშვა, ეს ადგილი ივანიშვილმა შეავსო უსუფაშვილით და უსუფაშვილმაც ეს როლი მოირგო საკუთარ თავზე. დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რაც უფრო ახლოს ხარ ივანიშვილთან, მით უფრო პოლიტიკური წონა გაქვს და შეგიძლია ბევრი თემა გაიტანო. ფაქტია, რომ ის ადგილი, რომელიც მარგველაშვილს ეკავა ივანიშვილთან ურთიერთობაში, დაიკავა უსუფაშვილმა.

დაიკავა როგორც დავით უსუფაშვილმა და არა როგორცრესპუბლიკური პარტიისწარმომადგენელმა?

- რა თქმა უნდა. პოლიტიკური ლიდრების ნაკლებობის პირობებში, ცალსახად უსუფაშილი გახდა მისი ერთ-ერთი პოლიტიკური მოსაუბრე თუ პარტნიორი. ცალსახაა, რომ ღარიბაშვილს არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება.