„ევროპა არის არა საქართველოს არჩევანი, არამედ ქვეყნის ისტორია“

„ევროპა არის არა საქართველოს არჩევანი, არამედ ქვეყნის ისტორია“

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტელექტითა და პოლიტიკური ალღოთი ყველას აღემატება. დეპუტატის მოსაზრებით, ნაციონალებს სააკაშვილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი როგორც პარტია ვერ ჩამოყალიბდებიან. კანონმდებელის თქმით, სააკაშვილი ძებნილია. შესაბამისად, თუკი ის საქართველოში არ ჩავა, ხელისუფლება არაფერს მოერიდება და მას დააპატიმრებს.

2016 წლის არჩევნების დროს, ნაციონალების მინდორზე ვინ იბალახებს და ვის აქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოში მესამე ძალა გახდეს, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან ბერძენიშვილთან ჩავწერეთ:

ნაციონალური მოძრაობამთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს. უმცირესობას რა შანსი აქვს, რომ საკუთარი გეგმა განახორციელოს?

- ლაპარაკია საპროცედურო ომზე, რომელიც ოპოზიციის პროგნოზით, მთავრობის გადაყენებით უნდა დამთავრდეს. თუმცა, რეგლამენტის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ საკითხი განხილვაზე დადგეს, 60 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 დეპუტატი არ ჰყავს და მათ ამ პროცესის დაწყებისთვის ათი ადამიანი აკლიათ. სანამ უმცირესობა ამ საკითხს დააყენებდა, მანამდე მათ დეპუტატებთან მოლაპარაკებები უნდა ჰქონოდათ. ნაციონალებს პოლიტიკას არ ვასწავლი, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ენა წინ უსწრებთ. მათ მხარდაჭერას მურმან დუმბაძე უცხადებს, მაგრამ მათ 60 დეპუტატის ხმა მაინც არ აქვთ და ამ საკითხს ვერც იწყებენ. უმრავლესობაში ისეთი ხალხი არ არის, რომელიც მათ მხარს დაუჭერს. ჩვენსკენ - რესპუბლიკელებისკენ ვინმემ ტყუილად არ გამოიხედოს, რადგან ძალიან სასაცილო იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილს დავეხმაროთ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. რისთვის უნდა დავეხმაროთ, ჩემი საქმე რომ დაასრულოს, „აგენტი“ რომ ვიყავი და ციხეში ჩამსვას?! ნაციონალებს რა იმედები აქვთ, ეს ჩემთვის უცნობია.

მთავრობასთავისუფალი დემოკრატებიცაკრიტიკებენ და მის გადაყენებას ითხოვენ, თუმცა, ისინი ნაციონალებთან ამ საკითხებზე კონსულტაციების გამართვას არ აპირებენ. ალასანიას გუნდი როგორც ოპოზიციური ძალა სწორად იქცევა?

- „თავისუფალი დემოკრატები“ როგორც ოპოზიციონერები მთავრობას აკრიტიკებენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით რაღაც საქმეში რომ შეხვიდე, ეს მეორე საკითხია. ირაკლი ალასანიას გუნდის ამოცანა უფრო რთულია, ვიდრე ნაციონალების.

თავისუფალი დემოკრატებისამოცანა რთულად რატომ გეჩვენებათ?

- მათ უნდა აჩვენონ, რომ ოპოზიცია არიან და ნაციონალებთან მიმართებაშიც ტკიცედ დგანან. „თავისუფალი დემოკრატების“ ხაზია, რომ ისინი არიან ერთადერთი მართალი ხალხი, რომელმაც მიშაც დაამხო და ახალ ხელისუფლებასაც აკრიტიკებს. დავუშვათ, სასწაული მოხდა და ნაციონალებმა „თავისუფალი დემოკრატები“ და დამოუკიდებელი დეპუტატები დაითანხმეს და მთავრობისთვის უნდობლობის პროცესი წამოიწყეს, მათ ავიწყდებათ, რომ იმპიჩმენტს 76 ხმა სჭირდება? ამ პარლამენტში ნაციონალებმა 76 ხმა რომ მოაგროვონ, ეს ფანტასტიკის სფეროდანაა. თუკი ნაციონალებს პარლამენტში 76 და 90 ხმა აქვთ, რას გვატყუებენ და რაღა მაინცდამაინც მთავრობის გადაყენება სურთ, აგერ არის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც და კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებიც. ეს ყველაფერი 76 ხმით წყდება.

