პარლამენტს უკვე წარედგინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე სახელისუფლო შტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება უზრუნველყოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პარლამენტში მოსვლის სურვილი ექნება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირებს, რომელთაც პარლამენტი ირჩევს თუ ნიშნავს, პარლამენტის სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მიწვევის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ.
რა გახდა პარლამენტისადმი აღმასრულებელი ხელისუფლების მოწვევის მიმართვის საფუძველი და რატომ არის უადგილო მთავრობის მხრიდან კონსტიტუციისა და კანონის მოშველიება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი კვერენჩხილაძეს ესაუბრა.
პარლამენტს მიმართეთ, რომ უზრუნველყოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე, სახელისუფლო შტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება. ბატონო გიორგი, კანონით რეგულირდება ამ პროცედურების გავლა?
- ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ამ მოხსენებაზე დასასწრებად მოიწვიონ საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი. სახელმწიფოს მეთაური უშუალოდ ხალხის მიერ არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირია. რაც შეეხება მთავრობის დასწრების საკითხს, მინდა გითხრათ, რომ არც დღევანდელი და არც გასული უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, არც კონსტიტუციით, არც კანონით და მათ შორის არც პარლამენტის რეგლამენტით, არასოდეს არ ყოფილა გაწერილი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების დროს, აღმასრულებელი ხელისუფლების დასწრების ვალდებულება.
უბრალოდ, ჩვენ ვთვლით, რომ გამომდინარე სახელმწიფოს მეთაურის მაღალი ლეგიტიმაციიდან და თავად ყოვლეწლიური მოხსენების მნიშვნელობიდან, მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა ესწრებოდნენ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით, ჩვენ ვთხოვეთ პარლამენტს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად მოიწვიოს აღმასრულებელი ხელისუფლება.
დავით უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირებს პარალამენტის სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მოწვევის გარეშე შეუძლიათ და ამის დავალდებულება პარალამენტის ფუქციაში არ შედის. ამის მიუხედავად, ელოდებით, რომ პარლამენტი მოიწვევს აღამასრულებელს ხელისუფლებას?
- მიმაჩნია, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის ფორმის, თუ ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლენის კუთხით, მიზანშეწონილი იქნება მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების დასწრება. რა თქმა უნდა, პარლამენტში მისვლის და პარლამენტის სხდომის ნებისმიერ დროს დასწრების საშუალება აქვთ რიგი თანამდებობის პირებს.
მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში...
- პრეზიდენტი არის სახლემწიფოს მეთაური და იგი აქცენეტებს გააკეთებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რასაც ჩათვლის საჭიროდ. პრეზიდენტის მოხსენებაში საგარეოს გარდა, საუბარი იქნება ეკონომიკის სფეროზე, თავდაცვისა და უშიშროების სფეროებზე, საუბარი იქნება ინსტიტუციების გაძლიერების აუცილებლობაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე. ანუ, მოხსენება საკამოდ მრავლისმომცვლელი იქნება. შესაბამისად, ხელისუფლების ერთიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ესწრებოდნენ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჩვენ ყველას დავხვდებით, თუკი ისინი მომბრძანდებიან, ადგილები საკმარისი გვაქვს, თუკი ვინმე მობრძანდება ყველას მივუჩენთ ადგილს - თქვენ როგორ ფიქრობთ, უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის წვერების დასწრება?
- მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი თხოვნა გაზიარებული იქნება. პარლამენტის მხრიდან, ჩვენს მიერ მითითებულ თანამდებობის პირების ოფიციალური მოწვევა იქნება სახელმწიფოს მეთაურის, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისადმი ინსტიტუციური პატივისცემის გამოხატავა. ვიმეორებ, მობრძანებას წინ უნდა უძღოდეს მოწვევა.
თქვენ საუბრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემაზე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის პროტოკილით გადასაწყვეტი თემა, ნაწილი ამბობს, რომ ამის აუცილებლობა არაა. სოფლის მეურნებობის მინისტრი კი ამბობს, რომ გვეცლება თუ არა, იმის მიხედვით ჩამოვყალიბდებითო...
- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურის ყოველწლიური მოხსენება აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესის საგანი უნდა იყოს. შესამაბისად, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ისინი დაესწრონ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. კონსტიტუციისა და კანონების მოშველიება ამ შემთხვევაში უადგილოდ მეჩვენება გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში არასოდეს არ ყოფილა მთავრობის დასწრების ვალდებულება პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე.
თუკი არ დაესწრო აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში რა მოხდება?
- რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ჩაივლის ისე...
როგორც ერთი წლის წინ?
- შეიძლება ასეც ვთქვათ. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენთვის ცნობილი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია. უახლოეს დღეებში გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.