„აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნა ასეთი მკაცრი შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა“

„აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნა ასეთი მკაცრი შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშს, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის პატიმრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.

პრობლემათა შორის, ასევე, დასახელებულია კანონის შერჩევითი გამოყენება, მედიაზე ზეწოლა, მთავრობაში მაღლი თანამდებობის პირების დონის კურუფცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტები.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შეისწავლიან“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტებში დაბარებული იქნებიან სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და ყველა უწყების წარმომადგენლები და საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე.

ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ემთხვევა სახალხო დამცველის ანგარიშის ძირითად მიმართულებებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშში პროგრესზეცაა საუბარი.

„ჩვენთვის ყურადსაღებია ის კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია გამოთქმული“, - ამბობს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მოხსენების ის ნაწილი, სადაც კონკრეტულ პროგრესზეა საუბარი.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სხვა ქვეყნების შეფასებებს თუ გავეცნობით, საქართველოსთან მიმართებაში ეს დახასიათება უდავოდ ძალიან პროგრესულია“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მისივე თქმით, ანგარიშის ნაწილს ქართული მხარე არ ეთანხმება:

„ჩვენთვის ყველა ანგარიში, რომელსაც ჩვენი მეგობრები რეკომენდაციის სახით გვიწევენ, საყურადღებოა. ქართული მხარე მიესალმება ნებისმიერ კვალიფიციურ ანგარიშს განურჩევლად იმისა, რა საკითხებს შეეხება ეს ანგარიში.

ეს ანგარიში შეიცავს ასახვას იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა და მიესალმება იმ პროგრესს, რომელიც ხორციელდება გასული წლების განმავლობაში. თუ გაეცნობით სხვა ქვეყნების შეფასებებს, მე თავს შევიკავებ ამ ქვეყნების დასახელებისაგან, საქართველოსთან მიმართებაში ეს დახასიათება უდავოდ ძალიან პროგრესულია“.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის დასკვნას მიესალმება და აცხადებს, რომ დასკვნაში საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა ობიექტურად აისახა:

„დასკვნაში ხაზგასმულია ყველა ის უკანონობა, რომელსაც საქართველოს მოქმედი ხელისფლება სჩადის, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, შერჩევითი სამართალი, ელიტარული კორუფცია და დაუსჯელობის სინდრომი, მედიაზე ზეწოლა, ბიზნესის ტერორი, დევნილთა უფლებების დარღვევა, პატიმრების მიმართ სასტიკი, არაჰუმანური მოპყრობა, ზეწოლა ადგილობრივი არჩევნების დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ჩამოთვლილი ყველა ფაქტი, არადიპლომატიურ ენაზე, ერთმნიშვნელოვნად ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ტოტალიტარული სისტემა და ავტორიტარული რეჟიმია“.

ამასთან, ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „სახალხო კრება“ სააკაშვილის რეჟიმისთვის რეალურად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს:

„აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველა უკანონო, სამარცხვინო, ამორალურ მეთოდს მთელი სისრულით სწორედ ჩვენს წინააღმდეგ იყენებს. რეჟიმის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები შეგნებულად ამახინჯებენ, უმეტეს შემთხვევაში კი, აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ ჩვენს აქტივობებს, არ აშუქებენ „სახალხო კრების“ რამდენიმეათასიან შეკრებებს და უმნიშვნელოვანეს ბრიფინგებს. სააკაშვილის ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა უშედეგოა და რომ ძალა ნამდვილად ხალხშია!“.

ამასთან, ნინო ბურჯანაძის პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სახალხო კრება“ დღევანდელი რეჟიმის დამარცხებას შეუპოვარი ბრძოლით შეძლებს, რაშიც ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვს:

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართვაში მოყვანილია პრეზიდენტ ობამას სიტყვები, რომელიც აცხადებს - ამერიკა, ისევე როგორც ეგვიპტესა და ტუნისში, ყველგან მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის იბრძვიან, ხოლო ძალადობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არასოდეს მხარს არ დაუჭერს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი მომავალი სწორედ საქართველოს მოსახლეობის ხელშია. ხალხი აღარ შეეგუება ქვეყანაში გამეფებულ უკანონობასა და ძალადობას. სახალხო კრება ხალხთან ერთად, შეუპოვარი ბრძოლით მალე მივაღწევთ დღევანდელი რეჟიმის დამარცხებას და საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“.

პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მისი მისამართით გამოთქმულ არგუმენტირებულ შენიშნვებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს:

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის შიგნით გამოთქმულ კრიტიკას სიცილით ხვდება, შემდეგ კი იგივეს მოკავშირე ამერიკისგან იგებს და მათი გამოსწორების პირობას დებს, სასაცილო მდგომარეობაში თავს უკვე თავად იგდებს. ამიტომ უმჯობესია, თუ მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისგან გამოთქმულ ბრალდებებს მეტი პასუხისმგებლობით მოუსმენს“.

ამასთან, პარტიის წევრების თქმით, ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, დევნილთა გამოსახლება არაადამიანური ფორმებით განხორციელდა, ციხეებში პატიმრებს ისევ აწამებენ, მედია თავისუფალი არ არის და მთავრობაში ე.წ. „ელიტარული კორუფციაა“, ახალი აღმოჩენა არ არის:

„მმართველი გუნდი ამ ყველაფრის გასაბათილებლად ხან თავისებურ არითმეტიკას, ხან კი ოპონენტების დაცინვის ტრადიციულ მეთოდს მიმართავს. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ბაღის მოსწავლე არ არის და ის, რაც 4 წლის ბავშვს ეპატიება, ამხელა ამბიციების მქონე ხელისუფლებისგან უბრალოდ სამარცხვინოა“.

„ისეთი მკაცრი კრიტიკა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშია მითითებული, შევარდნაძის ბოლო პერიოდშიც კი არ ყოფილა“, – აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა აშშ-ის დეპარტამენტი არსებულ შეცდომებსა და დანაშაულებზე ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითებს.

მთავრობის კაბინეტის ინიციატივის მიუხედავად, რომელიც მთავრობის წარმომადგენლების მიწვევასა და აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნის ცალკეული დეტალების განხილვას გულისხმობს, ძიძიგური ეჭვობს, რომ მთავრობა არსებობდეს.

„გგონიათ, მთავრობა სადმე არის? გილაური ებრაელი ბიზნესმენის დაპატიმრებაში რომ მონაწილეობდა, ეს უშუალოდ მისი გაკეთებული კი არაა, არამედ სააკაშვილმა გააკეთებინა. როდესაც დევნილები კინწისკვრით გამოყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან, ეს სუბელიანის ინიციატივა არ იყო, ეს სააკაშვილის ინიციატივა იყო.

როდესაც მედიათავისუფლება შეზღუდულია და რესპუბლიკური მნიშვნელობის ყველა სახელისუფლებო არხი დემაგოგიაშია ჩართული, ამას პირადად სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ამიტომ მთავრობის წევრების პარლამენტში მიყვანა არაფრის მომტანი არ არის. ყველაფერ ამის უკან მთავარი დამნაშავე დგას“, – აცხადებს ძიძიგური.