„იუმორინა 2“ - ასეთი იყო ნაციონალური დეგრარირებული ძალის 21 მარტის აქცია“

„იუმორინა 2“ - ასეთი იყო ნაციონალური დეგრარირებული ძალის 21 მარტის აქცია“

21 მარტის აქციის შემდეგ მოსახლეობისთვის სულ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა, რატომ არ კრძალავენ ნაცმოძრაობას, როგორც დამნაშავე პარტიას და რატომ აძლევენ მათ უფლებას, ადამიანების გრძნობებზე უტიფრად ითამაშონ და საპროტესტო აქციები მოაწყონ? ბევრი ამაში თავად „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს, რომელმაც „დაიმსახურა“ ნაცმოძრაობის გამოსვლები. ყოფილი პოლიტპატიმრები უკვე მერამდენედ ითხოვენ ნაცმოძრაობისგან ქვეყნის გათავისუფლებას და ამ პარტიის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაზეც აწერენ ხელს. ამ პათოსს უერთდება ყოფილი პოლიტპატიმარი და ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც.

For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია იმ მოტივსაც განმარტავს, თუ რატომ არ ედგომება სააკაშვილს უკრაინაში.

უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკვე მერამდენედ დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა უკრაინულიმეხუთე არხისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რის იმედად აკეთებს სააკაშვილი ასეთ განცხადებებს?

-  სულ მალე დავინახავთ, რომ ნაცმოძრაობა თავის თავს ამოწურავს. გინდათ, ექსკლუზიურად გითხრათ, დღეს რა აწუხებს მიხეილ სააკაშვილს? მან განიცადა პირველი დიდი ფიასკო უკრაინაში და ის უკვე ხვდება, რომ მაისსა და ივნისში მოუწევს უკრაინიდან წამოსვლა. მან პირველი დიდი შეცდომა დაუშვა და ის იმედები ვერ გაამართლა, რაც მას პოროშენკომ და უკრაინის ახალმა ხელმძღვანელობამ დააკისრა. სააკაშვილი კონგრესში წავიდა, როგორც ლობისტი, რათა შესაბამის ჯგუფებში უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გამოყოფის საქმე მოეგვარებინა, მაგრამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მას მტკიცე უარი უთხრა. ბარაკ ობამა აგრძელებს არალეტალური საბრძოლო იარაღის აღჭურვილობის უკრაინისთვის გადაცემას, მაგრამ ლეტალური იარაღის გადაცემის წინააღმდეგია. ამიტომ სააკაშვილს ჩაუვარდა ყველაზე დიდი პროექტი. უკრაინის მხარეს ვუსამძიმრებ, რომ მათ არასწორი ლობისტი შეარჩეს და სააკაშვილის ნდობა უკრაინის ხელისუფლებაში მოიშალა. მით უმეტეს, სააკაშვილი საფრანგეთის ტელევიზიით არაფხიზელ მდგომარეობაში გამოვიდა, ალბათ, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ქვეშ იმყოფებოდა, ამან უკრაინაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ასე რომ, ორი დიდი შეცდომა დაუშვა სააკაშვილმა, რაც მას არ ეპატიება. ამიტომ ეძებს თავშესაფარს, რომ ისევ საქართველოში მოიპოვოს. ის არის ილუზიებში. დიქტატორების სინდრომით ისიც დაავადდა, როგორც პინოჩეტი, ფრანკო და სხვა დიქტატორები... სტალინიც გადავიდა მარაზმში და ელანდებოდა რაღაც-რაღაცები, არასწორად ხედავდა პოლიტიკურ რეალობას. არის ორი ტიპის დიქტატორი- ჭკვიანი და სულელი. სააკაშვილი ისეთივე სულელი დიქტატორი იყო, როგორც სომოსა, ბატისტა.

ნაციონალური მოძრაობის გაუქმების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პეტიციაზე მოაწერა ხელი. მათი აზრით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ასეთი პარტია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ნაცმოძრაობის, როგორც პარტიის, შენარჩუნება მხოლოდ დასავლეთის მითითებაა, თუქართული ოცნებისწევრებზე გარკვეული კომპრომატების არსებობითაც არის განპირობებული, რის გამოც, ნაციონალური დანაშაულების კასკადის მიუხედავად, მათ ვერ ეხებიან?

-  ჩემი პოზიცია ორმაგად ეთანხმება პოლიტპატიმრებისა და რეჟიმის მსხვერპლთა მოსაზრებას, რომ ეს ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს, თუკი ამის საშუალება იქნება, რადგან ამ პოლიტიკურმა ძალამ საშინელებები ჩაიდინა. თუნდაც წამების კადრების გამოაშკარავება საკმარისია იმისთვის, რომ მათ მიმართ გატარდეს მკაცრი ზომები და გაიზარდოს დამნაშავეთა რეალური სურათი და არეალი, რადგან ისინი პირდაპირ ეთერში ახორციელებდნენ ადამიანების ხოცვას. თუნდაც აფრასიძეებთან დაკავშირდებით, მე გავეცი ბრძანებაო, - პირდაპირ თქვა სააკაშვილმა.

