გასულ კვირას ძალზე საინტერესო კონფერენცია გაიმართა აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის მონაწილეობით, რომლის ინიციატორიც იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატგეიული კვლევების ანალოგიური ცენტრი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ალექსანდრე რონდელის ხელმძღვანელობით. თემა იყო სამმხრივი ურთიერთობები რეგიონის განვითარებისთვის, მათ შორის, ინფრასტუქტურული პროექტების პერსპექტივები, გადაზიდვების თვალსაზრისით რეგიონის ახალი ფუნქცია და ა.შ.
ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აზერბაიჯანი და თურქეთი ჩინეთს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედაც: „ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო აზერბაიჯანელი კოლეგების ხედვა რეგიონში ჩინეთის, როგორც ახალი მოთამაშის როლის გაზრდის თაობაზე. ჩინეთი, რომლის ტვირთბრუნვაც ასეულ მილიარდობით ტონას შეადგენს, არის ძალიან მსუყე სამიზნე ნებისმიერი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ჩინეთიდან ტვირთების შემოტანა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით და შემდეგ ევროპისკენ, როგორც მინიმუმ, ჩვენს სატრანზიტო შემოსავლებს ორ-სამჯერ მაინც გაზრდის“, - ამბობს ლაგაზიძე და აქვე განმარტავს, რომ ზოგადად, უსაფრთხოების ცნება ახალ მსოფლიოში პირდაპირ არის გადაჯაჭვული ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ფუნქციებთან.
ხედვა არის ასეთი, რომ რეგიონის ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე, მოხდეს დაინტერესებული დიდი მოთამაშეების, იგივე აშშ-ს, ჩინეთის, რუსეთის ინტერესების თანხვედრა, რომლის საფუძველიც კონსენსუსი იქნება და არა ის, რაც იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც რეგიონი განიხილებოდა ზესახელმწიფოების ბრძოლის ველად.
„კავკასიის განვითარების ფონდის“ დირექტორი მუბარის კარაევი კი მიიჩნევს, რომ თუ საქართველომ და ზოგადად, რეგიონმა შეძლო ამ ფუნქციის კარგად ათვისება, იმგვარად, რომ დანარჩენი მსოფლიო დაინტერესებული იყოს რეგიონის სტაბილური განვითარებით, და არა გამუდმებული ბრძოლებით მასზე ერთპიროვნული კონტროლის მოპოვებისთვის, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვისაც უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია - „ვგულისხმობ, თუ სამხრეთ კავკასია განხილული იქნება როგორც სატრანსპორტო-სავაჭრო გადაზიდვების ჰაბი“.
ცნობილია, რომ ჩინეთიც არის ამ მიმართულებით განხილვებში ჩართული - კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ ექსპერტები ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტიდან და დიდი ბრიტანეთიდან ენერგოუსაფრთხოების საკითხებში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხოების კუთხით.
გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთის ახალ ეკონომიკურ კონცეფციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ახალი აბრეშუმის გზის“ იდეას. სპეციალური, 40 მილიარდიანი ფონდიც არის შექმნილი, რომელმაც ამ ფუნქციის გაქტიურება-გაფართოება უნდა გამოიწვიოს.
„ეს არის უაღრესად საინტერესო პერსპექტივა საქართველოსთვის, რადგან ამ მიმართულების გააქტიურება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა თუ გეოპოლიტიკისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - თუ არ გვინდა, რომ მუდმივად განვიხილებოდეთ, როგორც სხვადასხვა ქვეყნების დაპირისპირების და დარტყმის ობიექტი. ამ მიმართულებით ძალზე საინტერესოა სწორედ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ქვეყნის თანამშრომლობა“, - აცხადებს მუბარის კარაევი.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებაც აქტიურობს ამ კუთხით - პირველი მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში უკვე ჩამოვიდა რეკორდულად მოკლე ვადაში და როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიზანშეწონილობის შესწავლის და შემდეგ, უკვე სათანადო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით ჩინეთთან. საქართველოც, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები, კარგად აცნობიერებს ამ ახალი ფუნქციის უდიდეს მნიშვნელობას.
„ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და დიდი დაკვირვება სჭირდება ამ ყველაფერს. როგორც ვიცით, აზერბაიჯანიც აფართოვებს თავის პორტებს და ტვირთების ნაკადების მისაღებად ემზადება. თურქეთის მხარეც მუშაობს და როდესაც ახალი რკინიგზა გაიხსნება, ეს თურქეთისთვისაც სატრანზიტო გადაზიდვების გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ ჩამორჩეს თავის პარტნიორებს“, - მიიჩნევს მუბარის კარაევი.
ხათუნა ლაგაზიძე: „ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესები ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარ თავზეც უნდა ვიფიქროთ და კარგად გავთვალოთ სამომავლო ხელშეკრულებების ყველა დეტალი და ნიუანსი, რომ არ აღმოვჩნდეთ მაგალითად, ისეთ რეალობაში, რომ ჩვენთან ტვირთბრუნვა კი არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს, იმიტომ, რომ ახალმა რკინიგზამ ჩვენი სატრანზიტო ფუნქციებიც თურქეთს გადაულოცოს. ყველა რისკის გათვლის შემთხვევაში, ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობები საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი რეგიონისთვის.
თავად ჩინური მიდგომებიც ძალზე საინტერესოა - ისინი კონფრონტაციის რეჟიმს გამორიცხავენ და თავის მიზნებს აღწევენ უპირატესად მშვიდობიანი მეთოდებით. ამავეს გვირჩევენ ჩვენც - კონფრონტაციული პოლიტიკა დამღუპველია საქართველოს ამ ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციისა და როლისთვის.
თუ შევძელით აზროვნებაში გამჯდარი კლიშეებისგან გათავისუფლება, თუ გავითავისეთ, რომ იგივე დასავლეთისთვის გაცილებით საინტერესონი ვიქნებით, თუკი ამ ფუნქციას ვიკისრებთ, არ დავრჩებით ქვეყნად, რომელიც მუდმივად მფარველის მოლოდინშია, რომ როგორმე სხვისი უსაფრთხოების ქოლგა მასაც გადაეფაროს. თუ დასავლეთის და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ პერსპექტივაში ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებაზე“.
რუსეთი ბუნებრივია, ეცდება ხელის შეშლას, რადგან, ჯერ ერთი, ამ პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური თვითმყოფადობის ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროექტის სახით, რუსეთის გავლით ჩინეთიდან მომავალი სატრანზიტო ნაკადების ალტერნატივა ჩნდება, მაგრამ როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ამ პროექტის ხიბლი სწორედ ის არის, რომ რეგიონის ყველა მოთამაშის ინტერესები იყოს გათვალისწინებული და დაცული.
„სამომავლოდ, იდეალური ვერსიაა, რუსეთმა იცოდეს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებით მხოლოდ აშშ-ი კი არა, ჩინეთიც არანაკლებ არის დაინტერესებული“,- მიიჩნევს ლაგაზიძე.
მუბარის კარაევი: „როდესაც რეგიონალურ ფუნქციებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი განიხილებოდეს ერთიან კონტექსტში, რადგან ჩვენი ეკონომიკები დიდწილად ურთიერთდამოკიდებულია, იგივე ენერგორესურსების ტრანსპორტირების თვალსაზრისით. ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ავსებს და სრულფასოვანი ეკონომიკური რკალი იკვრება. ამ თვალსაზრისით მნიშნველოვანია, რომ შეიქმნას საფუძველი იმ ნოყიერი იდეების რეალიზებისთვის, რომლებიც ზემოთხსენებულ კონფერენციაზე გაჟღერდა და სამომავლოდ დაგეგმილ შეკრებებზე გაფართოვდეს მონაწილეთა რიცხვი, იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობით, რაც ხაზს გაუსმევს კასპია-შავი ზღვის რეგიონის სამომავლო პერსპექტივების გაფართოებას“.