საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI–ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით 62 % თ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. რეიტინგებში მესამე ადგილს 57 % თ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იკავებს. მეოთხე ადგილს 56 % თ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იყოფენ.
IRI–ის კვლევის შედეგად, დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, 36%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობა“ 14%, „თავისუფალი დემოკრატები“ 10%, „ლეიბორისტული პარტია“ 6% „დემოკრატიული მოძრაობა“ 5%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 5% . კვლევების მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ყველაზე დიდი ნდობა აქვს ჯარს - 87% (წინა მონაცემი 93%-მდე). განათლების სისტემა 61% (წინა მონაცემი 64%), პრეზიდენტის ინსტიტუტი 51% (წინა მონაცმები 64%), პარლამენტი 49% (წინა მონაცემი 68%), მინისტრთა კაბინეტი 48% (წინა მონაცემი 69%), მთავარი პროკურატურა 36% (წინა მონაცემი 50%), სასამართლო 41% (წინა მონაცემი 52%), პოლიცია 65% (წინა მონაცემი 82%).
IRI კვლევების მიხედვით, საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. რაც შეეხება კვლევის შედეგებს შეკითხვაზე - როგორი მდგომარეობაა დასაქმების კუთხით, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ გაიზარდა უმუშევრობა, 5% ფიქრობს, რომ შემცირდა, 30% იგივე დარჩა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
კვლევას უკვე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“, როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, უკვე იკვეთება. მისი თქმით, ძალიან საწყენია, რომ კვლევების მიხედვით, თავდაცვის, ჯარისა და სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ნდობამ იკლო.
„ეს არის პირდაპირ კავშირში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ვერ ახორციელებს და თავს ვერ ართმევს საქართველოს მთავრობა. ჩემი აზრით, აქ მთავარი, რაც უნდა ამოვიკითხოთ არის ის, რომ საზოგადოების განწყობა თავად არ იბადება. ის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად, გამართულად ფუნქციონირებს როგორც მთავრობა, ისე პოლიტიკური სისტემა. ის უიმედობა, რომელიც საქართველოში ისადგურებს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც იგრძნობა. მე ვგრძნობ იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების წინაშე დგას“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კვლევის შედეგებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ მმართველ კოალიციაში. ექსპერტები კი ეჭვის თვალით უყურებენ კვლევის შედეგებს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ გამოკითხვის შედეგები ახლოს უნდა იყოს იმ კითხვასთან, რა კითხვასაც სვამ.
„ამ გამოკითხვის ავტორებს სურთ დაანახონ საზოგადოებას, რომ ნდობის მაღალი ხარისხით არ სარგებლობენ „ქართული ოცნების“ წამყვანი ფიგურები, რაც ისევ ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კვლევა პოლიტიკურად არის მოტივირებული. გამოკითხულთა პასუხში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კითხვა არის ისე დასმული, რომ ასეთი პასუხები ყოფილიყო მიღებული. ამიტომაც არის, რომ ამ გამოკვლევის შედეგები დიდად სანდო არ არის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი უერთდება იმ 85%-ს, რომელთა მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. მისივე შეფასებით, ამის შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, თუ დადგება კითხვა – ვის აზრს იზიარებთ ილია ჭავჭავაძის თუ გოგი თოფაძის? რაც შეეხება პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებს, ცისკარიშვილი თვლის, რომ მიუხედავად ადგილობრივ არჩევნებში „დემოკრატიული მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმატებისა, რატომღაც ჩამორჩნენ „ლეიბორისტულ პარტიას“, რაც არაა ადეკვატური იმ შედეგებისა, რაც ადგილობრივ არჩევნებში მიიღეს.
„ცხადია, რომ მესამე ადგილს მყარად იკავებენ დამოუკიდებელი სოლისტებისგან შემდგარი „თავისუფალი დემოკრატები“ . არ გამოვრიცხავ, რომ ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით. ქართული მოსახლეობა ყოველთვის უკანონოდ დასჯილის მხარესაა. დღეს კი ასეთად მოიაზრება „თავისუფალი დემოკრატები“ და როდესაც სრულიად მკაფიოდ ნეოპოლიტიკური პატიმრები შეიძინა „ქართული ოცნების“ ლიდერშიპმა, რასაკვირველია, უსამართლოდ მიჯირყვნილნი იქნებიან სულ უფრო მზარდი ყურადღების სფეროში“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.