„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ნაციონალების იდეა ჩანასახშივე მოსპეს

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ნაციონალების იდეა ჩანასახშივე მოსპეს

„თავისუფალი დემოკრატებით“ იმედგაცრუებული ნაციონალები ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძემ გაახარა. თუკი ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში ჩართვას არ აპირებს, მურმან დუმბაძე უმცირესობას დოკუმენტზე ხელმოწერას ჰპირდება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მინისტრთა კაბინეტის სახლში გაშვებაზე ზრუნვა უკვე დაწყებული აქვს, სამართლებრივი პროცესების წარმოებას კი, ჯერჯერობით არ ჩქარობს. 21 მარტის აქციაზე, ნაციონალებმა მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის დაწყება დაანონსეს, თუმცა, მათ ამ დრომდე, საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები და საჭირო 60 ხმის შეგროვება არ დაუწყიათ.

როგორც for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, უმცირესობა კონსულტაციებს პარლამენტის იმ წევრებთან დაიწყებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში საქმე ცუდად მიდის და სიტუაცია გამოსასწორებელია.

მაჭავარიანის თქმით, თუკი უმრავლესობა ვერ ხედავს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა არადეკვატური და პოლიტიკურად გაკოტრებულია, ეს მათ უფრო სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, რადგან მოსახლეობა დარტყმას ყოველდღიურად ღებულობს.

„ამ უნიათო მთავრობის გამო, ქვეყნის ავტორიტეტი უკან მიდის. ვეცდებით, რომ კონსტიტუციური უფლებები გამოვიყენოთ და ეს უნიათო მთავრობა სახლში წავიდეს. ამისთვის გზის მოძებნაა საჭირო. იმის გამო, რომ რაღაც არ გავაფუჭო, ზედმეტი საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ დასამალი არ არის, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ რაღაც საკითხებში მხარს ვუჭერდით, რადგან ოპოზიციაში ვართ. ერთმანეთის მიმართ სიმპატიები არ გვაქვს, თორემ ერთ პარტიაში ვიქნებოდით. თუკი საყდრისზე ვითანამშროლეთ, აქ პრობლემას რა ქმნის? ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ საყდრისის თემასთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბევრი ნაციონალი ყოფილიყო და საკითხისთვის მხარი დაგვეჭირა“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე არწმუნებს, რომ ალასანიას გუნდი ნაციონალების დღის წესრიგს არ გაითვალისწინებს.

აბაშიძის შეფასებით, აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ძალიან კვებავენ და მათ პოლიტიკურად ერთმანეთი სჭირდებათ, რათა ერთმა მეორე ძალისგან მტრის ხატი შექმნას, ხოლო მეორე დაჩაგრულის პოზიციებიდან გამოვიდეს და საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვოს.

„როცა ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ, მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს არც მაშინ ვიზიარებდით და არც ოპოზიციაში გავიზიარებთ. „თავისუფალი დემოკრატები“ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად ვქმნით და რასაც ჩავთვლით საჭიროდ, ისე ვიმოქმედებთ. ჩვენ ხვალინდელი დღე ვართ, რომელიც ქართულ სახელმწიფოს სჭირდება“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.

კანონმდებელის მოსაზრებით, მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ასრულებს და უნდა წავიდეს, პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა კი ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელიც ქვეყანას არაფორმალურად მართავს და „ქართული ოცნების“ რეალური ლიდერია.

„თუკი მათ ჩვენთან რაიმე კონსულტაციის დაწყება სურთ, მოვიდნენ, აზრი გვკითხონ და ჩვენს პოზიციას პირში ვეტყვით. საზოგადოება კი თავად განსაზღვრავს, რა მიზნები გვამოძრავებს. ჩვენი მიზანია, ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდეთ და ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს“, - დასძენს აბაშიძე, რომლის მსგავსად, მისი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალებსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის არანაირი კონსულტაციები არ გაიმართება.

for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ქორ-ვაჭრები არ არიან, რომლებიც პრინციპებით ივაჭრებენ.

ცაგარეიშვილის მოსაზრებით, მთავრობა გზა-კვალ აბნეულია, მაგრამ ნაციონალებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთობა გამორიცხულია.

„მათ გინდ მიტინგიდან გვესაუბრონ და გინდ, მშვილდისარი გვესროლონ, მათ აზრს ფასი არ აქვს. თავში ქვა უხლიათ. ნაციონალებთან არავითარი კონსულტაცია არ იქნება. ჩვენ პოლიტიკური ქორვაჭრები არ ვართ და პრინციპებით არ ვაჭრობთ. მრავალი წლის მანძილზე, ქუჩაში მრავალტანჯულ საზოგადოებასთან ვიდექით, რომელსაც ეს ვაჟბატონები შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ კონსულტაციებს რომელი სინდისიერი „თავისუფალი დემოკრატი“ დათანხმდება და რა პასუხი უნდა გავცეთ ამომრჩეველს? ამომრჩეველმა პარლამენტში ამ ვიგინდარებთან კონსულტაციებისთვის კი არ შემოგვიშვა, არამედ სამართლიანობის აღდგენისთვის!“, - აცხადებს ცაგარეშვილი.

