ლარის კურსი ვალს ზრდის

ლარის კურსი ვალს ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.5 მლრდ აშშ დოლარია და მშპ-ს 81.4 პროცენტია. თუკი ვალს ახლა გადავითვლით, დავინახავთ, რომ გაცილებით საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს. ლარის კურსის დევალვაციამ ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშებული საგარეო ვალის მოცულობა საგრძნობლად გაზარდა.

აღნიშნული 13.5-მილიარდიდან სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 35.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 251.8 მლნ აშშ დოლარია, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 829.3 მლნ აშშ დოლარი და 578.7 მლნ აშშ დოლარი. საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.7 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისმა ვალმა - 2.8 მლრდ აშშ დოლარი.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მშპ-ს 51.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.2 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 19.2 პროცენტია.

ეს 2014 წლის მონაცემებია და მას შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ლარის დევალვაციამ ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშებული საგარეო ვალი მკვეთრად გაზარდა. რამდენადაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ლარშია, გამოდის, რომ საგარეო სესხის მომსახურებისთვის გაცილებით მეტი თანხა უნდა გადავიხადოთ, ვიდრე 4-5 თვის წინ.

კურსის ვარდნამ ქვეყანის სამთავრობო ვალი 1,9 მლრ ლარით გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი, 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, დოლარში შემცირდა (4,072 მილიარდი დოლარი), ეროვნულ ვალუტაში იგი მკვეთრად გაიზარდა. ლარის დევალვაციამდელი კურსით თუ ვიანგარიშებთ (1,75), ვალის მოცულობა 7,126 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. დღესდღეობით კი (კურსი - 2,22 ლარი) სამთავრობო ვალი 9,030 მლრდ ლარამდე გაიზარდა, სხვაობა თითქმის 1,9 მლრდ ლარია.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის ბოლოსთვის საქართველოს მთლიანი სახელმწიფო საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში 8,371 მლრდ ლარი იყო, ხოლო თებერვლის ბოლოს - 8,819 მლრდ ლარი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ვალის მოცულობა მართლაც მომატებულია, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის განმავლობაში ლარის კურსი დასტაბილურდება და ფინანსთა სამინისტროს ვალის მომსახურებისთვის დაგეგმილზე ბევრად მეტის გადახდა არ მოუწევს.

„ჩვენ ვალს ვიხდით დოლარში, შესაბამისად, ვალის მომსახურებისას უფრო მეტი ლარის გადახდა მოგვიწევს. იგი მთელ წელიწადზეა გაწერილი და მაღალ კურსში მცირე ნაწილი მოხვდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბიუჯეტს დააწვება. უპრიანი იქნებოდა, ბიუჯეტის გადახედვისას დონორებთან მოხდეს ვალის მომსახურების საკითხის განხილვა, რათა ეს ტვირთი შემსუბუქდეს“, - აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადურიც ადასტურებს, რომ ლარის დევალვაციის გამო საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა. ეს განცხადება ხადურმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„საგარეო ვალის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გვაქვს, ლარის კურსის ცვლილება კი იწვევს მის ზრდას. ამჟამად, ვალი გაზრდილია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვალი შემცირებულია დოლარში, რადგან ვალის ნაწილი აღებული გვაქვს ევროში და სხვა ვალუტებში, რომელთა მიმართაც ლარის პოზიცია არ შეცვლილა, ხოლო დოლარი გამყარებულია“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.