კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი, ადვოკატების შუამდგომლობით დაიწყო. დაცვის მხარის შუამდგომლობა ეხებოდა ორი პროკურორის ლევან ბაჩიაშვილის და ზვიად გუბელაძე აცილების საკითხს, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეში მონაწილეობდნენ როგორც ზედამხედველი პროკურორები.
ორივე პროკურორი დაცვის მოწმეთა სიაში ჰყავს, თუმცა მოსამართლე დავით ჯუღელმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ჯერ სასამართლო მოწმეთა დაშვებადობის საკითხის განხილვის ეტაპზე არ არის გადასული. დღესვე დაცვის მხარე სხვადასხვა შუამდგომლობებთან ერთად აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავდა, თუმცა, სასამართლო პროცესის გადადებიდან გამომდინარე, დაცვა ამ შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე 15 აპრილს ჩანიშნულ სასამართლოზე დააყენებს.
ტექნიკური ხასიათის პრობლემების მიზეზით, ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო. ხარვეზები იყო როგორც დაცვის, ასევე, ბრალდების მხარის მტკიცებულებებში. დღევანდელ სასამართლოზე მოსამართლეს გარკვეული შენიშნვნები ჰქონდა ბრალდების მხარესთან, რადგან დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გარკვეული მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი.
15 აპრილს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო. მოსამართლე დავით ჯუღელის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც ბრალდების და დაცვის მხარე მტკიცებულებების ნუსხას წარადგენს, რომელშიც როგორც ცნობილია, არსებობს საიდუმლო მოწმეთა ჩვენებები და დასაშვებობაზე იმსჯელებენ, პროცესი კვლავ გაიხსნება.
საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარეს წარდგენილი 2200 გვერდიან მტკიცებულებებში 2000 გვერდი გადატანილი აქვს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან. პროკურორის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხონ ადვოკატებმა საკუთარი პოზიციის გამყარება.
„საუბარია მთავარ მტკიცებულებებზე, რასაც ეყრდნობა ბრალდება, უმთავრესი მტკიცებულებები გამეორებული აქვს დაცვის მხარეს, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ა. შ. რომლის საფუძველზეც დასტურდება ბრალდებულებისთვის ბრალეულობა და ის, რომ მათი ქმედებების საფუძველზე მოხდა 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვა“, - ამბობს ნინო აღლემაშვილი.
საქმის პროკურორის ამგვარ შეფასებებას არასერიოზულს უწოდებს ბრალდებულების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, რომლის განცხადებით, თუკი პროკურატურა ამბობს, რომ დაცვის მხარემ გამოიყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ადვილად წარმოსადგენია, როგორი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. მისივე თქმით, დაცვის მხარის მტკიცებულებები არის წონადი მტკიცებულებები, რითაც დაკავებულთა უდანაშაულობა დასტურდება.
„ჩვენ მოვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა დავადასტუროთ ბრალდებულების უდანაშაულობა. პირველ რიგში, პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 182-ე მუხლით, თანხებთან, რომელზეც საუბარია ბრალდებაში, შემხებლობა არ აქვთ. მათ „სილქნეტთან“ განხორციელებულ შესყიდვებზე აქვთ ხელი მოწერილი და საერთოდ, ბრალდებაში არ არის გამოკვეთილი, რომ აღნიშნულ პირებს ანგარება ჰქონდათ გამიზნული. ეს ყველაფერი პროცესების განმავლობაში გამოიკვეთება და დადასტურდება, რომ ბრალდება არის გამოგონილი. ჩვენივე არგუმენტებით გავაბათილებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ ბრალდებას, არავითარი ახალი გამოკვეთილი არ არის. ბრალდების მხარემ 27 მარტს მტკიცებულების გაცვლის დღეს დანიშნა საინჟინრო ტექნიკური და ფინანსური ექსპერტიზა. ღამის პირველ საათზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება შსს-ში ღამის 2 საათზე არის დარეგისტრირებული, ეს მტკიცებულება ხელთ გვაქვს და აქედანაც იკითხება, რომ ბრალდებას არავითარი მტკიცებულება არ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.
ბრალდებულების გარდა, სასამართლოს ესწრებოდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გიუნთერ ბეხლერმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სასამართლოზე მისვლის მიზეზად ე. წ. კაბელების საქმეზე პროცესის მიმდინარეობის გაცნობა დაასახელა.
„მე, როგორც შვეიცარიის ელჩი, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვესწრები ამ პროცესს. მსურს, წარმოდგენა შევიქმნა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. პირადად ვფიქრობ, რომ პროცესი პროცედურულად სამართლიანად მიმდინარეობს ისევე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში“, - განაცხადა გიუნთერ ბეხლერმა.
კითხვაზე, რამდენად ხედავს იგი პოლიტიკურ მოტივაციას აღნიშნულ საქმეში, ელჩმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ პროცესის მონაწილეებისთვის ეს დასრულდება ისე, როგორც უნდა მოხდეს“, - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას ეჭვი არ ეპარება, რომ ხუთივე ბრალდებულის უდანაშაუალობა დამტკიცდება. მისივე თქმით, ხუთი ადამიანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რადგან ის საექსპერტო დასკვნაც კი, რომელიც პროკურატურას საფუძვლად ჰქონდა მათი დაკავების დროს, თვითონ უარყო საგამოძიებო უწყებამ და პრაქტიკულად, ახალი ექსპერტიზა დანიშნა. ალასანიას სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი აქვს.
„ეს არის ჩრდილოკორეული, საუკეთესო ტრადიციებში გაკეთებული სცენარი, რომ საქმე ზოგადად, რაღაცაზე გახსნილია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს მაშინ მიაწერენ ამა თუ იმ გვარს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი სამართლისთვის, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის ძალიან დამაზიანებელია.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომის გადადებას, ყველაზე სამწუხარო ჩვენთვის, ბრალდებულების ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც სამართალს ვეძებთ, არის ის, რომ ეს ხუთი უდანაშაულო კაცი კიდევ ორი კვირა უნდა იყოს წინასწარპატიმრობაში. ეს არის აუტანელი, ძალიან მძიმე ყველასთვის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე ე.წ. კაბელების საქმეზე ანგარიში გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, საიდუმლო გრიფის მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ანგარიშის მიხედვით, პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები რჩება.
„პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. კაბელების საქმისთვის „საიდუმლო“ გრიფის მინიჭება, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარეს შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა საქმის მასალებზე. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოეხსნა გრიფი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.