„სახეზეა ხელისუფლების ნაკლოვანებები და ამას არ სჭირდება სოციოლოგიური კვლევა“

„სახეზეა ხელისუფლების ნაკლოვანებები და ამას არ სჭირდება სოციოლოგიური კვლევა“

ნაციონალების წითელი ბარათის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ ყვითელი ბარათი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ისგან მიიღო. ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა - „ქართული ოცნება“ 36%; „ნაციონალური მოძრაობა“ 14%; „თავისუფალი დემოკრატები“ 10%; „ლეიბორისტული პარტია“ 6%; „დემოკრატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ 5-5 პროცენტს ინარჩუნებენ.

გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით 62 პროცენტით საქართველოს პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. რეიტინგებში მესამე ადგილს 57 პროცენტით იკავებს ირაკლი ალასანია, მეოთხე ადგილს 56 პროცენტით იკავებენ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. კვლევის დეტალურ ანგარიშსს ორგანიზაცია პარასკევს გაასაჯაროვებს.

რატომ დაეცა მთავრობის მეთაურის რეიტინგი, რის ხარჯზე იზრდება გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი და არის თუ არა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა პოლიტიკურად მოტივირებული? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დამოუკიდებელ ექსპერტს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დაეცა სახელმწიფო უწყებების რეიტინგიც და მათ შორის შეიარაღებული ძალების. ბატონო ზაალ, რა მიზეზით შეიძლება აიხსნას ქართული ჯარის რეიტინგის 91 პროცენტიდან 87-მდე ჩამოსვლა?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სერიოზული ვარდნაა. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის ბოლო პროცესები, რაც განვითარდა შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის მინისტრის შეცვლა, თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავება. ბოლო თვეების განმავლობაში შეიარაღებული ძალების ირგვლივ უარყოფითი აურა შეიქმნა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფერს გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა საზოგადოებრივ განწყობაზე.

რაც შეეხება ინსტიტუტების მიმართ ნდობის კლებას, ამ შემთხვევაშუ შეიძლება ვილაპარაკოთ სერიოზულ ნეგატიურ ტენდენციაზე? თითქმის ორნიშნა ციფრით არის დავარდნილი მთავრობისა და პარალამენტის მიმართ ნდობა...

- პრინციპში ესეც ახსნადია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ რა აქტიური საინფორმაციო პროპაგანდისტული კამპანია წარმოებდა ოპოზიციის მიერ ორივე ინსტიტუტის მიმართ და მეორეც თავად ამ ინსტიტუტების მიერ ადგილი ჰქონდა მთელი რიგი წინააღმდეგობრივი გადაწყვეყტილებების მიღებას, დაწყებული საყდრისის თემით და დამთავრებული წინააღმდეგობრივი კანონებით. რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ეს კვლევა ჩატარდა თებერვალში. ეს არის ის პერიოდი, როდესაც პიკს მიაღწია ლარის გაუფასურებამ და აქედან გამოწვეული ნეგატიური შედეგები აისახა მოსახლეობის განწყობაში.

რა ფონზეც ჩატარდა ეს კველვა, ეს ფონი გავლენას იქონიებდა საზოგადოების განწყობაზე. თუმცა, მაგალითად ის მონაცემი, რომლის მიხედვით 55 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ცოტა არ იყოს, კითხვის ნიშანი მიჩნდება, რას მიიჩნევს რესპოდენტთა ეს ჯგუფი ქვეყნის არასწორად განვითარებაში? კითხვა არის თავისებურად დასმული. ანუ, ჯერ უნდა გავიგოთ ეს ადამიანები რას მიიჩნევენ ქვეყნის სწორად განვითარებას და მერე ვკითხოთ სწორად ვითარდება თუ არა ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში კითხვის ასე დასმა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

როგორ ფიქრობთ, კვლევის ავტორების მიზანიც ეს იყო, რომ კითხვის ადეკვატური პასუხი დასმულიყო? სწორედ ამიტომ, კვლევის პოლიტიკურ მხარეზე საუბრობს მმართველი კოალიცია...

- მმართველი კოალიციაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აფასებს. იმ ძალიან რთული პერიოდიდან და ჩავარდნებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში ჰქონდა მმართველ გუნდს, საჩივლელი მაინც და მაინც არაფერი არ აქვთ. თუ დააკვირდებით, ყველა პოლიტიკური ძალის რეიტინგმა დაიწია. თუმცა, ის პარტიები, რომლებსაც სტაბილური ამომრჩველი ჰყავდათ, იმავე დონეზე ინარჩუნებენ მხარდაჭერას, იგივე „ლეიბორისტული პარტია“ „პატრიოტთა ალიანსი“ ნინო ბურჯანაძის პარტია. ცოტა არ იყოს არაბუნებრივად მეჩვენება ის 10 პროცენტი, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებს“ მიანიჭეს.

