საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა პოლიტიკურმა კვლევებმა პარტიათა ნაწილი სკეპტიკურად განაწყო, მეორე ნაწილი კი, ბრძოლის ყიჟინაზე მოიყვანა. თუკი „ქართული ოცნება“ IRI-ს უნდობლობას უცხადებს და შიდა პარტიული კვლევის შედეგებით მანიპულირებს, „ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგის ზრდაზე აპელირებს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ გააქტიურების შემთხვევაში, საკუთარი მონაცემების გაორმაგებას პროგნოზირებენ.
IRI-ს პარტიული კვლევის შედეგებს სავარაუდოდ, ხვალ გამოაქვეყნებს, თუმცა, პოლიტიკური ძალების რიგებიდან მედიაში გაპარული მონაცემებით ირკვევა, რომ დღეს რომ არჩევნები იყოს, ამომრჩეველთა 36 პროცენტი ხმას „ოცნებას“ მისცემდა, ნაციონალებს ნდობას 14 პროცენტი გამოუცხადებდა, „თავისუფალი დემოკრატები“ 10 პროცენტს მიიღებდნენ, „ლეიბორისტული პარტია“ 6 პროცენტს დასჯერდებოდა, ხოლო „დემოკრატიულ მოძრაობას“ 5 პროცენტი შეხვდებოდა ისევე როგორც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
მმართველი ძალა საკუთარი შედეგით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ „რეიტინგები უსაქმურების საქმეა“, ხოლო ოპოზიცია „უუნარო მთავრობაზე“ აქცენტირებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, მაშველ რგოლს მიმართოს და დღეს მოქმედი მთავრობა სახლში გაუშვას.
უმრავლესობა ოპოზიციის რჩევის გათვალისწინებას არ აპირებს და პირიქით, IRI-ს კვლევებს არ ენდობა. როგორც for.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, 2012 წელს, ორგანიზაციამ კვლევის შედეგები ძალიან დიდი ცდომილებით დადო.
მისი თქმით, მას IRI-ს კვლევის შედეგები რეალურად არ მიაჩნია.
„ამ ორგანიზაციების ავტორიტეტს ვაფასებ, მაგრამ უნდობლობს იმ ორგანიზაციებს ვუცხადებ, რომლებიც უშუალოდ კვლევას ატარებენ. ამ ორგანიზაციათაგან ბევრი მათგანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ კავშირშია. ვხედავ, რომ გარკვეული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებია თუნდაც კვლევის შინაარსში“, - აცხადებს სესიაშვილი, რომელსაც შევახსენეთ, რომ 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში მეორე ტური რომ ჩატარდებოდა, სწორედ IRI-მ იწინასწარმეტყველა.
სესიაშვილისთვის ჩვენს მიერ დასახელებული ფაქტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა, რადგან კანონმდებელმა კვლავ გაიმეორა, რომ ის ამ ორგანიზაციების კვლევებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს და შიდა პარტიულ კვლევებს ეყრდნობა.
„ამ ორგანიზაციის შედეგებისთვის ყურადღება არც მანამდე მიმიქცევია, რადგან მირჩევნია, შიდაპარტიულ კვლევებს დავეყრდნო, რომელიც ობიექტურია“, - განაცხადა სესიაშვილმა. სესიაშვილისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ IRI-ს მიერ 2014 წლის არჩევნების პროგნოზი მხედველობაში მიიღო. for.ge-სთან საუბარში ბესელია აცხადებს, რომ ის ორგანიზაციას ნდობას უცხადებს, მაგრამ კითხვები იმ ორგანიზაციებთან აქვს, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ. დეპუტატის განცხადებით, არჩევნების შედეგებით არცერთი კვლევის შედეგი არ დადასტურა.
„ციფრები მადლიანი საქმე არ არის, რადგან არჩევნების შედეგები ყოველთვის განსხვავებულია. ყველაზე კარგი კვლევაა არჩევნები და ბოლო არჩევნების შედეგებიდან არც თუ ისე შორს ვართ. ანალიზის გაკეთება შეგვიძლია. რომელიმე ნიშნული გადაჭარბებულად არ უნდა ავიღოთ. ისეთი კომიტეტი მაქვს ჩაბარებული, სადაც დალხინებული და გახარებული წერილები ნაკლებად შემომდის. შესაბამისად, განწყობებს კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა ბესელიამ.
მმართველი ძალისგან განსხვავებით, ოპოზიცია IRI-ს ნდობას უცხადებს და მთავრობას დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს. როგორც for.ge-ს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ხელისუფლებაზე ნეგატიურად კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლამ იმოქმედა. ჩიქოვანის მოსაზრებით, საქართველოს მოსახლებობას ხელისუფლების მიმართ ნაკლები ნდობა აქვს.
„ორი წლის მანძილზე, კოალიციაში სრულიად ინტეგრირებული ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კოალიციის იდენტობა გაგვეძლიერებინა და არა „თავისუფალი დემოკრატების“. დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტი მუშაობის პირობებში, ჩვენი მაჩვენებელი გაიზრდება და მესამე ძალას შევქმნით, რომელიც ქვეყანაში რეალური რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს“, - დასძენს ჩიქოვანი.
ხელისუფლების შეფასებისას რადიკალურია ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე. for.ge-სთან საუბარში ბარამიძე აღნიშნავს, რომ მთავრობას უცნაური და არადეკვატური რეაქცია აქვს იმ სარკეზე, სადაც იხედება და საკუთარი თავი არ მოსწონს. დეპუტატის თქმით, კვლევის შედეგები სწორედ საზოგადოების განწყობის ამსახველია.
„თან არ უნდათ, რომ IRI-ს დაუპირისპირდნენ და თან ორგანიზაციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. სასაცილო დამოკიდებულებაა ის, რომ თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებაში არ არის, პროცესებს მართავს, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და მოსახლეობას უსმენს და შსს-ში „ჩანერგილები“ ჰყავს. მაშინ, თვითონ რას აკეთებენ? მათმა რეიტინგმა 25 პროცენტით დაიკლო და შვიდ-რვა თვეში, ასეთი რა მოხდა?!“, - აცხადებს კანონმდებელი.
ბარამიძის მტკიცებით, ნაციონალების რეიტინგი დღითიდღე იზრდება და 10 პროცენტიდან 14 პროცენტს მიაღწია.
„ჩვენს პარტიას სერიოზული მატება აქვს, თუმცა, ჩვენთვის ეს არასაკმარისია და თვითკმაყოფილებას არ მივეცემით. ზოგს ივანიშვილის სულელური ტყუილების კიდევ სჯერა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ხელისუფლების რეიტინგი შაგრენის ტყავივით მცირდება და ეს ნდობა იკუმშება. ივანიშვილს პოლიტიკურად კარგი დრო არ ელის და მისი მაშველი რგოლი იქნება, თუ მთავრობას გაუშვებს და ვინმე ნორმალურ, კომპეტენტურ ხალხს მოიყვანს, მაგრამ თუკი ისევ თავის თანამშემწეებს და დაცვის უფროსებს წამოწევს, მაშინ ყველაფერი კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება მთავრობის რეიტინგის ვარდნას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რეიტინგები უსაქმურების საქმეა.
პრემიერის მოსაზრებით, თუკი მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები რეიტინგზე ოცნებობენ, ისინი თავის საქმეში გულწრფელები არ არიან.
მთავრობის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მისი საზრუნავია ლარის კურსი, სამუშაო ადგილები და არა რეიტინგები.
„რეიტინგები უსაქმურების საქმეა. რეიტინგებზე აქცენტი არასდროს გამიკეთებია და ყურადღება არასდროს მიმიქცევია. თუ მინისტრებს მაღალი რეიტინგი აქვთ, ეს მთავრობის მაღალრეიტინგულობაზე მიუთითებს“, - დასძინა პრემიერმა, რომლის რეიტინგი 78 პროცენტიდან 57 პროცენტამდე შემცირდა.