სპეცსამსახურების მხრიდან თვითმმართველობების საქმიანობაში ჩართულობა-ჩარევასა თუ მათზე ზეგავლენის თაობაზე, საუბრები სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ სუს–ის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს
„ქართული ოცნების“ წევრი, სამგორის გამგეობის თანამშრომელი, ლაშა ცანავა, რომლის განცხადებით ბიძინა ივანიშვილის ნათლულის (ცანავა ნათლულის ვინაობას არ ამხელს) დავალებით მოქმედებენ და სამსახურიდან წასვლას აიძულებენ სუს-ის ხელმძღვანელი მირიან მჭედლიშვილი, მისი ძმა საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, მალხაზ მჭედლიშვილი და ვიცე–მერი გია სოლომონია.
სუს-ის მიერ თვითმმართველობების საქმიანობაში ჩართულობაზე საუბრობენ კოალიციაში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები და უკვლე ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატები“, რომელთა განცხადებით, ქვეყანას სუსი მართავს. პარტიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თვითმმართველობაში თვითმმართველობის ნაცვლად გადაწყვეტილებას სწორედ სუსი იღებს.
სად იკვეთება სუს–ის ჩარევა და რა ხდება თვითმმართველობებში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა.
საჯაროდ საუბრობთ, რომ სუსი ერევა გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არავინ საუბრობს. სად ჩანს, რომ თვითმმართველობების მართვაზე გავლენა აქვს სუს-ს?
- ეს ხდება რეგიონებში, სადაც სამწუხაროდ, სამოქალაქო კონტროლი შესაბამის დონეზე არ არის აყვანილი. სწორედ რეგიონებში თვიმმართველობის საქმიანობაში ხდება უხეში ჩარევა და ეს საგრძნობი გახდა ადგილობრივი არჩევნების შემდგომ პერიოდში, როცა რამდენიმე რაიონში და განსაკუთრებით შიდა ქართლში, ადგილი ჰქონდა ამგვარი ჩარევის რამდენიმე ფაქტს.
კონკრეტულად რომელ თვითმართველობაში?
- გორში და კასპში. პირდაპირ ჩვენს მომხრეებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ დაეტოვებინათ პარტია და გადასულიყვნენ „ქართული ოცნების“ რიგებში. ზეწოლა ხორციელდებოდა საკრებულოში და გამგეობებში დასაქმებულ ადამაინებზე. ასეთმა ფაქტებმა ტოტალური ხასიათი მიიღო. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ჰქონდა დანერგილი, ახალი ხელისუფლების მიერ ძალიან კარგად იქნა აპრობირებული. აბრევიატურის და სახელის შეცვლამ ამ საქმეს ნამდვილად ვერ უშველა -მნიშვნელობა არ აქვს კუდი იქნება, სოდი თუ სუსი.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რეფორმა ნამდვილად დაიწყო შსს-ს სპეცსამსახურებში, მაგრამ შემდეგ, უკვე, ეს რეფორმა შეჩერდა და დაიწყო უკუსვლა. გარდა ამ სტრუქტურების შერწყმისა და ძალიან ბევრი დამნაშავე თანამშრომლის სტრუქტურიდან გაძევებისა, არაფერი სხვა არ შეცვლილა. იმ დამნაშავე ადამიანის ადგილი დაიკავა სხვა ადამინმა, რომელიც ლოიალურად არის განწყობილი ახალი ხელისუფლების მიმართაც, ან „ქართული ოცნების“ რიგებიდან არის მივლინებული სპეცსამსახურებში, არის უსიტყვო მორჩილებაში და ექვემდებარება პოლიტიკურ ზეწოლას.
რატომ გახდა აუცილებელი ამ ხელისუფლებისთვის, რომ ძალაუფლება ისევ ამ სტრუქტურების ხელში ყოფილიყო?
- ეს საკმაოდ მარტივად აიხსნება. სხვანაირად ამ ადამიანებმა მუშაობა არ იციან. წარმოდგენა არ აქვთ როგორ მართონ თვითმმართველობები, როგორი ურთიერთობა შეიძლება დალაგდეს ცენტრსა და რეგიონებს შორის და საერთოდ, როგორი თვითმმართველობა და როგორი მმართველობა გვინდა. სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამან დამახინჯებული სახე მიიღო - გამგებლებისა და საკრებულის თავმჯდომარეების მხრიდანაც, ძალიან ბევრი პრობლემა პირდაპირ ადგილობრივი სუს-ის ხელმძღვანელებთან გვარდება.
ეს არის ინსტიტუციური პრობლემა?
- რა თქმა უნდა. გააზრებული არ აქვს ხელისუფლებას როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმები ამ სფეროში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ქვეყნის დე ფაქტო მმართველი ბატონი ბიძინა ივანიშვილი თვითონ აღიარებს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს რეფორმების მეორე ტალღა, საუბარია შსს-ს რეორგანიზაციაზე. სხვათა შორის ეს დებულებების სახით ძალიან კარგად გვქონდა ჩამოყალიბებული ჩვენს პროგრამაში, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა, დაივიწყა.
ბატონო გიორგი, შსს-ს რეორგანიზაციის აუცილებლობაზე, მათ შორის თვითმმართველ ორგანოებში სუს-ის ჩართულობაზე პრემიერთან თუ გქონდათ საუბარი?
