სპორტული „გარჩევები“ პარლამენტში და დატუქსული ლევან ყიფიანი

სპორტული „გარჩევები“ პარლამენტში და დატუქსული ლევან ყიფიანი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა შესაძლოა, პოლიტიკურ დღის წესრიგში სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის პოსტიდან გადაყენების საკითხი დააყენონ. როგორც for.ge-თვის გახდა ცნობილი, ლერი ხაბელოვის კომიტეტმა სპორტის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და მინისტრიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.

სპორტის კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანს დახურულ სხდომაზე გუშინ უმასპინძლეს, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მინისტრისა და დეპუტატების შეხვედრა დაპირისპირებისა და მუქარების ფონზე წარიმართა.

კანონმდებლებმა მინისტრს კითხვებით სპორტის აკადემიასთან, ფედერაციების საქმიანობაში ჩარევა-არჩარევასთან დაკავშირებით მიმართეს და სპორტსმენებთან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხები მოსთხოვეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სხდომაზე ვითარება განსაკუთრებით დეპუტატ შოთა ხაბარელის გამოსვლამ დაძაბა, რომელმაც მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა.

ხაბარელის ცნობით, სპორტის სამინისტროში 92 ადამიანი მუშაობს, თუმცა, სპორტის კუთხით კვალიფიციური მხოლოდ სამი ადამიანია.

„ეს სამი კაცია - დოლაბერიძე, ბაქრაძე და ლიპარტელიანი. სპორტის სამინისტროში 92 ადამიანი მუშაობს და აქედან სპორტის სფეროს სპეციალისტი მხოლოდ სამი ადამიანია. ეს სწორედ პრობლემაა. თქვენ ამბობთ, რომ სპორტის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ბევრ საკითხს ქონების მართვის სააგენტო წყვეტს. თქვენ იმ ობიექტების ბედით უნდა დაინტერესდეთ, რომლებიც გასხვისებულია. თქვენ მეუბნებით, რომ ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო და აბა, ვის კომპეტენციაში შედის, ამიხსენით? ბოდიში და ქონების მართვის სააგენტო სულ არ მაინტერესებს, რადგან „ქარიშახალა“  და „არენა“ გასხვისდა. სხვათაშორის, თქვენგან განსხვავებით ჩასაფრებული ვართ, რომ ქონება არ გასხვისდეს. თქვენ არ გაინტერესებთ ის, რასაც „ქარიშახალა“ და „არენა“ აკეთებს. თბილისში ლენინის დარბაზი გასხვისდა და იცით, იქ რამდენი ადამიანი ვარჯიშობდა? ქალაქის ცენტრში ათასობით ახალგაზრდა სპორტით იყო დაკავებული და თქვენ ამან არ დაგაინტერესათ, არადა, თქვენ უფრო მეტი ინტერესი უნდა გამოგეჩინათ“, - ასე მიუმართავს ყიფიანისთვის ხაბარელს, რის შემდეეგაც მხარეებს შორის კამათი ხმაურში გადაიზარდა და დეპუტატმა მინისტრს პარლამენტის უფლება-მოვალეობა შეახსენა.

ხაბარელის თქმით, დეპუტატები უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და მთავრობა მათ კონტროლს ქვეშ უნდა იყოს.

„ჩვენ ჩვენს ფუნქციას ვასრულებთ. იცოდეთ, სად ხართ დღეს! თქვენი პირნათელი მოვალეობაა, შეისწავლოთ, რა ხდება სამინისტროში. სპორტის მინისტრი თქვენ ხართ და არა - მე. თქვენ ბევრი რამ უნდა იცოდეთ და სპორტს მიხედეთ“, - მიუმართავს ხაბარელს ყიფიანისთვის.

მინისტრმა კი საკუთარ გამოსვლაში ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ სპორტის სამინისტროში პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი არ არსებობს.

„სამსახურიდან თანამშრომლების გაყრას ვერ დავიწყებ, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა და ამის საფუძველიც არ მაქვს. იქ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი არ გვყავს, ისევე როგორც მოტივირებული არ არის არცერთი ფედერაცია. ჩვენი მთავარი მონაპოვარი იყო, რომ ფედერაციების დეპოლიტიზაცია მომხდარიყო. თქვენ უკაცრავად, სხვანაირი ინიციატივები გაქვთ. სანამ მე მინისტრი ვარ, უწყების დეპოლიტიზირება მოხდება. ბატონო ლუკა, თუკი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მიმღებ ერთ ადამიანს დამისახელებთ, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ. მე მსგავსი შემთხვევა არ ვიცი“, - თავის მხრივ მიუმართავს კურტანიძისთვის მინისტრს, რაზეც დეპუტატმა მას განუმარტა, რომ სამინისტროში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებში აგიტაციას ეწეოდნენ და ისინი აქციებზე დაყავდათ.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატებმა მინისტრს პასუხები ჭიდაობის ფედერაციიდან ლუკა კურტანიძის გამოშვებაზეც მოსთხოვეს.

