პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ზეწოლაზე საუბრობს, უმრავლესობის ნაწილს მისი სჯერა, მეორე ნაწილი მის კონსტიტუციურ უფლებებზე აპელირებს, უმცირესობა კი, გასულ წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განვითარებულ მოვლენებზე აქცენტირებს.
ქვეყნის პირველმა პირმა მის მიმართ პოლიტიკოსების დამოკიდებულებებზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა და არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, რომ პოსტზე არჩევიდან რამდენიმე თვეში, ის ზეწოლის გამო გადადგომაზე ფიქრობდა. მარგველაშვილის განცხადებით, მთელი წლის განმავლობაში, მასზე ზეწოლა გრძელდება და ეს ის ღია კრიტიკაა, რომლის მომსწრეც საზოგადოებაა.
„ის საკითხები, რომელზე მსჯელობაც დახურულ კარს მიღმა ხდება, იქ რჩება. ალბათ, წლის განმავლობაში ჩემზე ზეწოლა გრძელდება და ეს მარტო ერთ კონკრეტულ მომენტში არ იყო. ეს ის პირდაპირი ზეწოლაა, რომელსაც ყველანი ვხედავთ. ეს კულუარული პროცესი არ არის. ეს ის ღია კრიტიკაა, რომელსაც ყველა ვისმენთ. ამას აბსოლუტურად მშვიდად ვუყურებ და მგონია, რომ ამ კრიტიკასაც პოზიტიური გავლენა აქვს და ამ კრიტიკის მიმართ ჩემს თმენასაც“, - დასძენს მარგველაშვილი.
პრეზიდენტის შეფასებით, პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ ის რომელიმე პარტიის წევრი არ არის და ვალდებული არ არის, უმცირესობის ან უმრავლესობის დღის წესრიგს შეეხმიანოს.
„ყველას პრეზიდენტი ვარ და ამიტომ, ხშირად ჩემს გამონათქვამზე ზედმეტად ეჭვიანობენ. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, რომ ამ ყველაფერს სწორი გზა რბილად მივცე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლისგან განსხვავებით, ზეწოლის ფაქტებზე მეტ ინფორმაციას ასაჯაროვებს ოპოზიციონერი მიხეილ მაჭავარიანი.
for.ge-სთან საუბარში მაჭავარიანი აცხადებს, რომ გასულ წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანი მივიდა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს კონკრეტულად შესთავაზა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. მაჭავარიანი ამ ადამიანის ვინაობას არ ასახელებს და ამბობს: „ზუსტი ინფორმაცია საიდან მაქვს, ალბათ, ამას ხვდებით. შარშან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თუ რა ხდებოდა არ ვიტყვი და თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ პრეზიდენტთან ადამიანი იყო მისული, რომელმაც მას კონკრეტულად შესთავაზა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. ამას პრეზიდენტი არ დათანხმდა და ახლა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. მას აგრძნობინებენ, რომ არაფერი არ არის. მარგველაშვილი ამას თავს ართმევს, მაგრამ მათ პრეზიდენტის მდგომარეობა იციან და ამას განაგრძნობენ. ძალიან ძნელია, რომ ადამიანმა ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლოს, მაგრამ თუკი პრეზიდენტი ხარ და არა კომენტატორი, ამას თავს გაართმევ“, - აღნიშნავს მაჭავარინი.
დეპუტატის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა, მან თავის გუნდის წევრებს დავალებები მისცა, რომ ეს ადამიანი არაფრად არ ჩაეგდოთ.
„პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას ცარიელ სკამებს ნახავდით და საუბრები იყო ვინ იქნება პირველი ლედი, ვინ სად წავა და ა.შ. ეს ყველაფერი კონსტიტუციაში წერია, მაგრამ ამაზე ჭიდაობა მაინც მიმდინარეობს. გასულ წელს, სანამ მარგველაშვილი პარლამენტში მოვიდოდა, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო, რომ მას წასვლის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. მან ეს არ თქვა, მაგრამ მოუწევს ის წაიკითხოს, რაც მე ვიცი“, - დასძენს მაჭავარიანი, რომლის მსგავსად, მთავრობას პრეზიდენტის უპატივცემულობაში ამხელს ნუგზარ წიკლაური.
