პროკურორი სოფო ბარაბაძე რატი მაისურაძისა და ავთანდილ ზუმბაძისთვის სამწელიწადნახევრის დამატებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნაირა გიგიტაშვილი განაჩენს 19 აპრილს, 14 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ ”ობიექტივი.ნეტ”-ს რატი მაისურაძის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მანანა კობახიძემ უთხრა.
შეგახსნებთ, რომ ტელეკომპანია ”კავკასიაში” 2010 წლის 7 მაისს მომხდარი ინცინდენტის გამო რვა პირი დააკავეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით, გასული წლის აგვისტოში გაასამართლეს - 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.
2010 წლის სექტემბერში, რვა მსჯავრდებულიდან ორის - ავთანდილ ზუმბაძისა და რატი მაისურაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით გამოიძიება დაიწყო. ბრალდების მხარის და მათი მოწმეების მტკიცებით, ”კავკასიაში” მომხდარ ინცინდენტამდე სამი დღით ადრე - 4 მაისს, ზუმბაძემ და მაისურაძემ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან, ერეკლე დეისაძის წიგნის მხარდამჭერ აქციაზე იხულიგნეს.
ბრალდების მხარის მოწმეები არიან: ”ტაბულას” და ”ლიბერალის” თანამშრომლები, პოლიციელები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი.
რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს პროკურორი, მაისურაძისა და ზუმბაძისთვის?
მანანა კობახიძე: პროკურორი 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ უკვე მისჯილ 4 წელსა და 6 თვეს დაემატოს ეს ახალი სასჯელი და რა გამოვა, თქვენც კარგად ხვდებით. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, რის შესახებაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშია საუბარი.
ბრალდების მხარემ ნივთმტკიცების სახით ვიდეო-ჩანაწერები წარმოადგინა, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო კამერებიდანაა ამოღებული. ასევე, წარმოადგინეს სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებული, საინფორმაციო საშუალებებში გაშუქებული სიუჟეტები, ოღონდ ეს ნივთმტკიცება ტელეკომპანიებიდან არ ამოუღიათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ დაარქივებული მასალებია.
რატომ ამახვილებთ ამაზე ყურადღებას?
- იმიტომ, რომ ჩანაწერების ამოღება, კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა - საქმის მასალებიდან ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი - ჟვანია, ექსპერტი - ეთერ კუნელაშვილი და დაზარალებული - ნიკოლოზ ლუტიძე ერთად დასხდნენ ანალიტიკურ დეპარტამენტში და იქ დააათვალიერეს რაღაც ჩანაწერები; ექსპერტი საგამოძიებო მოქმედების მონაწილე გახადეს და თან იმ დონემდე, რომ ჩვენ რაც გვაინტერესებს, ის სურათები ამოიღე ამ მასალებიდანო, - მიუთითეს.
ამასთან, პროკურორმა ბრძანა, რომ ის არ იცნობდა ამ ვიდეო-ჩანაწერებს. საერთოდ რაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანი, რომელიც საბრალდებო დასკვნას ხელს აწერს, ნივთმტკიცებებს არ იცნობს და მთავარ სხდომაზე ჩემთან ერთად ეცნობა. აი, ეს ყველაფერი რომ გაცხადდა, წარმოდგენილი ნივთმტკიცების საქმიდან ამოღება მოვითხოვეთ, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა.
ჩანს, წარმოდგენილ მასალებში ზუმბაძის და მაისურაძის ხულიგნობა?
- ვიდეო-ჩანაწერები თავიდან ბოლომდე დავათვალიერეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მსგავსი არ ჩანს. იმ სხდომას თქვენც ესწრებოდით და ამაში ალბათ თავადაც დარწმუნდით. კადრებში საერთოდ არ ჩანს, მაგალითად, რატი მაისურაძის რაიმე შემხებლობაში ყოფნა დაზარალებულ ვასილ გაბუნიასთან - ისინი საკმაო მანძილზე არიან დისტანცირებულები.
კადრებში ჩანს, რომ დაზარალებული გაბუნია უნივერსიტეტის კიბეებზე ვიღაცასთან კონფლიქტში შედის, მაისურაძე უკანა პლანზე დგას და მოუწოდებს წესრიგისკენ, რომ შეჩერდნენ. ერთადერთი ვასილ გაბუნია ადებდა ხელს მაისურაძეს, რაც თავად ბრალდების მიერ წარდგენილმა კადრებმა უარყო.