ნაციონალებმა რეგლამენტი და პროცედურები ძალიან კარგად იციან. მათთვის საკითხის დაყენებისთანავე ცნობილი იყო, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება რთულად განსახორციელებელია. შესაბამისად, როგორც ფიქრობთ, მათ ეს თამაში რატომ წამოიწყეს?

- ისინი ამ თამაშში იმიტომ შევიდნენ, რომ სხვა თამაში არ აქვთ. ნაციონალებს ვინ დააბრალებს, რომ მათ რეგლამენტი არ იციან? მათ მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი ჰყავთ, რომელთაც რეგლამენტი ძალიან კარგად იციან. ისინი საზოგადოებას აჩვენებენ, რომ მთავარი ხალხი ისინი არიან. მათ სურთ, უფრო მეტი სივრცე ჰქონდეთ, ვიდრე ეკუთვნით. 21 მარტის აქციაზე ცოტანი არ იყვნენ, მაგრამ იმაზე ნაკლები იყვნენ, ვიდრე ნოემბერში იყვნენ. როგორც ჩანს, მათ პრობლემები აქვთ. ჭორებს არ ავყვები, მაგრამ თეა თუთბერიძის განცხადება სრულიად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არ არის დიდი აღფრთოვანება იმით - „რა მაგრები არიან“ და ა.შ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი რეალისტი ადამიანია, რომელმაც მშვენივრად იცის, რა მდგომარეობაშიც არიან. ნათელია, რომ სააკაშვილი 21 მარტის აქციით კმაყოფილი არ არის.

ყოფილ პრეზიდენტს უკმაყოფილების რა შეატყვეთ?

- ეს ყველაფერი სააკაშვილის რეაქციებიდან დავინახე, როდესაც მან თქვა, რომ 21 მარტის აქცია ფაქტიურად მაიდანი იყო. მან რიცხვები გაყო და გაამრავლა, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. სააკაშვილი ნიჭიერი კაცია და მას რა უნდა ეთქვა, არ შეეშლებოდა. მაიდანი რომ ყოფილიყო, ამას კარგად დაგვანახებდა. სააკაშვილს რიცხვებით მანიპულირება მოუწია. როგორც ჩანს, ის ვიღაცას ატყუებდა და ეს გათვლილი იყო იმ ადამიანებზე, ვინც საქართველოს არ იცნობს. მიშა ჩვენ ვერ მოგვატყუებს. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მათ მხარდამჭერები არ ჰყავთ, არამედ აქცენტი იმაზე კეთდება, რომ მათ ენთუზიაზმი არ აქვთ და აქტივისტების მობილიზაცია არ შეუძლიათ. ამ აქციის ორგანიზებისთვის ამხელა თანხები დაიხარჯა და რისთვის? მათ მთავრობის იმპიჩმენტის არანაირი შანსი არ აქვთ. გამოსვლების დროს თქვეს, რომ ისინი მზად არიან როგორც რიგგარეშე არჩევნებისთვის, ასევე ვადაში ჩატარებული არჩევნებისთვის. რა თქვეს? თუკი ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არიან, მაშინ რატომ არ მოითხოვეს?

ნაციონალები რიგგარეშე არჩევნებს რომ არ ითხოვენ, ეს ლოგიკურია, რადგან კვლევების მიხედვით, მათ მომავალ პარლამენტში 50 დეპუტატით შესვლა გაუჭირდებათ...

- „ნაციონალური მოძრაობა“ მსუყე სტატუსს, რომ ისინი არიან ერთადერთები და განუმეორებლები, რა თქმა უნდა, დაკარგავს. ნაციონალებს კონკურენციას „თავისუფალი დემოკრატები“ აგრძნობინებენ, რაზეც გული არ დამწყდება. ნაციონალები მესამე ძალა რომ გახდნენ, რა უჭირთ? ძალიან გამიხარდება, თუკი ნაციონალები მომავალ პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდებიან. საკანონმდებლო ორგანოში მეტი „თავისუფალი დემოკრატი“ რომ იყოს, უკეთესია, რადგან კონსტრუქციული ოპოზიციაა. ჩვენდა სამწუხაროდ და ნაციონალებისთვის თავზარდასაცემლად, მომავალ პარლამენტში მათ ადგილებს არა მარტო „თავისუფალი დემოკრატები“ დაიკავებენ, არამედ ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი. ეს ხალხი სწორედ მათ ტერიტორიაზე იბალახებს და არა „ქართული ოცნების“. კოალიციას რა რეიტინგი აქვს, ეს ერთია, მაგრამ ბურჯანაძესა და ინაშვილს ხმები საიდან მიაქვთ, ესეც ცნობილია. ნაციონალებს შედეგებს რიგგარეშე არჩევნები არ მისცემთ და ეს არც ხელისუფლებას სჭირდება.