როგორც for.ge-ს წიკლაურმა განუცხადა, საზოგადოება ხედავს, რომ პრეზიდენტის მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს.
კანონმდებელის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება აქვს, რომ ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე ზეწოლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოახდინოს, რომ გიორგი მარგველაშვილი მის პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამება.
„ქვეყანაში რეალურად არაფორმალური მმართველობა არსებობს, პირამიდის სათავეში კი დგანან არა ის ადამიანები, რომლებიც ხალხმა აირჩია, არამედ ბიძინა ივანიშვილი“, - დასძენს წიკლაური.
პრეზიდენტის განცხადებას ეჭქვეშ არ აყენებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მარგველაშვილზე ზეწოლას ვინ და როგორ ახორციელებს ამის მიხვედრა შეიძლება.
„პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა მცდელობა იყო, რომ ის რომელიმე პარტიის ლიდერი არ ყოფილიყო და თავი ყველას პრეზიდენტად წარმოედგინა. არის თუა რა მასზე ზეწოლა? - ალბათ, მას უნდა დავუჯეროთ, რადგან ამის შესახებ საჯაროდ ცოტაა საუბარი და ბევრია მითქმა-მოთქმა. პრეზიდენტზე ზეწოლას ვინ და როგორ ახორციელებს ამის მიხვედრა შეიძლება, მაგრამ დადასტურება წარმოდუგენელია. რა თქმა უნდა, თვითონ იცის. მეეჭვება, რომ პრეზდენტმა რაიმე მოიგონოს. იგი ივანიშვილმა გააკრიტიკა, რაც მძიმე იყო, მაგრამ პრეზიდენტმა ეს კრიტიკა გადაიტანა და მან ამის შემდეგ გარკვეულწილად, თავისი თავის ძიება დაიწყო და იპოვა კიდეც“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის შარშანდელი გამოსვლა ისეთივე დამაჯერებელი არ იყო, როგორც წლევანდელი.
„წლევანდელი გამოსვლა უკეთესი იყო. მან მთავრობასთან ურთიერთობა ისე უნდა მოაწყოს, რომ ისინი სხდომას დაესწრონ, რადგან მთავრობას სხდომაზე დასწრებას კანონი არ ავალდებულებს. ამ კუთხით წარმატების მიღწევა მარტო მარგველაშვილს შეუძლია, რადგან ის პრეზიდენტი და მთავარსარდალია. მან იმას უნდა მიაღწიოს, რომ მისი ავტორიტეტი მარტო ხალხში კი არა, მთავრობაშიც გაიზარდოს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ცივილური ურთიერთობები იყოს და ვინაიდან, პრეზიდენტი ხელისუფლების არანაირ შტოს არ წარმოადგენს, მან სხვებთან შერიგება უნდა შეძლოს. ამ თვალსაზრისით, მისი ძალისხმევა 99 პროცენტია, მთავრობის - ერთი“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა უნდა დალაგდეს.
როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, როგორც ჩანს, პრეზიდენტს მხედველობაში აქვს მთავრობის მხრიდან მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.