დეპუტატის შეფასებით, ნაციონალები ამომრჩეველს კვებავენ, ვითომდა, ისინი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებენ.

„ის, რომ მთავრობა გზა-კვალ აბნეული გვყავს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, რადგან ადამიანებს სიტყვა ვერ ამოვაღებინეთ, რა სჭირს ლარს. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებმა პარლამენტი გამოიყენონ, ისინი დეპუტატების უკან იმალებიან. ეს მინისტრობა არ არის და მინისტრობა თუ რა არის, წარსული გადაახვიონ და შეხედონ როგორ იქცეოდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, რომელთაც უწყებაში ზონდერები მოჰყვებოდნენ. სამწუხაროდ, მთავრობაში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ თუ ქვეყნის მართვა არ შეგიძლიათ, გვერდზე გაიწიეთ. რაც შეეხება ნაციონალების იდეას, საკითხის მხარდაჭერას 76 ხმა სჭირდება და სად აქვთ, რატომ აბოლებენ ხალხს? იმპიჩმენტის პროცედურა ვერ გამოვა. ამ ქვეყანაზე სამოთხე რომ მოვიდეს, მათთან ერთად მონაწილეობას მაინც არაფერში მივიღებ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი, რომლის მსგავსად, ნაციონალებს მკაცრად აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

როგორც for.ge-ს ბესელიამ განუცხადა, უმცირესობას პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს, ისინი პარლამენტში არ მუშაობენ და მხოლოდ მყვირალა განცხადებებს აკეთებენ.

ბესელიას თქმით, ნაციონალები ცდილობენ, რომ საზოგადოებას თავს თავის დღის წესრიგი მოახვიონ.

„ხმები წინ და უკან რაც არ უნდა გადაითვალონ და რა ფორმულაც არ უნდა მოიფიქრონ, თავად იციან, რომ ეს მიზანი მიუღწეველია. მათი ამოცანაა, რომ როგორმე ახალი პოლიტიკური დღის წესრიგში შექმნან. სხვა ამაში აზრიანი და ღირებული არაფერია“, - დასძინა ბესელიამ, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

for.ge-სთან საუბარში კობახიძე აცხადებს, რომ ნაციონალებს საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია.

მისი განცხადებით, მთავრობისთვის უნდობლობის თემის გააქტიურებით, უმცირესობა იმის დაფიქსირებას ცდილობს, რომ ისინი არსებობენ და პარლამენტში პროცედურულად რაღაცის განხორციელება შეუძლიათ.

„მათ მხარდაჭერა არ ექნებათ, მაგრამ თუკი მათ ხელს „თავისუფალი დემოკრატები“ მოუწერენ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ უმრავლესობა მყარია და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა გამოირიცხულია“, - განაცხადა კობახიძემ, რომლის მსგავსად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ ნაციონალების იდეა მარცხისთვის არის განწირული.

როგორც for.ge-ს კახიანმა განუცხადა, ნაციონალებმა მთავრობის გადაყენების პროცედურაზე საუბარი იმ იმედგაცრუებიდან გამომდინარე დაიწყეს, რაც მათ 21 მარტის აქციაზე მიიღეს.

კახიახის მოსაზრებით, ნაციონალებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მოვიდოდა და აქციებს გააგრძელებდნენ.

„კითხვის ქვეშ დადგა, არა მხოლოდ მათი პოლიტიკური რეაბილიტაციის საკითხი, არამედ ის, ისინი შეძლებენ თუ არა, რომ მომავალ არჩევნებში ისევ პირველი ოპოზიციური პარტია იყვნენ?! ისინი ამ პროცესში „თავისუფალი დემოკრატების“ ჩათრევას ცდილობენ, რაც მათთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნებოდა, რადგან მათ ნაციონალებთან ალიანსში აღიქვამდნენ. ჩვენი გუნდიდან ამ საკითხის მხარდაჭერა გამორიცხულია და ამ თემაზე საუბარიც კი, არასერიოზულია. მათი მცდელობა, სურათი დახატონ არიქა და მთავრობის გადაყენების პროცესი დაიწყეს. როცა ეს არ მოხდება, ეს ხომ იქნება ფარსი და მორიგი თამაში?“, - ინტერესდება კახიანი, რომელიც განგვიმარტავს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, საკმაოდ რთულ და რამდენიმე ეტაპიან პროცედურასთან არის დაკავშირებული.

კახიანის ცნობით, პარლამენტი უფლებამოსილია მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციაში პროცედურათა იმდენად რთული თანმიმდევრობაა გაწერილი, რომ მთლიანობაში უნდობლობის გამოცხადებას და ახალი მთავრობის დამტკიცებას შესაძლოა 90-ზე მეტი დღე დასჭირდეს.

მისი თქმით, მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის პარლამენტს არანაკლებ 60 დეპუტატმა უნდა მიმართოს. უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - 75 დეპუტატი დაუჭერს.

იქედან გამომდინარე, რომ ნაციონალებს ამ მოწვევის პარლამენტში არათუ 75 დეპუტატის ხმის შეგროვება, არამედ 60 კანონმდებელის შეკრებაც უჭირთ, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების გაგრძელებაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან საბოოლოო ჯამში, ნაციონალებს საკითხის ბოლომდე მიყვანისთვის მინიმუმ 90 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ.