საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეებმა თავიანთი შეფასებები გააკეთეს. მათ ყურადღება იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილეს, რომლეთა შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა თავის გამოსვლაში ისაუბრა.
საპარლამენტო ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლების შემდგომ სახელმწიფოს მეთაურმა პარლამენტარებს და დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის წევრებს, ფრაქციათა თავმჯდომარეებს მოსახლეობისათვის საკუთარი შეხედულებების გაზიარების გამო. ვიმედოვნებ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე; იმედი მაქვს, რომ საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაძლიერებისათვის, აქტიურად იქნება განხილული როგორც პარლამენტის დეპუტატების, ისევე მთავრობის წარმომადგენელთა მიერ.
ჩემს დღევანდელ გამოსვლაში შევეცადე აქცენტი გამეკეთებინა თვითმმართველობის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, სამწუხაროდ, ლარის კურსი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკისათვის და მსურს ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ მე მათთან ერთად ვფიქრობ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ ერთად შეგვექმნა. ეს სირთულეები არ ეხებათ მხოლოდ მათ, ვისაც მცირე შემოსავალი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაკუთრებით სწორედ მათზე აისახა; ეს პრობლემები შეეხო ბიზნესმენებსაც; და ზოგადად ეს ჩვენი ეკონომიკური ვითარების ნაწილია.
ამავე დროს მინდა ვისაუბრო იმ უზარმაზარი პოტენციალის შესახებ, რომელსაც ჩემს მოხსენებაში ხაზი გავუსვი.
ინვესტორები, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას, ფულს მხოლოდ 4 მილიონიან ბაზარზე არ აბანდებენ. არამედ ის მიღწევები, რომლებიც მოგვიტანა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობამ, ასევე იმ მაღალმა რეიტინგულმა მაჩვენებლებმა, რომლებზეც უკვე გაკეთდა აქცენტი - კრიმინალისა და კორუფციის დაბალი დონე, დაბალი გადასახადები, რაც დღეს არის საქართველში, უაღრესად საინტერესო პერსპექტივას ქმნის ნებისმიერი ინვესტორისთვის რეგიონში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი დადებით შედეგებსა და პოტენციალს მოგვიტანს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იქნება სტაბილურობა და ყველა ეს პირობა მაქსიმალური რესურსით იქნება ამოქმედებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვიწვიოთ ჩვენი პარტნიორები და ფართოდ გავუღოთ კარი მათ საგარეო ინვესტიციებისათვის. ის, ვინც ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში - ახორციელებს ინვესტიციას ისეთ რეგიონში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქცია გააჩნია. რეგიონის 14 ქვეყნიდან, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, 8 თავის საზღვაო კარიბჭეს საქართველოში ხედავს; რაც თავისთავად უზარმაზარი პოტენციალია ისეთი რეგიონებისთვის, როგორიც არის კასპიის ზღვის აუზი, ჩინეთი, იაპონია. ჩვენ მათ ვთავაზობთ მშვენიერ შესაძლებლობებს, გამომდინარე იმ ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტებიდან, რომლებსაც ვახორციელებთ.
თუ მაქსიმალურად ავამუშავებთ ამ ურთიერთობებს და შევეცდებით საქართველო გავაცნოთ და ჩვენი პოტენციალი ვაჩვენოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ფიქრობენ საკუთარ არჩევანზე, უახლოეს მომავალში მივიღებთ დადებით შედეგებს. ის საინტერესო პროექტები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში განვახორციელეთ, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რასაც არაერთხელ ხაზი გავუსვით.
ასევე გამოვეხმაურები ბიუჯეტის თემას, რის შესახებაც აქ არაერთხელ ითქვა. მომწონს რომ ოპოზიციაც აფასებს იმ მიღწევებს, რომელიც ჯანდაცვის სფროში განხორციელდა. მაგრამ მინდა შევეხო სოფლის მეურნეობის საკითხს. შესეძლოა სოფლის მეურნეობა არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის შემცველი, თუმცა 2013 წელს სოფლის მეურნეობის წილი ჩვენს ეკონომიკაში 9,4 პროცენტი იყო, მაგრამ სოციალური პროექტი არ გამორიცხავს ეკონომიკურ პროექტს. თუ სოციალური პროექტი ამავე დროს მომგებიანია ბიზნესის თვალსაზრისით, ეს არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეკონომიკური სირთულეების ფონზე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოველით, რომ უახლოეს წლებში სოფლის მეურნეობა იგივე სტატუსის პროექტი იქნება, როგორც ენერგეტიკის სფერო. თუმცა ის არის პროექტი, რომელიც უკავშირდება მოსახლეობის ცხოვრების დონეს; არამარტო ბიზნესის, არამედ დასაქმების თვალსაზრისით მოგიწოდებთ, რომ მომავალშიც მხარი დაუჭიროთ ამ უმნიშვნელოვანესი საქმეს.
ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე საუბარი, მხოლოდ სიამაყით გვავსებს. 13 000-მა ქართველმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა გაიარა ურთულესი გამოცდა ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში. ეს ის ადამიანებია, რომელთა დამსახურებითაც უელსის სამიტზე გვაღიარეს, როგორც ნატო-ს ქვეყნებთან ყველაზე მეტად თავსებადი სამხედრო შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყანა. ბუნებრივია ჩვენ ამით ვამაყობთ და მადლიერები ვართ ამ ადამიანების. მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. საქართველოს მოქალაქეებს მშვიდად სძინავთ იმიტომ, რომ ასეთი პროფესიონალები დღეს ჩვენი ქვეყნის სამსახურში დგანან.
საინტერესოა ისიც, რომ თავდაცვის სამინისტორში ვითარდება ახალი რეზერვის სისტემა და სასურველია ამ პროცესის ხელშეწყობაც.
მინდა აღვნიშნო ჯეიმს აპატურაის დღევანდელი შეფასება. ბუნებრივია, თუ ჩვენ ამ დინამიკით ვივლით, მივალთ იმ წერტილამდე, რომელიც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - პროდასავლური პოლიტიკური დღის წესრიგი განსხვავებათა მიუხედავად აერთიანებს ამ პარლამენტში როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას. მესმის, რომ შეიძლება იყოს რაღაც დინამიკა, რომელიც უფრო აქცენტირებულია რომელიმე პოლიტკურ ჯგუფში; მაგრამ ის რეზოლუციები, რომელშიც სწორედ ეს მიმართულება იყო განმსაზღვრელი და რაც თქვენ მიიღეთ თუნდაც 2013 წელს, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ 100%-იანი მხარდაჭერა პარლამენტში სწორედ პროდასავლურ დღის წესრიგს აქვს. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ 2014 წელი ამ დღის წესრიგის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იყო; ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ნატო-ს სამიტზე მივიღეთ ღონისძიებათა არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ეს შენარჩუნებული უნდა იყოს.
შევეხები კიდევ ერთ დეტალს, რომელიც აღვნიშნე ჩემი მოხსენების დროს. დემოკრატიული პროცესი ნამდვილად ვითარდება. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა, საქართველოში დღეს იციან, რომ საარჩევნო ხმა სიტუაციის რეალური გადამწყვეტია. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხის გადაწყვეტაა შესაძლებელი, თუ დავეყრდნობით იმ საარჩევნო და სამთავრობო პროგრამებს, რომლებიც მივიღეთ ოპოზიციაში ყოფნის დროს. სწორედ ამიტომ, არაერთხელ ვახსენე ის ძალიან მნიშვნელოვანი დებულებები, რომელთა შესახებაც საუბარია ამ პროგრამებში. იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის თუ სასამართლოს რეფორმირება. კიდევ ერთხელ მივესალმები ქალბატონ ნინო გვენეტაძეს ამ დარბაზში, რადგან ამ თვალსაზრისით ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგით.
დღეს საზოგადოებაც ბევრად უფრო ძლიერია; დისკუსია მნიშვნელოვან სკითხებზე უფრო ცოცხალია; ვნახეთ რამდენად აქტიურად რეაგირებდა საზოგადოება 2014 წელს ქალთა ძალადობის პრობლემაზე, რომელსაც ძალიან ძნელად თუ მოეძებნება ახსნა. ვნახეთ რამდენად ნათლად და ორგანიზებულად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ჩვენმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა თუ პოლიტიკურმა ლიდერებმა.
მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა ესოდენ მაღალი ტრიბუნიდან მოგმართოთ თქვენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას; ვიმედოვნებ, რომ ბევრი სირთულე, რომელთა შესახებ დღეს ვისაუბრეთ, უახლოეს მომავალში გამოსწორდება და დარწმუნებული ვარ, ის პოტენციალი, რომელსაც დღეს ხაზი გავუსვით, უახლოეს პერიოდში იქნება რეალიზებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.