„ეს უმჯობესი იქნებოდა ქვეყნისთვის და მათთვისაც. ორივე მხარეს პასუხისმგებლობა აქვს, რომ კომუნიკაცია გააუმჯობესონ, რადგან მოქალაქეებმა ამ პრეზიდენტს, ამ მთავრობასა და ამ პრეზიდენტს სახელმწიფო ჩააბარეს. საუბარი, რომ ვიღაც მასზე ზეწოლას ახორციელებს ან არა, ეს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. შედეგისთვის დათმობაზე როგორც მთავრობა, ასევე პრეზიდენტი უნდა წავიდეს“, - განაცხადა კორძაიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია მარგველაშვილს ნორმალურ პრეზიდენტად და ადამიანად აფასებს.
for.ge-სთან საუბარში ქანთარია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი განათლებული პიროვნებაა, რომელსაც საკითხების სიღრმეებში წვდომა შეუძლია და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკაც ჩვეულებრივი პროცესი უნდა იყოს. ქანთარია თვლის, რომ თუ პრეზიდენტს ზედმეტ შენიშვნაზე განცდა უჩნდება, შეუძლია, შენიშვნა არ გაიზიაროს.
„აჟიოტაჟის საგანს ვერ ვხედავ. არანორმალური პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ნორმიდან გადასული იყო“, - განაცხადა ქანთარიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და მანანა კობახიძე პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აქცენტს მის კონსტიტუციურ უფლებებზე და მის კომფორტულ მდგომარეობაზე აკეთებენ.
როგორც for.ge-ს ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, შესაძლოა, პრეზიდენტის იგნორირება ხორციელდება, მაგრამ არა ზეწოლა.
მისი განმარტებით, ახალი კონსტიტუციური სისტემით, პრეზიდენტი მოდარაჯე გახდა და არა პროცესების წამყვანი.
„მას კონსტიტუციით მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს. ის საომარი მოქმედებების დროს მთავარსარდალია და ამავდროულად, მას პარლამენტისთვის რამდენიმე თანამდებობის პირის ნომინირების უფლებაც აქვს. ასევე მას კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს, ისევე როგორც ხელის მოწერის“, - აცხადებს ქუცნაშვილი, რომლის მსგავსად for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებებზე აპელირებს.
კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტს წინამორბედისგან განსხვავებით, სრულიად განსხვავებული როლი და ადგილი აქვს და ის ბევრად უფრო კომფორტულ მდგომარეობაშია, ვიდრე მთავრობა.
„მას პასუხისმგებლობა არ აქვს ქვეყნის მართვასა და ისეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის - ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის შევსება, ინვესტიციების მოზიდვა, ლარის კურსის ვარდნა, კრიმინალთან ბრძოლა და ა.შ. როცა პრეზიდენტი ქვეყნის მართვაზე არ ხარ პასუხისმგებელი, ძალიან ადვილია ამ პოზიციიდან მთავრობის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა“, - აცხადებს კობახიძე.
კანონმდებელის მტკიცებით, პრეზიდენტის მხრიდან რა ზეწოლაზეა საუბარი მისთვის გაურკვეველია.
„მას პასუხისმგებლობა არ აქვს, ტვირთი მთავრობაზეა. ყველას პრეზიდენტი ნამდვილად არის და ის არცერთი პარტიის წევრი არ არის. მისთვის არავის მოუთხოვია, რომ კოალიციის მხარდამჭერი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი კანდიდატი იყო და თავიდან ბოლომდე ჩვენს ღირებულებებს იზიარებდა. ის იყო კოალიციის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი და წარმატება ამან განაპირობა“, - აცხადებს დეპუტატი.
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტიდან მარგველაშვილის გადადგომის საკითხი არსად განიხილებოდა.
„გაბუნიას მხრიდან ჭორებზე დამყარებული კითხვა დაისვა და არ მგონია, ამ ჭორებს უნდა გამოვეკიდოთ. მას გადადგომის სურვილი რატომ უნდა ჰქონოდა, როდესაც ის იმ კონსტიტუციური წესრიგიდან გამომდინარე ძალიან კომფორტულ მდგომარეობაშია?! ბევრად უკეთესი პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი გვყავს, ვიდრე წინამორბედი იყო. როცა რამე არ მოგვწონს, პრეზიდენტს ღიად ჩვენც ვაკრიტიკებთ და ისიც გვაკრიტიკებს“, - დასძენს კობახიძე.