პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის შესასვლელში წითელი ხალიჩის ნაცვლად სათლები დაახვედრეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი სხდომათა დარბაზის კარის ნაცვლად, მას საკუთარი ადგილიდან მიესალმა.
ქვეყნის პირველი პირის მასპინძლობისთვის დღევანდელი პლენარული სხდომა შვიდი წუთის დაგვიანებით დაიწყო და ხუთი საათი გაგრძელდა, რომელსაც მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები გიორგი პაპუაშვილი და ნინო გვენეტაძე, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრნენ.
გიორგი მარგველაშვილი სხდომათა დარბაზში 13:10 წუთზე გამოცხადდა, მისი დარბაზში შესვლა დეპუტატებს მანდატურთუხუცესმა ამცნო, თუმცა, მან ტრადიცია დაარღვია და ქვეყნის პირველ პირს „მისი აღმატებულება - პრეზიდენტის“ ნაცვლად, „პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილით“ მიმართა. თუკი გასულ წელს, დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს სხდომათა დარბაზის კართან დახვდა და ის საკუთარ ადგილამდე მიაცილა, დღეს, მარგველაშვილს ამ გზის გავლა მარტოს მოუწია. სავარძელთან მისულმა პრეზიდენტმა კი, უსუფაშვილს გადაკოცნის ნაცვლად, ხელი ჩამოართვა.
პრეზიდენტის დარბაზში გამოჩენას ყველა დეპუტატი ფეხზე ადგომით შეხვდა, თუმცა, იმის გამო, რომ მარგველაშვილმა ხელი ზურაბ ტყემალაძეს, გია ჯაფარიძეს, სერგო რატიანსა და გიგი წერეთელს ჩამოართვა, განაწყენებული ზაქარია ქუცნაშვილი დარჩა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მისთვის თვალებში ჩახედვა და ხელის ჩამორთმევა მოერიდა. ზაქარია ქუცნაშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტის გამოსვლით „თავისუფალი დემოკრატი“ ნინო გოგუაძე კმაყოფილი დარჩა, რომელიც თავის მხრივ, მარგველაშვილმა ირიბად შეაქო და გამოსვლისას მისი ციტატაც კი გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პრეზიდენტის მიმართ პატივისცემა არაერთხელ გამოხატეს და მას გამოსვლა რამდენჯერმე ტაშით შეაწყვეტინეს, განსხვავებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოვაციების გამოხატვისგან თავს მაქსიმალურად იკავებდნენ და პირიქით, პრეზიდენტის გამოსვლით აღფრთოვანებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარბაზიდან, პრესლოჟის მიმართულებით, უცქერდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების გარდა, პრეზიდენტს ტაში რესპუბლიკელებმაც დაუკრეს, როდესაც მან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ისაუბრა და „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენა.
რაც შეეხება მთავრობას, მინისტრებმა დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია არც დღეს დაარღვიეს და მათთვის განკუთვნილი წითელი სავარძლები ისევ ცარიელი დატოვეს, რისთვისაც მათ ოპოზიციის განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურეს.
ოპოზიციის ქილიკის საპასუხოდ, პრეზიდენტმა მთავრობისთვის განკუთვნილ ცარიელ სავარძლებს რამდენჯერმა გახედა, მაგრამ მანამდე, მან საკუთარი გამოსვლისას მთავრობაც ირიბად გააკრიტიკა და ფუნქციების დუბლირებაზეც ისაუბრა.
ქვეყნის პირველმა პირმა გამოსვლა ევროპულ ღირებულებებზე საუბრით გახსნა და აღნიშნა, რომ შარშან, პარლამენტში მისი წლიური გამოსვლის მიზანი - „პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე“ განსაზღვრა იყო, ხოლო წელს, ის აქცენტს ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებაზე აკეთებს.
პრეზიდენტის შეფასებით, ახლა, როცა მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, ევროპა არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, არამედ ევროპასაც სჭირდება ძლიერი და დემოკრატიული საქართველო.
„იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა, კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ და ამ სიმართლის წერტილიდან ჩვენი განვითარების მომავალი სწორად დავგეგმოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საგარეო კურსზე საუბრისას მარგველშვილმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოს პრობლემატიკა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში მუდმივად უნდა იყოს და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.
მისი თქმით, დაუშვებელია ვიწრო პარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა ევროატლანტიკური პლატფორმა შეასუსტონ.
„2014 წელს „ჰიბრიდულმა“ ომებმა, ტერორიზმმა, სახელმწიფოების საზღვრების ძალადობრივმა შეცვლამ მკაფიოდ დაგვანახა, მსოფლიო წესრიგს თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება. მოვალენი ვართ, ვითარება ზედმიწევნით სწორად შევაფასოთ და ჩვენი სტრატეგია შესაბამისად ავაგოთ. ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ, რაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის საინტერესოს ხდის“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის.
„რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას კვლავ არ ასრულებს და საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს ამბობს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მავთულხლართებით მანიპულირება გააგრძელეს“, - დასძინა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის ხედვით, კონფლიქტების მოგვარების საკითხზე წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმი უნდა გაიმართოს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ სპექტრსა და მთლიანად საზოგადოებაში კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს.
„საქართველოს ერთიანობა საერთო მიზანს წარმოადგენს და ეს მიზანი მის მიღწევამდე ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება. საქართველო კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას აღიარებს, რასაც დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება. ამავდროულად, საქართველო თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში არ ჩაიყენებს და დემოკრატიულ მოდერნიზაციას გააგრძელებს. ამ ფუნდამენტზე საერთოეროვნული პლატფორმა შეიქმნება და მის განსახორციელებლად საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებული ნაბიჯების დასახვა და საჭიროა წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა“, - დასძინა პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული პროპაგანდისტური მანქანის გაძლიერებაზეც ისაუბრა.
მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით, გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოც არის და ამ კამპანიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. რბილი ძალით საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს ჩამოაშორონ.
„ამ კამპანიაში ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატიც არის ხოლმე ჩართული. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია“, - დასძინა მარგველაშვილმა.
პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებაც შეახსენა და აღნიშნა, რომ სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა უნდა მოხდეს.
„საზოგადოების მდგრადობისთვის არსებითია სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც ხალხის ინტერესებს პასუხობს და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას უზრუნველყოფს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემა. ასეთი ტიპის სისტემის ფორმირებისთვის კი, საკვანძო სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვაა. არსებული სისტემის ხარვეზებზე ხაზი გასმულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში. იმისთვის, რომ ეს შედეგები უკვე შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ, ამ ცვლილების ინიცირება აუცილებელია უკვე საგაზაფხულო სესიაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რეფორმებზე საუბრისას მარგველაშვილმა ყურადღება პროკურატურის რეორგანიზაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში შედეგების მისაღწევად რეფორმებს თან სწორი საკადრო პოლიტიკა უნდა ახლდეს.
„როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, პროკურატურასთან დაკავშირებითაც სწორი პასუხები შეიძლება, კოალიციის საარჩევნო პროგრამაში მოიძიოს. საჭირო იყო მათი დროული განხორციელება. პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი და მისი ადგილი სახელისუფლებო სტრუქტურებში უნდა განისაზღვროს. ამის შემდეგ, უზრუნველყოფილ უნდა იქნას დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები. შედეგების მისაღწევად რეფორმებს თან უნდა ახლდეს სწორი საკადრო პოლიტიკა, უმწიკვლო წარსულის და მაღალი პროფესიული უნარების მქონე ადამიანების დანიშვნა რიგით პროკურორებად და მათ ხელძღვანელებად. სწორედ მაღალპროფესიონალი პროკურორების მიერ გამოძიებული საქმეები დროულად და კვალიფიციურად უნდა იგზავნებოდეს სასამართლოში, რათა გამოირიცხოს კითხვები თვეობით გაწელილ საგამოძიებო პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა, რომელმაც აქცენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების ხელოვნურ წინაღობააზე გააკეთა.
პრეზიდენტის ცნობით, ახალი ეროვნული უშიშროების საბჭო არის უმნიშვნელვანესი მექანიზმი, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებასა და პრეზიდენტს აქვთ შესაძლებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები შეიმუშაონ.
„სამწუხაროა, რომ ამ საბჭოს ფუნქციონირებას ექმნება ხელოვნური წინაღობა. დამიჯერეთ, ეს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში გარკვეულ გაურკვევლობას იწვევს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა ეკონომიკურ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები აფერხებენ.
მისი შეფასებით, ქვეყანაში სისტემური პარალელიზმის პრობლემა არსებობს და ფაქტია, რომ ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობა ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
„კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი და სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება. ამდენად, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდა და დასაქმება უზრუნველვყოთ. საქართველოში კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ ლოგიკურად კითხვა ჩნდება და აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა. აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისე, რომ დაცული იყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა“, - დასძინა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე საუბრობენ, რის გამოც ინვესტიციების მოზიდვა ფერხდება.
მარგველაშვილის განცხადებით, დასანანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ 20 პროცენტს ვერ ასცდა.
ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, პრეზიდენტმა ყურადღება საყდრისის საბადოზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
„სასამართლოსადმი პატივისცემა არა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეთა ფუნქციაა, არამედ ეს ყველას გვევალება. ამის მაგალითად ვერ ჩაითვლება საყდრისის შემთხვევა და ის, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოხდა. სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც საყდრისში მოხდა“, - დასძინა პრეზიდენტმა, რომლის ამ განცხადებასაც დარბაზში არასამთავროების ტაში მოჰყვა, ხოლო ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონზე მისმა განცხადებამ ნაციონალების სიცილი გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოსვლა დაასრულა, დარბაზში შესვენება გამოცხადდა, შემდეგ კი ტრიბუნა დეპუტატებმა აითვისეს. ოპოზიციის ყურადღება ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე, „უუნარო მთავრობასა“ და პრეზიდენტის მიმართ მინისტრების დამოკიდებულებაზე დაეთმო, ხოლო უმრავლესობამ ნაციონალებს ბეგ-რაუნდი გაუხსენეს. გამონაკლისი თინა ხიდაშელმა დაუშვა, რომელმაც პრეზიდენტს მიმართა და ურჩია, რომ მან პრემიერთან უფრო ეფექტიანი და შედეგიანი პოლიტიკური დიალოგი უნდა გამართოს და მომავალ წელს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცარიელი სკამები აღარ იქნება.
ხიდაშელის თქმით, მთავრობისათვის განკუთვნილი ცარიელი სკამები თვალში მასაც ცუდად ხვდება.
„პრეზიდენტის გამოსვლა მოვისმინეთ როგორც გამაერთიანებლის და არა რომელიმე პარტიის ლიდერის. ძალიან იშვიათობაა, როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს პრეზიდენტი და არა დამქუცმაცებელი და გამხლეჩი, ასევე მან თავისი პოზიცია ისე გამოთქვას, რომ მუმია არავის უწოდოს. ერთი თვის განმავლობაში, მედია საუბრობდა არა იმაზე, პრეზიდენტი თუ რა აქცენტებს გააკეთებდა თავის გამოსვლაში, არამედ იმაზე, თუ რომელ სკამზე რომელი ადამიანი დაჯდებოდა, თუ არ დაჯდებოდა, რაც უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მთავრობა პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა ურეკში რომ დაიბაროს, მინისტრები იქ თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ.
ბობოხიძის მსგავსად, მთავრობისთვის განკუთვნილ ცარიელ სკამებზე გოკა გაბაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის სიმბოლო ის ცარიელი ტრიბუნებია, სადაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრები უნდა ისხდნენ.
გაბაშვილმა მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი კალამის ისტორიაც გაახსენა და განაცხადა, რომ მას ეს კალამი საპრეზიდენტო ინსტიტუტის წყევლად ექცა.
ცხარე გამოსვლების შემდეგ, დეპუტატების გზავნილებს პრეზიდენტი გამოეხმაურა და სხდომა დასრულდა, თუმცა, მარგველაშვილის გამოსვლით ზოგიერთი კმაყოფილი ჩანდა, ზოგიც პირიქით.
როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ განუცხადა, - პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მეთაური ჰყავს. მისი თქმით, საქართველოს პასუხისმგებლიანი პრეზიდენტი და უპასუხისმგებლო მთავრობა ჰყავს.
„სამწუხაროდ, ამ დარბაზში მთავრობა ვერ დავინახეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი პასუხისმგელობის გრძნობით ავსებულია და ბრძოლის ველს არ გაურბის, მთავრობა კი გაექცა და მისთვის უსიამოვნო მოედანს განერიდა. გამოჩნდა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი პრეზიდენტი და უპასუხისმგებლო მთავრობა ჰყავს. პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი იქნება თუ მთავრობა ამ მოხსენებას პოსტფაქტუმ მაინც მოისმენს და მასში მინიშნებულ ყველა ხარვეზს გაითვალისწინებს“, - განაცხადა გოგუაძემ, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი.
for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა, რომელიც თემობრივად ტევადი იყო.
დეპუტატის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ საკითხს შეეხო, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
„სასიამოვნო იყო, რომ მან გამოსვლისას ნინო გოგუაძის ციტატა მოიყვანა. მომეჩვენა, რომ მას ის პათოსი ჰქონდა, რითაც ნინო გამოდიოდა და როგორც ჩანს, ეს პრეზიდენტისთვის გადამდები იყო. ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს, პრეზიდენტის გამოსვლაში ასახული იყო და ფაქტია, რომ მთავრობა პრეზიდენტს ხელს უშლის იმაში, რომ გამართულად იმუშაოს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას for.ge-სთან საუბარში ნაციონალი გოგა ხაჩიძეც აფასებს და მარგველაშვილს გოდერძი ჩოხელის ფილმის „ადამიანთა სევდა“ გმირს ადარებს.
