მსხვილი და საშუალო ბიზნესი ბოლო დროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან გახშირებულ შემოწმებაზე ჩივის. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა ვადის დაცვაც. სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეცვალოს საგადასახადო შემოწმებების სისტემა და ვადა შეამციროს.
ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ბიზნესის წარმომადგენლების პრეტენზიებმა - საგადასახადო შემოწმებების გახშირებისა და მათი ხანგრძლივობის ზრდასთან დაკავშირებით. მსხვილი კომპანიების შემდეგ შემოსავლების სამსახურის მხრიდან გახშირებულ შემოწმებებზე მცირე სავაჭრო ობიექტებიც საუბრობენ. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე, „არაბრენდირებული“ მაღაზიების წარმომადგენლების თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საგადასახადო სამსახურის ე.წ. „იდუმალი მყიდველები”, რომლებიც საკონტროლო შესყიდვებს ახორციელებენ, თითქმის ყოველ კვირას დადიან და აკონტროლებენ ვაჭრობის პროცესს.
მათი თქმით, თავად საგადასახადოს თანამშრომლებისგან იციან, რომ შემოწმებები უფრო გახშირდება, თუმცა კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ.
რამდენიმე დღის წინათ ბიზნეს ასოციაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საგადასახადოს მხრიდან კომპანიების შემოწმებები გახშირებულია.
„შეიძლება ზოგიერთი კომპანიის შემოწმება რამდენიმე თვე გაიწელოს, შემდეგ მიდის დავა სხვადასხვა ინსტანციაში. საბოლოო ჯამში, პროცესი ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ამასობაში კომპანია იმყოფება გაურკვეველ მდგომარეობაში, ბიზნესმენი ვერ ახერხებს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და წარმოების განვითარებას. შესაბამისად, თუკი შემოწმების პროცესის სწრაფად დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამით იხეირებს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო“, - ამბობს ლალაზაშვილი.
ანალოგიური ინფორმაცია აქვს იურისტ იმედა დვალიძეს: „საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მაკონტროლებელს ფინანსური შემოწმებისთვის 90-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული, მაგრამ 90 დღე ორჯერ და სამჯერ გადის, სანამ ბიზნესი ფინანსური უწყებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდეგ იწყება გასაჩივრების პროცესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საქმის განხილვისთვის ითვალისწინებს 2-თვიან ვადას და მაქსიმუმ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებას, მაგრამ არ მახსოვს შემთხვევა, ეს ვადა დაცული ყოფილიყო.
შემდეგ, სააპელაციო ინსტანციაში დადგენილია კანონით 2-თვიანი ვადა, მაგრამ არც ეს პირობა სრულდება. ამ პრობლემას აუცილებლად უნდა ეშველოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს ვითარება, როცა მეწარმეებს ურჩევნიათ, თუნდაც დაუმსახურებლად დაჯარიმდნენ დღესვე, ვიდრე ყველა ინსტანციის გავლით საშუალოდ 3 წელიწადს იდავონ.
ხშირად ხდება, რომ ერთი წლის წინ შემოწმების ერთი ეტაპი დასრულებულია, მაგრამ მაკონტროლებელი იმავე პერიოდს დაუბრუნდეს იმ საბაბით, რომ თითქოსდა ახალი ინფორმაცია მიიღო ან ახალი გარემოებები აღმოჩნდა. საფუძველს ყოველთვის იპოვიან, რომ ერთი და იგივე საწარმო რამდენჯერმე შეამოწმონ“.
შემოსავლების სამსახურში ამ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ალტერნატიული აუდიტის პროექტი დასრულდა, შემოწმების მასშტაბი შემცირდა.
„ჩვენთვის გაუგებარია ბრალდება გახშირებულ საგადასახადო შემოწმებასთან დაკაშვირებით, პირიქით, შემოწმების რაოდენობა შემცირებულია, ვინაიდან სამსახური გადაერთო რისკზე დაფუძნებულ აუდიტზე“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.