„არ მგონია, დღეს ღარიბაშვილის ფიგურაზე „კბილის დასობა“ მიზანშეწონილი იყოს“

„არ მგონია, დღეს ღარიბაშვილის ფიგურაზე „კბილის დასობა“ მიზანშეწონილი იყოს“

„ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი პარლამენტში გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ.

მოკლედ, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას მთავრობის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. რითი შეიძლება დასრულდეს სახელისუფლებო შტოთა მორიგი ჭიდილი, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ვიდრე პრემიერისა და პრეზიდენტის მორიგ დაპირისპირებას შევეხებით, მთლიანობაში როგორი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რაც ხდებოდა პარლამენტში პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლისას?

- ამ კონსტიტუციის მოტრფიალე არ ვარ და ვთვლი, რომ იმ საკონსტიტუციო არეულობის ფონზე, რაც საქართველოშია დამოუკიდებლობის დღიდან, ეს ყველაზე უფრო არეული ვარიანტია კონსტიტუციისა და ამ არევის ერთ-ერთი თვალშისაცემი ელემენტია პრეზიდენტის ადგილი სახელმწიფოში. თან, საანგარიშო მოხსენება არის ძველი ტრადიციით და ამ დროს პრეზიდენტს ძველი უფლებები აღარ აქვს. ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რა პროცედურაა ეს საანგარიშო მოხსენება. აქტუალურ თემებზე მოხსენება არ არის ის, რომლითაც პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს დაკავებული - სულ არის ამ თემებზე საუბარი მედიაში. ამიტომ ჩემთვის ინსტიტუციონალურად ეს მოვლენა არის ხარვეზი, იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოვა პრეზიდენტი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მისი ერთ-ერთი კარგი გამოსვლა იყო.

ამის მიუხედავად, მარგველაშვილი საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს შეეხო...

- ყველა თემა აქტუალური იყო. საყვედურობენ, რომ მხოლოდ პრობლემების ჩამონათვალი იყო და რეკომენდაციები ნაკლებად ჩანდაო - ამ ფორმატში ფართე ანალიზსაც და პრობლემების გადაჭრის გზების მითითებასაც ადამიანი ვერ მოახერხებდა. ერთადერთი, რაც თვალშისცემი იყო, ესაა კრიტიკულობა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების მიმართ და ამაზე გამოჩნდა კიდეც რეაქცია.

პრემიერ-მინისტრმაც და მინისტრებმაც ფაქტობრივად, პუნქტობრივად გასცეს პასუხი პრეზიდენტს. „ცარიელი სკამებიდანგამომდინარე, თუ მნიშვნელოვანი არ იყო მარგველაშვილის გამოსვლა, შემდეგ, მინისტრები, ლამის, მთელი დღის განმავლობაში რატომ პასუხობდნენ?

- გამოსვლა არ არის მნიშვნელვანი გამომდინარე იქიდან, რომ რეალური ძალაუფლება არ აქვს პრეზიდენტს - ანუ, რასაც დასახავს, იმას ვერ განახორციელებს - ამ თვალსაზრისითაა ძალადაკარგული მისი გამოსვლა და პოზიცია, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფოს პირველი პირია და საელჩოების მთელი კორპუსი ესწრებოდა ამ გამოსვლას, მედიაში გაშუქდა, საგარეო და საშინაო საზოგადოებრივ ჭრილში მისი გამოსვლა უდავოდ მნიშვნელოვანია.

როგორც გამოჩნდა, პრემიერ-მინისტრს ძალიან არ მოეწონა პრეზიდენტის კრიტიკა...

- მარგველშვილმა საერთოდ აირჩია იმ ტიპის პრეზიდენტის როლი, რომელიც ერთნაირადაა კრიტიკული ყველა სახელმწიფო სტრუქტურისადმი და ცდილობს, იყოს ნეიტრალური. რაც ამ ნეიტრალური პოზიციიდან დაინახა - თქვა.

ღარიბაშვილის მსგავსად, მეც მიმაჩნია, ალბათ, აჯობებდა, სადაც ხელი მიუწვდებოდა, კრიტიკის ადრესატის პოზიცია გაეგო და შემდეგ ჩამოეყალიბებინა აზრი, უფრო კოლეგიალური იქნებოდა და უცხოსავით გაკეთებული შენიშვნები არ იქნებოდა - უფრო პროდუქტიულიც აღმოჩნდებოდა მისი შრომა.

