„20/30“-ს ვუყურებ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებია საინტერესო, კარგად განმარტავენ მთავრობის საქმიანობას. კრიტიკაც იქნება, განსხვავებული მოსაზრებებიც, ასევე ჯანსაღი შეფასებები და ეს ნორმალურია. მისასალმებელი იქნება თუ სხვებიც გააკეთებენ ასეთ გადაცემას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამბობს, რომ არც ბატუტების ყიდვით არის დაკავებული და არც მფრინავი ოთახები აქვს, ხოლო ვისაც მისი ცხოვრების წესი აინტერესებს, ნება დართო გაარკვიოს. პრემიერს მიაჩნია, რომ რეიტინგები უსაქმურების საქმეა; ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის; ყველაზე მეტად არ მოსწონს როდესაც გუნდში განხილვის გარეშე ხდება რაღაც საკითხების საჯაროდ გამოტანა და განხილვა; თვლის, რომ მოსახლეობას არ აინტერესებს, დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის გამოსვლას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაჟკაცების საქმე არ არის საიდუმლო საქმეებით სპეკულირება. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რატომაც პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის თავად წარედგინა მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები, რომელიც საზოგადოებამდე სათანადოოდ ვერ მიდის.
„მოვუწოდებ უსაქმურებს, რომ დაკავდნენ ამ რეიტინგების შესწავლით. მე რეიტინგებზე არასდროს გამიკეთებია აქცენტი და არასდროს მიმიქცევია ყურადღება. მთავრობა იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტი ან მინისტრები, რომლებიც მხოლოდ რეიტინგებზე ფიქრობენ და ოცნებობენ, ისინი არ არიან გულწრფელი მინისტრები, პრემიერები და პრეზიდენტები. თუ ჩემი მინისტრები იქნებიან მაღალი რეიტინგით მოსარგებლე, ეს მიუთითებს მთავრობის მაღალრეიტინგულობაზე. რეიტინგებზე არ უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ მეტი საქმის კეთებასა და იმაზე თუ როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას მდგომარეობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერი ამბობს, რომ რამდენიმე მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობაში ცვლილებებს არ გეგმავს. ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან ისეთი ურთიერთობა აქვს, როგორც ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკას შეეფერება. შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენას ტელევიზორის საშუალებით აპირებს.
„გასულ წელსაც ვთქვი, რომ სხვა რეალობაა, ვერიდებით პომპეზურობას და არ იყო საჭირო მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე. ამის დრამატიზება არ არის საჭირო. საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა პარლამენტში ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. მეც მოვუსმენ, მაგრამ არ არის აუცილებელი პარლამენტის შენობაში ვიყო, შეიძლება, ვუსმინო ტელევიზორით. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრი „უზნეო საქმეს“ უწოდებს თავდაცვის ყოფილ მინისტრის განცხადებას და ამბობს, რომ საიდუმლო საქმეებით სპეკულირება ვაჟკაცების საქმე არ არის. ღარიბაშვილმა ეს კომენტარი ალასანიას იმ განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში ვიზიტისას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
„მე არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტირებას. ვფიქრობ, ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბედისწერო შეცდომა იყო ის, რომ 9 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა სამარცხვინო მთავრობა.
„არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ბოცო წიკლაური, აკო მინაშვილი, ან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რამდენად მოსწონთ, ან არ მოსწონთ. მე მაინტერესებს ის, რომ გერმანიის კანცლერს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა და მხარს გვიჭერდეს. მაინტერესებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა, სახელმწიფო დეპარტამენტი გვიჭერდეს მხარს. ეს არის ჩემთვის საინტერესო, როგორც მთავრობის მეთაურისთვის.
2 წლის წინ ჩვენს წინა მთავრობას, სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა აბსოლუტურად გაუაზრებელი პოლიტიკა ნაწარმოები რუსეთის მიმართულებით. მათი გაუაზრებელი მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენმა სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცილა აგვისტოს ომი. მიმაჩნია, რომ სწორი პოლიტიკით, კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომებით ამის აცილება შეიძლებოდა.