ნაციონალები რეგიონებში აქციების გამართვას აპირებენ და ამბობენ, რომ არც პიკეტირებებს მოერიდებიან. ამის რა რესურსი აქვთ?

- მათ ამის რესურსი აქვთ - ნული. ნაციონალების მთლიანი რესურსი და პლუს გიგა ბოკერია თავმოყრილია პარლამენტში. მათ ინტელექტუალური რესურსი აქვთ და მათ შორის რამდენიმე ადამიანია, რომელთაც კანონები ძალიან კარგად იციან. ასევე მათ რესურსი აქვთ ევროსაბჭოში, მაგრამ მათ პიკეტირების თავი არ აქვთ. მათ განცხადებებს რომ ვისმენ, ვფიქრობ, რომ მათ საკუთარი ლოზუნგი დაავიწყდათ - „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“. ისინი არც უფრო მეტ სისულელეს ჩაიდნენ და მსგავს აქციებში რაც უფრო მეტ ფულს დახარჯავენ, ეს ჩვენთვის და ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესია.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომნაციონალური მოძრაობაპოლიტიკურ დღის წესრიგს არ ქმნის?

- ნაციონალები პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან და დაკავებული არიან ვირტუალური დღის წესრიგის შექმნით. უმცირესობის ქმედებები „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაყურებელზე ნაკლებად მოქმედებს, თუმცა, თუკი „რუსთავი 2“-ს უყურებ, შთაბეჭდილება შეგექმნება, რომ საქართველოში პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. თუკი ნაციონალებს პიკეტირება და ქვეყნის გაჩერება შეუძლიათ, მაშინ ლარის კურსს მიხედონ. ჩვენი მისამართით პრეტენზიები ისმის, რომ ქვეყანა დააპაუზეთო, ხოლო თავად ქვეყნის გაჩერებას აპირებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი ჰქონდა, რომ პარტიად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ მათ უარი მიხეილ სააკაშვილზე უნდა ეთქვათ. როგორც ჩანს, ისინი მიშაზე უარის თქმას არ აპირებენ და მათი ბედი განსაზღვრულია სააკაშვილთან ერთად.

ნაციონალები პარტიის რებრედინგს გეგმავდნენ, თუმცა, ეს პროცესი არ დაიწყეს. რატომ, მათ ხელს სააკაშვილი უშლით?

- მათ სააკაშვილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ყალიბდებიან როგორც პარტია. „რესპუბლიკურ პარტიას“ მეხუთე თავმჯდომარე გვყავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი, იყო, არის და იქნება სააკაშვილი. ისინი ამბობენ, რომ საქართველო და უკრაინა ერთი პრობლემაა, მაგრამ მათთვის მთავარია, მიშა იყოს კარგად.

უმცირესობას მიხეილ სააკაშვილის გარეშე რატომ არ შეუძლია ცხოვრება, მისი - შიში აქვთ, თუ სიყვარული?

- „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილი აღემატება ყველას როგორც ინტელექტით, ასევე პოლიტიკური ალღოთი და გეშით. მიშა არის პოლიტიკური ცხოველი. მათი დამოკიდებულებაა - ვინ თუ არა, მიშა?! როცა ლიდერებად დავით ბაქრაძესა და გიგა ბოკერიას ასახელებენ, თვითონ ისინი ვერ გრძნობენ, რომ მათ მიშას ადგილის დაკავება შეუძლიათ.

საუბარია, რომ საქართველოში შესაძლოა, სააკაშვილი ჩამოვიდეს, რომელიც ძებნილად არის გამოცხადებული...

