პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე საკუთარ პოზიციას, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ დააფიქსირებს. სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება. რაც შეეხება ღამის საათებში სასწრაფო წესით საქმეზე ექპერტიზის ჩატარებას, ამბობს, რომ გამოძიების და დაცვის მხრის საქმეში ვერ იხედება და ამიტომ, დეტალებზე საუბარი უჭირს.
რა შემთხვევაში დაინტერესდება ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმით და აქვს თუ არა კითხვები გამოძიებასთან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
ირაკლი სესიაშვილი: საქმე მიყვანილია სასამართლომდე. შესაბამისად, მეჩვენება, რომ გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, მხარეები მოქმედებენ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ნებისმიერი სახით ჩარევა და განსაკუთრებით ჩემი მხრიდან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისგან, შეიძლება ვინმეს მიერ აღქმული იქნას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება მიმართული გამოძიების პროცესში ჩარევისკენ. ამიტომ, მაქიმალურად ვიკავებ თავს კომენტირებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურა გაეცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებას, გამოძიება დასრულებულ საქმეზე გვიან ღამით დაინიშნა საფინანსო და ტექნიკური ექსპერტიზა. ამ საქმეზე გამოძება დაიწყო 2014 წლის ივნისში, ამავე წლის ოქტომბერში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დააკავეს 5 მაღალჩინოსანი. ბატონო ირაკლი, თქვენ არ გიჩნდებათ კითხვა თუკი არ არსებობდა ექსერტიზის დასკვნა, მაშინ რის საფუძველზე მოხდა მათი დაკავება?
- მოვუსმინე ორივე მხარის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს სასამართლომ. დარწმუნებული რომ ვიყო რომელიმე მხარის მტკიცე პოზიციებში, მაშინ შეიძლება კიდევ მეფიქრა და რაღაცა ჩემი პოზიცია გამომეხატა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებს გვმართებს თავშეკავება იმ საქმეებზე, რომლებიც გამოძიების პროცესშია და მითუმეტეს ისეთ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. პატიმრობაშია 2 ოფიცერი, რომელთა მიმართ შეიძლება რაღაცა გულისტკივილი მქონდეს და ამიტომ, არ იქნება სწორი, რომ მოსამართლის როლი ვითამაშო.
ბატონო ირაკლი, რა პასუხი გაქვთ პროკურატურის მხრიდან გვიან ღამით ექსპერტიზის დანიშვნაზე?
- ვერ ვიხედები ვერც დაცვის და ვერც გამოძიების საქმეში. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.
რაც შეეხება ავთანდილ გუნთაიშვილს, რომელიც კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილზე 4 თვის განმავლობაში მუშაობდა, უარს ამბობს ექსპერტიზის დასკვაზე ხელის მოწერაზე და საქმდება საჯარო უწყებაში, ამ შემთხვევაშიც არ გაქვთ კითხვები?
- მე ხომ არ ვიცი რა დაწერა და რატომ თქვა უარი ხელმოწერაზე. ეს ყველაფერი სასამართლოს განსჯადია. თუ დაცვის მხარე მოისურვებს, შეიძლება სასამართლომ მოითხოვოს ამ ადამიანის დაკითხვა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
და თქვენ, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რა შემთხვევაში დაინტერესდებით ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმით?
- ჩვენ, როგორც ნდობის ჯგუფი უკვე დავინტერესდით, გავეცანით მასალებს, ჩვენ-ჩვენი აზრი გამოვთქვით. თავისთავად ცხადია, რომ შინაგანად გარკვეული აზრი მაქვს. მაგრამ, ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს ვიკავებ მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უკვე, შემიძლია გავაკეთო კომენტარი და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.