ამ პროკურატურის უნიათობის და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ამათ იმის თავიც არ აქვთ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ. სააკაშვილმა ისეთი „ტოპკა“ მისცა სამართალდამცავ ორგანოებს, ამაზე მეტი რა უნდა ეთქვა?! რატომ ვერ კრძალავენ ნაცმოძრაობას? ეს, პირველ რიგში, „ოცნების“ უნიათობაა. როგორ ჩანს, აქ არის კომფორმიზმის მიზეზიც, ისინი მოკალათდნენ თბილ სკამზე და კომფორტი მოიწყეს, დაავიწყდათ რეპრესიები, ბევრ მათგანს თვითონაც არ გაუვლია თავის თავზე რეპრესიები და ეს მათთვის ღობის ჩხირია. კოაბიტაციამდე საქმე არ უნდა მისულიყო. უნდა მომხდარიყო რეჟიმის გამასამართლებელი პოლიტიკური დოკუმენტის - დეკლარაციის მიღება, რომელიც იქნებოდა ათვლის სათავე, რაც ამ პოლიტიკური ძალის გაუქმებას დაუდებდა საფუძველს.

როდესაც პრეზიდენტმა ელცინმა გააუქმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, ის ზუსტად იმ დოკუმენტს დაეყრდნო, რომელიც გკჩპ-ს მოვლენების შემდეგ მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ მიიღო, ეს იყო დეკლარაცია, რომლითაც კომუნისტური მმართველობის სისასტიკეები დაგმო და დაფიქსირდა, როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალა. სხვათა შორის, ამის საფუძველზე სწორედ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას გამოეყო სუვერენული რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, რომელიც საკავშირო დონეზე გაემიჯნა მოქმედი კომუნისტური პარტიის ყველანაირ საქმიანობას. ამის საფუძველზე შეიქმნა ცალკე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, რომელიც მოგვევლინა ახალ ძალად. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია კი, რომელიც ჩადიოდა ძალადობას, რომელმაც მოაწყო 37 წლის სისხლიანი რეპრესიები, გაუქმდა. ასევე მოხდა გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში. მაინცდამაინც ჩვენ რატომ ვართ გამონაკლისნი, არ ვიცი.

სანამ არ მოხდება ამ რეჟიმის ადრინდელი დანაშაულის პოლიტიკური შეფასება და ვერდიქტის გამოტანა, მანამდე პოლიტიკურად და სამართლებრივად, ცოტა რთულია დააყენო ნაციონალური პარტიის გაუქმების საკითხი, თორემ, ყველანი ვიზიარებთ, რომ ეს პარტია უნდა დაისაჯოს და აიკრძალოს.

ფაშისტებისა და კომუნისტების გარდა თუ აუკრძალავთ რომელიმე პარტია?

-  მე მგონი, ეს მომენტი იყო მექსიკაში, რომლის რეჟიმიც გამოცხადდა ავტორიტარული ტიპის პოლიტიკურ ძალად. ეს არ იყო იმის საფუძველი, რომ მომხდარიყო მისი მთლიანი აკრძალვა, მაგრამ, გარკვეულწილად, ჩარჩოებში მოაქციეს. ასე უნდა მომხდარიყო აქაც და ნაცმოძრაობის ყველა თანამდებობის პირს უნდა შეზღუდოდა პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რაღაც დროის განმავლობაში. მათ პარლამენტში შეძრომის საშუალება არ უნდა მისცემოდათ, უნდა გამოერკვიათ, როგორ მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. თუნდაც 21-მა მარტმა აჩვენა, რომ ნაცმოძრაობა დემორალიზირებული და დეგრარირებული ძალაა, ამას მე დავარქვი „იუმორინა 2“. სულ რაღაც 5-7 ათასი კაცი რომ გამოგყავს და ისიც 200-300 ლარს რომ უხდი, ეს დეგრადირებაა.

კოლონაში მივდიოდი და მარტო მე დავაფიქსირე, სამი სამარშრუტო ტაქსი როგორ ჩამოსცილდა ტრასაზე ამ კოლონას. ბოდიში ამ სიტყვაზე, მარშრუტკები მოტყდნენ. ახლა რომ ამბობენ, ფოთში მოზარდებს რატომ უჩვენეს ასეთი ფილმებიო, შეიძლება, ეს არც იყოს კარგი, მაგრამ 15 წლის თინეიჯერებისთვის ამ ფილმის ყურება აუცილებელიცაა, მათ უნდა იცოდნენ, რა არის ფაშიზმი. 14-15 წლის რომ ვიყავი, ტურისტად ჩასულს მაჩვენეს საკონცენტრაციო ბანაკი. ეს სავალდებულო იყო. ასე რომ, ჩემთვის უფრო მეტი საშინელება ასოცირდება ფაშიზმთან და ნაციზმთან, ვიდრე, ზოგადად, ბუხენვალდის ამბებია, რადგან ჩემი თვალებით ვიხილე საშინელება. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ კომპრომატებს, შეიძლება, ამის გამოც არ აწყობს „ოცნებას“ ნაცმოძრაობის აკრძალვა, მაგრამ როგორი კომპრომატიც არ უნდა იყოს, ეს არ არის რეალური საფუძველი.

