თბილისი-მოსკოვი-პარიზი, ჯანელიძის სკანდალური ზარი ალასანიასთან

თბილისი-მოსკოვი-პარიზი, ჯანელიძის სკანდალური ზარი ალასანიასთან

საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრს განმარტების გაკეთება მეორედ მოუხდა. პირველი კომენტარი საფრანგეთიდან დაბრუნებულმა მინდია ჯანელიძემ თბილისის აეროპორტში გააკეთა და მისი წინამორბედის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

„ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, თუ ეს განცხადება გაკეთდა, მე არ მომისმენია. შესაბამისად, სხვა კომენტარი რა უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით?“, - განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.

დღის მეორე ნახევარში კი თავდაცვის მინისტრმა დაასატურა, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს ალასანიასთან სატელეფონო საუბარი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, განმარტავს, რომ საუბარი განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას შეეხებოდა. მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს.

„გთხოვთ ჟურნალისტებს, იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს, ამის მერე გავაკეთებ განცხადებას. ჭორაობის საგანი გახდა ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც არ არსებობს. სინამდვილეში, საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებულია“, - აცხადებს მინდია ჯანელიძე.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ფიგურა, საჭიროა მასში იყოს მეტი სიცხადე და სიზუსტე. შესაბამისად, როგორც მინისტრი აცხადებს, ეს განცხადება იყო არაზუსტი და არაკორექტული.

„სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარი ეხებოდა განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას, რასთან მიმართებაშიც არ იყო პროცედურები სრულად დაცული იმისთვის, რომ ეს ხელმოწერა განხორციელებულიყო. არასწორია, როცა მთავრობის წევრებს შორის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი საჯარო დისკუსიის საგანი ხდება. ეს არ არის სწორი, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება თავდაცვის სფეროს. მსგავსი საუბრები, დამიჯერეთ, ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თაცვდაცვის ყოფილმა მინისტრმა 24 მარტს გააკეთა განცხადება, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. ალასანიას თქმით, მართალია მინდია ჯანელიძემ დაურეკა, თუმცა, იგი გადაწყვეტილებების მიმღები არ იყო.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის გადაწყვეტილების მიმიღები. ვინ შეასრულებდა მედიატორის ფუნქციას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს იმედს რაც შეეხება, ადამიანებმა ყოველთვის პოზიტიურად განვითარების სცენარზე უნდა ვიფიქროთ. მეც მწამს, რომ ფუნდამენტჩაყრილი საქმე არ უნდა გაფუჭდეს“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

ყოფილი თანაგუნდელის ამ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი: „მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანელიძის პასუხად, თუ რას გულისხმობდა ჯანელიძე განზრახულობათა წერილზე ხელმოწერაზე ვრცლად „თავისულაფლი დემოკრატები“ არ საუბრობენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჯანელიძემ ყველაზე კარგად იცის იმ ზარის შესახებ, რომელიც მან პირადად განახორციელა.

 ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აცხადებს: „მინდია ჯანელიძე არის არასანდო ადამიანი, რომელმაც დილას თქვა, რომ არ დაურეკავს ირაკლი ალასანიასთან, საღამოს თქვა, რომ დარეკა, მაგრამ რაღაცა სხვაზე იყო ლაპარაკიო. აქედან გამომდინარე, მე მისი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ძალიან კარგად ვიცი, რომ მან დაურეკა ირაკლი ალასანიას და არ უნდოდა მიეცა საშუშლება განეხორციელებინა ის საქმე, რისთვისაც იყო ჩასული პარიზში“.

საფრანგეთში იარაღის შესყიდვაზე გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ალასანიას პოსტიდან გადაყენების მიზეზი გახდა, ეს ინფორმაცია 2014 წელს 8 ნოემბერს პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა ექსკლუზიურად for.ge-ს მიაწოდა:

„საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირაკლი ალასანიასთან თბილისიდან სატელეფონო ზარი განხორციელდა. ყურმილთან მდგარი მოხელე მინდია ჯანელიძე მაშინდელ თავდაცვის მინისტრს ატყობინებდა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. პარიზში დარეკვას წინ უძღოდა თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტი - ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის თავკაცს საქართველოს თავდაცვითი სისტემების გაძლიერების შესაძლებლობა არ მოსწონებია.

კითხეთ ჩვენს ახალ თავდაცვის მინისტრს, სატელეფონო საუბარი ხომ არ ჰქონია ამ თემაზე მის წინამორბედ მინისტრთან? ამხანაგი ჯანელიძე იყო შემსრულებელი, დიდი ალბათობით, შემსრულებელი იქნებოდა ჩვენი პრემიერ მინისტრიც. ვინ იყო დამკვეთი, მე ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ირაკლი ალასანია ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 28 ოქტომბერს, სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა და გერმანიაში გაემგაზვრა. სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დაპატიმრებები მოხდა არა წინმსწრებად, არამედ მყისიერად.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად აკრძალვისა, ხელმოწერა მაინც შედგა დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას ემსახურება. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ალასანიას სჯიან იმიტომ, რომ მან გადადგა წინმსწრები ნაბიჯი, არ გაიზიარა ის აკრძალვა, რომელიც მან მიიღო ხელმოწერის ფაქტამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარი დედაქალაქიდან.