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერთან, მინისტრებთან თუ უმრავლესობის შეხვედრაზე, რამდენჯერაც დავაყენეთ რეორგანიზაციის დაწყების და დაჩქარების საკითხი, იმდენჯერ მივიღეთ პასუხი, რომ ახლა არის არჩევნები, ამისთვის ქვეყანას არ სცალია, ვართ საარჩევნო პერიოდში, როცა ყველაფერი დასრულდება აი, შემდეგ მივხედოთ ამ საქმესო.
ამ ლოგიკით საქართველო მუდმივად საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს...
- რა თქმა უნდა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გვაქვს საარჩევნო ციკლი და მაშინ ვერაფერი ვერ გაგვიკეთებია, ვერ განვძრეულვართ. ეს ყველაფერი მაგონებს სააკაშვილის აბსურდულ პასუხებს ამგვარ კითხვებზე. ამ ადამიანებმა ეს პასუხები გადმოამღერეს, ყველაფერზე ზუსტად იგივე პასუხები აქვთ, რაც მათ წინამორბედებს ჰქონდათ. გახსოვთ, ბატონმა ივანიშვილმა თქვა და შემდეგ ბატონმა ღარიბაშვილმა „აიტაცა“ - აი, ჩვენ ვიწყებთ შსს-ს რეფორმას. ამის მერე სამი თვე გავიდა, მთავრობის რომელიმე წევრისგან მოგისმენიათ, რომ მზადდება შსს-ს რეორგანიზაცია და, რომ ეს საშინელი მონსტრი უნდა დაიშალოს?
გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მირიან მჭედლიშვილის მოადგილედ დაინიშნა ნიკა შარაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სოდ-სა და კუდ-ში, ეს არის ადამიანი, რომელიც მუხროვანის ამბოხის დროს ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა და ეს ჩანს იმ ვიდეოზე, სადაც შს ყოფილი მინისტრი ამბობს „მომიტანეთ ორი გვამი“. თუ გაქვთ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია და რაზე მეტყველებს ასეთი საკადრო ცვლილებები?
- მეც მაქვს ამგვარი ინფორმაცია და სხვა ინფორმაციებიც. უფრო მეტსაც გეტყვით, ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში დაკავებული იყვნენ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ისევ მუშაობენ შსს-ში. იმედი მაქვს, რომ ახალი შს მინისტრი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებით მიუდგება ამ საკითხის მოგვარებას. ამ ხალხისგან გასაწმენდია ეს სისტემა. აქ საუბარია არაა პოლიტიკურ დევნაზე, საუბარია კრიმინალის დევნაზე.
როცა შენ სამხრეებს ამოფარებული სჩადიხარ უმძიმეს დანაშაულებს, პასუხი უნდა აგო კანონის წინაშე. პოლიციელი ფიცს დებს კონსტიტუციაზე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებაზე. ასეთი ადამიანები რაც შეიძლება დროზე უნდა მოიკვეთონ და ამ დროს, პირიქით ვხედავ. ღარიბაშვილის და ჭიკაიძის მინისტრობის დროს გაივსო მთელი სისტემა იმ ადამიანებით, ვინც ჩვენ გვდევნიდა, გვცემდა და გვაწამებდა.
შეგიძლიათ ერთი კონკრეტული ადამიანი დამისახელოთ, ვინც მაშინ გცემდათ და დღეს თანამდებობაზეა?
– 15 მაისის დარბევის ფაქტს გაგახსენებთ, როდესაც ჩემი კოლეგა ზურაბ აბაშიძე ისე ცემეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს. ასევე ცემეს უამრავი ადამიანი, დაახლოებით 30 ახალგაზრდა ჰყავდათ დაკავებული, მათ შორის დაჩი ცაგურია და მისი მეგობრები. დაახლოებით ერთი თვის წინ, შსს–ს ცხელ ხაზზე დარეკეს ამ ადამიანებმა, პირდაპირ უთხრეს იმ ნაძირლების სახელი და გვარები, რომლებიც ადამიანებს ცემდნენ, ბევრი მათგანი დაწინაურებულია.
ასეთ ადამიანებზე იყო დაფუძნებული სააკაშვილის რეჟიმის ძალადობა. ამ ადამიანებმა თავიანთი გამოცდილება შესთავაზეს ახალ ხელისუფლებას და ამათაც იფიქრეს, სად ვეძებოთ ახალი გაუსვრელი ხალხი, ჯობია დავეყრდნოთ ისევ ამ ნაძირლებს, ვინც ხალხს ცემდა, რადგან ხალხი ბნელია და ბრიყვიაო. არა ბატონებო, ხალხი არც ბრიყვია და არც თვალის დახუჭვას არ აპირებენ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს დემონტაჟი იმ სისტემის, რომელსაც სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი 10 წლის მანძლზე აწყობდნენ. თქვენ კაი დედ–მამისშვილებო თუ ასეთი კარგი იყო ეს სისტემა, მაშინ რას ებრძოდით ამ სააკაშვილის? რას გამოგყავდათ ეს ხალხი, რას დაატარებდით აქეთ-იქით?!