საქართველოს პროგრესი და ახალი „საშინაო დავალება“ ევროკავშირისგან

საქართველოს პროგრესი და ახალი „საშინაო დავალება“ ევროკავშირისგან

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საქართველოს, როგორც ქვეყნის მიღწევებზე საუბრობს და იმ ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ჯერ ვერ გამოსწორდა ან სათანადოდ ვერ მოგვარდა.

მართალია, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპული გზის მომხრეა. თუმცა, აღიარებენ თუ არა ევროპული ფასეულობის შემქმნელი ქვეყნები საქართველოს დიდი ოჯახის ახალ წევრად, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში.

ევროპული ქვეყნებისთვის თავსებადი პოლიტიკის წარმოების კუთხით საქართველოს მეტი პასუხისმგებლობა 2014 წლის 27 ივნისიდან დაეკისრა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. 2014 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და რეკომენდაციები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა 25 მარტს სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

„ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ევროკავშირის წარმომადგენლობის აზრით, 2014 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი მოვლენები დადებითად უნდა შეფასდეს, კონკრეტულ სფეროებში მიღწეული წინსვლის გამო“,- აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

სპეციალური ანგარიშის თანახმად, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების დამკვიდრების კუთხით. საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად არის მიჩნეული 2014 წლის ივნისსა და ივლისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ისევე, როგორც საკონსტიტუციო რეფორმის წამოწყება. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, მოსამართლეებს კი მიეცათ საშუალება, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, საქართველომ ასევე გარკვეულ წინსვლას მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში; გაუმჯობესდა ციხეებში არსებული ვითარება და ქვეყანაში 2014 წლიდან უფრო მეტად ზრუნავენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე. ქვეყანამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. შესამჩნევი პროგრესი იქნა მიღწეული სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ დიალოგში და სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებათა განხორციელებაში.

„მთლიანობაში საქართველომ წინსვლას მიაღწია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში“,- ასეთია ანგარიშის მოკლე შეფასება, თუმცა ანგარიში, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. რეკომენდაციები კი იმ პრობლემურ საკითხებს ეხება, რომლებიც გასული წლის განმავლობაში სათანადოდ ვერ მოგვარდა.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ გასული წლის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის გარდა მიმდინარე წელს საქართველომ ყურადღება ისეთ საკითხებზე უნდა გაამახვილოს, როგორიცაა: აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ადეკვატური გადანაწილება და კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში; ქვეყანამ უნდა გააუმჯობესოს პოლიტიკური კლიმატი - ერიდოს სამაგიეროს გადახდას პოლიტიკური ნიშნით და უზრუნველყოს სივრცე ოპოზიციისთვის და პარტიებს შორის დიალოგისთვის, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიის განმტკიცებას და ისეთ პრიორიტეტებზე კონცენტრირებას, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და გადაუდებელი სოციალური პრობლემები; სასურველია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოიფხვრას კანონმდებლობაში და არჩევნების ადმინისტრირებაში ჯერ კიდევ არსებული ეუთოს და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მითითებული ხარვეზები; სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კი ქვეყანამ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ; ასევე, უნდა უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა წარიმართოს გამჭვირვლედ და მიუკერძოებლად და იყოს პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი;

რეკომენდაციების კონკრეტული ნაწილი ეთმობა პროკურატურის რეფორმის დასრულების აუცილებლობას, ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ზეწოლისგან და მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. ხოლო, წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ზომად, კანონის შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლისი ზომის სახით უნდა იქნას გამოყენებული, რათა სხვა პრინციპებთან ერთად დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია. იმავდროულად, უნდა გაიზარდოს სამართალდამცველი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება და მათ მიმართ ზედამხედველობა;

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ურჩევს კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში; გააქტიუროს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, გადადგას პრაგმატული ნაბიჯები ღია კომუნიკაციისკენ, წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გაასწვრივ ვაჭრობას, გადაადგილებას და ინვესტირებას. ცვლილებები შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში.

ანგარიშში მედიის თავისუფლების გაუმჯობესების პარალელურად საუბარია მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლოის განმტკიცების აუცილებლობაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე, უკანონო თვალთვალისა და მიყურადების აღკვეთაზე. ყურადღება გამახვილებულია უმცირესობების წარმომადგენელთა მეტად დაცვაზე და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლოის ეფექტიანად განხორციელებაზე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პრესკონფერენციის დასასრულს ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. კითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახლოებულ რიგის სამიტსა და ვიზების ლიბერელიზაციის საკითხს შეეხებოდა.

„ამ ეტაპზე არ არსებობს მზა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა რიგის სამიტთან. მთავარი დოკუმენტი არის კომუნიკე, რომელზეც ვმუშაობთ და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღონ ამ ანგარიშის მომზადებაში. არის სხვადასხვა იდეა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ის, რომ მოხდეს მიდგომების დიფერენციაცია ამ ექვს ქვეყანასთან მიმართებაში. პარალელურად არსებობს დიდი ინტერესი, რომ ექვსივე ქვეყანა რაიმე ერთობლივ ფორმატში შენარჩუნდეს. არის მესამე ტიპის მიდგომაც, რომ პრიორიტეტები ცალკეულ ქვეყნებზე იყოს მორგებული“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა და განმაარტა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, რა ტიპის პაკეტები მომზადდება რიგის სამიტისთვის.

ელჩი აცხადებს, რომ რიგის სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც უნდა აღინიშნოს საქართველოს პროგრესი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით, მაგრამ ეს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევროკავშირის რამდენიმე მისია საქართველოში ამ საკითხზე მუშაობის დროს შეგროვილ მასალებს სათანადოდ დაამუშავებს და ევრიკომისია მათზე დაყრდნობით შესაბამის ანგარიშს მოამზადებს.

ამ ეტაპზე იანოშ ჰერმანა მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ანგარიშში საქართველოს წინსვლა ასახული იქნება. ევროკომისიის დასკვნა კი, თავის მხრივ, ამ მიმართულებით გადადგმული ერთი კონკრეტული ნაბიჯი იქნება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. 2015 წლის იანვრიდან დეკემბრამდე საქართველო მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ რეკომენდაციები კი 2016 წელს გამოქვეყნდება.