- იმ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილი ძებნილია, ის საქართველოში არ ჩამოვა, რადგან ჩვენს ხელისუფლებას არაფრის არ მოერიდება და მას დააპატიმრებს. რა ვითარება იქნება და ვინ ვის რა გარანტიას მისცემს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ სააკაშვილს სახლში არ ველით. „მიშა, მიშას“ იუმორად განვიხილავ, მაგრამ ბავშვებს მიშა გულწრფელად უყვარდათ. როგორც ჩანს, მასთან სულიერ ნათესაობას გრძნობდნენ. ისიც პატარა ბავშვივით იყო და ამ ძეგლებს გადაიტან-გადმოიტანდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ხალხზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ ჯერ კიდევ საუბარია მასთან გასწორებაზე. დრო დადგება, როდესაც ის იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. სააკაშვილი მედიისთვის ელვარე ფიგურა იყო და ასეც დარჩა. სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ორ პროცენტს იკავებს და ხადური გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სააკაშვილი. ხადურს რეალური საქმეების კეთება უწევს, მიშა კი შიშობს, ბაქრაძემ პარტიაში თავი ლიდერად არ იგრძნოს. თუკი იგრძნობს, მაშინ, რაღაცას ჩაიდენს.

თქვენ ფიქრობთ, შეფასებები, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, არარეალურია?

- საქართველო ისეთი ქვეყანა, სადაც ყველაფერს უნდა ელოდო, მაგრამ როგორც 61 წლის, გამოცდილი ადამიანი გეტყვით, რომ ერთ მდინარეში ორჯერ სააკაშვილი კი არა ნაპოლეონი შევიდა და ისიც რამდენიმე დღით. სააკაშვილი ამოიწურა და მთელი მისი ხიბლი 2007 წლის 7 ნოემბერს ნული გახდა. ნეთანიაჰუ წავიდა და უკან მოვიდა, მაგრამ მას საქმე დასაჭერად არ ჰქონდა. ქართველი ხალხი სააკაშვილს 7 ნოემბერს არასოდეს აპატიებს. ქართველმა ხალხმა შეიძლება, სააკაშვილს გაუგოს და მისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანოს, მაგრამ პატიება გამორიცხულია.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიქარავს, როცა ლარის კურსს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. მთავრობას ენა შეაჩვიეს და უნიათოს უწოდებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მიტინგი არ დავურბიეთ. როგორც ჩანს, უნიათობა ამას ნიშნავს. იმის მომხრეც ვარ, რომ ეროვნული ბანკი არ გამოვარდა და რეზერვები არ გაყიდა. ამას ეროვნულ ბანკს ბევრი მოუწოდებდა, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში გამოჩნდა, რომ ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. როგორ შეიძლება მსოფლიო პრობლემას, მსოფლიო ეკონომიკის 0,1 პროცენტით უშველო?

თუმცა, გიორგი ქადაგიძეს სწორედ თქვენი გუნდის წევრები აკრიტიკებდნენ, რომ მან რეზერვები არ გამოიყენა...

- გიორგი ქადაგიძეს რაიმე რომ დაეშავებინა, მას სხვანაირად მოექცეოდნენ და უბრალო კრიტიკას არ დააჯერებდნენ. ნურავინ გაიკვირვებს, რომ ვიღაცამ ქადაგიძე გააკრიტიკა და ვიღაცამ სხვა. პოლიტიკაში კრიტიკას რა მნიშვნელობა აქვს? ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ მოვიდა, თქვა, რომ ლევან ბერძენიშვილთან კითხვა ჰქონდა. მას ეს კითხვა არ დაუსვამს.

რა კითხვა ჰქონდა, არ იცით?

- დღემდე არ ვიცი, მას რა კითხვა ჰქონდა. ბატონ ბიძინას ოდესმე ვკითხავ, რა აინტერესებდა. მას კითხვამ ხელი არ შეუშალა, რომ მას „რესპუბლიკური პარტია“ თანამოაზრედ დაესახელებინა.

თუმცა, აზრი მუსირებს, რომ რესპუბლიკელებსადა ბიძინა ივანიშვილს შორის დაბრკოლებას ძმები ბერძენიშვილები წარმოადგენენ...

- ეს სწორი არ არის. ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერაც შევხვდი, მასთან იმდენჯერ თბილი ურთიერთობა მქონდა. დედას ვფიცავარ, მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. რაც შეეხება დავით ბერძენიშვილს, ის არის პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც ხან პრობლემა გექნება, ხან - არა. მთავარია, მეგობრობა და კონტაქტი არის და კოალიციაში ვართ. „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას ბოლოს დატოვებს.