ყიფიანის თქმით, თუ კურტანიძეს სასამართლო გადაწყვეტილება ექნებოდა, სამინისტროს რეაგირების გაკეთების საშუალება ექნებოდა.

„რადგან სასამართლო დოკუმენტი არ იყო, მაშინ პიროვნული გადაწყვეტილების მიღება მომიწევდა და პრობლემებიც ამან გამოიწვია. მე სამართლებრივი ჩარჩოებიდან ვერ გამოვდივარ. ჩემი სურვილია, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გამოვიდე. პიროვნულ და საქმიან ურთიერთობებს ვმიჯნავ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ. ის ზეწოლა და ლაპარაკი, რომ ჭიდაობის ფედერაციაში ჩარევა უნდა მომხდარიყო, მაშინ ეს ჭიდაობის საწინააღმდეგოდ უნდა მომხდარიყო“, - განუაცხადებია ყიფიანს, რომელმაც დეპუტატებს უსაყვედურა, რომ კომიტეტის ფორმატში სხვა შეხვედრას ელოდა და სხვა ვითარება დახვდა.

მინისტრის მტკიცებით, ის და მისი უწყება ღია არიან.

„გთხოვთ, ჩასაფრებულების პოზიციიდან ნუ საუბრობთ და მოტივირებულები ნუ იქნებით, რაც აშკარად ჩანს. კარგი იქნება თუკი, არასახარბიელო ურთიერთობა შეიცვლება, რადგან სამინისტრო სწორ გზაზე დგას და ქვეყნისთვის სპორტი პრიორიტეტული სფეროა. ან ერთად ვიმუშაოთ, ან თქვენს გარეშე ვიმუშავებ, ან ჩემს გარეშე იქნებით“, - მიუმართავს დეპუტატებისთვის ყიფიანს, რასაც ზურაბ ზვიადაური გამოხმაურებია და მინისტრს დამუქრებია კიდეც.

„გამოსვლისას ზვიადაური მასთან ძიუდოისტთა ნაკრების წევრების მიერ მიტანილი ამბის გადამოწმებით დაინტერესდა და მან ყიფიანს კითხვით მიმართა“, - გგვიყვება ჩვენი წყარო და ზვიადაურის ციტატები მოჰყავს:

„მაინტერესებს, რა მდგომარეობაა მწვრთნელთა გადამზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით? ასევე მაინტერესებს, ძიუდოისტთა ნაკრებთან შეხვედრაზე, თქვენ თქვით თუ არა, რომ როდესაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით, ქვეყანაში 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იყო, დღეს 2 პროცენტიანი ზრდაც არ არის და სპორტსმენები პრემიებს ვერ ეღირსებიან?!“,-  მინისტრმა კითხვის არსი ვერ გაიგო და მან დეპუტატს დაზუსტება მოსთხოვა, რაც საბოლოო ჯამში, კამათში გადაიზარდა“.

ზვიადაურის ცნობით, მას ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა უთხრეს, რომ ისინი პრემიებს ვერ მიიღებენ.

„ეს სწორედ ბიჭებმა მითხრეს. ბიჭებს რა უნდოდათ, გითხრეს, მაგრამ თქვენგან ეს პასუხი მიიღეს. თქვენ გითქვამთ, ბოდიში და წახალისების ილუზია არ გქონდეთო. იქ არიან მწრთნელები და სპორტსმენები. ბიჭები საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ და ისინი პირველი ნომრები არიან, თქვენ კი მათთან ეს თქვით. ეს თქვენ არ გეკადრებათ. ასევე თქვენ თქვით, რომ საქმიანობას გავაგრძელებ, თქვენს გარეშე, ან მუშაობა ჩემს გარეშე გაგრძელდებაო. ისე არ მოხდეს, რომ ყველაფერი თქვენს გარეშე მოხდეს!“, - მიმართა ზვიადაურმა მინისტრს.

დეპუტატების კამათში კარლო კოპალიანიც ჩართულა, რომელმაც ყურადღება ნაციონალების მცდელობებსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას საქმიანობაზე გაამახვილა.