შორიდან ჩანს, რომ მას ამის საშუალება ნაკლებად აქვს, ანუ მთავრობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა იგრძნობა...

- ტელეფონით დაკავშირება და მთავრობის წევრებთან შეხვედრა შესაძლებელი მგონია და, თუ მთავრობა ამაზე უარს განაცხადებს, ესეც გამოჩნდება. სასურველია ჩვენი ხელისუფალნი ერთმანეთს კორექტულობაში ეჯიბრებოდნენ და არა კრიტიკულობაში. კრიტიკული ბევრია, ამიტომ სასურველია, ქართულ პოლიტიკაში კორექტულობის მეტი დოზა გაჩნდეს.

მეორე მხრივ, პრეზიდენტის კრიტიკულობის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ასეთი ორთაბრძოლის გამართვაც არ იყო საჭირო და თუ ერთმა ვერ მოზომა, მაშინ მეორე მხარეს უნდა მოეზომა და ორთაბრძოლაში არ ჩაბმულიყო ის ორი პირი, რომელთა დაპირისპირებაც ცოტა უხერხულია.

საკმაოდ ხისტი პასუხები გაისმა ღარიბაშვილის მხრიდან, როგორც მან აღნიშნა მთავრობის კომპეტენციაში უხეშად არავინ არ უნდა ჩაერიოს, ეს პრეზიდენტი იქნება თუ პარლამენტი. დაძაბულობის ახალი ტალღა ხომ არ იწყება ხელისუფლების შტოებს შორის?

- როგორც ჩანს, ახალი ტალღა წამოვა, არადა იყო ამ დაძაბულობის ჩაქრობის შანსი, აზერბაიჯანის დღესასწაულებზე დასწრების შემდეგ და მქონდა იმედი, რომ ხელახლა თავს არ წამოყოფდა დაპირისპირების მცდელობა - სამწუხაროდ, შემეშალა.

ხელოვნურად წამოწეული დაპირისპირება ხომ არ არის? ფაქტოვრივად, მთავრობა თავის მართლების პოზაშია ხან პარლამენტთან, ხან ოპოზიციასთან, ხან საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან და .. ამ ყველაფრის გადაფარვა პრეზიდენთთან დაპირისპირებით ნაკლებად მტკივნეული ხომ არ არის მთავრობისთვის?

- მთავრობის როტორიკულ სტილს გააჩნია. გეთანხმებით, რომ ყველა მიმართულებით თავის მართლების პოზიცია მომგებიანი არ არის. თქვენ გამოგრჩათ კიდევ ერთი სუბიექტი, რომელთანაც მუდმივად თავის მართლების პოზიციაშია მთავრობა - ეს არის მედია. მომგებიანი არ არის არა იმიტომ, რომ მართალი ან მტყუანი სად არის, ის არ გაირკვევა, არამედ იმიტომ, რომ როდესაც თავს იმართლებ, რაღაცნაირად, დაჩაგრულის პოზიციაში ვარდები.

პრეზიდენტსაც და ოპოზიციასაც შეეძლო მეტი აქცენტი გადაეტანა იმაზე, თუ რას აკეთებს მთავრობა და ამასაც საყვედურობენ ამ მთავრობას, რომ კარგად ვერ გვაწვდის ინფორმაციას მის მიერ გაკეთებული კარგი საქმეების ირგვლივ.

გააკეთოს აქცენტები პოზიტივზე და არა ნეგატივზე, იმიტომ, რომ რაც მძაფრი იქნება რეაქცია კრიტიკაზე, მით მეტი მოინდომებს გაკრიტიკებას.

ხომ არ არის მოსალოდნელი პრემიერის პოზიციების შესუსტება? იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა შს სამინისტროში - ღარიბაშვილის კადრების ჩანაცვლება, მისი გაუთავებელი კრიტიკა, არის მიმანიშნებელი, რომ მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება იგეგმება? როგორც კულუარებში აბობენ, ეს ყველაფერი ყოფილი პრემიერის ინიციატივით ხდება...