კანონმდებელის განცხადებით, პრეზიდენტი ბედავს, რაღაც თემებზე მთავრობას აკრიტიკებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„როგორც ჩანს, მას რაღაცეები აწუხებს და რაღაცეებზე დარდობს, მაგრამ ეს ყველაფერი გოდერძი ჩოხელის ფილმის „ადამიანთა სევდა“ გმირის ისტორიას ჰგავს, რომელიც დარდებს აგროვებს. ამ ფილმის გაგრძელება აღარ ხდება, მაგრამ სხდომაზე მდუმარე მეტყველება იყო - მთავრობის ლოჟა, რომელიც ყველაფერს პასუხს სცემს. პრეზიდენტი წუხს, დარდობს, რეფორმებს ითხოვს და ოცნებობს, მაგრამ ცარიელი ტრიბუნა ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა ხაჩიძემ, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის გამოსვლას ნაწილობრივ დადებითად აფასებს ზურაბ ჯაფარიძე.
როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლაში რამდენიმე სწორი აქცენტი იყო გაკეთებული, რაც საქართველოს ნატოში ინტერგაციას ეხება. თუმცა, ეკონომიკურ გარემოზე საუბარი არ ყოფილა.
ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტს იმაზე არ უსაუბრია, რომ მთავრობამ ეკონომიკური გარემო უკან როგორ დასწია და კრიზისიდან გამოსვლისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„პრეზიდენტმა კონფლიქტები ახსენა, თუმცა, კონფლიქტები ბუნებაში არ არსებობს და ეს ოკუპაციაა. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისო წესრიგში აქტუალური უნდა იყოს, რაც კარგია და მთავრობის გზავნილებისგან განსხვავდება“, - დასძენს ჯაფარიძე, რომლისგან განსხვავებით, ზაქარია ქუცნაშვილს პრეზიდენტმა გული დასწყვიტა.
ქუცნაშვილის განცხადებით, მას პრეზიდენტის გამოსვლამ შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ ის უკმაყოფილოა რაღაც საკითხებით და ვიღაც პირთა წრით, მაგრამ ბოლომდე არ ასახელებს - ვისით.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ უფლებების დუბლირება აქვს, ვიღაც ხელს უშლის და ა.შ. სჯობდა, რომ მას ხელისშემშლელი პირები დაესახელებინა, თუკი ამ პროცესზე საუბარს იწყებდა. ამასთანევე, თუ დააკვირდით, პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა, მაშინ, როდესაც ის ხელს სულ მე მართმევდა. მან ეს წესი დღეს დაარღვია. როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ, მას ჩემთვის თვალებში შეხედვა და ხელის ჩამორთმევა მოერიდა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი დარჩა უშიშრიების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო გამაერთიანებელი და ის არ იყო რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი. იმერლიშვილის მტკიცებით, პრეზიდენტის გამოსვლა იმ შინაარსის იყო, რასაც დღევანდელი კონსტიტუცია განსაზღვრავს.
„პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა და საუბარი იყო ჩვენს როლზე და იმაზე, რომ დასავლეთისკენ მივდივართ, ნატო ჩვენი არჩევანია და ეს საქართველოს ისტორიული არჩევანია. რაც შეეხება მინისტრების არყოფნას, კონსტიტუციის 73-ე მუხლით, მთავრობას აქ ყოფნა არ ევალებოდა, მაგრამ ამ მუხლით ნათქვამია, რომ პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის უმნიშვნელოვანესს საკითხებზე მოხსენებას წარუდგენს და კარგი იქნება, როდესაც წელიწადში ერთხელ, მოსახლეობის წინაშე მთავრობა და პრეზიდენტი ერთად გამოჩნდებიან“, - დასძენს იმერლიშვილი.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების განწყობას, for.ge-სთან საუბარში ლაშა ტუღუში აღნიშნავს, რომ მარგველაშვილს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. ტუღუშის შეფასებით, პრეზიდენტმა თქვა, რომ ძალოვან უწყებებში რეფორმები უნდა გატარდეს და მან ხელისუფლებას საარჩევნო დაპირებები შეახსენა, რაც ფარულ საყვედურად აღიქმება.
„დღეს რეფორმები კითხვის ნიშნის ქვეშ არის და არ იგრძნობა, რომ ამ მიმართულებით რაიმე სერიოზული გაკეთდება. მეტი კრიტიკა შეიძლება ყოფილიყო ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაზე და პრეზიდეტმა ამის თაობაზე მეტი უნდა თქვას. რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის მნიშვნელოვან გამოსვლას მთავრობა არ დაესწრო, რაც სერიოზული სიმპტომია ხელისუფლების შიგნით არაჯანსაღ ურთიერთობებზე“, - დასძენს ტუღუში.
ქუთაისში მდებარე პარლამენტში, როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წითელი ხალიჩა არ დაუგეს, მაგრამ გამჭირვალე შენობის შესასვლელში რამდენიმე სათლი იყო განლაგებული, რომელიც ქუთაისში მოსულ წვიმას და შემდეგ შენობაში გამონაჟონ წყალს ებრძვის.