ჰიტლერული გერმანიის შემდგომ ნაცისტურ სპეცსამსახურებს ბევრი კომპრომატი ჰქონდათ ბევრ პოლიტიკოსებზე, მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოჩენილ პოლიტიკოსებზე, მაგრამ ამას არ შეუჩერებია გერმანიის მაშინდელი პოლიტიკური ელიტა, რომ ომი გამოეცხადებინათ ნაციზმისთვის. ნაცისტური მისალმებაც სისხლის სამართლის დანაშაულს ნიშნავდა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო გადატრიალების შესაძლებლობას ხედავს. ნაციონალები ხელისუფლებისთვის იმპიჩმენტის მოწყობით იმუქრებიან. რეალურად, ნაციონალებს პროცედურის დასაწყებად საჭირო კიდევ 10 დეპუტატი სჭირდებათ. არსებობს მოვლენათა აჭარული სცენარით განვითარების შანსი?

- როგორც მათ მოახერხეს „წარმატების“ მიღწევა 21 მარტის აქციის ფორმატში, ესეც ნაციონალების ბაქიბუქის მაქსიმალური დონეა. მათ აჩვენეს, რომ ეს ძალა დეგრადირებულია. დარწმუნებული ვარ, მალე ამ ძალას გამოეყოფა ნაციონალების მოაზროვნეთა ინტელექტუალური პოტენციალი, იგივე ბოკერიები, ბაქრაძეები, რომლებიც მედროვეები არიან... ნაცმოძრაობის რეჟიმის დამქაშებმა, გრიგოლ ვაშაძემ და სხვებმა ახლა „ივერია“ შექმნეს, ანუ ერთგვარი გაერთიანება და ამ კლონირებული ტიპის მოძრაობის გარშემო მოიყარეს თავი. მალე ამ მოძრაობას დანარჩენი ნაციონალებიც შეუერთდებიან და გამოჩნდება რეანიმირებული ნაცმოძრაობა, თორემ რეალურ ნაცმოძრაობას უკვე დაესვა წერტილი. ეს თვითონაც კარგად დაინახა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პროპაგანდისტულმა საშუალებამ- “რუსთავი 2“-მაც, რომლის სათავეშიც ყოფილი ძალოვანი პოლიტიკური ფიგურაა. როგორ შეიძლება, დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელად იყოს ყოფილი ძალოვანი, თანაც პოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურის ლიდერი. ასეთი პრაქტიკა არსებობდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, როცა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელად არჩეული იყო პოლიტიკური პარტიის, პოლიტბიუროს წევრი. ახლაც იგივეა, ნიკა გვარამია არის ნაცმოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი. სად არის აქ დამოუკიდებელი მასმედია? „ტაბულაზე“ აღარ მაქვს საუბარი, „ტაბულა“ რომ პოლიტიზირებულია და თამარ ჩერგოლეიშვილი რასაც წარმოადგენს, ყველასთვის ცხადია. თავისუფალი მასმედიაა For.ge, „იმედი“ და „მაესტრო“, მაგრამ არა „რუსთავი 2“.

მაგრამ აჭარაში ნაციონალებმა ხომ მოიპოვეს უმრავლესობა, აქედან გამომდინარე, იქნებ, რეალურია საპარლამენტო გადატრიალების თეორიული შანსი?

- არცერთი პოლიტიკური ძალა, დიდი სურვილი რომც ჰქონდეს, ნაცმოძრაობას გვერდით არ დაუდგება, მათთან ერთობლივად ვერ მოახერხებენ „ოცნების“ უმრავლესობის ჩაშლას. ეს დაადასტურა ირაკლი ალასანიამაც, რომ არავითარ შემთხვევაში, არ ითამაშებენ ნაცმოძრაობის თამაშის წესებით, ეს მკვეთრად არის დაფიქსირებული. ამას ადასტურებს 21 მარტის ფიასკოც. ნაცმოძრაობის ნაცვლად სხვა რომელიმე ოპოზიციური ძალა რომ ყოფილიყო, მაშინ ყველაფერი მოსალოდნელი იქნებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით, 21 მარტის შემდეგ ნაცმოძრაობასთან არცერთი პოლიტიკური ძალა არ დადგება.