„ცალ-ცალკე თამაშის დროს თუკი ბურთი იკარგება და გუნდი აგებს, მოწინააღმდგეთა გუნდი იგებს. კომიტეტში თავიანთი გამოცდილებითა და პატრიოტიზმით ლეგენდა ხალხი მუშაობს. თუკი კომიტეტი და აღმასრულებელი ხელისუფლება საქმეს ერთად გააკეთებდნენ, შედეგიც შესაბამისი იქნებოდა. ამის მაგალითია - ჯანდაცვის კომიტეტი და შესაბამისი სამინისტრო. კვლევების მიხედვით, დავით სერგეენკოს მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ჯანდაცვის კომიტეტის დამსახურებაცაა. სისხლის მსმელებმა - ნაციონალებმა 21 მარტს მესამე მიტინგი ჩაგვიტარეს და კაციჭამია ბელადისგან მითითება აქვთ, რომ ფედერაციებში ადგილები შეინარჩუნონ და თუნდაც „ოცნების“ შემადგენლობაში გადავიდნენ. ნემსაძის შემთხვევა გავიხსენოთ, რომელიც კლასიკური მაგალითია იმის, რაც ტოტალური მმართველობის პირობებში ხდება. თუკი ერთ ლოყაში გაგვარტყამენ და მეორე ლოყას მივუშვერთ, მძიმე შედეგს მივიღებთ“, - მიმართა დეპუტატებს კოპალიანმა.

კოპალიანს არ ესმის, თუკი ჭიდაობის ფედერაციიდან ლუკა კურტანიძე გამოუშვეს, ფეხბურთის ფედერაციაში ზვიად სიჭინავას ხელს რატომ აფარებენ.

„ფეხბურთი მოკლეს და ეს ხალხი ამ სპორტის სახეობის დასაქცევად და ფულის საშოვნელად არის. როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმის თქმას გვიბედავს, რომ სხდომას მაშინ ჩატარებს, როცა უნდა, ჩვენი საქმე კარგად არ ყოფილა. ბერკეტები არსებობს, რომ სიჭინავას ჭკუაზე არ ვიაროთ“, - განაცხადა კოპალიანმა.

ცხარე კამათის შემდეგ, დეპუტატემა სპორტის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობას კენჭი უყარეს და ის არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. თუმცა, მანამდე ლუკა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ის სამინისტროს 2014 წლის მუშაობას უარყოფითად აფასებს, რადგან უწყებაში მეტი ცვლილებებია საჭირო.

„თუ ჩასარევია, მინისტრი ბრძანდებით და რა უნდა გააკეთოთ, კონკრეტულად მოგახსენებთ“, - მიუმართავს კურტანიძეს ყიფიანისთვის, ხოლო ლერი ხაბელოვმა განმარტა, რომ სპორტის სამინისტროს საქმიანობაზე კომიტეტის დასკვნა ბიუროს მიეწოდება, რომელიც თავის მხრივ, საქმის კურსში პრემიერ-მინისტრს ჩააყენებს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე ზურაბ ზვიადაურმა for.ge-სთან საუბარი არ ისურვა, სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა კი განგვიცხადა, რომ მისთვის დეპუტატების ასეთი ტონი მისაღები არ არის.

„ვერ ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო, მაგრამ სპორტი ისეთი სფეროა, რომლის თაობაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. წინ დიდი ნაბიჯებით მივიწევთ და ორიენტირებული ვართ განვითარებაზე. არ გვინდა, ის შეცდომები გავიმეოროთ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. მომავალში, დეპუტატებთან კონსულტაციებს გავმართავთ და ეს ურთიერთობა დარეგულირდება“, - განაცხადა ყიფიანმა, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „რას გულისხმობდა განცხადებაში, რომ საქმიანობას ან დეპუტატების გარეშე გააგრძელებს, ან მუშაობა მის გარეშე გაგრძელდება?“.

მინისტრის განცხადებით, ის სახელმწიფო და პიროვნულ საკითხებს ერთმანეთისგან მიჯნავს და ასე უნდა მოიქცეს სხვაც.

„ჩემთვის დეპუტატების ასეთი ტონი მისაღები არ არის. რა თქმა უნდა, ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ პიროვნული ფაქტორები სახელმწიფო ფაქტორებისგან უნდა გავმიჯნოთ და მე გამიჯნული მაქვს. იმ კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედებთ, რაშიც ვიმყოფებით. რაც შეეხება სიჭინავას, ეს ნაციონალების უკანასკნელი ბასტიონია, რაც გარღვეული უნდა იყოს, მაგრამ კანონმდებლობის ფარგლებში და კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განაცხადა ყიფიანმა, რომელსაც სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის დერეფნებში სიარული მარტოს მოუწია, განსხვავებით სხვა მინისტრებისგან, რომელთაც დეპუტატები მინიმუმ ლიფტამდე აცილებენ.