გლდანის №8 საპყრობილიდან 8 აპრილს 8 მიცვალებული გამოასვენეს. ამის შესახებ ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო მანჯავიძემ გვითხრა.
არაერთხელ ვცადეთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, თეა სუხიშვილთან დაკავშირება და ზემოხსენებულ სიახლეზე კომენტარის ჩაწერა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სოსო მანჯავიძე: ამ ყბადაღებული მერვე საპყრობილედან 8 აპრილს 8 ადამიანი გამოასვენეს.
რვა ადამიანი ერთად გამოასვენეს?
- სხვადასხვა დროს გამოასვენეს. ერთი ტრაგედია იმაშია, რომ ადამიანები იღუპებიან და მეორე ტრაგედია კიდევ ისაა, რომ ოჯახები ისე არიან დაშინებულები, რომ მიცვალებულის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. გადასვენების დროს საპყრობილეებიდან ე.წ. ზონდერები მიცვალებულების ოჯახებში მიდიან და აშინებენ.
მარტის მეორე ნახევარში ჩვენც ვიყავით ერთ ასეთ ოჯახში, პანაშვიდზე; ოფიციალურ ინტერვიუზე უარი გვითხრეს - ”ამოგვწყვიტავენ. რად გინდათ ინტერვიუ?! წადით და დადექით მერვე საპყრობილესთან და დაითვალეთ რამდენ მიცვალებულს გამოსვენებენო”.
- დიახ, აშინებენ - ”ძმას დაგიჭერ, შენ დაგიჭერ, შვილს დაგიჭერ...” რამდენიმე ისეთ ოჯახში ვიყავით, რომლებიც ყველაფერს ყიდიან, ოღონდ ქვეყანა დატოვონ. მათ ვინაობას ვერ ვასახელებ. სააკაშვილის რეჟიმმა ამ ქვეყანაში ისეთი გაუსაძლისი და ამაზრზენი ვითარება შექმნა, რომ ხალხს ჩვენდა სამწუხაროდ, ერთი ოცნება აქვს - იმაზე ფიქრობენ, როგორ წავიდნენ აქედან. ამ რეჟიმის მიზანიც სწორედ ეს არის.
საიდან გაქვთ ამ რვა გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია?
- ინფორმაცია მოგვაწოდეს და როცა ჩვენი გადამღები ჯგუფი გავიდა, ერთის გამოსვენების მომენტს შეესწრო. მოგვიანებით ხელახლა დაგვირეკეს, კიდევ ერთი გამოასვენესო და უკვე ვეღარ მივუსწარით. ჩვენი გადამღები ჯგუფი კახეთშია წასული, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახში. არ ველოდით, რომ ამდენ ხალხს ასე ერთდროულად გამოასვენებდნენ. მიცვალებულებს აგროვებდნენ, თუ რას აკეთებდნენ, ვერ გეტყვით. წარმოგიდგენიათ საერთოდ რაზე გვიხდება საუბარი?! აი, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია.
იცით გარდაცვლილების ვინაობა და ასაკი?
- ამ რვა ადამიანიდან ჯერ მხოლოდ ერთის ვინაობა და ასაკი ვიცით - ტრისტან უთალიშვილი 51 წლის არის. დანარჩენების ვინაობას ვადგენთ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვთ გარდაცვლილების ოჯახებს, მოგვაწოდონ ციხეებში დაღუპულების მონაცემები - მოიტანონ და დატოვონ ”წინააღმდეგობის მოძრაობაში” (თბილისში, კინოს სახლში).
რა უთხრეს უთალიშვილის ოჯახს, რით გარდაიცვალაო?
- რაღაც ავადმყოფობებზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნეკნი გატეხილი და ფილტვში შერჭობილი აქვს.
როგორია სიკვიდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში, თქვენი მონაცემებით?
- ამ წუთში ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, ამ მონაცემებს ვაზუსტებთ და მოგვიანებით შეგვეძლება კონკრეტული. ეს თუნდაც იმის გამო უნდა გაკეთდეს, რომ ამ რეჟიმის დამთავრების შემდეგ, პატიმრების ცემა-წამებისთვის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ამ ჯალათებმა სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი და სასჯელი თავიანთ აგებულ ციხეებში მოიხადონ.
16 აპრილს 12 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დიდი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება - საპატიმროებში წამებით მოკლული ადამიანების სულთა საოხად მისი უწმინდესობა პანაშვიდს გადაიხდის. მთელი ერი უნდა მოვიდეს და ამ პანაშვიდს დაესწროს; ხვალ, ზეგ თითოეული ჩვენგანი, რაღაც აბსურდული ბრალდებებით შეიძლება აღმოჩნდეს იმ პატიმრების მდგომარეობაში, რომლებზეც ახლა წარსულში გვიწევს საუბარი.
თქვენ იცით, რომ მეშვიდე საპყრობილეში მღვდლებს აღარ უშვებენ?!
რა მიზეზით ეუბნებიან უარს?
- უბრალოდ, არ უშვებენ. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. აღარაფრის ხათრი და შიში აღარ აქვთ, ანგარიშს აღარც ეკლესიას უწევენ, აღარც მორალს,ზნეობას; თავიანთ ცოდვებში გაშმაგებულები, გაცხოველებულები არიან და ბოროტებას სჩადიან. ამას მოტივირებულად კი არ აკეთებენ?! ბოროტებას სჩადიან ბოროტებისთვის. ესაა ბოროტების ბოლო სტადია, როცა უკვე ადამიანი ეშმაკის ინსტრუმენტი ხდება. აი, ამ მდგომარეობაშია გადასული სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და შსს. უკვე ეროვნულ პრობლემად იქცნენ ეს გაცოფებული, გაშმაგებული ადამიანები, რომლებიც აი, ასეთ უბედურებებს სჩადიან.
როგორია 25 მარტს და 4 აპრილს გამართული აქციების დროს დაკავებულთა მდგომარეობა?
- სულიერად მხნედ არიან. ჩვენი ადვოკატები მათთან რეგულარულად შედიან და ნახულობენ. ისინი მალე გამოვლენ, საზოგადოებას თავად მოახსენებენ იმ არაადამიანური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ამყოფებენ და ბრძოლაში შემოგვიერთდებიან. გიორგი ხარაბაძე და მერაბ ჭიქაშვილი 14 აპრილს გამოდიან, ხოლო 4 აპრილს დაკავებული გენადი კეკელია, დავით კოჩიევი, ირაკლი ციკოლია და გრიგორ ხარებავა მოგვიანებით გამოვლენ.