რაც შეეხება რიგის სამიტს, საუბარია, რომ საქართველომ შესაძლოა მაისში ვიზა-ლიბერალიზაცია ვერ მიიღოს. მსგავსი მოლოდინი თქვენც გაქვთ?

- საქართველოს მხარეები ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით უმწიკლო და უდანაშაულოა. ყველაფერი რისი გაკეთებაც გვეკუთვნოდა, მთავრობამ, პარლამენტმა და ოპოზიციამ შევასრულეთ. დეკემბერში 100%-ით გვეწერა, რომ ყველა მოთხოვნა შესრულებულია. თუკი რაიმე შეიცვალა, საქართველოში კი არ შეიცვალა, არამედ იქ, სადაც მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთი დასვეს და იქ რაზე მოილაპარაკეს, ჩვენ ხომ არ ვიცით? თუკი ვინმე ამბობს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციაზე აქცენტი არ არის, მან უნდა იცოდეს, რომ აქ არაფერი შეცვლილა. მიშა უკრაინაში ხომ გვყავს და იქ ხომ კარგად მიდის საქმეები? ვიზა-ლიბერალიზაცია მარტო საქართველოს ხომ არ ეხება? უკრაინასაც ხომ უნდა შეეხოს? თუკი ვიზა-ლიბერალიზაცია არ მოგვცეს, ეს იმის ნიშანია, რომ ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით შეჩერდა და არა იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ რაიმე დააშავა. მთავრობა რა მიმართულებითაც გინდათ აკრიტიკეთ, მაგრამ ლიბერალიზაციის გზაზე შეცდომას ვერც ბუკა პეტრიაშვილისა და ვერც დათო ბაქრაძეს უპოვით. რაც საჭირო იყო, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენ მაისში ვიზა ლიბერალიზაციის მიღების გარდა, გვინდა, რომ ევროკავშირის კარი გაიხსნას. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ოცი წლის მერე რომ გაიხსნას, ღრიჭო ახლა ხომ უნდა იყოს?

საქართველო ნატოსკენ მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ შევა. ნატოზე ლიდერების მოსაზრებებს ძალიან კარგად ვიცნობ და ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილის აზრიც ვიცი. ნატოში შესვლა როგორც მე მინდა, ამაზე არანაკლებად უნდა ბატონ ბიძინას. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ნატოსკენ წინასვლას ხელს გოგი თოფაძე ვერ შეუშლის, ხოლო მის განცხადებებს ალბათ სათანადო პასუხი გაეცემა. „მრეწველებს“ თავის აზრი აქვთ და მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ახალი არჩევნები მოდის, შეიძლება, ისინი ცალკე გასვლას აპირებენ და მათ კოალიციაში არ უნდათ. მოქალაქეები წერილებს მწერენ, თოფაძის განცხადებას მკაცრად რატომ არ გმობთო, მაგრამ ეს ჩემი დასაგმობი არ არის და თუკი საჭიროა, კოალიცია შეიკრიბება. ისინი ამ განცხადებებს რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები, რადგან საქართველო რუსეთისკენ ვერ წავა. რუსთაველიც რომ გააცოცხლონ, არ წავა, მაგრამ რუსთაველი ამას როგორ იტყოდა, ევროპელი კაცი იყო. ევროპა არის არა საქართველოს არჩევანი, არამედ ქვეყნის ისტორია. შეიძლება, ამის ახსნა ვიღაცისთვის ძნელია, მაგრამ ჩემთვის - არა. შეიძლება, მთავრობა ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ მათთვის მადლობა მაინც სათქმელია მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ტელევიზორში არ გეუბნებიან, რომ ვარსკვლავებს ვწყვეტთო.

თუმცა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ხშირად ვერ ხედავს და იმაზე აქცენტირებს, რომ მთავრობა სწორედ რომ ვარსკვლავებს წყვეტს...

- მგონი, მას ასე მიჰყავს პოლიტიკა და მას ურთიერთობის ასეთი სტილი აქვს არჩეული. როდესაც მინისტრი საკრიტიკოა, ის უკან არ იხევს და მშვენივრად ახერხებს გაკრიტიკებას. მთავრობის პრობლემა პრემიების პრობლემა იყო და ეს ჩვენც ვთქვით და ივანიშვილმაც. იმის თქმა, რომ გილაური დავაბრუნოთ და ამით ლარი გამყარდება, ეს მართალი არ არის.