პუტინის რეიტინგი, ნაწილობრივ, იმედგაცრუების რეიტინგიცაა. რუს ხალხს არ სწამს ინსტიტუციების, არ სწამს სასამართლოების, მაგრამ სწამს პუტინის, რადგან სხვა არაფრის არ სწამს... 2018 წლისთვის იმედის ეს ნაპერწკალიც შეიძლება ჩაქრეს და ამის მიზეზი ისევ პუტინია.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მისი ადგილი 2018 წელს, შესაძლოა, სხვა ადამიანმა დაიკავოს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წელს უნდა ჩატარდეს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები კი 2018 წელს იქნება. თუმცა პუტინი დარწმუნებულია, ვინც არ უნდა იყოს იმ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტი, დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ამ სპორტულ ღონისძიებაში.
ცნობილია, რომ 2018 წელს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადა იწურება. თუმცა, მას კიდევ ერთი ვადით აქვს კენჭისყრის უფლება. მომავალ არჩვენებში მონაწილეობაზე ვლადიმერ პუტინმა ადრეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს.
ამის მიუხედავად, მისი რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ აქტუალური იყო პუტინის სავარაუდო შემცვლელზე ფიქრი. იმ დღეებში საზოგადოება „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა ნატრობდა, რომ პუტინი ცოცხალი ყოფილიყო, რათა მსოფლიოს კიდევ არ დაეკარგა მრავალი წელი რუსეთის ახალი პრეზიდენტის, ანუ პუტინის შემცვლელის ნაძირლობაში დასარწმუნებლად და პუტინის შემცვლელისთვის ნდობის ახალი კრედიტი არ მიენიჭებინა.
სხვათა შორის, 1999 წლის აგვისტოში, მისი კანდიდატურის დამტკიცებისას, პუტინს დუმაში 88 დეპუტატი მიემხრო, 84 კი მის წინააღმდეგ წავიდა. დღევანდელ რუსეთში ეს სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. თავიდან იმასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ, ერთი შეხედვით, მორცხვი პუტინი ასე ზუსტად განახორციელებდა კრემლის ზრახვებს, სისხლში ჩაახშობდა კავკასიელთა ამბოხს, დაუმორჩილებელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც მიხედავდა და რუსი ხალხისთვის შეუცვლელი გახდებოდა.
ლევადას კვლევის ცენტრის თანამშრომელი ბორის დუბინი იმთავითვე დარწმუნებული იყო, რომ პუტინის ავტორიტეტი და მისი აღიარება, მის მისამხრობად მზადყოფნა სწორედ იმ ფაქტორმა განსაზღვრა, რომ მის გარდა, რუსეთში სხვა არავინ იყო. პუტინისდროინდელი პროპაგანდა და მასმედიაც სწორედ ასეთ სურათს ქმნიდა.
დღეს კი პუტინი კითხვებს უტოვებს რუს ხალხს. საინტერესეოა, მართლაც ხომ არ გადაიფიქრა პუტინმა მეოთხე ვადით კენჭისყრა, თუ თავის შემცვლელზე დასავლეთის და რუსი ხალხის რეაქციის გასაგებად ალაპარაკდა?!
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვერც დასავლეთმა და ვერც რუსეთმა ვერ მოახერხა, ერთმანეთთან შეეხამებინა რუსი ხალხის ეროვნული ინტერესები მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებთან. სწორედ ამით აიხსნება რუსეთსა და დასავლეთს შორის მძაფრი დაპირისპირება, რომელიც ძალზე სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, პუტინიც და რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ფიქრობენ მომავალზე, რამდენადაც საშუალოვადიან პერსპექტივაში დაწესებული სანქციები რუსეთისთვის დამღუპველ შედეგებს მოიტანს.