- მოარულ ხმებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც არ უნდა იყოს პრემიერი და მის უკან მდგომი, მგონია, რომ არჩევნების წინ ასეთ ცვლილებებს არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კრიტიკაც მოიმატებს, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურის მოხსნა არჩევნების წინ, როგორიც პრემიერ-მინისტრია, სერიოზული დარტყმა იქნება მთელი სახელმწიფო ვერტიკალისთვის. ამიტომ არ მგონია, რომ ასეთი ცვლილებები მოსალოდნელი იყოს. არ მგონია ისეთ სიტუაციაში, როგორიც დღეს არის შექმნილი, პოლიტიკურად გამართლებული იყოს ისეთი ფიგურის გადაყენება, რომლის შეცვლაც ზიანს მიაყენებს ცალკე მმართველ გუნდს, ცალკე ივანიშვილის ფიგურას - ბოლოს და ბოლოს, მისი გადაწყვეტილებებითაა ეს ხალხი დანიშნული.

გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ცვლილებები მოხდეს უშუალოდ არჩევნების წინ, ოღონდ ამას უნდა ჰქონდეს სხვა ფონი და სხვა ტიპის პიარი, რომ მოსახლეობისათვის ეს ცვლილება პოზიტივის მაჩვენებელი აღმოჩნდეს და პლუსად ჩაუთვალოს ამ ხელისუფლებას.

შეიძლება თუ არა ეკონომიკური პროლემები აღმოჩნდეს მთავრობის ცვლილებების მაპროვიცირებელი? - ეკონომიკური კეთილდღეობის მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო და სწორედ ამ მიმართულებითაა ყველაზე დიდი გარღვევა... ამ მიმართულებითაც ბევრი თავის მართლება მოვისმინეთ მთავრობის სხდომაზე...

- ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გამოიყენო ცვლილებებისთვის. ორი ძირითადი ხაზია მთავარი ჩვენი სახელმწიფოსთვის - თავდაცვისუნარიანობა და ეკონომიკა, თუკი რომელიმე მათგანში კრიზისი გაჩნდა, ბუნებრივია, ამ კრიზისის აღმოფხვრას შეეცდებიან.

პოლიტიკურად რამდენად გამართლებული იქნება?

- სწორედ იმას ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას რამდენად სწორად მიაწვდიან ცვლილებების მიზეზს. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჯერ მოსახლეობაში უნდა გაჩნდეს რწმენა, რომ ეს პოზიტივისკენაა მიმართული და არ არის მორიგი მარცხი. იმას, რომ ასეთი ცვლილებები გამარჯვებად იქნას აღქმული და არა მარცხად, სხვა ტიპის მუშობა და სხვა ფონი სჭირდება.

ვინ უნდა გააკეთოს ეს?

- ჯერჯერობით პიარის არანაირი ინსტრუმენტები არ ჩანს. როგორც ამბობენ, არც ერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებენ. კი ბატონო, ეს დადებით მომენტად აღიქმება, მაშინ პრესკონფერენციების მუდმივი რეჟიმით შეიძლება ამისი გაკეთება და ა.შ.

ინსტრუმენტები გასაგებია, ავტორი ვინ უნდა იყოს? ბიძინა ივანიშვილი? პარლამენტი?

- საზოგადოებრივ აზრზე, როგორც წესი, მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც გეგმავს რომელ ეტაპზე რას უნდა მიაღწიოს, რა გზებით შეიძლება საზოგადოებრივი აზრის მომწიფება და ა.შ. ასეთი ჯგუფი არსებობს თუ არა, არ ვიცი.

პერსონალურად ერთი პიროვნება ამ ყველაფერს შეიძლება აკეთებდეს, ასე იყო მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მაგრამ მასაც არ გაუმართლა. მიშას დამარცხებას ხალხი ზეიმით შეხვდა - მასაც კი არ უვარგოდა პიარი. პროფესიული პიარის კეთება საკმაოდ სერიოზული საქმეა.

ინიციატორი ვინ შეიძლება იყოს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენების უფლება ვის აქვს?

- ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, ბიუჯეტი დამტკიცებულია ამას ვერ მოიმიზეზებენ - ვფიქრობ, ერთადერთი გზა რჩება, ღარიბაშვილმა თვითონ უნდა თქვას უარი, როგორც თავის დროზე ივანიშვილმა გაკეთა ეს, მაგრამ არ მგონია, ღარიბაშვილის ფიგურის რესურსები ამოწურული იყოს, ან მისი ჩასანაცვლებელი ფიგურები იყოს მზად. ამიტომ არ მგონია, რომ დღეს ღარიბასვილის ფიგურაზე „კბილის დასობა“ მიზანშეწონილი იყოს.