შესაძლოა, ეს იმის გამოც არის, რომ გამოკითხვის პერიოდში პარტია აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა რეგიონების მასშტაბით და ირაკლი ალასანია აქტიურად ჩანდა მედიაში. შეიძლება ამ ფაქტორმაც შეასრულა თავისი როლი, მაგრამ 10 პროცენტი მაინც გადაჭარბებულად მეჩვენება. სხვა მხრივ, ამ კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში შექმნილია ნეგატიური განწყობის მუხტი, რაც ხელისუფლებას კარგს არაფერს უქადის.

კვლევიდან ჩანს, რომ დაეცაახელმწიფო უწყებების რეიტინგი - პოლიცია, სასამართლო და ჯარი. ეს ის უწყებებია, რომლის პოლიტიზირებაზე და უმოქმედობაზე საუბრობსნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ჩნდება კითხვა კვლევის მიზანი იყონაციონალური მოძრაობისბრალდების სოციოლოგიით გამაგრება?

- არ შემიძლია ასე ცალსახად ვუპასუხო, რომ ეს მაინც და მაინც იმისკენ არის იმართული, რომ ხელისუფლებას ძირი გამოუთხაროს, მისდამი საზოგადოების ნდობა შეარყიოს. მესმის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ასეთი განცდა დარჩა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხელისუფლება მაინც და მაინც დასავლეთის სიმპატიებით არ სარგებლობს.სახეზეა ხელისუფლების ნაკლოვანებები, ამას ვხედავთ და ამას არ სჭირდება სოციოლოგიური კვლევა. ბევრმა მოქალაქემ საკუთარ თავზე საკმაოდ მძიმედ იგრძნო ხელისუფლების შეცდომები.

ეს არის ის ფასი, რასაც ხელისუფლება მის მიერ დაშვებული შეცდომებით იხდის, მათ შორის არასწორი საკადრო პოლიტიკით, რამაც თავის მხრივ წარმოშვა პრობლემები. კვლევის შედეგებში შეიძლება იყოს ხარვეზები, გარკვეული ინტერესები იკვეთებოდეს, მაგრამ მთლიანობაში კვლევა ასახავას იმ განწყობას, რაც არის საზოგადოებაში და ეს ხელისუფლებისთვის ერთგავრი გაფრთხილება უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყვითელი ბარათი.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, 62 პროცენტით ლიდერობს გიორგი მარგველაშვილი და დავით სერგიენკო, 56 პროცენტი აქვს პრემიერ-მინისტრს. მოგხსებათ, რომ სერგიენკო განიხილება მომავალ პრემიერად, შესაბამისად მიზანიც შეიძლება იყოს ღარიბაშვილი-სერგიენკოს დაპირისპირება?

- ეს ვერსია ნამდვილად არ არის გამორიცხული. სულ რაღაცა 5 პროცენტია განსხვავება, მაგრამ თუ პრემიერი შემდეგი კვლევისთვის კარდინალური ნაბიჯებს გადადგამს, შეიძლება პირიქით მოხდეს. ასე რომ, ამ რეიტინგებში კატასტროფულ სხვაობას ვერ ვხედავ. კარგია, რომ ხელისუფლების პირველი პირების მიმართ საზოგადოებას აქვს ნდობა.

მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ ერთ მომენტს, რეიტინგულ ფიგურების სიაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ერთი ლიდერი დავით ბარქაძე, სხვა მათი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი მაღალრეიტინგულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ არის მოხვედრილი. ის, რომ მარგველაშვილს და სერგეენკოს აქვთ მაღალი რეიტინგი, ეს პირადად ჩემთვის სიურპრიზსს არ წარმოადგენს.

მარგველაშვილმა შეძლო, რომ მის ირგვლივ შეექმნა პოზიტიური აურა. საზოგადოების თვლაში წარმოჩნდა, როგორც გაწონასწორებული ლიდერი, რომელიც იჩაგრება საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან. შესაბამისად, მარგველაშვილის ქმედებებში საზოგადოებამ ვერ დაინახა ის ნეგატიური მომენტები, რომ მისთვის პროტესტი გამოეცხადებინათ.

62 პროცენტი ნდობას უცხადებს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ბატონო ზაალ, საზოგადოების რომელი ფრთა უჭერს მარგველაშვილს მხარს?

- ჩემის აზრით, ძირითადად ეს არის ლიბერალურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი. თუმცა, უნდა დაზუსტდეს საიდან გამოიყვანეს 62 პროცენტი. ხშირად ხდება, რომ 62 პროცენტი არის არა მთლიანად რესპოდენტების რაოდენობა, არამედ იმ რესპოდენტების რაოდენობა, რომლებმაც პასუხის მიცემაზე თანხმობა განაცხადეს. უნდა გავიგოთ რა ციფრიდან არის გამოყვანილი 62 პროცენტი და ამის მიხედვით გავიგებთ რამდენი არის მის მიმართ მხარდაჭერა.