ჩვენ დავიწყეთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი და მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია, შევძელით ის, რომ ჩვენი ფერმერებისთვის, გლეხებისთვის, მოსახლეობისთვის ბაზარი გავხსენით. ექსპორტი გაიზარდა 468%-ით. გაინტერესებთ, რას მეკითხებიან, როდესაც შეხვედრები მაქვს უცხოელ ლიდერებთან? - მათ სურთ დარწმუნდნენ, გავაგრძელებთ, თუ არა ამ კონსტრუქციულ მიდგომებს და ამ მიმართულებით რაიმე ხომ არ შეიცვლება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ შეეხება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რაც შეეხება ლარის კურსთან დაკავშირებულ მოვლენებს, პრემიერი ამბობს, რომ ეს იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატური განვითარებაა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარდაბანში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს 2 მილიონად შეფასებული მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა. ღარიბაშვილის განცხადებით, უჩა მამაცაშვილს აღნიშნულ საქმესთან კავშირი არა აქვს.
„ის მიწა, რომელიც იყო ხრიოკი და არავინ იყენებდა, 2 მილიონად იყო შეფასებული და 1 ლარად გადაეცა კომპანიას „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. თანაინვესტირების ფონდმა სანაცვლოდ 10 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯა აღნიშნულ ადგილზე, 30 ჰექტარზე ულტრათანამედროვე სათბური შენდება. უახლოეს 2 წელიწადში ჩვენს კიტრს და პომიდორს მოვიყვანთ, რომლითაც იმპორტის 30%-ს ჩავანაცვლებთ. არ უნდა შეიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში. 45 მილიონი ლარი ჯდება მთელი ეს პროექტი.
მთავრობა მზად არის, თანაინვესტირების ფონდის დაინტერესების შემთხვევაში, კომპანიას მიწის ფართობი კვლავ 1 ლარად გადასცეს. თუ თანაინვესტირების ფონდი 1 ლარად ასეთი პროექტის განხორციელებას სხვა ადგილზე კვლავ გადაწყვეტს, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ამ კომპანიასთან კი უჩა მამაცაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინიატრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ იწყებს უმნიშვნელოვანესი და ძალიან მასშტაბური პროექტის „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს. როგორც პრემიერმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სრულიად ახალი ეკონომიკური ურთიერთობები იწყება. მისივე თქმით, ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისათვის თანამშრომლობის შესახებ. პრემიერის ინფორმაციით, ოქტომბერში, თბილისი, აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, რომელზეც განხილულული იქნება აბრეშუმის გზის კონცეფცია, სატრანსპორტო ლოგისტიკა და ვაჭრობის საკითხები.
„მე მზად ვარ, ნებისმიერი კრიტიკა მივიღო. ერთი მხრივ, სახელმწიფო ვაცხადებთ, რომ ვართ ბიზნესმეგობრული, მაგრამ მეორე მხრივ, არავის უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმეს წინაშე ვინმე პრივილეგირებული იქნება. წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც პრივილეგირებულნი იყვნენ, მაგრამ ჩვენ დროს ასე არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს მიმართა, თუ რაიმე ფაქტები აქვთ, ღიად წარმოადგინონ და არა შეკვეთილი სტატიების სახით და ბიძნური კამპანიებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნესმენებს შენიშვნები ჰქონდათ ბიუროკრატიულ ბარიერებთან დაკავშირებით როგორც თბილისის მერიის, ისე რეგიონების და მანამდე ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებაში, თუმცა ეს გამოსწორდება.
პრემიერმა აქვე დაადასტურა, რომ არ იზიარებს ნატო-სთან მიმართებაში უმრავლესობის წევრი დეპუტატის, გოგი თოფაძის განცხადებებს და ამბობს, რომ „მრეწველთა პარტიამ“, ისევე, როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში, თავის დროზე ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს. პრემიერი ამბობს, რომ მრეწველები ოფიციალურად სრულად იზიარებენ ჩვენს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ეს იქნება საგარეო პოლიტიკა თუ საშინაო პოლიტიკა. კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მრეწველებს“ მათ გვერდით, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე დიდი დროა.
პრემიერის სამ საათინაი პრესკონფერნცია ტრადიციულად ჟურნალისტების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. ღარიბაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებლური უწოდა და აქვე სურვილიც გამოთქვა, რომ ისურვებდა გუბერნატორმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს. ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით პრემიერს შეკითხვა „თრიალეთის“ ჟურნალისტმა დაუსვა.
ჟურნალისტი დაინტერესდა თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი, რადგან ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან. მანვე შესთავაზა ჟურნალისტს, რომ თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას.
პრემიერის განცხადებაზე ოპერატიული რეაგირება გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, რომელმაც სოფელ ატენში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ მის მიმართ გამოთქმული ცილისმწამებლური ინფორმაცია უნდა შეასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ სოფელში სახლის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო, თუმცა, უსახსრობის გამო, რამდენიმე წელია მშენებლობა შეჩერებულია.