კადრებში არსად ჩანს გაბუნიას ცემის, წაქცევის ფაქტი, როგორც ის უთითებს. მეტსაც ვიტყვი - არც ერთ პოლიციელს, არც ერთ მოწმეს რატი მაისურაძეზე არ მიუთითებია, რომ მან ვინმეს ჩაარტყა.
რა თქვა ამაზე მოსამართლემ?
- მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა განაჩენი იმ დღეს გამოიტანა, როცა საქმე სასამართლოში შევიდა. ამაში დარწმუნებული ვარ. აბსოლუტურად ფორმალურია ჩემი და მეორე ადვოკატის, ბესარიონ ქარცივაძის იქ ყოფნა.
თქვენი პროგნოზით როგორ განაჩენს გამოაცხადებს მოსამართლე გიგიტაშვილი 19 აპრილს?
- პროკურორი 3 წელს და 6 თვეს ითხოვს და შესაძლებელია მოსამართლემ ის 6 თვე ჩამოაკლოს, რომ მერე თქვან მართლმსაჯულება შედგაო.
ორი დღეა ერეკლე დეისაძე ტელეეკრანებიდან არ ჩამოდის - ლამის გმირი, თავისუფლებისთვის მებრძოლი გახადა პირველმა არხმა. ეს შემთხვევითი არ არის, ზუსტად ემთხვევა ”კავკასიას” ბიჭების პროცესს, რომელთაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით.
ბრალდების მხარის წარმოდგენილ კადრებში ძალიან კარგად ჩანს არჩილ ხაჩიძე როგორ აგრესიულად სცემს ერთ-ერთ პირს. ხაჩიძეს ეს ცემა რატომღაც არ მოეკითხა, რადგან უმცირესობის წარმომადგენელია, თუ იცავს ამ უმცირესობებს, არ ვიცი.
ვინ არის არჩილ ხაჩიძე?
- დეისაძის წიგნის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ბრალდების ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დაიკითხა. გეკითხებით და მიპასუხეთ - არ არის ეს შერჩევითი მართლმსაჯულება? რატომ ეპატიება ხაჩიძეს ვიღაცის ცემა?
პროკურატურას აბსოლუტურად არ აინტერესებს უმოწყალოდ როგორ ურტყამს ერთ-ერთ პირს. მათ ინტერესებში შედის აი, ამ მართლმადიდებელი ბიჭების აგრესორებად, ფაშისტებად, ექსტრემისტებად გამოცხადება და ციხეში გამოკეტვა, ოღონდ, ამით რას ემსახურებიან, ვერ გეტყვით.
პროკურატურას გულისხმობთ?
- პროკურატურასაც ვგულისხმობ და იმ ადამიანებსაც, ვისი წაქეზებითაც ამგვარი საქმეების შეთითხვნა და შეკერვა ხდება. ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი - ბატონი მინდიაშვილი; ილიას უნივერსიტეტის პრორექტორი - სერგო რატიანი; ჟურნალ ”ტაბულას” თანამშრომლები, რომლის ოფისშიც იგეგმებოდა სისხლის სამართლის საქმეების შეკერვა.
ქუჩის გადაკეტვაზეა საუბარი და ბრალდების წარდგენილ კადრებში თავადაც ნახეთ, რომ ქუჩის გადაკეტვა არ მომხდარა. პირიქით - პატრულმა რომ ჩააყენა მანქანები, შეიძლება იმან რაღაც მომენტში მოძრაობა შეაფერხა, თორემ, სხვა შემთხვევაში ქუჩის გადაკეტვა არ მომხდარა. რომც მომხდარიყო, ეს ქმედებები ადმინისტრაციული დაჯარიმების ფარგლებს არანაირად არ ცდება.
ხულიგნობის სამართლებრივი ბრალდება აბსოლუტურად აბსურდულად აქვთ შეფარდებული. თან, ქუჩას მხოლოდ ორი ადამიანი ხომ ვერ გადაკეტავდა, რომც გაწოლილიყვნენ ჭავჭავაძის გამზირზე?! რატომ არ იძიებენ, დანარჩენები ვინ იყვნენ?!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აშკარა ინტერესი არსებობს იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებს აღვირახსნილობის რეკლამირებას და პროპაგანდირებას სახელმწიფო დაწესებულებებში. ამ ჯგუფის ექსტრემისტებად, ტერორისტებად და ფაშისტებად გადაქცევა უნდათ.