„პუტინის ეს განცხადება მაფიქრებინებს, რომ მისი გარემოცვა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლაზე ფიქრობს. ერთ-ერთი გამოსავალი იქნება ხელისუფლების შეცვლა რუსეთში, მაგრამ, ბუნებრივია, ეს პრობლემას არ მოხსნის, რადგან პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ხერხდება საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისმოყვარე და განვითარებულ ქვეყნად რუსეთის უმტკივნეულო გადაქცევა. თუ რუსეთი ყოფილი სოციალისტური ბანაკის საზღვრებში გავლენის აღდგენაზე ხელს არ აიღებს, მაშინ დაპირისპირება გაგრძელდება და შეიძლება, სავალალო შედეგით დამთავრდეს არა მარტო რუსეთისთვის. ამის მიუხედავად, მაინც არ ვფიქრობ, რომ პუტინი კენჭისყრის უფლების კიდევ ერთ შანსზე უარს იტყვის. პირიქით, ჩემი აზრით, პუტინი შემდეგი ვადითაც გახდება რუსეთის პრეზიდენტი. არც ისაა გამოსარიცხი, რომ მედვედევ-პუტინმა კვლავაც გაითამაშონ ერთმანეთის შეცვლის სცენარი, რაც ერთხელ უკვე ვიხილეთ. რაც შეეხება ივანოვის კანდიდატურას, დასავლეთი ცდილობს, პუტინისგან განსხვავებული ალტერნატივა შეარჩიოს და მხარი დაუჭიროს. ოპოზიცია და მათი ლიდერები საკმაოდ სუსტები არიან, რუსული საზოგადოების მხრიდან მათი მხარდაჭერა დაბალია, ამიტომ ახალ, არასტანდარტულ გადაწყვეტილებებზე ფიქრი დასავლეთში მიმდინარეობს, მათ შორის, სერგეი ივანოვიც არ რჩება უყურადღებოდ. ის, რომ ივანოვი შტატებში დააჯილდოვეს, გარკვეული პატივისცემით მოიხსენიებენ და დასავლეთის ლიდერებს ის ნაცადი ჰყავთ, როგორც პარტნიორი, სულაც არ ნიშნავს, რომ ალტერნატივა მაინცდამაინც სერგეი ივანოვი იქნება. თუმცა, თუ რუსი ხალხის ახალი რჩეული დასავლეთისთვისაც მისაღები პიროვნება იქნება, ეს სანქციების მოხსნას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
ზოგადად, ექსპერტი დიდ იმედს არ ამყარებს პერსონალიებზე, რადგან დასავლეთისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ელცინის მმართველობასაც შედეგად მოჰყვა პუტინის ავტორიტარული ხელისუფლება, რომელიც აღმოჩნდა, რომ უფრო მიესადაგებოდა რუსი ხალხის ინტერესებს.
ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ პრიმაკოვი თუ სხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, განსაკუთრებით, რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები, ვისაც სანქციებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, ფიქრობდნენ პუტინის ალტერნატივაზე. თუმცა ახლა პუტინის შემცვლელზე საუბარი ძალზე ნაადრევია, რადგან კრემლის ახლანდელ ლიდერს მაღალი რეიტინგი აქვს რუსეთში და გავლენიან პოლიტიკურ თუ ბიზნესწრეებშიც არ უჩივის რეიტინგს.
ყოფილი პოლიტპატიმარი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი სიმართლეს არ შეესაბამება, რომ პუტინი მძიმედ ავადაა ან რაღაც სხვა პრობლემები აწუხებს, მაშინ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე პუტინის ნიჰილისტური საუბარი ცოტა უცნაურია.
„შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი ამით ცდილობს, მოახდინოს მოსახლეობის მობილიზაცია და საკუთარი ხალხისგან გაიგოს, რა რეაქცია ექნებათ პუტინის შეცვლასთან დაკავშირებით. ახლა დაიწყება მასობრივი წერილების მიწერა და საზოგადოებრივი კამპანიის შექმნა, რომელიც მოითხოვს, პუტინი მეოთხე ვადითაც დარჩეს. ეს გათვლილია პიარტექნოლოგიაზე და იმის ანალოგიურია, შევარდნაძეს რომ დაუჩოქეს. პუტინის ეს განცხადებაც არა მარტო საკუთარი ძალების მოსინჯვის მცდელობა იყო, არამედ რუსული საზოგადოების ძალების მოსინჯვაც. ვფიქრობ, პუტინი მეოთხე ვადითაც იყრის კენჭს, მას 2030 წლამდეც აქვს გათვლილი პრეზიდენტობა. მით უმეტეს, მის დროს რუსეთის დუმამ კანონი მიიღო და, ნაცვლად ხუთი წლისა, ექვს წლამდე გაახანგრძლივა პრეზიდენტობის ვადა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.